წყალი, სიყვარული და შერიგება პაატა ციქურიშვილის „ქარიშხალში“

Posted March 22nd, 2013 at 5:31 pm (UTC+0)
Leave a comment

ოთხშაბათს „ვაშინგტონ პოსტის“ ვებ-გვერდი ამაყად გავუხსენი შვილებს, რომ მეჩვენებინა, სინეტიკის თეატრში მარტო იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ქართველი რეჟისორის,  ქორეოგრაფის და კომპოზიტორის  დადგმულია და რამდენიმე ქართველი მსახიობი თამაშობს, არამედ იმიტომ, რომ დღეს ვაშინგტონში ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია. მართლაც, „ვაშინგტონ პოსტის“ მთავარი გვერდიდან თეატრების ბმულს რომ გახსნიდი, პირველი გაჩვენებდა პაატა ციქურიშვილის მე-9 უტექსტო  შექსპირის წარმოდგენას – The Tempest, „ქარიშხალი“. ბარემ ერთსაც გეტყვით: ჩემი შვილები, ეკო და ჯაბა პენსილვანიის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტებში სწავლობენ და იქვე მუშაობენ. ჩემთან, ვაშინგტონში ერთდროულად ჩამოსვლას იშვიათად ახერხებენ და თუ შეძლეს, ყველაზე უფრო თეატრში უნდათ ხოლმე ერთად წასვლა. ვაშინგტონი ნიუ იორკის შემდეგ ამერიკაში ყველაზე თეატრალური ქალაქია. 2012 წლის მონაცემებით დედაქალაქში 84 პროფესიონალი თეატრი ფუნქციონირებს. ჩემებს კი თეატრის სიყვარული თბილისიდან გამოყვათ და სულ მისტირიან რუსთაველის თეატრის სპექტაკლს „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“, რომელიც ერთ-ერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებად და მონატრებად დარჩა მათთვის. მეორე ნომრად მათი ბავშვობის რეიტინგებში თეატრალური სარდაფის „სამგროშიანი ოპერაა“.

დავუბრუნდეთ ვაშინგტონს. ბილეთებზე თადარიგი ადრიანად არ დაგვიჭერია. ჩავთვალეთ,  რომ რაკი ოთხშაბათია, შუა კვირაში ბილეთი პრობლემა არ იქნებოდა და შესვლის წინ ავიღებდით. სალაროს რომ მივუახლოვდით, ავნერვიულდით, რიგში სულ ცოტა 40-50 კაცი იდგა. ძლივს მოვახერხეთ შესვლა. როგორც მოგვიანებით გავიგე, მთელი ჩვენების მანძილზე შაბათ-კვირის ბილეთები წინასწარ გაყიდული იყო. სრული ანშლაგი ვაშინგტონის თეატრებში იშვიათი მოვლენაა.  გთხოვთ დამიჯეროთ,  ოდნავადაც არ ვაჭარბებ!

არ ვიცი, რამდენად გახსოვთ – შექსპირის „ქარიშხლის“ მოქმედება უმეტესად კუნძულზე ვითარდება. ამიტომაც არავის გაკვირვებია, როცა პაატას არჩევანი სპექტაკლში წყლის გამოყენებაზე შეჩერდა. სცენა მთელი წარმოდგენის მანძილზე წყლითაა დაფარული და პირველ რამდენიმე რიგში მაყურებლებს საწვიმრებსაც კი ურიგებენ. მსახიობთა მოძრაობა წყალში აბსოლუტურად განსხვავებულია. აშკარაა, რომ დამდგმელ ქორეოგრაფებს ირინა ციქურიშვილს და ბენ კუნისს „ქარიშხლისთვის” ფიზიკის შესწავლაც უფრო გულდასმით მოუწიათ.

რაკი პაატას რამდენიმე ნამუშევარი მაქვს ნანახი, ვხვდები, რომ წყალს აუცილებლად სხვა დატვირთვაც ექნება. ის მხოლოდ განწყობის შესაქმნელად არ იქნება სპექტაკლში შემოყვანილი. პროსპეროს მიერ სტიქიის კონტროლის მისტიური უნარის ხაზგასმაც ძალიან მარტივი ალეგორია იქნებოდა. იქნებ წარსულის ანარეკლია, რომელიც მუდმივად თან დაგყვება? რეჟისორისთვის შეიძლება უტექსტო სპექტაკლში რისხვის, სიყვარულის, სიხარულის თუ შენდობის დრამატიზების უძლიერესი ხერხიც იყოს. ან კიდევ დროის დინების, წარმავლობის დატვირთვა ქონდეს. პროსპერო ხომ დიდი ხნის წინ წლობით სკურპულოზურად დაგეგმილ  შურისძიებას, ბოლოს მაინც პატიებას და შერიგებას არჩევს. თითქოს მისი ხანგრძლივი წყენის და რისხვის ბოლო კვალიც კი გადაირეცხება უკაცრიელი კუნძულის ნაპირიდან. ფაქტია, რომ სპექტაკლში წყალი არამარტო მოქმედი გმირების და მაყურებლის ემოციას აძლიერებს, არამედ თავად არის ერთ-ერთი ძლიერი პერსონაჟი, რომელიც ყველას აიძულებს ანგარიში გაუწიოს, სპექტაკლში მონაწილე ადამიანებით დაწყებული, მაყურებლით დამთავრებული. ხანდახან ისიც მეჩვენება, რომ წყალი მე-17 საუკუნეში შეთხზულ სცენურ ხასიათებს და 21-ე საუკუნის ამერიკელ მაყურებლს შორის შექმნილი ხან წყალგამყოფი და ხან კიდევ ერთმანეთთან დამაკავშირებელი გამჭვირვალე, მყიფე ხიდიც არის.

როგორც კი ეს გავიფიქრე, მაშინათვე რატომღაც მტკვარზე გადებული შუშის ხიდი მომაგონდა. ღამით ქარში ნასროლ ბრჭყვიალა მანდილს რომ გავს, რომელიც თან არიგებს და აკავშირებს ორ ნაპირს და თან თითქოს აცილებს მათ ერთმანეთისგან. 11 წელი ხდება, რაც ამერიკაში ვცხოვრობ და მაინც, საკმაოდ მიჭირს ყველა ემოცია ისევ საქართველოს არ დავუკავშირო. მითუმეტეს, რომ კარგად ვიცი, პაატასთვის ყველაფერი ქართული სხეულის და სულის განუყოფელი ნაწილია. სპექტაკლის შემდეგ გასასვლელში  ქართველი ჯარისკაცები შეგვხვდნენ, ავღანეთის ომის ვეტერანები, რომლებიც მკურნალობის კურსს ვოლტერ რიდის ჰოსპიტალში ასრულებენ.  პაატას დაუპატიჟებია.

