მოსამზადებელი სამუშაო თითქმის წელიწადნახევარი გაგრძელდა. ბოლოს ყველაფერი ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების შენობაში ოფიციალური ხელმოწერით დამთავრდა. 8 მაისს ლიცენზიას საზოგადოების ისტორიულ დარბაზში საქართველოდან პროექტის სპონსორმა, „სილქორუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი რამიშვილმა მოაწერა ხელი. ამერიკის მხარეს კი შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი -ტერი ადამსონი- წარმოადგენდა.
“ყველანი ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. საქართველო განვითარებადი დემოკრატიის სახელმწიფოა და ჩვენთვის მრავალმხრივ საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს. ვცდილობთ საზოგადოების მისია მთელ მსოფლიოში გავავრცელოთ. „ნეიშნალ ჯიოგრაფიკის“ მთავარი მიზანია ადამიანებს საკუთარ პლანეტაზე ზრუნვა შთავაგონოთ. სულ ცოტა ხნის წინ ესტონეთი შემოგვიერთდა. გვეამაყება, რომ ჩვენი ოჯახის წევრი ახლა უკვე საქართველო ხდება“ – ამბობს ტერი ადამსონი, საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
საზეიმო ხელმოწერა სწორედ იმ მრგვალ მაგიდასთან მოხდა, სადაც თითქმის 125 წლის წინ, 1888 წელს საზოგადოების დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. ჟურნალი „ნეიშნალ ჯიოგრაფიკი“ მისი მხოლოდ ერთი პროდუქტია, ის 34 ენაზე გამოდის და ჟურნალის ტირაჟი დღეს 9 მილიონს აღემატება. საზოგადოება ქმნის სატელევიზიო პროგრამებს, ფილმებს, მუსიკას, თამაშებს; აწყობს გამოფენებს და ორგანიზებას სხვა მრავალი სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებას უკეთებს. ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება სამართლიანად ამაყობს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილით. მან მთელ მსოფლიოში 10 ათასზე მეტი სამეცნიერო კვლევა დააფინანსა.
ლიცენზიის ხელმოწერის ცერემონიალს სხვებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, თემურ იაკობაშვილი, ჟურნალის ქართული ვერსიის რედაქტორი და აღმასრულებელი დირექტორი – ლევან ბუთხუზი და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, დავით ლორთქიფანიძე. ჟურნალში „ნეიშნალ ჯიოგრაფიკი“ ბატონი დავითის არაერთი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული. ის ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტს დიდ დახმარებას გაუწევს. გამოცემის რედაქციის ოფისები სწორედ მუზეუმის შენობაში განთავსდება.
პროექტის მთავარი სპონსორი ორგანიზაციის, „სილქროუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გიორგი რამიშვილიც აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის უმაღლესი კლასის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის გამოცემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიერიდან 2012 წლის 8 მაისი ქართული „ნეიშნალ ჯიოგრაფიკის“ დაბადების დღედ შეიძლება ჩაითვალოს, ამბობს ჟურნალის რედაქტორი- ლევან ბუთხუზი და დასძენს, რომ ქართულ ენაზე მსგავსი “ა” კლასის ბეჭდური გამოცემა პირველად გამოდის. ბატონი ლევანი “ამერიკის ხმის” რედაქციას ეწვია და მასთან ინტერვიუ შეგიძლიათ აქვე იხილოთ.
აპრილის საკმაოდ ცივ და ღრუბლიან ღამეს ვარსკვლავებმა ვაშინგტონის უორნერის თეატრის წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი თეატრი ჰელენ ჰეისის 28-ე ტრადიციულ ცერემონიალს მასპინძლობდა. დედაქალაქის თეატრალურ ოსკარად წოდებული პრიზის მოპოვებაში ერთმანეთს წელს 84 ადგილობრივი თეატრი ეცილებოდა. 153 ნომინანტს შორის გამარჯვებულები ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.
Maia Kay Photo
პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებული სინეტიკის თეატრი სულ 11 წელიწადს ითვლის. თუმცა, ახალგაზრდა დასს დედაქალაქის თეატრალურ წრეებში ყველა იცნობს. ნებისმიერ ახლადგაცნობილ ადამიანს, ვისაც კი დაჯილდოების ცერემონიალზე შევხვდი, საქართველოს ხსენებისთანავე თვალები უცებ სიხარულით ევსებოდა და აღფრთოვანებით შეჰყვირებდა ხოლმე: „აჰ! თქვენ სინეტიკის ქვეყნიდან ხართ? ჩვენ პაატა და ირინას კარგად ვიცნობთ“. ძალიან გთხოვთ, ამას გადაჭარბებაში ნუ ჩამითვლით. და აი რატომ: სინეტიკს არსებობის 11 წლის მანძილზე ჰელენ ჰეისის 89 ნომინაცია და 25 პრიზი აქვს მოპოვებული.
ორგანიზაცია „ვაშინგტონის თეატრების“ პრეზიდენტი ლინდა ლივაი ამბობს, რომ სინეტიკი ქალაქის უდაო ფავორიტია: “პაატა და ირინამ თავის არაჩვეულებრივ დასთან ერთად ვაშინგტონს გამორჩეული, ორიგინალური თეატრი აჩუქეს. თეატრი, რომელიც ქართულ კულტურას განასახიერებს. და ეს ძალიან ლამაზია. მათ ჩვენი ქალაქის იერი შეცვალეს“ – ამბობს ქალბატონი ლინდა.
სინეტიკის „მეფე ლირმა“ წელს დრამატულ თეატრებს შორის ყველაზე მეტი – 11 კატეგორიაში 4 პრიზი – აიღო. მიუზიკლების ჟანრში ყველაზე მეტი, 5 ჯილდო ბროდვეის ცნობილ შოუს „ჰეარსფრეის“ ერგო. დანარჩენი პრიზები სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებს შორის გადანაწილდა. ქართველი მაყურებლებისთვის კარგად ცნობილმა მსახიობმა, ქეით ბლანშეტმა ჰელენ ჰეისის ჯილდო სტუმარ თეატრთა კატეგორიაში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის აიღო.
Maia Kay Photo
თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჰელენ ჰეისის საპატიო ჯილდო თქვენთვის ასევე კარგად ნაცნობ მსახიობ – კევინ სპეისის გადაეცა. „ვაშინგტონის ცოცხალ და მრავალფეროვან თეატრალურ კულტურას დიდ პატივს ვცემ. აქ ბევრი სპექტაკლი მითამაშია. ვერაფრით წარმოვიდგენდი მაშინ, კენედის ცენტრის სცენაზე, რომ როდესმე ჰელენ ჰეისის – ამ დიდი ამერიკელი მსახიობის და ქველმოქმედის - საპატიო ჯილდოს ხელში დავიჭერდი“ – გვეუბნება ინტერვიუში კევინ სპეისი.
