ამერიკაში ჩატარებული არჩევნები და საქართველო

Posted November 17th, 2012 at 7:56 pm (UTC+0)
Leave a comment

განახლებული კონგრესი და სენატი მუშაობას 2013 წლის იანვარში შეუდგება. რით გამოირჩეოდა წლევანდელი არჩევნები ამერიკაში? ვის მისცეს ხმა ქართველმა იმიგრანტებმა და როგორი იქნება ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

თუკი პირველ არჩევნებზე შავკანიანი პრეზიდენტის გამარჯვება ვინმემ ამერიკულ ნარცისიზმად და უმცირესობების მიმართ ხარკის მოხდად ჩათვალა, პრეზიდენტ ობამას ხელახალი წარმატება უკვე არა იმდენად ემოციური და ექსტრავაგანტული მუხტით, არამედ უფრო გონივრული ანალიზით და დროისთვის შესაფერისი კრიტერიუმებით მოხდა. შეერთებულ შტატებში სენატის და კონგრესის წევრებსაც მისცეს ხმა. აირჩიეს სხვადასხვა დონის თვითმმართველობის ორგანოს წევრები და შტატიდან შტატში უპასუხეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რეფერენდუმის კითხვებს.

რით გამოირჩეოდა წლევანდელი არჩევნები?

სენატში და კონგრესში უმცირესობათა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ისტორიაში პირველად, იანვრიდან სენატში 100-დან 20 ქალი იქნება. ასევე რეკორდულია აზიური და ლათინურამერიკული წარმომავლობის კანონმდებელთა რიცხვი. გაცილებით მეტი იქნება არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის წარმომადგენელი. ვისკონსინმა პირველად აირჩია ღიად გეი სენატორი ქალბატონი. ერთი სქესის ადამიანებს კიდევ სამ შტატში შეეძლებათ ქორწინება. პირველად ამერიკის ისტორიაში კოლორადო და ვაშინგტონში რეფერენდუმის შედეგად მარიხუანის ლეგალიზება მოხდა. ამასთან, არ არის საუბარი სამედიცინო მარიხუანაზე, რომელიც ბევრ სხვა შტატშია დაშვებული. ის თამბაქო და ალკოჰოლივით გაიყიდება და შესაბამისად მაღალი ბეგარა დაეკისრება.

პოლიტოლოგები და სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ამერიკა შეიცვალა, ნაკლებად კონსერვატიული და მეტად ლიბერალური გახდა. იმდენად, რომ თავად სიტყვა „ამერიკა“ იმას აღარ ნიშნავს, რასაც ადრე. თუმცა, ამ ერთგვარი ლიბერალიზაციის პროცესს ანალიტიკოსების აზრით, ერთი გვერდითი მოვლენა აღმოაჩნდა: პარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა და რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის პოლარიზების ხარისხმაც პირდაპირპროპორციულად იმატა.

რამდენად სწორი შეიძლება იყოს მსგავსი შეფასება?

ქვეყნის ლიბერალიზაციის შესახებ დასკვნას ბოლომდე არ ეთანხმება პროფესორი მამუკა წერეთელი, ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვების რეგიონის კვლევათა ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ეს ტენდენცია ხშირად ტალღობრივ ხასიათს ატარებს. სავსებით შესაძლებელია დროებითი მოვლენა იყოს და ამიტომ, შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა არ ღირს. თანაც, არც იმის თქმა შეიძლება, რომ არჩევნებზე მხოლოდ დემოკრატებმა გაიმარჯვეს.

„რა თქმა უნდა, არჩევნებში გაიმარჯვა პრეზიდენტმა ობამამ და სენატში კვლავ დემოკრატები არიან უმრავლესობაში (სხვათა შორის მათ გაზარდეს თავისი სენატორების რიცხვი). მაგრამ, ამავე დროს რატომღაც მეორე პლანზეა და ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა რესპუბლიკელი გუბერნატორების რაოდენობაც. რაც იმის გამომხატველია, რომ ამერიკული ელექტორატი არ არის ერთ პოზიციაზე. აზრები გაყოფილია თითქმის შუაში და ეს არჩევნები კიდევ ერთი დასტური იყო ამ ელექტორალური ორპოლუსიანი სისტემის“.

რას ფიქრობენ არჩევნების შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი  ამომრჩევლები?