რახან ბლოგი „ვაშინგტონ პოსტით“ დავიწყე, ბარემ იმით დავასრულებ, თუ რას წერს და ამბობს შეერთებული შტატების დედაქალაქის მედია პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ 12 წლის წინ დაარსებული სინეტიკის თეატრის ბოლო წარმოდეგენაზე. „პაატას უნიკალური ნიჭი აქვს სიახლის ძიების და მიგნების, რათა ჯადოსნური და მომაჯადოვებელი სამყარო დამაჯერებლად გადმოგვცეს“ – წერს „ვაშინგტონ პოსტი“. ადგილობრივმა ტელეარხმა WETA წარმოდგენას მთელი სეგმენტი  მიუძღვნა, რომელშიც თეატრალური მიმომხილველები ამბობენ, რომ რამდენიმე წელია ვაშინგტონს ასეთი მაღალი დონის სპექტაკლი არ უნახავს. გამოცემა „დისის თეატრის სცენები“ კი ამბობს, რომ სინეტიკის თეატრმა შექსპირის „ქარიშხლის“ ლამის „კინემატოგრაფიული ბლოკბასტერი“ წარმოადგინა. ირინა კავსაძე ველურ ბუნებაში გაზრდილ მირანდას თამაშობს და „ექსპრესიული სხეულით გადმოგვცემს ხასიათის იმ თავისუფლებას და ძლიერებას“, რომელიც არ არის  სამეფო სასახლის ცხოვრების წესით შეზღუდული. „ირაკლი კავსაძე დასში ყველაზე მოწიფული და გამოცდილია. ის ისევე განსაცვიფრებელ პროსპეროს შექმნიდა, როგორიც მისი მეფე ლირი იყო, თუმცა ამჯერად სტეფანოს, საყვარელი ჯამბაზის როლს ასრულებს… ირაკლი კავსაძე ისეთი მაღალი დონის კომიკოსი აღმოჩნდა, რომ ემილი უიტვორსთან ერთად, თითქმის წაართვა კიდეც ყველას მთელი შოუ“. გამოცემის თეატრალური მიმომხილველი ნებისმიერ დამწყებ სტუდენტს ურჩევს კარგად ისწავლოს ამ ორი მსახიობისგან, თუ რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს ერთი ბოთლით, ან უბრალო ქოლგით ხელში. „ვაშინგტონ ეგზამინერი“ სინეტიკის „ქარიშხალს“  სუნთქვისშემკვრელ სპექტაკლს უწოდებს: „როგორც ყოველთვის, პაატა ციქურიშვილმა გააშიშვლა შექსპირი, მოაცილა პიესას ყოველივე ზედაპირული და დატოვა ეპიცენტრში ყველაზე მთავარი –  სიყვარული და შერიგება“.

 

სინეტიკის “ქარიშხლის” ტრეილერი:

მასალაში გამოყენებულია ჯონი შრიოკის ფოტოები.

 

“ზამთარი იყო, მაგრამ სიცივე არ გვიგრძვნია” – ქართველი კინორეჟისორის გამარჯვება სანდენსზე

Posted January 30th, 2013 at 8:47 pm (UTC+0)
1 comment

– ხომ ვერ დაასახელებდით ფილმს, რომლის გამოტოვებაც არაფრით შეიძლება? ჰკითხეს სანდენსის საერთაშორისო ფესტივალზე 2013 წლის ფესტივალის მთავარ დამპროგრამებელს, კაროლინ ლიბრესკოს.

„უპატიებელი შეცდომა იქნებოდა არ მერჩია წარმოშობით ქართველი დამწყები რეჟისორის მეტად პოეტური, ვიზუალურად დახვეწილი და სრულიად ხალასი დოკუმენტური ფილმის ნახვა, რომელსაც ჰქვია „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ – განაცხადა მან.

თინათინ გურჩიანის ფილმით მხოლოდ კაროლინ ლიბრესკო არ მოხიბლულა. სანდენსის გამორჩეულად კრიტიკულმა ჟიურიმ ის გამარჯვებულებს შორის დაასახელა. სულ რამდენიმე დღის წინ ქართველმა ახალბედა რეჟისორმა სადებიუტო ფილმში საუკეთესო რეჟისორის პრიზი მოიპოვა, კატეგორიაში – საერთაშორისო დოკუმენტური ფილმი.

საქართველოში გადაღებების ორგანიზებას 4 ადამიანი მინიმალური სახსრებით,  სულ 20 დღის მანძილზე აწარმოებდა. შემდეგ, ქართულ-გერმანული ფილმის პოტენციალი ძალიან მალე, ე.წ. შავი მონტაჟის პერიოდში შენიშნეს. ოქტომბრის ბოლოდან კი წარმატებული საფესტივალო კარიერა  დაიწყო. თინათინი სცენარის ავტორიც იყო და რეჟისორიც. მისი ნამუშევრით მონტაჟის პერიოდიდანვე დაინტერესდა განვითარების პროგრამების ახალი ინიციატივა, რომელიც დოკ-ინკუბატორის სახელით არის ცნობილი. ორგანიზაცია შემოქმედებით ჯგუფებს საერთაშორისო პოტენციალის ოპტიმიზირებაში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. დოკ-ინკუბატორი ავტორებს არამარტო საჭირო კონტაქტებით, არამედ ფილმის დასრულების პროცესშიც დაეხმარა.

მოგვიანებით ფილმი ამსტერდამის და ლაიფციგის კინოფესტივალებზე გაიგზავნა. ეს ორი ფესტივალი, თინას თქმით, ევროპაში დოკუმენტური ფილმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“, ორივე ფესტივალის კონკურსში მოხვდა და ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) 10 ათასამდე ფილმიდან 3 საუკეთესოს  შორის იყო ნომინირებული. სწორედ აქედან დაიწყო მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარ ფესტივალზე მიწვევა, მათ შორის შეერთებულ შტატებში გამართულ სანდენსის კინოფესტივალზეც.

თინათინ გურჩიანი
ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

რეჟისორობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ზუსტად იცოდა, რომ ეს მისი სამომავლო პროფესია იყო. თუმცა, სკოლა რომ დაამთავრა, 17 წლის ასაკში თინა იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ჯერ ფილმის გადაღებისთვის მზად არ იყო. ამიტომ პროფესიისთვის სერიოზული მზადება გადაწყვიტა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ერთხანს ფსიქოლოგადაც იმუშავა. ამასობაში საფუძვლიანად შეისწავლა ფოტოგრაფია, ფერწერა, ქორეოგრაფია, – ყველაფერი ის, რაც მისი აზრით კინორეჟისორობაში დაეხმარებოდა. შემდეგ სწავლობდა ისევ ფსიქოლოგიას გერმანიაში და ავსტრიაში. განათლება გერმანიაში კონრად ვულფის ფილმის და ტელევიზიის უნივერსიტეტში დაასრულა. ბავშვობაში დასახულ მიზანს ზუსტად 40 წლის ასაკში მიაღწია. თინას პირველივე ფილმმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სანდენსის კინოფესტივალზე პრესტიჟული პრიზი მოიპოვა.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ არის მიწვევები უამრავ კინოფესტივალზე, მათ შორის გოტებურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც თინა ამჟამად იმყოფება, ნიუ იორკში ფორთნაითის ფესტივალზე, თესალონიკის, პრაღის, ჰონკონგის და კიდევ ბევრ სხვა კინოფესტივალზე. კომპანია იკარუს-ფილმთან დადებული 10-წლიანი კონტრაქტი არამარტო ფილმის საფესტივალო კარიერას, საგანმანათლებლო ჩვენებებს და კომპაქტური დისკების დაბეჭდვას და გაყიდვას უზრუნველყოფს, არამედ ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში მის გაშვებასაც გეგმავს. თინას დიდი სურვილია  გაზაფხულზე თბილისში მასშტაბური პრემიერაც მოაწყოს, რადგან მისი ნამუშევრისადმი ინტერესი ქართველ მაყურებელში ახლა განსაკუთრებით გაიზარდა. მითუმეტეს, რომ ფილმის გმირებიც ქართველები არიან და ისინი საკუთარი ცხოვრების შესახებ გულახდილად მოგვითხრობენ. ფილმი ქართულ ენაზეა გადაღებული.

„ვფიქრობ, ხალხს ისევე შეუყვარდება ეს ფილმი, როგორც – ჩვენ. ზამთარი იყო, მაგრამ ჩვენ სიცივე არ გვიგრძვნია… ერთი სული გვაქვს, სანამ ამერიკულ აუდიტორიას ამ სითბოს გავუზიარებთ“ – თქვა ფილმის შესახებ იკარუს-ფილმის პრეზიდენტმა ჯონათან მილერმა.

ინტერვიუ თინა გურჩიანთან

P.S.

აქვე მინდა ჩემს ნიუ იორკელ მეგობრებს და იქვე მცხოვრებ ქართველებს ვაუწყო, რომ შეერთებულ შტატებში მორიგი საფესტივალო ჩვენება გაიმართება 23 და 25 თებერვალს „მომაში“, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. დასწრების მსურველები დაწვრილებით ინფორმაციას მუზეიმის ვებგვერდზე ნახავთ.

