ვინ აჩუქა მანჰეტენს ნამდვილი ქართული სული?

Posted October 3rd, 2013 at 4:53 pm (UTC+0)
8 comments

პლასტიკური ქირურგიიდან ნიუ იორკის რესტორნის შეფ-მზარეულობამდე გავლილი გზა – დღეს მე გაგაცნობთ მაია დვალაძეს, ქირურგს, რომელმაც „ნიუ იორკ თაიმსის“ თქმის არ იყოს, „დანის ხმარებას მიმართულება შეუცვალა და მანჰეტენს აჩუქა ნამდვილი ქართული სული, ტოლერანტული, მაგრამ ხანდახან აურზაურით სავსე“.

კვირის ბოლოს „ოდა-ჰაუსში“ თითქმის ყველა მაგიდა დაჯავშნულია და დაურეკავად თუ მიხვალთ, შეიძლება ბართანაც ვერ მოხვდეთ. მანჰეტენის ერთ-ერთი პირველი ქართული რესტორანი სულ რამდენიმე თვის წინ, აღდგომაზე გაიხსნა. „ოდა-ჰაუსის“ სტუმრები (და სხვათა შორის, ისინი ძირითადად ამერიკელები არიან) მის პოპულარობას შეფ-მზარეულ, მაია დვალაძის დამსახურებად თვლიან. მაია სპეციალობით ექიმია და თბილისში 17 წლის მანძილზე პლასტიკურ ქირურგად მუშაობდა.

მაიასთვის სამზარეულო ნებისმიერ ასაკში ერთგვარი თავშესაფარი იყო. „ყოფილა შემთხვევები, 12 საათი ოპერაციაზე ვმდგარვარ, სახლში გასავათებული მივსულვარ და მაინც სადილის კეთება დამიწყია და სტუმრებიც მომიწვევია“, ყვება ის. შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ, გადაწყვიტა, ექიმის სერტიფიცირების და საბუთების შემოწმების ხანგრძლივ პერიოდს აღარ დალოდებოდა და თბილისური ჰობი ამერიკაში შემოსავლის წყაროდ ექცია. ოჯახის წინააღმდეგობის და დედის ცრემლნარევი რჩევის მიუხედავად, არ დაენებებინა თავი ქირურგიისთვის, ნიუ იორკის კულინარული სკოლა „სთარ ქარიერ აქადემი“ (Star Career Academy) დაამთავრა და მუშაობა მანჰეტენზე რუსულ რესტორან „მარივანაში“ დაიწყო. კვირაში სამჯერ ქართული კერძების პრეზენტაციებს აწყობდა. შემდეგ მეგობარს ბრუკლინში საცხობის გახსნაში დაეხმარა და როცა დარწმუნდა, რომ ამერიკელებს მისი დამზადებული კერძები და ნამცხვრები მოსწონთ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: მანჰეტენში ფართი თვითონ იქირავა და ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

მაია დვალაძე

„ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე მყავდა.  ბევრი იცინოდა. ქილიკობდნენ, ვინ მოვა შენთან, ქართული სამზარეულო არ იციან. ხალხი მიჩვეულია პიცას, ტაილანდურ, ჩინურ სამზარეულოს. და ამ დროს შენ რაღაც ქართულ ჩაქაფულს და აჭარულ ხაჭაპურს სთავაზობ. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ როცა ამხელა ბიზნესსს იწყებ, ჯიბეში უნდა გქონდეს 150 ათასი დოლარი მინიმუმ, რომ გათვლილი გქონდეს იმ შემთხვევაზე, თუ 6 თვის განმავლობაში რესტორანი ვერ იმუშავებს“ – ამბობს მაია.

იმის მიუხედავად, რომ პირველ ორშაბათს სულ 25 დოლარის ივაჭრეს, წარმატებაში ეჭვი ერთი წამითაც არ შეპარვია. დარწმუნებული იყო, რომ ჩანაფიქრს განახორციელებდა და ძალიან მალე ქართულ კერძებს მანჰეტენში პოპულარულს გახდიდა. მართლაც, პირველივე თვის ბოლოს რესტორანმა საკუთარი თავის შენახვა დაიწყო.

მაიას სჯერა, რომ „როცა ძალიან გინდა რაღაც, მთელი მსოფლიო მობილიზდება შენს გარშემო, რომ ეს ყველაფერი აგისრულდეს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ყველა და ყველაფერი იყო ჩემს გარშემო იმისთვის, რომ მე ეს გამეხსნა“.