თამარ უელტი რეგისტრირებული დემოკრატია. ის ვაშინგტონში იურიდიულ მდივნად მუშაობს და ბარაკ ობამას წლევანდელ არჩევნებზე ხმა უკვე მეორედ მისცა. პრეზიდენტად როგორ ავირჩევდი ადამიანს, რომელსაც ყავის სმას სარწმუნოება უკრძალავს? ხუმრობს ის. „მიმაჩნია, რომ დემოკრატიული პარტია ბევრად უფრო პროგრესულია ამერიკის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის, ვიდრე რესპუბლიკური“ ამბობს ქალბატონი თამარი და დასძენს:

„ ჩემი აზრით ობამა არის ე.წ. „ამერიკული ოცნების“ განხორციელების მაგალითი, თავისი განათლებით, თავისი დამსახურებით, თავისი მოწოდებით. ობამას გეგმები აბსოლუტურად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს 21-ე  საუკუნეში და ამიტომაც ადვილი იყო არჩევნის გაკეთება მას და მიტ რომნის შორის“ .

 სულხან პეტრიაშვილი, კალიფორნიელი ბანკირი, რეგისტრირებული რესპუბლიკელია და ხმას ყოველთვის რესპუბლიკელთა წარმომადგენელს აძლევს. რატომ? ვეკითხებით მას.

„შეხედულებებიდან გამომდინარე: პატარა მთავრობა, ნაკლები ტაქსები (გადასახადები), ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს ბიზნესს – მაგიტომ“.

იმავე პრინციპებზე საუბრობს ვირჯინიელი ექიმი აკაკი გვახარია და ზემოთ ჩამოთვლილს ამატებს რესპუბლიკელთა მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას, გონივრულ ფინანსურ პოლიტიკას და იმ პრეზიდენტებს, რომელთაც ქვეყანას ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, მისი აზრით, უკეთ უხელმძღვანელეს. კანდიდატების მიმართ მეტ-ნაკლები სიმპათიის მიუხედავად, ის აცხადებს, რომ ყოველთვის რესპუბლიკელებს დაუჭერს მხარს.

რადგან ბატონი აკაკი გამოცდილი ექიმია, მას პრეზიდენტ ობამას მიერ წარმოდგენილი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებაც ვესაუბრეთ, რომელიც ძალაში 2014 წელს შედის. მისი აზრით, პროგრამა განწირულია, რადგან მისი განხორციელების არც რესურსი არსებობს და არც სხვა დანარჩენი წინაპირობა.

სამწუხაროდ, არა მგონია, რომ ამან იმუშაოს. შეუძლებელი იქნება. ძალიან უნდა შეიცვალოს ეს ქვეყნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამ მოდელმა  იმუშაოს. ეს არც არის საყოველთაო ჯანდაცვა. ალბათ, უფრო დიდი წარმატება ექნებოდა, რომ ჰქონოდა პრეზიდენტს იმ რისკის გაწევის უნარი, რომ მართლა ნამდვილი, საყოველთაო ჯანდაცვა გამოეცხადებინა ერთ კონკრეტულ დასავლეთ ევროპულ, გერმანულ, ან ბრიტანულ მოდელზე აგებული. შეიძლება ვერ გასულიყო, მაგრამ რომ გასულიყო, ალბათ უფრო იმუშავებდა, ვიდრე ის გაურკვეველი “მონსტრი”, რომელიც ეხლაა შემოთავაზებული“.

მეცნიერი, პროფესიით ექიმი აკაკი ლეკიაშვილი ჯორჯიის შტატიდან, დამოუკიდებელი ამომრჩეველია და არცერთ პარტიაში არ რეგისტრირდება. თუმცა, მხარი ამ არჩევნებზე პრეზიდენტ ობამას დაუჭირა. ის ამბობს, რომ ძალიან ბევრ ნიუანსშია საჭირო გარკვევა, სანამ თავს რომელიმე პარტიას მიაკუთვნებ: საგარეო და საშინაო პოლიტიკა, პიროვნულ თავისუფლებებთან დამოკიდებულება, ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ. ბატონი აკაკის თქმით, ის ამერიკაში 18 წლის წინ ჩამოვიდა და ჯერ არ შეხვედრია ადამიანს, რომელსაც ფუნდამენტურად ესმის ყველა ეს სფერო, აქვს მათზე ჩამოყალიბებული შეხედულება და არჩევნებზე ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პარტიულ პრინციპს იზიარებენ და ეს ხმის მიცემისთვის ხშირად საკმარისი ხდება. მაგალითად? ვეკითხებით მას.