რაც შეეხება დანარჩენ სამომავლო ჩვენებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, უახლესი ინფორმაციის მოსაპოვებლად ეწვიეთ ფეისბუქზე ფილმის ოფიციალურ გვერდს: http://www.facebook.com/TheMachieWhichMakesEverythingDisappear

 

უჩვეულო გასტროლები ვაშინგტონში

Posted January 18th, 2013 at 1:05 am (UTC+0)
2 comments

 

– Your ID Please / საბუთი, გეთაყვა

– Visiting Patient’s Name / პაციენტის სახელი

– Colonel Tugushi / პოლკოვნიკი ტუღუში

ნატო გელაშვილის და ლაშა ღლონტისთვის შეერთებულ შტატებში  მოგზაურობა ტრადიციულად არა ნიუ იორკული რესტორნების და საკონცერტო დარბაზების ოვაციებით, არამედ სამხედრო ჰოსპიტლის შესასვლელში საბუთების შემოწმებით დაიწყო. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ტაში, სიცილი, სითბო და დიდი სიხარულიც – სრულიად დაუვიწყარი მოგონება მათთვის და იმ მომცრო, უჩვეულო აუდიტორიისთვისაც.

ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი და მათი ოჯახის წევრები მომღერლებს ერთი თვის განმავლობაში სულმოუთქმელად ელოდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველმა გასტროლიორებმა ბრუკლინის და მანჰეტენის გზიდან გადაუხვიეს და ვაშინგტონისკენ გამოემართნენ. კონცერტსაც ვერ დაარქმევდი – შინაურული,  მოგონებებით და ემოციებით გამთბარი  საღამო გამოვიდა, რომელსაც დროდადრო ლაშას ტკბილი და მგრძნობიარე  ხმა,  ნატოს გულწრფელი და ემოციური ლექსები და თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვების ჟრიამულიც  ავსებდა. ოთახში ცხელი შოთის და გუდის ყველის სუნი იდგა. რა თქმა უნდა სადღეგრძელოებსაც ვერ გადავურჩით, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, გმირობის, სიმღერის, სიკეთის… მოკლედ, ნატომ და ლაშამ ისე მოახერხეს, რომ თვეობით სამშობლოდან გადახვეწილ მეომრებს ნიუ იორკელი მასპინძლების შემწეობით ერთი დღით კოხტა და ლამაზი საქართველო ჰოსპიტლის მცირე ზომის მისაღებშიც კი მოუწყვეს.

*   *   *

ყველა პრობლემა, ტკივილი, საზრუნავი და საფიქრალი იმწამსვე შეუსაბამო ხდება, როგორც კი ამ რეალობაში შეაბიჯებ და ამ ბიჭების ძლიერ, მხნე და ნაადრევი სიბრძნით დაღლილ თვალებში ჩაიხედავ. თავიდან თვალის გასწორებაც კი გიჭირს. შემდეგ ხვდები, რომ ვეღარასოდეს დაივიწყებ მათ სახეებს და გინდა მაქსიმალურად ხშირად მიხვიდე და ელემენტარული, მარტივზე მარტივი ყურადღებით მაინც მოეფერო. აბსოლუტურად სულერთი ხდება, რატომ და როგორ, რა მიზნებით და რა სიტუაციაში მოაწერეს მათ ხელი ავღანეთში გამგზავრების კონტრაქტს. მითუმეტეს, არც იმას აქვს მნიშვნელობა, სტუმრად მოსულს, ვის რა შეხედულება აქვს საერთაშორისო კოალიციაში საქართველოს არმიის მონაწილეობაზე. ამ იდეებს და აზრებს ფეხის გაწმენდისას კარებთან ტოვებ.

აქ ერთადერთი სიმართლეა მხოლოდ:

დღეს ისინი გმირები არიან. ჩვენი დროის, თანამედროვე, ცოცხალი გმირები, ყოველგვარი გადაჭარბების და უადგილო პათეტიკის გარეშე. საქართველო, თითოეული ადამიანი პოლიტიკური შეხედულებების და მრწამსის მიუხედავად, თუკი ის თავს ქართველად მიიჩნევს, მათ წინაშე ისეთ ვალშია, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს გადაიხდის. ამაზე ერთმანეთში ხშირად გვისაუბრია. ეს მხოლოდ ჩემი ემოცია არ არის. ჩამოდით, მოინახულეთ, გაიცანით ბიჭები და მერე მითხარით, რომ ეს ასე არ არის.

*   *   *

დიდი მადლობა ნატო გელაშვილს და ლაშა ღლონტს, ნიუ იორკელ ორგანიზატორებს – დათო ალფენიძეს და გელა საჩალელს. უღრმესი მადლობა 94 წლის  პეტრე ხვედელიძეს, რომელმაც ვაშინგტონლებს ვეტერანი ბიჭების მოვლა გვასწავლა და დღემდე გვამეცადინებს. და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და ყველაზე უსაზღვრო მადლობა თვითონ ჩვენს ჯარისკაცებს ეკუთვნის. სახელებს შეგნებულად არ ვწერ. ბევრად მეტნი არიან, ვიდრე აქ, ვაშინგტონში.

*   *   *

 

და ბოლოს,

16 იანვრის იმ თბილ და ემოციურ საღამოს ნატოს ხმამაღლა წაკითხული ერთი ლექსი მოუხდა ძალიან, რომელიც თურმე ერთხელ თავის შვილებს დაუწერა:

ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,
ნურასოდეს მოატყუებთ ალალ-მართალ კაცს
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,
სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,
ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც
არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ, არც.

ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,
ნურასოდეს გაიკვირვებთ, თუ ეკლიან გზად
არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.

ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,
უნდა შეძლოთ, სიყვარული მიმოფანტოთ გზად,
ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად,
სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გყავთ.

მადლიერების დღეს გილოცავთ

Posted November 21st, 2012 at 10:00 pm (UTC+0)
Leave a comment

მადლობელი ვარ და რაც არ უნდა გაცვეთილი მოგეჩვენოთ ჩემი სათქმელი, მაინც უნდა ვთქვა:

მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, პედაგოგებს, უბრალო ნაცნობებს და უცნობებს, ყველა იმ კეთილ და ლამაზ ადამიანს, ვინც ჩემს ცხოვრებაზე დიდი, ან მცირე გავლენა იქონია. პირველ რიგში დედას და მამას, მერე ყველა სხვა დანარჩენს. არ მინდა რეიტინგივით გამომივიდეს, ამიტომ კონკრეტულად მეტს აღარავის დავასახელებ. თან ლიტერატორებს, ფერმწერებს, მუსიკოსებს, კინოს და თეატრის მოღვაწეებს, მეცნიერებს და ასე შემდეგ რომ გავუყვე, მთელი დღე არ მეყოფა საწერად. ერთი კია, ადრე ეს უმეტესად უფროსი თაობის ადამიანები იყვნენ, მერე მათ თანდათან თანატოლები შეემატნენ და ახლა ჩემი შვილები და მათი თაობაც არის. რა ბედნიერებაა!

ადამიანი ინსტრუმენტს გავსო, ვიღაცას უთქვამს. და იმის მიხედვით, თუ ვინ შეეხება, შესაბამის ხმას გამოსცემსო. სიმართლეს გავს. დიდი დოზით, ალბათ ასეა.

ამიტომ დიდი მადლობა რომ მყავხართ, ან მყავდით ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. მადლიერი ვარ, რომ კეთილი, ლამაზი, ნიჭიერი, საინტერესო, ჭკვიანი, ერთგული, სათნო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ბევრად მეტი იყავით და ხართ ჩემს გარშემო, ვიდრე საპირისპირო თვისებების მქონე. იმათი მადლიერი ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ჭკუაც ვერ ვისწავლე. მაინც ისე გამომდის, რომ ჯერ ვენდობი ადამიანებს და მერე ზოგჯერ გაწბილებული ვრჩები. არა უშავს, ნუ ვიქნები ბრძენი და ყოვლისმცოდნე, გადავიტან. თან ძალიან ცოტანი არიან, კარგად იყვნენ.