ჰელენ ჰეისის ჯილდოს მსახიობთა საუკეთესო ანსამბლისთვის სინეტიკის დასი ზედიზედ უკვე მეოთხე წელია იღებს. ეს სრულიად უნიკალური მოვლენა ჩვენთვის – ამბობს პაატა ციქურიშვილი, სპექტაკლის რეჟისორი და სინეტიკის თეატრის აღმასრულებელი დირექტორი. „4 წელი ზედიზედ საუკეთესო დასის დაჯილდოვება ძალიან დიდი სიხარული და პატივისცემაა… „მეფე ლირი“ იყო განსაკუთრებული სპექტაკლი ჩვენთვის, პირადად ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საყვარელი სპექტაკლი. იმიტომ რომ ძალიან რისკიანი პროექტი გახლდათ. და როგორც ჩანს ამჯერად ორიგინალობამ გაამართლა“.
მისმა მეუღლემ, მსახიობმა და ქორეოგრაფმა – ირინა ციქურიშვილმა – მაყურებელთა ფავორიტს, სახელგანთქმულ ბროდვეის შოუს „ჰეარსფრეის“ მოუგო და ბენ კუნისთან ერთად საუკეთესო ქორეოგრაფის ჯილდო მოიპოვა. ირინა სინეტიკის დასში ჰელენ ჰეისის რეკორდული, 32 ნომინაციის და 12 პრიზის მფლობელია. მისი თქმით “მეფე ლირში“ ღრმა ქვიშით დაფარულ სცენაზე მოძრაობა მათთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა: „ძალიან რთული იყო ცეკვა სილაში. ცეკვა თავიდან ჩვეულებრივი სცენის იატაკზე დავდგი. მაგრამ შემდეგ, როცა სილაში გადავიტანეთ, ზოგიერთი ელემენტის შეცვლა მომიწია, რადგან მათი შესრულება მსახიობებისთვის წარმოუდგენელი გამოდგა“.
Graeme Shaw Photo
კონსტანტინე ლორთქიფანიძემ და ირაკლი კავსაძემ პრიზი საუკეთესო ხმის რეჟისურისთვის აიღეს. ირაკლი სპექტაკლში მეფე ლირს განასახიერებს. „გარკვეულწილად გავლენის ქვეშ ვიყავი, იმიტომ რომ მახსოვს რამაზ ჩხიკვაძის მეფე ლირი. ჩვენ რა თქმა უნდა სხვა გზა ავირჩიეთ და რეჟისორული ხედვაც განსხვავებული იყო. მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებულ მოვლენად დარჩა. მართალია პირდაპირი შეხება არ მქონია, მაგრამ მე რამაზ ჩხიკვაძეს მაინც ჩემს პედაგოგად ვთვლი და ნამუშევარიც თითქოს მას მივუძღვენი“ – ამბობს ირაკლი.
სცენაზე ფარდა ბოლომდე დაშვებული არ იყო, როცა პაატა და ირინამ თავისი დიდი, ჯერჯერობით განუხორციელებელი სურვილი გაგვანდეს. ე.წ. „ამერიკული ოცნება“ ნიჭიერმა და საოცრად შრომისმოყვარე წყვილმა დიდი ხნის წინ აიხდინა. ახლა მათი მთავარი ოცნება საქართველოში საუკეთესო სპექტაკლების ჩატანა გახლავთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სურვილიც მალე შესრულდება და ქართველი თეატრალები მათ სულ მოკლე ხანში ნახავენ.
ზუსტად არავინ იცის, თუ რატომ მოიხიბლა ჰოლივუდი ასე ძლიერ ფრანგული წარმოების „არტისტით“. მაგრამ “ოსკარებამდე” დიდი ხნით ადრე გამარჯვებას ექსპერტების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ფილმს უწინასწარმეტყველებდა. კინოკონკურსების სეზონის დაწყებისთანავე მას ამერიკულმა მედიამ „unstoppable”, დაუძლეველი, შეუჩერებელიც კი უწოდა.
კინოკრიტიკოსების აზრით ერთ-ერთი გასაღები შეიძლება მთავარი როლის შემსრულებლის, კომიკოსი ჟან დუჟარდენის უზადო ნიჭიერება, ძალზე გამომსახველი სახე, შარმი და ჰოლივუდური ღიმილი იყოს. ამას თუ დავუმატებთ ამერიკელთათვის ახლობელ სიუჟეტს და ზედმეტად დამტკბარ, „ჰეფიენდურ“ დასასრულს, გამარჯვების ლოგიკას ცოტა უფრო მივუახლოვდებით.
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოკრიტიკოსი, როჯერ იბერტი ფილმის ღირსებებზე საუბრისას თავშეკავებულად ამბობს, რომ „არტისტი“ საუკეთესო იქნება შობაზე ტელევიზიით საჩვენებლად, ან რომელიმე სხვა „სადღესასწაულო სეზონზე, რადგან მას უნივერსალური ენა აქვს და ყველა ასაკის მაყურებელს ეხმაურება“.
„ჩიკაგო რიდერის“ კრიტიკოსი, იგნატი ვიშნევსკი კი აღნიშნავს, რომ „ფილმმა უხმო, შავ-თეთრი ეპოქის მხოლოდ სტილის და ფორმის რეპროდუქცია შესძლო, ეპოქის სული კი უფრო უკეთ ჩანს მარტინ სკორსეზეს „ჰუგოში“, რომელიც სამგანზომილებიანი, ფართოეკრანიანი, ფერადი, ხმოვანი და ყველა ნიშნით მოდერნისტული ნამუშევარია“.
ჟურნალისტები ასევე ბევრს საუბრობენ ფილმის წარმატებულ სარეკლამო კამპანიაზე, რომელსაც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტუდიის, „მირამაქსის“ ხელმძღვანელის, ჰარვი ვაინშტაინის ფირმა „ვაინშტაინ კომპანი“ ედგა სათავეში. როგორც ამბობენ, ის ლამის კარდაკარ დადიოდა და აკადემიის წევრებს ფილმისთვის ხმის მიცემას სთხოვდა.
რიგითი მაყურებლების უმრავლესობას ფილმი არ უნახავს, რადგან ის მასობრივი ჩვენებისთვის არც იყო განსაზღვრული. ვინც ნახა, ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ. მათ შორის ბევრი ამბობს, რომ „არტისტი“ არის „cute movie” – ანუ ძალიან საყვარელი, მომხიბლავი, სასიამოვნო ფილმი. ფილმის ჩვენებები კინოთეატრებში ზოგჯერ ოვაციით მთავრდებოდა. ამერიკაში ასეთი რამ ხშირად ხდება, ჩემი დაკვირვებით – უფრო მაშინ, როცა ფილმს ბედნიერი დასასრული აქვს.
„არტისტში“ მოვლენები ჰოლივუდის 20-ანი წლების უხმო კინოს ვარსკვლავის, ჯორჯ ვალენტინის ირგვლივ ვითარდება. მის ფანებს შორისაა პეპი მილერი, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ეპიზოდური როლების მოპოვებასაც კი გაჭირვებით ახერხებს. ჯორჯ ვალენტინთან ერთად ფილმში შესრულებული ერთი ცეკვის შემდეგ მისი ფოტო გაზეთებში მოხვდება და უსაფუძვლო ჭორების საბაბი ხდება, რაც მას წარმატების მიღწევაში ყველაზე დიდ ბიძგს აძლევს. მილერი მალე ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი გახდება, ვალენტინის ბედი კი სრულიად საპირისპიროდ შეიცვლება.
