ანიტა

Posted June 3rd, 2013 at 5:41 pm (UTC+0)
Leave a comment

ერთი თვეც არ იყო გასული, რაც გიორგი გაგნიძემ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში გასტროლები დაასრულა, რომ შეერთებულ შტატებში ანიტა რაჭველიშვილი ჩამოვიდა. საერთოდ, მაისის თვეში ამერიკის ქართულ იმიგრაციაში იმდენი საინტერესო რამ მოხდა, რომ აქვე ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ყველაფერის შესახებ თხრობას ვერ ვახერხებ. თუმცა, ანიტას გასტროლები ისეთი რანგის მოვლენაა, რომ უთუოდ გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს.

ქალაქ დეტროიტში, მიჩიგანის ოპერის თეატრში ანიტამ ჯუზეპე ვერდის „აიდაში“ ამნერისის წამყვანი პარტია შეასრულა. სამწუხაროდ, ვაშინგტონიდან დეტროიტი მანქანით სულ ცოტა 9 საათის გზაზე მდებარეობს და წარმოდგენის ნახვა ვერ შევძელი. მაგრამ გპირდებით, მეტროპოლიტენის ოპერაში კიდევ რომ ჩამოვა, აუცილებლად წავალ ნიუ იორკში, სპექტაკლსაც დავესწრები, ანიტასაც შევხვდები და ყველაფერს უფრო  დაწვრილებით მოგითხრობთ.

ანიტას ტელეფონით ვესაუბრე. ზუსტად შერჩეული სიტყვები, პირდაპირი პასუხები – ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის და პათეტიკის გარეშე, პრაგმატულობა და  თავდაჯერებულობა… ზოგადად, ენერგეტიკა და ტემპერამენტი ისეთი აქვს, რომ სატელეფონო საუბრითაც მიხვდები, როგორი პირდაპირი, პრინციპული და მიზანდასახული ადამიანია.

– როგორ, სულ არ გინერვიულია? ოდნავ მაინც?

ეს კითხვა იმიტომ დავუსვი, რომ გამომიტყდა, არ ვღელავდი პრემიერაზეო. არადა წარმოიდგინეთ: ინტერვიუს ამ ნაწილში საუბარი იყო უცხოეთში ახალგაზრდა შემსრულებლის  სულ პირველ გამოსვლაზე. ეს ანიტა რაჭველიშვილისთვის იყო მილანის ლა სკალაში დებიუტის პირველი დღე, როცა ბიზეს ოპერაში კარმენი სრულიად ახალბედა ქართველმა  ოპერის მომღერალმა შეასრულა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ასეთ ახალგაზრდას, მაშინ ჯერ კიდევ 25 წლის სტუდენტ გოგონას ლა სკალას გახსნაზე მთავარი პარტია შესთავაზეს. პირველად იყვნენ იტალიაში და ლა სკალას პრემიერაზეც მისი მშობლები.

ემოციურად დაუვიწყარი დღე იყოო ამბობს, ოღონდ „მართლა არ მინერვიულია. ჩემი საფიქრალი აკადემიის დასრულებიდან (ლა სკალას აკადემია 2009 წლის ივლისში დავამთავრე) 7 დეკემბრამდე, ანუ პრემიერამდე, მთელი ამ ხნის განმავლობაში მარტო ის იყო, რომ ამ თვეების მანძილზე კარმენის პარტია მომემზადებინა. და იმდენად კარგად მოვემზადე, რომ ლოგიკით რომ მიუდგე, და ცხოვრებაში ბევრ რამეს მართლაც ლოგიკით ვსაზღვრავ, სანერვიულო მართლა არაფერი მქონდა“.

ცოტა რამ ბიოგრაფიიდან: რაც თავი ახსოვს, სულ მღეროდა. იმდენს ვმღეროდი პატარობაში, ვერავინ მაჩერებდაო, იგონებს. და რა კარგია, რომ ვერ და არ აჩერებდნენ. წარმოგიდგენიათ, ხელოვანი მშობლების ნაცვლად, ისეთი მკაცრი დედ-მამა რომ ჰყოლოდა, რომლებიც მის სიმღერას არასერიოზულ გატაცებად ჩათვლიდნენ და აიძულებდნენ სხვა უფრო პრაგმატული პროფესია აერჩია? დღეს შეიძლება არც გვცოდნოდა, თუ ვინ არის ანიტა რაჭველიშვილი.

კონსერვატორიაში პედაგოგთანაც ძალიან გაუმართლა. 6 წლის მანძილზე ემზადებოდა მანანა ეგაძესთან. მანანამ აიძულა იტალიაში წასულიყო. ძალიან ცუდად იყოო, იგონებს ანიტა. ავადმყოფობდა და ეშინოდა, რამე რომ დამემართოს, შენ რა გეშველებაო. „ძალიან შემეხვეწა, რომ წავსულიყავი თბილისიდან და მეპოვა ჩემი ბედი, ჩემი კარიერა სადმე საზღვარგარეთ გამეგრძელებინა“.