ის, რაც გამოცდილებამ მართლა მასწავლა, ეს არის: ემიგრაციამ და რამდენიმე ყველაზე ტრაგიკულმა მომენტმა ცხოვრებაში დამარწმუნა, რომ სიყვარული თურმე არსად იკარგება და არ ქრება. არ აქვს მნიშვნელობა, შორს არის ის ადამიანი, თუ ახლოს, არის საერთოდ ცხოვრებაში შენს გვერდით, თუ არა.

სიყვარულის გამოხატვა ხმამაღლა ყოველთვის მიძნელდებოდა. ბევრჯერ ვინანე. იმედია, წერით უფრო გამომდის. მიყვარდით. კიდევ უფრო მიყვარხართ. და მეყვარებით მუდამ.

მადლობა.

გილოცავთ მადლიერების დღეს!

მოდით რა, თუ სხვა დროს ვერ ვახერხებთ, დღეს მაინც ვუთხრათ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობენ და ცხოვრებას გვილამაზებენ, გვივსებენ და რაც მთავარია, გვაკეთილშობილებენ. თუ ჩემსავით ხმამაღლა ამის თქმა გიძნელდებათ, ეს წერილი გაუზიარეთ და ყველაფერს მიხვდებიან.

მრავალ მადლიერების დღეს და მრავალ სამადლობელს გისურვებთ!

 

http://www.youtube.com/watch?v=r4p8qxGbpOk

 

 

ამერიკაში ჩატარებული არჩევნები და საქართველო

Posted November 17th, 2012 at 7:56 pm (UTC+0)
Leave a comment

განახლებული კონგრესი და სენატი მუშაობას 2013 წლის იანვარში შეუდგება. რით გამოირჩეოდა წლევანდელი არჩევნები ამერიკაში? ვის მისცეს ხმა ქართველმა იმიგრანტებმა და როგორი იქნება ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

თუკი პირველ არჩევნებზე შავკანიანი პრეზიდენტის გამარჯვება ვინმემ ამერიკულ ნარცისიზმად და უმცირესობების მიმართ ხარკის მოხდად ჩათვალა, პრეზიდენტ ობამას ხელახალი წარმატება უკვე არა იმდენად ემოციური და ექსტრავაგანტული მუხტით, არამედ უფრო გონივრული ანალიზით და დროისთვის შესაფერისი კრიტერიუმებით მოხდა. შეერთებულ შტატებში სენატის და კონგრესის წევრებსაც მისცეს ხმა. აირჩიეს სხვადასხვა დონის თვითმმართველობის ორგანოს წევრები და შტატიდან შტატში უპასუხეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რეფერენდუმის კითხვებს.

რით გამოირჩეოდა წლევანდელი არჩევნები?

სენატში და კონგრესში უმცირესობათა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ისტორიაში პირველად, იანვრიდან სენატში 100-დან 20 ქალი იქნება. ასევე რეკორდულია აზიური და ლათინურამერიკული წარმომავლობის კანონმდებელთა რიცხვი. გაცილებით მეტი იქნება არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის წარმომადგენელი. ვისკონსინმა პირველად აირჩია ღიად გეი სენატორი ქალბატონი. ერთი სქესის ადამიანებს კიდევ სამ შტატში შეეძლებათ ქორწინება. პირველად ამერიკის ისტორიაში კოლორადო და ვაშინგტონში რეფერენდუმის შედეგად მარიხუანის ლეგალიზება მოხდა. ამასთან, არ არის საუბარი სამედიცინო მარიხუანაზე, რომელიც ბევრ სხვა შტატშია დაშვებული. ის თამბაქო და ალკოჰოლივით გაიყიდება და შესაბამისად მაღალი ბეგარა დაეკისრება.

პოლიტოლოგები და სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ამერიკა შეიცვალა, ნაკლებად კონსერვატიული და მეტად ლიბერალური გახდა. იმდენად, რომ თავად სიტყვა „ამერიკა“ იმას აღარ ნიშნავს, რასაც ადრე. თუმცა, ამ ერთგვარი ლიბერალიზაციის პროცესს ანალიტიკოსების აზრით, ერთი გვერდითი მოვლენა აღმოაჩნდა: პარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა და რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის პოლარიზების ხარისხმაც პირდაპირპროპორციულად იმატა.

რამდენად სწორი შეიძლება იყოს მსგავსი შეფასება?

ქვეყნის ლიბერალიზაციის შესახებ დასკვნას ბოლომდე არ ეთანხმება პროფესორი მამუკა წერეთელი, ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვების რეგიონის კვლევათა ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ეს ტენდენცია ხშირად ტალღობრივ ხასიათს ატარებს. სავსებით შესაძლებელია დროებითი მოვლენა იყოს და ამიტომ, შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა არ ღირს. თანაც, არც იმის თქმა შეიძლება, რომ არჩევნებზე მხოლოდ დემოკრატებმა გაიმარჯვეს.

„რა თქმა უნდა, არჩევნებში გაიმარჯვა პრეზიდენტმა ობამამ და სენატში კვლავ დემოკრატები არიან უმრავლესობაში (სხვათა შორის მათ გაზარდეს თავისი სენატორების რიცხვი). მაგრამ, ამავე დროს რატომღაც მეორე პლანზეა და ნაკლები ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა რესპუბლიკელი გუბერნატორების რაოდენობაც. რაც იმის გამომხატველია, რომ ამერიკული ელექტორატი არ არის ერთ პოზიციაზე. აზრები გაყოფილია თითქმის შუაში და ეს არჩევნები კიდევ ერთი დასტური იყო ამ ელექტორალური ორპოლუსიანი სისტემის“.

რას ფიქრობენ არჩევნების შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი  ამომრჩევლები?

თამარ უელტი რეგისტრირებული დემოკრატია. ის ვაშინგტონში იურიდიულ მდივნად მუშაობს და ბარაკ ობამას წლევანდელ არჩევნებზე ხმა უკვე მეორედ მისცა. პრეზიდენტად როგორ ავირჩევდი ადამიანს, რომელსაც ყავის სმას სარწმუნოება უკრძალავს? ხუმრობს ის. „მიმაჩნია, რომ დემოკრატიული პარტია ბევრად უფრო პროგრესულია ამერიკის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის, ვიდრე რესპუბლიკური“ ამბობს ქალბატონი თამარი და დასძენს:

„ ჩემი აზრით ობამა არის ე.წ. „ამერიკული ოცნების“ განხორციელების მაგალითი, თავისი განათლებით, თავისი დამსახურებით, თავისი მოწოდებით. ობამას გეგმები აბსოლუტურად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს 21-ე  საუკუნეში და ამიტომაც ადვილი იყო არჩევნის გაკეთება მას და მიტ რომნის შორის“ .

 სულხან პეტრიაშვილი, კალიფორნიელი ბანკირი, რეგისტრირებული რესპუბლიკელია და ხმას ყოველთვის რესპუბლიკელთა წარმომადგენელს აძლევს. რატომ? ვეკითხებით მას.

„შეხედულებებიდან გამომდინარე: პატარა მთავრობა, ნაკლები ტაქსები (გადასახადები), ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს ბიზნესს – მაგიტომ“.

იმავე პრინციპებზე საუბრობს ვირჯინიელი ექიმი აკაკი გვახარია და ზემოთ ჩამოთვლილს ამატებს რესპუბლიკელთა მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას, გონივრულ ფინანსურ პოლიტიკას და იმ პრეზიდენტებს, რომელთაც ქვეყანას ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, მისი აზრით, უკეთ უხელმძღვანელეს. კანდიდატების მიმართ მეტ-ნაკლები სიმპათიის მიუხედავად, ის აცხადებს, რომ ყოველთვის რესპუბლიკელებს დაუჭერს მხარს.