ხმოვანი კინოს შემოსვლისთანავე ჯორჯ ვალენტინის პოპულარობა თანდათან იკლებს. ახალი ტექნოლოგიებით შექმნილ კინოში ვალენტინი საკუთარ ხმას ვერ პოულობს. ფანებიც მალე დაივიწყებენ ერთ დროს გაფეტიშებულ კერპს. ის კოტრდება, ლოთდება და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. დახმარებას პეპი მილერისგან არ იღებს, ამბიციური, ამაყი და შეუვალია.
“არტისტის“ რეჟისორი, ფრანგი მაიკლ ჰაზანავიკუსი ამბობს, რომ ეს არის სიყვარულის ისტორია და 20-30-იანი წლების ჰოლივუდური ლეგენდა საკმაოდ მარტივი მორალით, რომელიც პოპულარობის მიერ ადამიანისთვის დაგებულ ხაფანგში გამოიხატება. რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ფილმი მაყურებლის დიდი სიყვარულით და მისდამი პატივისცემით გადაიღო. ამიტომ მაქსიმალურად აერიდა სიშიშვლის, უხამსობის და ძალადობის სცენებს.
ჰაზანავიკუსმა მიზანს არაჩვეულებრივი წარმატებით მიაღწია. „არტისტი“ მართლაც სიყვარულის, ერთგულების და პატივისცემის უზომოდ თბილი ისტორიაა. ფილმი ძალიან მსუბუქია და თითქოს ერთ ამოსუნთქვაში მთავრდება. არც დიალოგებითაა გადატვირთული და არც კადრობრივი, თუ აზრობრივი ქვეტექსტებით. იქნებ სწორედ ამაში იყოს ფილმის პოპულარობის საიდუმლო. ყოველდღიური პრობლემებით გადაღლილ რიგით ამერიკელს შესაძლოა დახვეწილი გემოვნებით შექმნილი სწორედ ეს სისადავე და სიმარტივე მოენატრა, ყოველ შემთხვევაში კინოსმოყვარულთა საკმაოდ დიდ ნაწილს.
ერთი ძველი ჩინური ლეგენდა მინდა მოგიყვეთ, რომელიც პენსილვანიის ქალაქ ბეთლემში არაბული ლიტერატურის და კულტურის ეგვიპტელმა პროფესორმა, ფატმა ელ-თურქიმ მიამბო.
რა კავშირი აქვს ამ ლეგენდას ქართულ სინამდვილესთან? შეიძლება არავითარი, ან – პირდაპირი, ეს თქვენ განსაჯეთ. უბრალოდ საგულისხმო მომეჩვენა და მინდა გაგიზიაროთ.
მოკლედ, იყო და არა იყო რა…
* * *
ერთ ულამაზეს მთიან სოფელს თავს დიდი უბედურება დაატყდა. გველეშაპი წყაროს სათავეს დაეპატრონა და სამი მიმდებარე სოფელი უწყლოდ დატოვა. სამივე სოფლის უხუცესებმა საგანგებო კრება მოაწყვეს და გველეშაპთან საბრძოლველად გაერთიანება და რჩეული ვაჟკაცის გაგზავნა გადაწყვიტეს. არ ვიჩქაროთ, საუკეთესოებს შორის საუკეთესო შევარჩიოთ, რომ გველეშაპს ბოლო მოვუღოთ და ჩვენს სოფლებს წყალი დავუბრუნოთო – ასე გადაწყვიტეს.
რამდენიმე შეჯიბრება მოაწყვეს. ყველაზე ძლიერი და მოხერხებული რაინდის არჩევას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. გამარჯვებული მძლეთამძლე ვაჟკაცისთვის უბადლო ცხენი, აბჯარი და საუკეთესო იარაღი შეიძინეს და გველეშაპის სამყოფელისკენ გაამგზავრეს. სამი დღე და ღამე ელოდა სოფელი რაინდის დაბრუნებას, მაგრამ – ამაოდ.
მეორე წელს ყველაფერი თავიდან დაიწყო. გავიდა მესამე წელი, მეოთხე…
7 რაინდი შეეწირა გველეშაპთან ბრძოლას. 7 წელიწადი გავიდა გველეშაპთან უთანასწორო ბრძოლაში. შეძრწუნდნენ სოფლის თავკაცები. ვერაფრით მიხვედრილიყვნენ, როგორ მოხდა ისე, რომ 7 რაინდიდან გველეშაპს ვერცერთი მოერია. ბევრი იფიქრეს და ამჯერად საბრძოლველად ერთდროულად 6 საუკეთესო მებრძოლი გაუშვეს, ორ-ორი თითოეული სოფლიდან.
უშედეგოდ. ბრძოლის ველიდან ერთი მათგანიც კი არ დაბრუნებულა.
მეცხრე წელი დაიწყო. ტურნირზე წარმოუდგენელი სიძლიერის, ნიჭით, მოხერხებით და ჭკუით გამორჩეული ბრგე ვაჟკაცი გამოჩნდა. ყველაზე მაღალი და ტანადი ყმაწვილი ჩხუბში ერთდროულად ათ მეტოქეს ამარცხებდა და იარაღსაც ძალზე ოსტატურად ხმარობდა. სოფელში იმედი მიეცათ, რომ ახლა მაინც შეძლებდნენ გაუმაძღარი გველეშაპის თავიდან მოცილებას.
უხუცესებმა ბევრი ითათბირეს და გადაწყვიტეს ამჯერად ორთაბრძოლის საყურებლად სამი ადამიანი, თითოეული სოფლის თითო წარმომადგენელი გაეგზავნათ. ისინი შორიახლოს ბუჩქებში უნდა ჩამალულიყვნენ და შერკინების ამბავი სოფლისთვის შეეტყობინებინათ.
ერთ-ერთი მათგანი დილაუთენია დაბრუნდა. ის ღამე სოფლებში არავის ეძინა, ჩირაღდნებით ხელში ერთ ფერდობზე იყვნენ გამოსული და ამბის მიმტანს ელოდნენ.
კარგი ამბავია, ძალიან მარჯვედ იბრძვის, მგონი დავამარცხებთ – ასეთი შეტყობინებით დაბრუნდა მაცნე.
შემდეგი დილაც სასიხარულო ცნობით დაიწყო. მეორე მაცნე კიდევ უფრო იმედიანი ჩანდა: ძალიან დაიღალა ჩვენი რაინდი, მაგრამ გველეშაპი სამ ადგილასაა დაჭრილი და ძლიერ დასუსტებულია. ალბათ გავიმარჯვებთ.
სოფელი საბოლოო გამარჯვების მოლოდინში წამებს ითვლიდა.
ბოლო მაცნე მესამე დილით გამოჩნდა. მარტო მოაბიჯებდა, რაინდის გარეშე. სახეზე უცნაური გამომეტყველება ჰქონდა, თვალებში ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავდით.
ორთაბრძოლა სამი დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლად გრძელდებოდა თურმე. რაინდმა გველეშაპი დაჯაბნა და გამთენიისას ძირს უსულოდ დასცა. მერე ქანცგაწყვეტილი და მოწყურებული ვაჟკაცი წყაროს წყალს დაეწაფაო და … … …
მაშინათვე გველეშაპად გადაქცეულა.
