უჩვეულო გასტროლები ვაშინგტონში

Posted January 18th, 2013 at 1:05 am (UTC+0)
2 comments

 

– Your ID Please / საბუთი, გეთაყვა

– Visiting Patient’s Name / პაციენტის სახელი

– Colonel Tugushi / პოლკოვნიკი ტუღუში

ნატო გელაშვილის და ლაშა ღლონტისთვის შეერთებულ შტატებში  მოგზაურობა ტრადიციულად არა ნიუ იორკული რესტორნების და საკონცერტო დარბაზების ოვაციებით, არამედ სამხედრო ჰოსპიტლის შესასვლელში საბუთების შემოწმებით დაიწყო. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ტაში, სიცილი, სითბო და დიდი სიხარულიც – სრულიად დაუვიწყარი მოგონება მათთვის და იმ მომცრო, უჩვეულო აუდიტორიისთვისაც.

ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი და მათი ოჯახის წევრები მომღერლებს ერთი თვის განმავლობაში სულმოუთქმელად ელოდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველმა გასტროლიორებმა ბრუკლინის და მანჰეტენის გზიდან გადაუხვიეს და ვაშინგტონისკენ გამოემართნენ. კონცერტსაც ვერ დაარქმევდი – შინაურული,  მოგონებებით და ემოციებით გამთბარი  საღამო გამოვიდა, რომელსაც დროდადრო ლაშას ტკბილი და მგრძნობიარე  ხმა,  ნატოს გულწრფელი და ემოციური ლექსები და თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვების ჟრიამულიც  ავსებდა. ოთახში ცხელი შოთის და გუდის ყველის სუნი იდგა. რა თქმა უნდა სადღეგრძელოებსაც ვერ გადავურჩით, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, გმირობის, სიმღერის, სიკეთის… მოკლედ, ნატომ და ლაშამ ისე მოახერხეს, რომ თვეობით სამშობლოდან გადახვეწილ მეომრებს ნიუ იორკელი მასპინძლების შემწეობით ერთი დღით კოხტა და ლამაზი საქართველო ჰოსპიტლის მცირე ზომის მისაღებშიც კი მოუწყვეს.

*   *   *

ყველა პრობლემა, ტკივილი, საზრუნავი და საფიქრალი იმწამსვე შეუსაბამო ხდება, როგორც კი ამ რეალობაში შეაბიჯებ და ამ ბიჭების ძლიერ, მხნე და ნაადრევი სიბრძნით დაღლილ თვალებში ჩაიხედავ. თავიდან თვალის გასწორებაც კი გიჭირს. შემდეგ ხვდები, რომ ვეღარასოდეს დაივიწყებ მათ სახეებს და გინდა მაქსიმალურად ხშირად მიხვიდე და ელემენტარული, მარტივზე მარტივი ყურადღებით მაინც მოეფერო. აბსოლუტურად სულერთი ხდება, რატომ და როგორ, რა მიზნებით და რა სიტუაციაში მოაწერეს მათ ხელი ავღანეთში გამგზავრების კონტრაქტს. მითუმეტეს, არც იმას აქვს მნიშვნელობა, სტუმრად მოსულს, ვის რა შეხედულება აქვს საერთაშორისო კოალიციაში საქართველოს არმიის მონაწილეობაზე. ამ იდეებს და აზრებს ფეხის გაწმენდისას კარებთან ტოვებ.

აქ ერთადერთი სიმართლეა მხოლოდ:

დღეს ისინი გმირები არიან. ჩვენი დროის, თანამედროვე, ცოცხალი გმირები, ყოველგვარი გადაჭარბების და უადგილო პათეტიკის გარეშე. საქართველო, თითოეული ადამიანი პოლიტიკური შეხედულებების და მრწამსის მიუხედავად, თუკი ის თავს ქართველად მიიჩნევს, მათ წინაშე ისეთ ვალშია, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს გადაიხდის. ამაზე ერთმანეთში ხშირად გვისაუბრია. ეს მხოლოდ ჩემი ემოცია არ არის. ჩამოდით, მოინახულეთ, გაიცანით ბიჭები და მერე მითხარით, რომ ეს ასე არ არის.

*   *   *

დიდი მადლობა ნატო გელაშვილს და ლაშა ღლონტს, ნიუ იორკელ ორგანიზატორებს – დათო ალფენიძეს და გელა საჩალელს. უღრმესი მადლობა 94 წლის  პეტრე ხვედელიძეს, რომელმაც ვაშინგტონლებს ვეტერანი ბიჭების მოვლა გვასწავლა და დღემდე გვამეცადინებს. და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და ყველაზე უსაზღვრო მადლობა თვითონ ჩვენს ჯარისკაცებს ეკუთვნის. სახელებს შეგნებულად არ ვწერ. ბევრად მეტნი არიან, ვიდრე აქ, ვაშინგტონში.

*   *   *

 

და ბოლოს,

16 იანვრის იმ თბილ და ემოციურ საღამოს ნატოს ხმამაღლა წაკითხული ერთი ლექსი მოუხდა ძალიან, რომელიც თურმე ერთხელ თავის შვილებს დაუწერა:

ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,
ნურასოდეს მოატყუებთ ალალ-მართალ კაცს
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,
სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,
ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც
არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ, არც.

ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,
ნურასოდეს გაიკვირვებთ, თუ ეკლიან გზად
არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.

ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,
უნდა შეძლოთ, სიყვარული მიმოფანტოთ გზად,
ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად,
სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გყავთ.

2 responses to “უჩვეულო გასტროლები ვაშინგტონში”

  1. tamriko says:

    კეთილი საქმე..

  2. Tamari says:

    Shesanishnavi,gulisgamatbobeli paktia.Mastimulirebeli shemdgomi adamianuri urtiertobebisa da ertmanetis tanadgomis.

Leave a Reply to Tamari Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.