„ბევრ ექიმს ვიცნობ, რომელსაც მიაჩნია, თუნდაც არასწორად, რომ ობამას ჯანდაცვის რეფორმის გამო მას შემოსავალი შეუმცირდება. ხმას რესპუბლიკელებს იმის მიუხედავად აძლევს, რომ მიუღებლად მიაჩნია ყველა სხვა რესპუბლიკური პოზიცია. ასევე ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც ერთ ან მეორე პარტიას ხმას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ საფუძველზე, ან აბორტის, ან ჰომოსექსუალთა  უფლებების საფუძველზე“.

ბატონი აკაკის თქმით, ამომრჩეველს ძალიან ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვს, მაგალითად არ იცის, რომ ობამას დროს იარაღის შენახვის და ტარების კანონი უფრო შესუსტდა და კორპორაციული გადასახადები შემცირდა. თუმცა, იმის შიშით, რომ დემოკრატები საპირისპირო პოლიტიკას გაატარებდნენ, წინა არჩევნებზე და ახლაც ობამას ამ მოსაზრებით ხმა ბევრმა არ მისცა და მხარი რესპუბლიკელ კანდიდატს დაუჭირა.

როგორი იქნება ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ? და იქნებოდა თუ არა ის განსხვავებული მიტ რომნის გამარჯვების შემთხვევაში?

„მე ვფიქრობ, რომ ზოგად პოლიტიკაში, საქართველოს მიმართ მხარდაჭერაში, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით ცვლილებები არ იქნება. და არც რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლებოდა დიდად რამე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ორივე ადმინისტრაცია, დემოკრატიული და რესპუბლიკურიც საქართველოს ტრადიციულად მხარს უჭერს“ – აღნიშნავს პროფესორი მამუკა წერეთელი და დასძენს, რომ არ ეთანხმება საქართველოში გავრცელებულ ერთგვარ სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელები საქართველოს უფრო მტკიცე მხარდამჭერები არიან. ისინი უბრალოდ უფრო აგრესიულები არიან საგარეო პოლიტიკაში და უფრო ანტი-რუსულები, თუნდაც ეს რიტორიკის დონეზე იყოს, ამბობს ის.

ბატონი მამუკას აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ვინ დაიკავებს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პოსტს. კლინტონის განსწავლულობა საქართველოს საკითხებში, ოჯახის პოლიტიკური წონა და გავლენა ამერიკაში საქართველოსთვის დადებით როლს თამაშობდა. კარგია, თუ საქართველოს საკითხების მცოდნე სახელმწიფო მდივანი დაინიშნება. თუ არა, ეს უბრალოდ მეტ დროს წაიღებს, თორემ ზოგადად პოლიტიკა არ შეიცვლება, აღნიშნავს მამუკა წერეთელი.

ჩვენი რესპოდენტების უმეტესობა იგივე აზრს იზიარებს. აკაკი გვახარიას აზრით, იმას, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია შეერთებული შტატების სათავეში, შეიძლება მნიშვნელობა უფრო საგანგებო სიტუაციაში ჰქონდეს, როდესაც გაუთვალისწინებელი კრიტიკული მომენტი დგება. აკაკი ლეკიაშვილი კი იმასაც ამბობს, რომ 2008 წელს შეერთებული შტატების სათავეში დემოკრატები რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი არც მომხდარიყო. ის  2008 წლის აგვისტოს მოვლენებში პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გავლენაზე საუბრობს.

ასეა თუ ისე, ამერიკას ახალი პრეზიდენტი ყავს, ახალი და თან უკვე 4 წლის ნაცნობი. ანალიტიკოსები მისგან დღეს უფრო მკვეთრ და მტკიცე გადაწყვეტილებებს ელიან. მეორე ვადით არჩევის შემდეგ, პრეზიდენტ ობამას უკვე თავისუფლად შეუძლია თავს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების უფლება მისცეს, რათა ქვეყანას, და შესაძლოა მსოფლიოს ახალი ეკონომიკური რეცესიის საფრთხე ააცილოს. ვნახოთ, რა მოხდება. საგარეო პოლიტიკა და საქართველოსთან დამოკიდებულება კი, როგორც უკვე ითქვა, დიდად აღარ შეიცვლება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.