* * *
ეპილოგის ნაცვლად:
“Eternal vigilance is the price of liberty” – ვენდელ ფილიპსის, მე-19 საუკუნის ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის და იურისტის ეს ფრაზა ქართულად ალბათ ასე ითრგმნება: „თავისუფლება მუდმივი სიფხიზლის ფასად მოიპოვება“.
როდესაც „ქართული ამერიკის“ ბლოგზე მუშაობა დავიწყე, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ნეკროლოგების წერაც მომიწევდა. შემდეგ რედაქციაში კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ და მივხვდით, რომ ეს აუცილებელია. ოღონდ არა ტრადიციული ნეკროლოგის სახით, არამედ მცირე მოგონებით, რომელიც ბატონ კონსტანტინეზე, ან როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, კონი ერისთავზე მცირეოდენ შთაბეჭდილებას მაინც შეგიქმნით.
„ნიუ იორკ თაიმსში“ ვკითხულობთ: „ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც. ღირსეული ადამიანი, უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი“ (New York Times 12.30.11).
ეს სიტყვები შეერთებული შტატების გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს, უილიამ რაილის ეკუთვნის. სწორედ მისი ქვეშევრდომი იყო კონი ერისთავი, რომელიც ოთხმოცდაათიან წლებში ნიუ იორკის რეგიონის (მოიცავდა ნიუ იორკს, ნიუ ჯერსის, პუერტო რიკოს და ვირჯინიის კუნძულებს) გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ქალაქ ნიუ იორკის ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდათ.
ნიუ იორკის სამსახურს კონი ერისთავმა რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ცნობილი იყო, როგორც გარემოს დაცვის ადვოკატი, რომლის პატრონაჟით დამტკიცებული პროექტები ქალაქში ჯერ კიდევ მუშაობს. ბატონი რაილის თქმით სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია.
ქართული არისტოკრატული ოჯახის შთამომავალი მანჰეტენში პირველი თაობის ემიგრანტი მამის და ამერიკელი დედის ოჯახში დაიბადა. მამა, სიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი, დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცერი, ბოლშევიკურ რევოლუციას 1921 წელს ამერიკაში გამოექცა და ქართულ საქმეს ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი მიუძღვნა.
არც თუ ისე ბევრმა ქართველმა იცის, რომ სწორედ კონი ერისთავის ინიციატივით დაარსდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“, რომლის დირექტორთა საბჭოს ის სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა. სისტემატურად წირავდა მნიშვნელოვან თანხებს და ბოლომდე ჩართული იყო მის ყველა საგანმანათლებლო, სამედიცინო, თუ სოციალური დახმარების პროექტში. დღეს ორგანიზაციას კონის უფროსი ვაჟი, ვაშინგტონელი ადვოკატი, ბაბუის მოსახელე და ქართული საქმის ასევე დიდი მოამაგე საიმონ სიდამონ-ერისთავი ხელმძღვანელობს.
როგორ არის? „ვითარცა ღვინო, ქვევრიდან ხაპში, ხაპიდან დოქში, დოქიდან ჯამში…“
არა, პათეტიკით თავს არ შეგაწყენთ. ორგანიზაციის „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ შესახებ კი ჩემზე უკეთ მისი აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი მარუსია ჭავჭავაძე მოგითხრობთ.
„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ (http://afgeorgia.org/) კონი ერისთავის შვილობილია“ – ამბობს ქალბატონი მარუსია. ორგანიზაცია 1994 წელს სწორედ მისი ინიციატივით და დიდი ძალისხმევით დაარსდა. არსებობის მანძილზე „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მეშვეობით უამრავი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროგრამა დაფინანსდა. ამასთან ერთად ორგანიზაცია ქართველებში დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოების მშენებლობის გზაზე ეროვნული სიამაყის აღდგენას და თვითდამკვიდრების სურვილის განმტკიცებასაც ისახავს მიზნად.
„17 წელი ვიმუშავეთ ერთად. ენთუზიაზმით სავსე, ოპტიმისტი და სიკეთის კეთებისთვის მოწადინებული ადამიანი იყო. რომ დავურეკავდი, ყოველთვის მამხნევებდა და პრობლემას თითქმის ყოველთვის დადებითად წყვეტდა. ჩემს დანახვაზე თვალი სიხარულით უბრწყინდებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად ვემსახურებოდით იმ საქმეს, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა“ – იგონებს ის.
ქალბატონი მარუსიას თქმით, კონის ჰუმანიტარული დახმარების ტრადიციული გზები არ აინტერესებდა. არ ელოდებოდა საქართველოდან დახმარების ან გრანტის მოთხოვნას, და დაფინანსებისთვის USAID-ს მაგვარი ორგანიზაციებისთვის მიმართვას.
„უფლებას მაძლევდა წავსულიყავი და ადგილზე გამერკვია, თუ რა ჭირდებოდა საქართველოს და ქართველებს და რით შეგვეძლო დახმარება. ახლა უკვე თბილისში წარმომადგენელიც გვყავს, რომელიც ამ საკითხებს ადგილზე აგვარებს“- აღნიშნავს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
კონის ვაჟი, სიმონ ერისთავი ამბობს, რომ ორგანიზაცია ძირითადად ქართველთა შედარებით დაუცველ ფენას ეხმარება. ჩააქვთ მედიკამენტები, მკურნალობენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს, ასევე მაქსიმალურად ეხმარებიან ხანდაზმულებს. რამდენიმე ხნის წინ უსახლკარო ბავშვებისთვის თავშესაფარიც ააშენეს. „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ ხშირად საკუთარი აღზრდილების განათლების ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებს.
„ამ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ“ – ამბობს სიმონი და მამას დიდი სითბოთი და სიყვარულით იგონებს.
„საქართველოს მამასთან ერთად პირველად „გლასნოსტის“ გამოცხადებისთანავე, 1989 წელს ვეწვიეთ. ბევრი ვიმოგზაურეთ, მთელი საქართველო დავათვალიერეთ, მოვინახულეთ ჩვენი წინაპრების სასახლე ანანურში და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. მამა ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ხუთჯერ დაბრუნდა. ძირითადად იმ პროექტებს ამოწმებდა, რომელზეც მისი ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ მუშაობდა “ – ყვება სიმონ ერისთავი.
როგორც სიმონი ამბობს, კონი ოჯახშიც განსაკუთრებული ტაქტით და სითბოთი გამოირჩეოდა. „მამა საკუთარ რჩევას არასოდეს გვახვევდა თავს, თუმცა დახმარებისთვის ყოველთვის მზად იყო. შვილები რომ მეყოლა, მხოლოდ იმის შემდეგ მივხვდი, თუ რა ძნელია რჩევის მიცემისგან თავის შეკავება“ – ამბობს სიმონი. „რჩევას ყველაზე უფრო მაშინ ითვალისწინებ, როცა თვითონ ითხოვ დახმარებასო“ – ეს კონის სიტყვებია.