რესტორნის წარმატებაში თავიდან ძალიან დიდი როლი ითამაშა სოციალურმა ქსელებმა. მაიას თქმით, ყველა ფოტოებს უღებდა „ოდა-ჰაუსის“ კერძებს და ეუბნებოდნენ, რომ „ფეისბუქზე“ და „თვითერზე“ დადება უნდოდათ. შემდეგ კი უკვე ტრადიციულმა მედიამ, გაზეთებმა, ჟურნალებმა და ტელეარხებმაც შეიტანეს დიდი წვლილი მაიას მთავარ მიღწევაში: მანჰეტენზე ქართული კერძების პოპულარიზებაში.

„ნიუ  იორკ მაგაზინმა“ მოგვიყვანა „ენ-ბი-სი“ ტელევიზია. დაგვპატიჟეს „ნიუ იორკ – 1“ ტელეარხზე, „ჩანელ ფოქს 5-ზე“ ვიყავით, სადაც დილის 8 საათზე ჩვენი ხაჭაპურები აჩვენეს. მერე „უოლ-სტრიტ-ჯორნალმა“, და ბოლოს „ნიუ იორკ თაიმსმაც“. გეფიცები, რომ დარეკა „ნიუ იორკ თაიმსმა“, იცი როგორ ვიყავი? იეს! აი, ბებერი ნიუ იორკ თაიმსიც დავაჩოქეთ“ – ყვება მაია.

ოდა-ჰაუსი

სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა მომხდარიყო. თანამშრომლების თქმით, მაია, რომელიც დღეს „ოდა-ჰაუსის“ თანამფლობელი და შეფ-მზარეულია,  დილაუთენიიდან შუაღამემდე მუშაობს. ამერიკელებში ყველაზე მეტი პოპულარობით, თურმე მაიას აჭარული ხაჭაპური, ჩაქაფული და ხინკალი სარგებლობს.

- საქართველოთი დიდი ხანია მოხიბლული ვარ. საქმიანი ურთიერთობები მქონდა თბილისელებთან, თუმცა იქ არასოდეს ვყოფილვარ. ქართული რესტორნის გახსნის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსში“ წავიკითხე და გადავწყვიტე მოვსულიყავი“ – ამბობს ხანში შესული მამაკაცი. მას სხვებიც ეთანხმებიან:

- „ძალიან კარგია, მართლა კარგი“.

- „ყველაფერი კარგია, არასოდეს გამისინჯია მსგავსი არაფერი, აღფრთოვანებული ვარ“!

- „ნიუ იორკ თაიმსში“ წავიკითხე თავიდან, შემდეგ პატარა მოკვლევა გავაკეთე ინტერნეტში სხვა გვერდებზეც. დღეს აქ პირველად ვარ“.

იმხელა ენერგიას მაძლევენ, ამერიკელები რომ შემაქებენო, ამბობს მაია, რომ 24 საათი შემიძლია ფეხზე ვიდგე და ვიმუშავო. ამიტომ მედიცინაში დაბრუნებას აღარც ფიქრობს. ფუსფუსებს თავის პატარა რესტორანში, სტუმრებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ღვინოს და ქართულ კერძებს სთავაზობს და უბედნიერესია იმით, რომ ყველაფერთან ერთად, ქართულ საქმესაც აკეთებს.

 

 

8 Responses to “ვინ აჩუქა მანჰეტენს ნამდვილი ქართული სული?”

  1. Tamari says:

    Kochag Maia,es namdvilad kartuli sakmea New Yorkshi. Tsarmatebas gisurvebt !!!

    • keti says:

      bravo, maias da kvela im adamians, vinc am, martlac qartul saqmes udzgveba. gaixaret! cinsvla da carmatebebi! siamovnebit vestumrebi, tqvens(chvens) restorans. :) (y)

  2. Lali Khatiashvili says:

    Maikooo magaria,dalian gamixarda,warmatebebiii

  3. TAMARA BAKRADZE says:

    COOL!!!!VERY GOOD ARTICLE!!!!!

  4. dali says:

    gamarjobat dzalia gamixarda kartvelebis carmateba . sad romel kuchazea miasamarti moadlobtmceret da aucileblad ramodenime yatveli gestumrebit. m

  5. tamar karanadze says:

    gilotsavt da didi madloba! tsarmatebebi :)

  6. უცნობი says:

    მაგარი ქალი ხარ მაია! წარმატებები…

  7. Giorgio says:

    Paulo Coelho – s ro mopara naglad quote araushavs???? „როცა ძალიან გინდა რაღაც, მთელი მსოფლიო მობილიზდება შენს გარშემო, რომ ეს ყველაფერი აგისრულდეს.” Alchemist – shia es quote. :)

    Magram mainc mixaria tarmateba!!! gvegirsa nomaluri restorani new yorkshi.

Leave a Reply

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.