რადგან ბატონი აკაკი გამოცდილი ექიმია, მას პრეზიდენტ ობამას მიერ წარმოდგენილი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებაც ვესაუბრეთ, რომელიც ძალაში 2014 წელს შედის. მისი აზრით, პროგრამა განწირულია, რადგან მისი განხორციელების არც რესურსი არსებობს და არც სხვა დანარჩენი წინაპირობა.

სამწუხაროდ, არა მგონია, რომ ამან იმუშაოს. შეუძლებელი იქნება. ძალიან უნდა შეიცვალოს ეს ქვეყნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამ მოდელმა  იმუშაოს. ეს არც არის საყოველთაო ჯანდაცვა. ალბათ, უფრო დიდი წარმატება ექნებოდა, რომ ჰქონოდა პრეზიდენტს იმ რისკის გაწევის უნარი, რომ მართლა ნამდვილი, საყოველთაო ჯანდაცვა გამოეცხადებინა ერთ კონკრეტულ დასავლეთ ევროპულ, გერმანულ, ან ბრიტანულ მოდელზე აგებული. შეიძლება ვერ გასულიყო, მაგრამ რომ გასულიყო, ალბათ უფრო იმუშავებდა, ვიდრე ის გაურკვეველი “მონსტრი”, რომელიც ეხლაა შემოთავაზებული“.

მეცნიერი, პროფესიით ექიმი აკაკი ლეკიაშვილი ჯორჯიის შტატიდან, დამოუკიდებელი ამომრჩეველია და არცერთ პარტიაში არ რეგისტრირდება. თუმცა, მხარი ამ არჩევნებზე პრეზიდენტ ობამას დაუჭირა. ის ამბობს, რომ ძალიან ბევრ ნიუანსშია საჭირო გარკვევა, სანამ თავს რომელიმე პარტიას მიაკუთვნებ: საგარეო და საშინაო პოლიტიკა, პიროვნულ თავისუფლებებთან დამოკიდებულება, ეკონომიკური პოლიტიკა და ასე შემდეგ. ბატონი აკაკის თქმით, ის ამერიკაში 18 წლის წინ ჩამოვიდა და ჯერ არ შეხვედრია ადამიანს, რომელსაც ფუნდამენტურად ესმის ყველა ეს სფერო, აქვს მათზე ჩამოყალიბებული შეხედულება და არჩევნებზე ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პარტიულ პრინციპს იზიარებენ და ეს ხმის მიცემისთვის ხშირად საკმარისი ხდება. მაგალითად? ვეკითხებით მას.

„ბევრ ექიმს ვიცნობ, რომელსაც მიაჩნია, თუნდაც არასწორად, რომ ობამას ჯანდაცვის რეფორმის გამო მას შემოსავალი შეუმცირდება. ხმას რესპუბლიკელებს იმის მიუხედავად აძლევს, რომ მიუღებლად მიაჩნია ყველა სხვა რესპუბლიკური პოზიცია. ასევე ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც ერთ ან მეორე პარტიას ხმას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ საფუძველზე, ან აბორტის, ან ჰომოსექსუალთა  უფლებების საფუძველზე“.

ბატონი აკაკის თქმით, ამომრჩეველს ძალიან ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვს, მაგალითად არ იცის, რომ ობამას დროს იარაღის შენახვის და ტარების კანონი უფრო შესუსტდა და კორპორაციული გადასახადები შემცირდა. თუმცა, იმის შიშით, რომ დემოკრატები საპირისპირო პოლიტიკას გაატარებდნენ, წინა არჩევნებზე და ახლაც ობამას ამ მოსაზრებით ხმა ბევრმა არ მისცა და მხარი რესპუბლიკელ კანდიდატს დაუჭირა.

როგორი იქნება ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ? და იქნებოდა თუ არა ის განსხვავებული მიტ რომნის გამარჯვების შემთხვევაში?

„მე ვფიქრობ, რომ ზოგად პოლიტიკაში, საქართველოს მიმართ მხარდაჭერაში, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით ცვლილებები არ იქნება. და არც რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლებოდა დიდად რამე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ორივე ადმინისტრაცია, დემოკრატიული და რესპუბლიკურიც საქართველოს ტრადიციულად მხარს უჭერს“ – აღნიშნავს პროფესორი მამუკა წერეთელი და დასძენს, რომ არ ეთანხმება საქართველოში გავრცელებულ ერთგვარ სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელები საქართველოს უფრო მტკიცე მხარდამჭერები არიან. ისინი უბრალოდ უფრო აგრესიულები არიან საგარეო პოლიტიკაში და უფრო ანტი-რუსულები, თუნდაც ეს რიტორიკის დონეზე იყოს, ამბობს ის.

ბატონი მამუკას აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ვინ დაიკავებს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პოსტს. კლინტონის განსწავლულობა საქართველოს საკითხებში, ოჯახის პოლიტიკური წონა და გავლენა ამერიკაში საქართველოსთვის დადებით როლს თამაშობდა. კარგია, თუ საქართველოს საკითხების მცოდნე სახელმწიფო მდივანი დაინიშნება. თუ არა, ეს უბრალოდ მეტ დროს წაიღებს, თორემ ზოგადად პოლიტიკა არ შეიცვლება, აღნიშნავს მამუკა წერეთელი.

ჩვენი რესპოდენტების უმეტესობა იგივე აზრს იზიარებს. აკაკი გვახარიას აზრით, იმას, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია შეერთებული შტატების სათავეში, შეიძლება მნიშვნელობა უფრო საგანგებო სიტუაციაში ჰქონდეს, როდესაც გაუთვალისწინებელი კრიტიკული მომენტი დგება. აკაკი ლეკიაშვილი კი იმასაც ამბობს, რომ 2008 წელს შეერთებული შტატების სათავეში დემოკრატები რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი არც მომხდარიყო. ის  2008 წლის აგვისტოს მოვლენებში პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გავლენაზე საუბრობს.

ასეა თუ ისე, ამერიკას ახალი პრეზიდენტი ყავს, ახალი და თან უკვე 4 წლის ნაცნობი. ანალიტიკოსები მისგან დღეს უფრო მკვეთრ და მტკიცე გადაწყვეტილებებს ელიან. მეორე ვადით არჩევის შემდეგ, პრეზიდენტ ობამას უკვე თავისუფლად შეუძლია თავს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების უფლება მისცეს, რათა ქვეყანას, და შესაძლოა მსოფლიოს ახალი ეკონომიკური რეცესიის საფრთხე ააცილოს. ვნახოთ, რა მოხდება. საგარეო პოლიტიკა და საქართველოსთან დამოკიდებულება კი, როგორც უკვე ითქვა, დიდად აღარ შეიცვლება.

ქვიშაში დამარხული კვარტალი და მაინც, რატომ გაუმართლა კეიპ მეის?

Posted October 31st, 2012 at 9:36 pm (UTC+0)
Leave a comment

ფრანკენშტორმი… ტროპიკული გრიგალი სენდი… სუპერშტორმი… რა არ დაარქვეს ციკლონს, რომელსაც ბოლოს ტროპიკული კლასიფიკაციაც კი მოუხსნეს და მეტეოროლოგებმა უბრალოდ გიგანტური შტორმი უწოდეს. ამერიკელებს სტიქიურ, თუ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე სახელების შერქმევა უყვართ. ეს მათ კლასიფიკაციას აადვილებს.