ერისთავებმა მამისგან მემკვიდრეობით პროფესია, ინტერესები, ბუნების და სპორტის სიყვარული მიიღეს. სიმონი ვაშინგტონში გარემოს დაცვის ადვოკატია. მისი ძმა, ენდრიუ პოლიტიკოსია. განათლებით ასევე იურისტი, საჯარო მოხელე გახლავთ და სამ წელიწადზე მეტია ნიუ ჯერსის შტატის ხაზინის მდივნის მოვალეობას ასრულებს. მათი და, ელისაბედი მხატვარია. ის საქართველოში გამოფენებს ხშირად აწყობს და თან იელის უნივერსიტეტის ბიოკონსერვაციის საბჭოს წევრიცაა. სიმონი განსაკუთრებული აღტაცებით ყვება თავის მცირეწლოვან ქალიშვილზე, რომელმაც ზაფხული საქართველოში გაატარა და ბავშვთა სახლში რამდენიმე თვე მოხალისედ იმსახურა.
„მამა ტრადიციული მსოფლმხედველობის ადამიანი იყო, რომელიც თვლიდა, რომ საქმე მხოლოდ სხვებისთვის უნდა აკეთო. ძალიან მინდა ის ქართველებს ასე დაამახსოვრდეთ“ – ამბობს სიმონი.
გულდასაწყვეტია, რომ კონი ერისთავის გაცნობა და ინტერვიუს აღება სიცოცხლეშივე ვერ მოვახერხეთ. იქნებ ამ მასალის გამოქვეყნებით მაინც მოვიხადოთ მოწიწებული ქედი მისი დამსახურებების წინაშე.
გადაცემის “ვაშინგტონი დღეს” დასაწყისში შეგიძლიათ ნახოთ 6-წუთიანი ინტერვიუ სიმონ ერისთავთან, რომელიც მამის, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის შესახებ საუბრობს.
ჩინური კალენდრით დღეს, 23 იანვარს ახალი, 4710 წელი იწყება.
უხსოვარი დროის ჩინური ლეგენდის თანახმად ღმერთებს ცხოველებისთვის მარათონი მოუწყვიათ. მცირე ზომის ვირთხა ლომებს და ვეფხვებს შორისაც ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. გაძვრა, გამოძვრა და ფინიშზე პირველი გამოცხადდა. თორმეტი გამარჯვებული ღმერთებმა თურმე სპეციალურ საპატიო სიაში შეიყვანეს. მოგვიანებით სწორედ ეს 12 ცხოველი იქცა ჩინური ზოდიაქოს სიმბოლოებად.
წელს ჩინური კალენდრით დრაკონის წელიწადია. მათთვის, ვინც ჩინურ კალენდარს მისდევს, დრაკონი ყველაზე ძლიერ, ბედნიერ, იღბლიან და საქმიანობისთვის ხელსაყრელ წლად ითვლება. ჩინეთში ბევრი მშობელი ცდილობს შვილი დრაკონის წელს დააქორწინოს, ჩინელი წყვილები კი „დრაკონის ბავშვებზე“ ზრუნვას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ.
ახალ წელს ჩინელები შინ შეძლებისდაგვარად უხვი სუფრით, ქუჩაში კი აღლუმებით და ფეიერვერკებით ხვდებიან. ტრადიციულად ტანსაცმლის და დეკორაციების ფერი წითელია, ტრადიციული კერძი კი – დიდი, შემწვარი თევზი, რომელიც სიუხვის, ბარაქის და დოვლათის სიმბოლოდ ითვლება. ასევე მზადდება „დამფლინგები“, რომელიც რაღაცით თითქოს ქართულ ხინკალს ჩამოგავს. „დამგლინგი“ თხელ ცომში გახვეული გატარებული ხორცია. სხვადასხვა რეცეპტის მიხედვით ზოგჯერ წყალში და ზოგჯერ ორთქლში იხარშება, ხან კი ცხიმში იწვება. დესერტად კი სუფრაზე 12 სახის მრგვალი ხილია მიღებული, რომელიც თითოეულ თვეში ფულის მომტან სიმბოლოს განასახიერებს და კიდევ ანანასი – კეთილდღეობის სიმბოლო.
ჩინეთის გარდა ახალ წელს დღეს ჰონ კონგი, ინდონეზია, მაკაუ, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაივანი, ტაილანდი და უამრავ სხვა ქვეყანაში მდებარე „ჩაინა-თაუნები“, ანუ ჩინელებით მჭიდროდ დასახლებული უბნები, აღნიშნავენ.
„ჩინური ჰოროსკოპების მემგონი დასავლეთში უფრო სჯერათ, ვიდრე ჩვენთანო“ – ამბობდა ხოლმე ჩემი მეგობარი, ლიჰაის უნივერსიტეტის ჩინური ენის პროფესორი, ლიმეი შანი. იმის მიუხედავად, რომ ასტროლოგია სამეცნიერო ტერმინოლოგიას ხშირად იყენებს, მას მეცნიერულ მტკიცებულებებთან საერთო მაინც არაფერი აქვს.
თუმცა ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ახალი წელი, უფრო სწორად კი როგორც მას ჩინელები უწოდებენ -ახალი სამთვარო წლის დასაწყისი – ოჯახური ერთობის, მეგობრების ერთად შეკრების მხიარულების და ჩინური ხალხური ტრადიციების პატივისცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
„გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“, ჩემზეა ნათქვამი. ჩურჩხელის ამოსავლებად ამერიკაში კი არა, თბილისშიც არასოდეს მეცალა. ჰოდა ასეთ გამოსავალს მივაგენი: გამოვიგონე ძალიან მარტივად გასაკეთებელი ჩურჩხელა, რომელიც ჩემი ფეისბუქის მეგობრებს ძალიან მოეწონათ და რომელმაც შესაძლოა არამარტო ემიგრანტები, არამედ საქართველოში მცხოვრები გურმანებიც კი დააინტერესოს.
როგორც აღმოჩნდა, ამის მსგავს მეთოდს ამერიკაში მცხოვრები ერთ-ერთი მხცოვანი ემიგრანტი, ჩვენი 90 წლის მეგობარი, ვალერიან ძამიაც მიმართავდა. აქედან წამოვიდა სახელი: „ემიგრანტული“.
მოკლედ, ერთხელ ისე მოხდა, რომ თბილისიდან ჩურჩხელამ საახალწლოდ ვერ ჩამომისწრო. გული დამწყდა, ახალი წლის ტრადიცია ბევრი თქვენთაგანივით მეც ძალიან მიყვარს და მაქსიმალურად ვცდილობ მენიუ ოკეანის გადაღმაც შევინარჩუნო. ჩურჩხელა კი ლამის ჩემს შვილებზე მეტად მიყვარს. ამიტომ გადავწყვიტე ძველით ახალი წლისთვის მაინც რაიმე მეღონა და ასე შეიქმნა ჩურჩხელა „ემიგრანტული“.
ფოტო თუ მოგწონთ, ქვემოთ დედას მეგრული ფელამუშის რეცეპტს და ჩურჩხელის გაკეთების ჩემეულ „მეთოდსაც“ შემოგთავაზებთ. სურათზე დააწკაპუნეთ, რომ მასშტაბი გაიზარდოს და უკეთ მიხვდეთ, თუ რაზე ვსაუბრობ.
დაგვჭირდება:
1 ჩ.ჭ. პურის ფქვილი
3 ჩ.ჭ. მჭადის ფქვილი, წვრილ საცერში გაცრილი
3 ლიტრი ყურძნის წვენი
ნიგოზი, ან თხილი – გემოვნებით, დაახლოებით 2 ჩ.ჭ.