ასე მოხვდა ანიტა იტალიაში, მილანის ლა სკალას აკადემიის მისაღებ გამოცდებზე. 2007 წელს ერთ ადგილზე 40 ადამიანი აბარებდა. 400 კონკურსანტიდან 10 რჩეულს შორის აღმოჩნდა. აკადემიის დასრულებამდე, 2009 წლის აპრილში მიიღო შეთავაზება კარმენის როლზე, რომლის პრემიერაც ზემოთ უკვე ვახსენე.

ლა სკალაში წარმატებულ დებიუტს ჩრდილოეთ ამერიკაში გასტროლები მოჰყვა. ანიტას კარმენმა ოვაციებით მოიარა ჯერ ტორონტოს, შემდეგ ბერლინის, ვერონის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის, მიუნხენის, სიეტლის, სან ფრანცისკოს და კიდევ უამრავი სხვა ქალაქის სცენა. კარმენის გარდა იმღერა დულცინეას პარტია დონ კიხოტში, რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლეში“, დროის მოკლე ინტერვალში ჰქონდა რამდენიმე ათეული საკონცერტო გამოსვლა.

„ეი-ბი-სის“ მუსიკალური მიმომხილველი, საიმონ ჰელი ანიტას შესახებ წერდა, რომ 28 წლის დრამატული სოპრანო ძალიან მალე გახდა ჩვენი დროის კარმენის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი. „პირველი აქტის მეორე ნახევრამდე სპექტაკლი მოდების ჩვენებას უფრო ჰგავდა, სანამ ქალბატონი რაჭველიშვილის ძლიერმა ხმამ და დაუმორჩილებელმა სცენურმა სახემ იქ ცეცხლი არ გააჩაღა… ნებისმიერი კარგი კარმენი დომინანტურია სცენაზეო, ამბობს ანიტა რაჭველიშვილი, ქართველი  მეცო სოპრანო, რომელმაც სახელი 2009 წელს ლა სკალაში სწორედ კარმენით გაითქვა… გაღვივებული, მიწიერი სექსუალურობით ის აბსოლუტურად იდეალურია ამ როლისთვის. როგორღაც ახერხებს იყოს ერთდროულად ცივი და ანგარიშიანი, მაშინ როცა ძირითადად  მოუთვინიერებელია და ზოგჯერ სრულიად დაუოკებელიც“ – წერდა მეტროპოლიტენის ქართველ კარმენზე „ნიუ იორკ თაიმსი“.

ანიტას ამნერისმაც ოპერის კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „დეტროიტ ნიუზში“ ვკითხულობთ: „ანიტა რაჭველიშვილი სრულად იპყრობს ამნერისის როლს და ხელიდან არ უშვებს მას. მისი მეცო ბარხატივითაა: ბნელიც, მდიდარიც, მაგრამ ამავე დროს მაღალი ნოტებით მოკაშკაშე“. მარკ სტრაიკერი „დეტროიტ ფრი პრესიდან“ ანიტას ხმის განუმეორებელ ქარიზმაზე საუბრობს, რომელიც სპექტაკლს ბოლომდე ერთნაირი სიძლიერით მიჰყვება.

დეტროიტის წარმატებული გასტროლები დასრულდა. ანიტა იმითაც ძალიან ბედნიერია, რომ თვეზე მეტი მეუღლესთან ერთად იმუშავა და მასთან დიდი ხნით განშორება ამჯერად აღარ მოუწია. იტალიელი ტენორი, რიკარდო მასი „აიდაში“ რადამესის პარტიას ასრულებდა. ანიტა შეერთებული შტატებიდან პუერტო რიკოში მიემგზავრება. 8 ივნისს სან ხუანში ვერდის და ვაგნერის გალაზე ცნობილ ამერიკელ სოპრანო, დებორა ვოიტთან ერთად იმღერებს.

სამომავლო გეგმებზე საუბრის ბოლოს ანიტას მხიარულ და კეთილგანწყობილ ხმაში წყენის და ბრაზის ნოტები ჩნდება. ძალიან დარდობს იმას, რომ საქართველოში მუსიკალური სკოლები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. არ იცის ზუსტად, მოახერხებს თუ არა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას. გეგმაში სხვადასხვა რეგიონებში მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად საქველმოქმედო კონცერტების ჩატარება აქვს, რათა მუსიკალური სკოლებისთვის თანხებს მოუყაროს თავი. „სკოლები რამენაირად ისევ უნდა გაიხსნას, რომ ბავშვები მუსიკის სწავლას ისევ შეუდგნენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია და იმედი მაქვს, გამომივა ეს პროექტი. ძალიან მჭირდება კულტურის სამინისტროს დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს არანაირი პასუხი და ველი. ველი იმიტომ, რომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის, რომ მომავალი თაობები განვითარდნენ კულტურულად და ბავშვები მუსიკას არ მოშორდნენ არავითარ შემთხვევაში“.

 

მოისმინეთ ანიტა რაჭველიშვილთან ინტერვიუს აუდიოჩანაწერი

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.