და რაც არ უნდა უწოდონ სენდის, ფაქტია, რომ მას შეერთებული შტატების სულ ცოტა 200 წლის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. მარტო ამერიკის ტერიტორიაზე 10 შტატში მასიური წყალდიდობები, ნგრევა, ხანძრები, მილიონობით ოჯახის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა, ასეულ ათასობით ევაკუირებული ადამიანი, კომენდანტის საათები ქალაქებში და სოფლებში, ათეულობით მილიარდი დოლარის ზარალი…

რეკორდული რადიუსის და მასშტაბის კატასტროფის უამრავ ფოტო და ვიდეო მასალაში, რომელიც ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს გავს და ერთი შეხედვით, სრულიად დაუჯერებელია, ეს ფოტო ავარჩიე, რომელიც ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ კეიპ მეიშია გადაღებული. არ ვიცი რატომ, მაგრამ ემოციურად ამ ხედმა ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ატლანტიკ სითის ქუჩებში მოცურავე ზვიგენებმა (სხვათა შორის, ნამდვილი ამბავია) და დატბორილ მანჰეტენში თუ ოუშენ სითიში ეთმანეთზე მიჯრით მიყრილმა მანქანებმა და გემებმა.

Joe Johnson Photo

კეიპ მეის ფოტოც ნამდვილია, მასზე ვიდეო-სიუჟეტები ტელევიზიითაც გადაიცა, სწორედ ამ ადგილიდან. ფოტოზე ქვიშაში დაფლული გზაჯვარედინის ნიშანი ორი პატარა ქუჩის, ვილმინგტონ ავენიუს და ბიჩ ავენიუს (გზატკეცილი 604) კუთხეს აჩვენებს.  საგზაო ნიშანი, რომელიც დაახლოებით 2.5-დან 3 მეტრამდე უნდა იყოს, თითქმის მთლიანად სილაშია დაფლული. ის სოციალური ქსელებით გავრცელდა და მისი გამოქვეყნების ნებართვაც ფეისბუქის გვერდიდან „ნიუ ჯერსის სასტიკი ამინდი“  მოვიპოვეთ. ფოტო ბაბუამ, ჯო ჯონსონმა თავის შვილიშვილებს სამახსოვროდ გადაუღო. ფეისბუქზე ორიგინალის ქვემოთ, კომენტარების გრაფაში  ამ ადგილიდან გადაცემული სატელევიზიო სიუჟეტიც დევს. იხილეთ: Severe NJ Weather

გზაჯვარედინზე ფოტოს გადაღებამდე ორი დღით ადრე,  დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე,  საცხოვრებელი სახლები და მცირე ბიზნესები მდებარეობდა. როგორც ამბობენ, სეზონზე სანაპირო ქუჩაზე და მის პარალელურ გზებზე მანქანის დასაყენებელი ადგილის მოძებნა თითქმის წარმოუდგენელი იყო. კერძო სახლების ეზოები დღის განმავლობაში ბავშვების ჟრიამულით ივსებოდა. დღეს ეს ადგილი უკაცრიელ სანაპიროს, უფრო კი პომპეის მოგაგონებთ. სტიქიამ ჯერ წყლით დაფარა  აქაურობა, დაანგრია და შემდეგ თითქმის 2 მეტრის სიმაღლის ქვიშით აავსო მთელი ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული შენობები. ერთ დღეში წყლით და შემდეგ სილით დაიფარა კვარტლის სიცოცხლე…

საგანგებოდ მოვიძიე „გუგლზე“ სატელიტიდან გადაღებული ფოტო. ასე გამოიყურებოდა ბიჩ ავენიუს (გზატკეცილი 604) და ვილმინგტონ ავენიუს კუთხე სამიოდე  დღის წინ. ეს ის ადგილია, სადაც ახლა ბავშვები დგანან. ფოტოებზე თუ დააწკაპუნებთ, დეტალები უფრო დიდი მასშტაბით გამოჩნდება:

Google Image

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ასობით სახლია ნიუ ჯერსის სანაპიროებზე ქვიშაში დამარხული. და ამ ფონზე კეიპ მეის მერი ამბობს, რომ მათ სხვა ქალაქებთან შედარებით ძალიან გაუმართლათ, რადგან იქ მსხვერპლი არ არის. მე კი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს არამარტო გამართლება იყო, არამედ სწორი და დროული მენეჯმენტის ლოგიკური შედეგიც. რაც არ უნდა ძნელი იყოს ამის თქმა დაღუპულთა ოჯახების გასაგონად, გრიგალის მასშტაბებთან შედარებით მსხვერპლი მაინც მოსალოდნელზე ნაკლებია და ამ წუთებისთვის ტელეკომპანია “ფოქსის” ცნობით, სულ ცოტა, 70-ს შეადგენს.

სენდის დასახვედრად მზადება ორი დღით ადრე დაიწყო. გუბერნატორებმა და მერებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და გამუდმებით შემზარავ განცხადებებს აკეთებდნენ. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიულობით ნიუ ჯერსის გუბერნატორი, კრის კრისტი და ნიუ იორკის მერი, მაიკლ ბლუმბერგი გამოირჩეოდნენ. თურმე არ აჭარბებდნენ. არადა, ჩემს ირგვლივ ყველა ვფიქრობდით, რომ შეფასებები გაზვიადებული იყო. აქვე მცირე პოლიტიკური გადახვევაც უნდა გავაკეთო.

Reuters Photo

გუბერნატორი კრისტი რესპუბლიკელია და ღიად უჭერს მხარს რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის. არჩევნებამდე სულ ხუთიოდე დღით ადრე დემოკრატების კანდიდატი, პრეზიდენტი ობამა და რესპუბლიკელი კრის კრისტი ერთმანეთისთვის კომპლიმენტებს არ იშურებენ და გვერდში დგომისთვის და გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდიან. შეკითხვაზე, თუ რამდენად გახდება შესაძლებელი არჩევნების ჩატარება ნიუ ჯერსიში, გუბერნატორი კრისტი პასუხობს, რომ ეს მას დღეს ყველაზე ნაკლებად ანაღვლებს. „არ მცალია, ხალხი მყავს გადასარჩენი. ცოცხლები თუ არ იქნენ, არჩევნებზე ვერ წავლენ“. შესაშური, მართლაც შესაშური მართვის პრინციპი, პარტნიორობა, თანადგომა, სწორი პრიორიტეტები, რაც გენებოთ, ის დაარქვით!

ადრე, მართლა ძალიან ადრეა ჯერ ციკლონის ანალიზი. მასზე იმდენი იწერება, რომ ბლოგში არც ამ გიგანტური შტორმის სრულად აღწერის პრეტენზია გვაქვს. უბრალოდ ჩემი ფიქრები და ემოცია გაგიზიარეთ. მინი-საგანგებო კურიოზულ სიტუაციაში ხომ ჩვენც აღმოვჩნდით, ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები. სენდის მოლოდინში ღამე სასტუმროში გავათენეთ, რათა გადაცემა უტრანსპორტობის და უამინდობის გამო არ ჩაშლილიყო და სამსახურიდან რაც შეიძლება ახლოს, ფეხით სავალ მანძილზე ვყოფილიყავით.

დილიდან ქართველები მოვიკითხეთ პირველ რიგში, ვისაც მივწვდით. განსაკუთრებით ბრუკლინში მცხოვრები თანამემამულეების ბედი გვაწუხებდა. ზოგთან დღესაც ვერ ვამყარებთ კავშირს, მობილური ტელეფონი დენის უქონლობის გამო ბევრს დამჯდარი აქვს. სერვისიც ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს. ასე რომ ნუ გეშინიათ, თუ ვინმეს ვერ უკავშირდებით, დიდი ალბათობით, შესაძლოა ეს მხოლოდ კომუნიკაციის შეფერხებების ბრალი იყოს. მე თვითონაც ვერ ვურეკავდი ჩემს შვილს ნიუ ჯერსიში, რომლის უნივერსიტეტიც ევაკუაციის ზონაში მოხვდა. შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველს, ნათია ზამბახიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ არც ვაშინგტონში და არც ნიუ იორკში ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. საელჩომ სტიქიური უბედურებისთვის მზადების პერიოდშივე გაავრცელა მოწოდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ და მოუწოდა მათ ადგილობრივი მმართველობის განკარგულებებს დამორჩილებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების მიმართ  “ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ „სენდის” შედეგად მიმდინარე სტიქიური უბედურებით გამოწვეული ადამიანური დანაკარგისა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის გამო”.