დრო – მაქსიმუმ 1 საათი
რჩევა ამერიკელ ქართველებს: რადგან აქ ნატურალური ყურძნის წვენი არ იყიდება, არომატისთვის ჩვეულებრივ ყურძნის წვენს მე ორ ცალ ლიმნის წვენს და სიტკბოსთვის 1 ჩაის ჭიქა შაქარს ვუმატებ.
დამზადების წესი:
პურის ფქვილს და შაქარს ერთმანეთში ავურევთ. შემდეგ ნელ-ნელა დავამატებთ ყურძნის წვენს და როცა დავრწმუნდებით, რომ მასა ერთგვაროვანია, საშუალო ცეცხლზე შემოვდგამთ. კარგია, თუ ისეთ ჭურჭელს გამოვიყენებთ, რომელიც არ იწვავს. გამუდმებით უნდა ვურიოთ, ერთი წამითაც კი უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ადუღების შემდეგ დაახლოებით ხუთი წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ და შემდეგ რამდენიმე მოზრდილ ლანგარზე დავასხათ.
3-4 დღის შემდეგ, როცა ზედაპირი კარგად გაშრება, დავჭრათ სასურველ ზომაზე და თითო-თითოდ გადმოვატრიალოთ. სველ ზედაპირზე ნიგოზი ან თხილი დავალაგოთ. კიდევ 3-4 დღე დავაცალოთ. ოთახის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის მიხედვით გაშრობას სხვადასხვა დრო დასჭირდება. იმას, რასაც ფოტოზე ხედავთ, ჩემთან 8 დღე დასჭირდა. სამზარეულოს კარადის თავებზე ვაშრობდი, სადაც მეტი სითბოა.
სულ ეს არის. იმედი მაქვს გაგიადვილდებათ და მოგეწონებათ. მეჩვენება, თუ ასე უფრო პრეზენტაბელურია? მრგვალად დაჭრაც შეიძლება, რომბებად და ასე შემდეგ.
P. S.
აქვე ქართული ჩიჩილაკის დეკორირების იდეასაც გთავაზობთ. და კიდევ – ჩემს პატარა სატელევიზიო სიუჟეტს ამერიკაში ახალი წლის შეხვედრის ტრადიციის შესახებ.
ბედნიერ ძველით ახალ წელს გისურვებთ. სიხარული, სიკეთე, სიყვარული, ოცნებების ასრულება და მომავლის იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!
„მხოლოდ იმას მივწვდები, სადამდეც ზრდას მოვახერხებ. მხოლოდ იქამდე მივალ, სადამდეც ძებნას მოვინდომებ. მხოლოდ იმ სიღრმეზე დავინახავ, სადამდეც ჩახედვას შევძლებ. მხოლოდ ის ვიქნები, რაზეც ვიოცნებებ”. ალბერტ აინშტაინი
ყველაფერი სამშობლოზე გულისტკივილით და პატარა ოცნებით დაიწყო, რომელიც ერთი შეხედვით მაშინ განუხორციელებელიც კი ჩანდა. მერილენდის შტატში მცხოვრებმა ქართველმა ფსიქიატრმა, არჩილ აბაშიძემ, და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა – ნინო აბდუშელიშვილმა საქართველოში თემზე დაფუძნებული მობილური ფსიქიატრიული სამსახურის დაარსება მოინდომეს. ზუსტად ისეთივე ორგანიზაციის, როგორსაც ისინი აქ, ამერიკაში ემსახურებიან. შემდეგ საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და დახმარებისთვის მშობლიურ კომპანია „ფი-ი-ფის“ და ბატონ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდს“ მიმართეს.
უამრავი წინააღმდეგობა, „ვერ“, „თუ“ და „მაგრამ“ მოკლე ხანში დავიწყებას მიეცა და 2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში პროექტზე მუშაობამ უკვე რეალური სახე მიიღო: 4 ქართველი სპეციალისტი ამერიკაში პირველი თრეინინგისთვის ჩამოვიდა. სასწავლო ბაზა „ფი-ი-ფი“ გახლდათ, სადაც ორი ფსიქიატრის, ოფისის მმართველის და სოციალური მუშაკისგან შემდგარი ქართული ჯგუფი ერთი თვის მანძილზე ამერიკელ კოლეგებთან ერთად ყოველდღიურ საქმიანობაში იყო ჩართული. თბილისელი სტუმრები გუნდური მუშაობის დინამიკას და სხვადასხვა დისციპლინის შერწყმის ტექნოლოგიასაც ეცნობოდნენ.
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი გელეიშვილი, რედაქციაში გვესტუმრა და პროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით პროგრამა საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს მოიცავს. „გაზაფხულზე ამერიკელი სპეციალისტები თბილისში ჩამოვლენ, დამატებით ლიტერატურას ჩამოიტანენ და იქ დარჩენილ გუნდსაც თრეინინგს ადგილზე ჩაუტარებენ. სავარაუდოდ ზაფხულში პირველ იფისს გავხსნით. თავიდან მხოლოდ 6-კაციანი ჯგუფით დავიწყებთ და 50-მდე ავადმყოფს მოვემსახურებით, შემდეგ – გავიზრდებით“, ამბობს ის.
ფსიქიატრიული მომსახურების ცენტრი პაციენტებს არამარტო სამედიცინო სერვისს შესთავაზებს, არამედ შეეცდება მათ სოციალური პრობლემებიც შეძლებისდაგვარად მოუგვაროს. კომპლექსური მეთოდოლოგიის საშუალებით პაციენტი ძირითადად შინ დარჩება და ჩვეულ ცხოვრებას გააგრძელებს. ცენტრი მას ბინაზე მომსახურებით ან ოფისში ვიზიტის მეშვეობით მკურნალობის და რეაბილიტაციის საშუალებას მისცემს. პროექტის მიზანია ავადმყოფი მაქსიმალურად საზოგადოებაში ინტეგრირებული იყოს და შესაბამისად საავადმყოფოში მისი აღრიცხვა მინიმუმზე დავიდეს. სამეცნიერო კვლევების მიხედვით ეს ფაქტორი ქცევითი თერაპიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ექსპერტების აზრით თემზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდოლოგია ფსიქიატრიაში ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სიმპტომების კლება, ჰოსპიტალიზაციის თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოხვედრის შანსის შემცირება, ავადმყოფების სოციალური აქტივობის და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ზრდა სერვისის წარმატების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორებად მიიჩნევა.
გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი სერვისი ამართლებს არამარტო ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გუმჯობესების თვალსაზრისით, არამედ ის ხარჯეფექტურიცაა და ჰოსპიტალიზაციასთან და პატიმრობასთან შედარებით სახელმწიფოს ბევრად იაფი უჯდება.
კომპანია „ფი-ი-ფის“ პრეზიდენტი, ქალბატონი დეილ მაიერი, აღნიშნავს, რომ ეს მათი პირველი საერთაშორისო პროექტია და ისინი ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ ის წარმატებით განხორციელდეს. „როცა ეს იდეა გაჩნდა, მაშინათვე დავთანხმდი. ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქიატრი, არჩილ აბაშიძე, საქართველოდანაა. ასე რომ ყველაფერი მას და მის ასევე არაჩვეულებრივ მეუღლეს, ფსიქოლოგ ნინო აბდუშელიშვილს, უკავშირდება. მინდა აქვე ისიც ავღნიშნო, რომ პროექტი საქართველოს მიმართ მხოლოდ ცალმხრივ დახმარებას არ გულისხმობს. ქართველი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებით და მათთან ურთიერთობით ჩვენც უნიკალურ გამოცდილებას ვიძენთ“ – ამბობს ის და დასძენს, რომ პროექტს საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც საგულისხმო მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს.
ასე რომ საქართველოში ზაფხულის მიწურულს დასავლური ტიპის მობილური ფსიქიატრიული ცენტრი კარს პირველ პაციენტებს გაუღებს. შემდეგი ეტაპი კი უკვე რეგიონალური ოფისების გახსნა იქნება.
არჩევნებზე მასობრივი გაყალბების მიუხედავად ვლადიმერ პუტინის პარტიამ მოულოდნელად დუმის მანდატების ერთი მეოთხედი დაკარგა.
რა ხდება რუსეთში? თუკი პრემიერი პუტინი რეიტინგებს ძველებურად ლიდერობს, მაშინ რატომ აღარ ენდობიან მის პარტიას? სულ რამდენიმე თვის წინ ექსპერტებისთვის არჩევნების შედეგები თითქოს იოლად პროგნოზირებადი იყო. დღეს კი ათასობით დემონსტრანტი მოსკოვის მეტროს სადგურთან სკანდირებს: „რუსეთი პუტინის გარეშე“! „ახალ არჩევნებს მოვითხოვთ“! რამდენი წელია რუსეთს ამ მასშტაბის ანტი-სამთავრობო მიტინგი აღარ უნახავს. ხომ არ მოჰყვება არაბულ გაზაფხულს რუსული გაზაფხული?
დუმის წევრის, ოპოზიციონერი ვლადიმერ რიჟკოვის, აზრით საქმე საკმაოდ მარტივადაა. „გუშინ რუსეთში ისტორიული დღე იყო. არჩევნები ინტერნეტის პარტიამ მოიგო, ტელევიზიის პარტიამ კი წააგო“ – განაცხადა მან არჩევნების შემდეგ. ძნელია არ დაეთანხმო ეკონომიკის პროფესორს. რუსეთის პოლიტიკურ არენაზე ინტერნეტის სახით აშკარად ახალი, ძლიერი მედია-მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ინტერნეტის მზარდი ძალაუფლების შესახებ რუსეთის მმართველმა პარტიამ კარგად უწყოდა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არჩევნების დღეს ჰაკერების ინტენსიური შეტევის შედეგად ოპოზიციური ვებ-გვერდების უმრავლესობა გამორთული იყო.
რუსეთში ინტერნეტის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით რუსეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა დღეს ორმოცდაათ მილიონს აღწევს და ის მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-10 ადგილზეა. ხელისუფლების მხრიდან ვირტუალური სივრცის სრული კონტროლი პრაქტიკულად გამორიცხულია და საფიქრებელია, რომ სწორედ ამიტომ რუსულ პოლიტიკაში მინიმალური, მაგრამ მაინც, ცვლილებები ხდება.
* * *
ამერიკაშიც ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ინტერნეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და პრეზიდენტი ობამა გამარჯვებას გარკვეულწილად მას უნდა უმადლოდეს.
„ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ობამა არათუ პრეზიდენტი, არამედ დემოკრატიული პარტიის ნომინანტიც კი ვერ იქნებოდა“, ამბობს არიანა ჰაფინგტონი, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-მედიის „ჰაფინგტონ პოსტის“ რედაქტორი. ახლადარჩეულ პრეზიდენტს მაშინ ხშირად ადარებდნენ პრეზიდენტ ჯონ კენედის, რომელმაც ტელევიზია არჩევნებში გამარჯვების ახალ სტრატეგიულ მედია-საშუალებად გამოიყენა და ამით საარჩევნო კამპანიის წარმოების ისტორიაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა.
პოლიტოლოგი ჯო ტრიპი „ნიუ იორკ თაიმსში“ წერდა: „ობამამ ძირფესვიანად შეცვალა საარჩევნო კამპანიის წარმოების ტრადიციული წესები. პრინციპში მან მხარდამჭერთა მობილიზების, განცხადებების გამოქვეყნების, მოწინააღმდეგე პარტიის თავდასხმის მოგერიების და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის პრაქტიკაში სრული გადატრიალება მოახდინა“. მოხალისეთა მრავალათასიანი არმია არ ეყოფოდა იმ საქმეს, რასაც ის რამდენიმე წუთის განმავლობაში მინიმალური რესურსით ახერხებდა. „იუ-თუბის“ როლის გადაჭარბება ხომ სრულიად გამორიცხულია, აღნიშნავს ექსპერტი, იმდენად მნიშვნელოვანი იყო იქ ვიდეო-მესიჯების განთავსება და რესპუბლიკელ ლიდერთა დისკრედიტაციისთვის შერჩეული ვიდეომასალების გამოქვეყნება. რომ აღარაფერი ვთქვათ ვებ-გვერდზე კამპანიისთვის სასოცოცხლო სუბსიდირების მოზიდვაზე – დასძენს პოლიტოლოგი.
კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: როგორც ირკვევა, უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე ტელევიზიაზე მეტად სწორედ ინტერნეტმა იმოქმედა. კვლევები ადასტურებს, რომ „2008 წლის არჩევნებზე ამერიკელ ამომრჩეველთა სამი მეოთხედი ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებისთვის მთავარ წყაროდ იყენებდა. ეს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტია“ – ამბობს მეცნიერი არონ სმითი.
* * *
სულ რაღაც სამ თვეში, 2012 წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. იმავე წლის ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტსაც აირჩევენ. წესით ამ ორ თარიღს შორის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კიდევ ერთი წლის ინტერვალით კი საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
შემდეგი ორი წლის განმავლობაში ქართული დემოკრატიის მშენებლობას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. საინტერესო იქნება დაკვირვება ქართულენოვან ინტერნეტ-მედიაზე, თუ რა როლს შეასრულებს ის ჯერ საპარლამენტო, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვის აუზების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი -მამუკა წერეთელი- საუბრობს რა ინტერნეტის მზარდ როლზე თანამედროვე კომუნიკაციის და ინფორმაციის მოპოვების საქმეში, აღნიშნავს, რომ ინტერნეტის და სოციალური მედიის გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარდაუვალია:
„რამდენადაც ვიცი, საქართველოში უფრო მაღალი გამტარუნარიანობის ქსელების დანერგვა ხდება. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს შედარებით დიდი მოცულობის ინფორმაცია კიდევ უფრო სწრაფად მიიღოს. შესაბამისად გაიზრდება ინფორმაციის მეშვეობით ადამიანებზე ზემოქმედების უნარიც. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკაში ეს ინსტრუმენტი გაცილებით დიდ როლს ითამაშებს საქართველოს მომავალ საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე“ – აცხადებს ის.