როგორც “იუ-თუბზე” გავრცელებული ამ კადრებიდან ჩანს, ნიუ იორკში ევაკუირებულთა შორის ქართველებიც იყვნენ:

ქართველების ევაკუაცია

ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ გადაცემას ვუყურებ ახლა. ჟურნალისტები უმკაცრესი ტონით სთხოვენ პასუხს ნიუ იორკის უნივერსიტეტის საავადმყოფოს მესვეურებს და არკვევენ, თუ რატომ გამოირთო წყალდიდობის დროს სათადარიგო გენერატორები. ალბათ სწორია ეს პოზიცია. არადა, კადრების შემხედვარე, გამკვირვებია: როგორ მოახერხა საავადმყოფოს პერსონალმა რეანიმატოლოგიური განყოფილების  ევაკუაცია აუცილებელი აპარატურის გარეშე ამ სიცივეში, სიბნელეში და წყლით სავსე ქუჩებში ისე, რომ ერთი ადამიანიც არ დაღუპულა. ავადმყოფებს შორის ხომ დღენაკლული ჩვილი ბავშვებიც იყვნენ… “ეი-ბი-სიზე” გადავრთე: ქალაქ ჰობოკენში, ფანჯრებიდან ვისაც სინათლე აქვს,  ქუჩაში დენის დამაგრძელებლები აქვთ გადმოკიდებული წარწერით: “ვისაც გჭირდებათ, მობილურები დატენეთ”. ეს რამდენიმე დღეა ერთმანეთის კონკურენტმა მობილური ტელეფონების კომპანიებმა “ეი-თი-ენდ-თიმ” და “თი-მობილმა” სერვისები გააერთიანეს, რომ დაზარალებულ რეგიონებში დაჭერის შანსი გაიზარდოს.

დღემდე მაოცებს, გულწრფელად მაოცებს ეს ქვეყანა და მისი ხალხი. თანამდებობის პირებიდან დაწყებული, ჟურნალისტებით და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული. რა თქმა უნდა უმეტესობაზე მაქვს საუბარი, და არა – განურჩევლად ყველაზე. მადლიერი ვარ მათი და ვთვლი, რომ ჩვენგან, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისგან უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებენ.

“ნასა”: სენდის ფორმირება 28 ოქტომბერს დილიდან დაღამებამდე

“სი-ენ-ენის” ფოტოები

 

 

 

ტყემლის საწებელი „ემიგრანტული“ 1 საათში

Posted October 14th, 2012 at 5:13 pm (UTC+0)
Leave a comment

საქართველოში ეს რეცეპტი მხოლოდ ტექნოლოგიის გამო თუ დაგაინტერესებთ, ხეხვა და წვალება არ სჭირდება. თორემ ისე, უფრო ემიგრანტებისთვისაა. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში ტყემალი არ იყიდება. ამბობენ, რომ ჩვენებური ტყემალი გარეული ქლიავია. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ მე კი გამომადგა ეს განმარტება და დიდი ხანია ტყემლის საწებელს ქლიავით ვამზადებ. ქლიავი აქ მთელი წლის განმავლობაში უხვდაა და ამიტომ სახლში ხშირად მაქვს ახალი, არომატული საწებელი, ყოველგვარი კონსერვანტების, კონცენტრატების და სხვა ქიმიური მინარევების გარეშე. არ ვხუმრობ, ქლიავი მართლა გამოსავალია. და თუ არ გჯერათ, ერთხელ მაინც სცადეთ ჩემი რეცეპტით. უადვილესია! ჰო, და კიდევ: დროის უკმარისობის ფაქტორიც ხომ გასათვალისწინებელია. ამიტომ, ჩემო ემიგრანტო დიასახლისებო, ისეთ გზას მივაგენი, რომ მაქსიმუმ 1 საათში შინაურული, იმერული სტილის მოტკბო-მომჟაო ტყემლის საწებელი გექნებათ.

დაგვჭირდება:

 

  • 5 ფაუნდი (2.2 კგ.) შავი ქლიავი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • ერთი კონა ნედლი ქინძი
  • 2 ნედლი მწვანე წიწაკა
  • მარილი
  • 1-2 ლიმონი
  • და დრო 40-60 წუთი

 

 

გავრეცხოთ ქლიავი და კურკა გავაცალოთ. წვრილი, შავი ქლიავი იმიტომ მირჩევნია, რომ ჯერ ერთი კურკა იოლად ეცლება და მეორეც, უფრო არომატული მეჩვენება. დავამატოთ 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ. მაღალ ცეცხლზევე, ისეთ ჭურჭელში, რომელიც არ იწვავს, თავდახურული მაქსიმუმ 10 წუთი უნდა იდუღოს. ერთი-ორჯერ მოვურიოთ. ცოტა რომ გაგრილდება, ბლენდერში ჩავასხათ. დავამატოთ ნიორი, წიწაკა და ქინძი, რა თქმა უნდა გარჩეული და კარგად გარეცხილი. შემდეგ, დავფქვათ. 2-3 წამი სრულებით საკმარისია, მთლად ფაფად არ უნდა იქცეს. ნიორის, ქინძის და წიწაკის დაჭრით თავს ნუ შეიწუხებთ. მარილი და ახლად დაწურული ლიმონი – გემოვნებით. მე ორი ლიმნის წვენს ვუმატებ, მჟავე მირჩევნია. სულ ეს იყო. ტყემლის საწებელი მზად არის.

საათიც არა, უკვე 40 წუთში ვაკეთებ. უჰ, ფერიც მშვენიერი აქვს, რას იტყვით?

მგონი, ომბალო ან რაიმე ხმელი სანელებელი არც არის საჭირო. როგორც გენებოთ, გემოვნების საკითხია. მთვარია, პრეზენტაბელურთან ერთად ჯანმრთელი, სასარგებლო და არომატული საწებელი გამოდის: ქლიავი სულ 7-10 წუთი იხარშება და დანარჩენი ყველაფერი ნედლია.

დამწყებ კულინარებს ვურჩევ, წიწაკას თესლი მოაცილონ, ქინძს არაფერი არამწვანე არ გაჰყვეს. რაც უფრო ნაზია, ფოთლების მხარე, ახლად აკოკრილი – მით უკეთესი. ქლიავი სუპერმარკეტებში ხშირად მკვახეა და 2-3 დღე ლანგარზე სითბოში მიდევს ხოლმე დასამწიფებლად, თორემ არც სიტკბო აქვს, არც სიმჟავე და მითუმეტეს, არც არომატი. ჰო, და კიდევ: შუშის ქილებში ან ბოთლებში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

თუ წვრილ, მოგრძო შავ ქლიავს ვერ იშოვით, მსხვილითაც მშვენიერი გამოდის. ერთადერთი, წყალი და ხარშვა ცოტა მეტი ხანი დასჭირდება. ზამთარში დაახლოებით მესამედს ან მაქსიმუმ ნახევარს ნედლ შტოშსაც (cranberry) ვამატებ ხოლმე, არაჩვეულებრივი არომატი და სიმჟავე აქვს. თან ძალიან სასარგებლოა. თუმცა, ტყემლისთვის დამახასიათებელ ფაქტურას უკარგავს. ესეც უნდა გითხრათ: ნედლი შტოში მხოლოდ შობის წინა თვეებში გამოაქვთ ხოლმე გასაყიდად. მოკლედ, სცადეთ და შემატყობინეთ, როგორი გამოგივათ. აქვე, კომენტარებში მომწერეთ.

აბა, დროებით! Bon Appétit!