„ევრაზია-ნეტის“ მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით ინტერნეტზე საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ 37 პროცენტს მიუწვდება ხელი. უკანასკნელი 6 თვის მანძილზე სოციალური მედიის მხოლოდ ერთ სახეს „ფეისფუქს“ 675 540 ადამიანი, ანუ საქართველოს მოსახლეობის მეხუთედი შეუერთდა. კავკასიის რესურსების კვლევითი ცენტრის (CRRC) დირექტორი, ჰანს გუტბროდი, თვლის, რომ სოციალურ მედიას საქართველოში ტელევიზიისთვის კონკურენციის გაწევის პოტენციალი გააჩნია და ის პოლიტიკოსებისგან ამ პოტენციალის მაქსიმალიზებისთვის ძალზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსაც ანალოგიური მონაცემები აქვს. საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სულ ცოტა მილიონ სამასი ათასს შეადგენს. თუკი მსოფლიოს იმ ქვეყნების პოლიტიკური პროცესების დინამიკას გავითვალისწინებთ, სადაც ინტერნეტი პოპულარულია, ქართველი ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა ტელევიზიას ინფორმაციის მოპოვების ერთადერთ და მთავარ წყაროდ უკვე აღარ აღიქვამს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევე როგორც ამერიკაში, რუსეთში, თუ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, ინტერნეტი და კერძოდ, სოციალური მედია, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ნების გამოხატვაზე უდიდეს გავლენას იქონიებს. პოლიტიკოსებს მოუწევთ მისთვის ანგარიშის გაწევა და საარჩევნო სტრატეგიის შესაბამისად დასახვა.
ამერიკაში გასულ კვირას მადლიერების დღე აღინიშნა. ალბათ არანაირ დღესასწაულს არ აქვს აქ ასეთი სპეციფიური მენიუ და არცერთი დღისთვის არ ემზადებიან ისე მონდომებით, რამდენიმე დღით ადრე, როგორც მადლიერების დღისთვის. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან საახალწლო ციებ-ცხელების დროს.
ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი ამერიკაში ფედერალური დღესასწაულია და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული. მადლიერების დღე საოჯახო ზეიმია, ამიტომ ამერიკის სასწავლებლებში და უმეტეს უწყებებში პარასკევიც დასვენებაა და ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ ერთად შეიკრიბონ, ერთმანეთს მოეფერონ და მადლობა უთხრან ყველას პირისპირ, მისალოცებით, ფოსტით, საჩუქრებით… ვისაც როგორ შეუძლია და მოსწონს.
რაც შეეხება ტრადიციულ მენიუს: თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ სხვადასხვა ვარიაციებით და რეცეპტით მომზადებულ მრგვალად შემწვარ ინდაურს. საწებლად ორნაირ სოუსს, შტოშის და ინდაურის ცხიმით დამზადებულ სოუსს, იყენებენ. ამას გარდა სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გოგრა, კარტოფილის პიურე, სიმინდი, მწვანე ლობიო, მჭადი და პური. დანარჩენი – სურვილისამებრ. დესერტის მენიუ ერთი ან რამდენიმენაირი ხილის ღვეზელისგან შედგება. უმეტესად ის ვაშლით, ტკბილი კარტოფილით, გოგრით, ან ნიგვზით ცხვება. ტრადიციული სასმელი ვაშლის ნატურალური წვენი და ღვინოა.
* * *
მანანა ცხაკაია
ყველაზე უცხო, გემრიელი და ლამაზი დესერტი, რაც მადლიერების დღეზე ამერიკაში ჩემი ყოფნის აგერ უკვე 9 წლის მანძილზე გამისინჯია და მინახია, იყო ქართველი ქალბატონის, მანანა ცხაკაიას, რეცეპტით დამზადებული გოგრის ფლავი. მანანა აიოვას შტატის ქალაქ აიოვა სითიში ცხოვრობს და უნარშეზღუდულ ბავშვებთან მუშაობს.
მანანას გოგრის ფლავის რეცეპტი გამოვართვი, მეც დავამზადე და თქვენც გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ შემადგენლობის ზუსტი პროპორციები არ გვაქვს. ამიტომ ვეცდები დაახლოებით მაინც გითხრათ, რომელი პროდუქტი რამდენი დაგვჭირდება. როგორც ყველა იმპროვიზატორი დიასახლისი, მანანა ყოველ ჯერზე განსხვავებულად აკეთებს და თუ დამიჯერებთ, ყოველთვის – საუცხოოდ.
* * *
გამიგრძელდა შესავალი… მოკლედ, გოგრის ტკბილი ფლავისთვის გვჭირდება შემდეგი პროდუქტი:
½ ჩაის ჭიქა შაქარი (ნახევარს ცხელ გოგრას მოვაყრით და ნახევარი საკაზმისთვის)
½ ჩაის ჭიქა ზეთი
მარილი და ვანილი – გემოვნებით
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ზომები დაახლოებით ჩემი შერჩეულია, ამიტომ შეიძლება ვცდებოდე და თქვენ სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით მოირგეთ.
* * *
მაშ ასე, დავიწყეთ!
სიგრძეზე გადაჭრილ გოგრას ამოვასუფთავებთ, ჩანგლით დავჩხვლეტთ და საშუალო ცეცხლზე ღუმელში ვაცხობთ. როგორც კი დარბილდება, ის მზად არის (ფოტოებზე თუ დააწკაპუნებთ, გადიდდება და დეტალებს უკეთ დაინახავთ).
სანამ გოგრა ცხვება, ოდნავ მარილიან წყალში მოვხარშავთ ბრინჯს. ბრინჯის ხარშვის დროც არ არის მკაცრად განსაზღვრული. ამბობენ, რომ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის ბრინჯს განსხვავებული დრო სჭირდება. ამიტომ, როგორც კი დარბილდება, სანამ დაიშლება, ამოვიღებთ და გადავწურავთ.
დაველოდებით გოგრის გამოცხობას. იმ ჯიშის გოგრას, რომელიც მე შევიძინე, თითქმის 3 საათი დასჭირდა. ღუმელიდან გამოღებისთანავე ცოტა შაქარს მოვაყრით და ბრინჯით ამოვავსებთ.
შემდეგ ვიწყებთ ზეთში საკაზმის მოხალვას. ოღონდ ჯერ, სანამ ზეთი გაცხელდება, მასში დარჩენილ შაქარს და ვანილს ჩავყრით. ნელ ცეცხლზე განუწყვეტლად ვურევთ და აუცილებლად ვიცავთ ამ თანმიმდევრობას: ვყრით ლიმონის ცედრას, შემდეგ ნიგოზი, შტოში, ქიშმიში, გარგარი და ბოლოს – ანანასი.
საკაზმი გოგრაზე ცხლად უნდა დავაწყოთ. ყველაზე ბოლოს მოხალვისას დარჩენილ წვენს მოვაწუწებთ. სუფრაზე გატანის წინ კი ღუმელში ნელ ცეცხლზე შევათბობთ.
სულ ეს იყო. მართლა გემრიელი გამოვიდა. წარმომიდგენია ქართული გოგრით რა იქნება! რეცეპტისთვის დიდი მადლობა მანანა ცხაკაიას, თქვენ კი – ისიამოვნეთ!
მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.
ბიოგრაფია
მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.