 

მწვანე ბარათის გათამაშება

Posted October 6th, 2012 at 12:40 pm (UTC+0)
36 comments

გაცნობებთ, რომ დაიწყო წლევანდელი მწვანე ბარათის გათამაშება DV-2014.

დაპირებისამებრ, გატყობინებთ ვადების შესახებ: ლატარიაში მონაწილეობის მსურველთათვის ინტერნეტ-საიტი გაიხსნა 2 ოქტომბერს 12:00 საათზე (თბილისის დროით – საღამოს 8 საათი) და დაიხურება 3 ნოემბერს ასევე 12:00 საათზე (თბილისში საღამოს 8 საათი). ბილეთის შევსება შეიძლება მხოლოდ ელექტრონულად და მხოლოდ განსაზღვრული საათების განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოგიწოდებთ თავად შეავსოთ ლატარიის ბილეთი აღნიშნული ინტერნეტ-გვერდიდან და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მონაწილეობა სრულიად უფასოა.

იხილეთ პირდაპირი ბმული, საიდანაც შეძლებთ ინსტრუქციების გაცნობას და თავად ბილეთის შევსებას: https://www.dvlottery.state.gov/

 

 

ყურადღება: ეს ბლოგი დახურულია

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მთელი ინფორმაცია, რითაც 2014 წლის ოქტომბერში მიმდინარე 2016 წლის მოგებულთა გათამაშებაში მონაწილეობისთვის ინფორმაციით დახმარება შეგვიძლია:

გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ ბმულზე შეიძლება უფასოდ შევსება: https://www.dvlottery.state.gov/application.aspx

ინსტრუქციები ინგლისურად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_English.pdf

ინსტრუქციები რუსულად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_Russian.pdf

ფოტოს შემოწმება: https://www.dvlottery.state.gov/photo.aspx

დამატებითი ზოგადი და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც 2014 წლის 2 ოქტომბერს  „თავისუფლების“ ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ: http://www.radiotavisupleba.ge/content/green-card-2015/26617852.html

 

 

 

 

 

ველით თქვენს შეკითხვებს!

Posted September 12th, 2012 at 5:10 pm (UTC+0)
11 comments


“ამერიკის ხმის” რედაქცია გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ინტერვიუების ციკლში, რომელიც საგანგებოდ 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადდება. თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს ჩვენ იმ ამერიკელ სპეციალისტებს დავუსვამთ, რომლებიც საქართველოს, რუსეთის და ევრაზიის რეგიონალურ საკითხებში ექსპერტებად ითვლებიან. რა კითხვებს დაუსვამდით  ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

აუცილებლად შემეხმიანეთ. იჩქარეთ, ვისაც შეკითხვის დასმა არჩევნების ჩატარებამდე გაინტერესებთ. თუმცა, ინტერვიუები არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. პირობას გაძლევთ, უყურადღებოდ არცერთი გამოხმაურება არ დარჩება.

 

ყურადღება: ეს ბლოგი დახურულია

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მთელი ინფორმაცია, რითაც 2014 წლის ოქტომბერში მიმდინარე 2016 წლის მოგებულთა გათამაშებაში მონაწილეობისთვის ინფორმაციით დახმარება შეგვიძლია:

გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ ბმულზე შეიძლება უფასოდ შევსება: https://www.dvlottery.state.gov/application.aspx

ინსტრუქციები ინგლისურად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_English.pdf

ინსტრუქციები რუსულად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_Russian.pdf

ფოტოს შემოწმება: https://www.dvlottery.state.gov/photo.aspx

დამატებითი ზოგადი და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც 2014 წლის 2 ოქტომბერს  „თავისუფლების“ ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ: http://www.radiotavisupleba.ge/content/green-card-2015/26617852.html

“თეატრიც არის იქ და სიყვარულიც”!

Posted September 7th, 2012 at 5:31 pm (UTC+0)
Leave a comment

„ბედნიერებაა, როცა ჩვენს ემიგრაციას ისეთი შვილები ყავს, რომლებიც სრულიად უანგაროდ ქართული საქმის კეთებას აგრძელებენ“, თქვა  მსახიობმა კახი კავსაძემ ამერიკაში ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის პირადი ინიციატივით მოწყობილი ქართული ფილმის ჩვენების შემდეგ. ნანა ჯანელიძის რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ბიოგრაფიული ოდისეა „ნეტავი იქ თეატრი არის“ ნიუ იორკის და ფილადელფიის შემდეგ ამერიკის დედაქალაქს ეწვია. ის ავალონის თეატრში პირადად კახი კავსაძემ წარადგინა.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი კახი კავსაძის ოჯახის თავს გადამხდარ რამდენიმე ეპიზოდზეა აგებული. ოჯახის, რომლის თითოეულ თაობაზე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მთავარი მოვლენა აისახა.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია დათაშკა კავსაძე, ქართველი შინდლერი, როგორც მასზე ერთმა ამერიკელმა მაყურებელმა თქვა. დათაშკას ნაცისტებისგან უამრავი თანამოქალაქე უხსნია, თურმე. ჩვენ მის შესახებ ნანა ჯანელიძის ფილმის შექმნამდე არაფერი ვიცოდით. არც ის გაგვეგო, თუ როგორ ცდილობდა კახი 9 აპრილს საბჭოთა ფუნქციონერების მიერ სასიკვდილოდ განწირული მომიტინგეების გადარჩენას. არადა, ეს ამბავი მაინც ჩვენს თვალწინ ხდებოდა. კახის და ბელას ლეგენდარული ურთიერთობაც სულ სხვა თვალით დავინახეთ. როგორც ჩანს მასზე მშობლების ტრაგიკული სიყვარულის და გასაოცარი ერთგულების ისტორიამაც იმოქმედა.

ფილმი არამარტო ქართული იმიგრაციის, არამედ ამერიკელი მაყურებლისთვისაც საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა.

„ექსტრაორდინალური ფილმია. შეიძლება – ჯადოსნურიც, იმდენად ძალადაუტანებლად შევყავართ საკმაოდ რთულ ეპოქალურ მოვლენებში და ყველაფერს ძალზე ემოციურად გადმოგვცემს. საინტერესო დინამიკა აქვს, რომელიც მოგონებების გულახდილ გადმოცემაში იკვეთება. არასოდეს დამავიწყდება ციმბირის თემაზე ძველი მატარებლის ბორბლების ძლიერი ხმა და ასოციაცია. მუსიკაც ემოციური იყო და საერთოდ, უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა“ – ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანა ჯანელიძეს ასეთი ფილმის შექმნისთვის, რადგან მან მოგვიყვა ეს ისტორია, უნიკალური ისტორია” -აღნიშნავს ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი, რომელიც ახლა თავად იღებს ფილმს კახი კავსაძის მონაწილეობით, სამუშაო სათაურით “პური”.

ქართველთა უმეტესი ნაწილი ფილმს ცრემლმორეული ტოვებდა. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ავალონის თეატრში ყველა თაობის ადამიანს ნახავდით, მოზარდებიდან დაწყებული, იმიგრაციის უხუცესი წარმომადგენლებით დამთავრებული.

„ფილმი მეორედ თუ მესამედ ვნახე და ძალიან მომეწონა“-ამბობს ერთ-ერთი მანდილოსანი. მის გვერდით მდგარი ახალგაზრდა ქალბატონი კი დასძენს:  „ეს ფილმი მართლაც ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო საინტერესო. არამხოლოდ ჩემი თაობის და ჩემზე უფროსებისთვის, არამედ პატარა ბავშვების, თინეიჯერესებისთვისაც კი, რომელთაც საერთოდ არ იციან, რა იყო ჩვენთვის მეორე მსოფლიო ომი, ან კომუნისტური წყობა“.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას კახი კავსაძემ თავისი მეუღლე, ბელა მირიანაშვილი ახსენა და მისი გარდაცვალების წუთები მოიგონა. 28 აგვისტოა დღესო, თქვა. ბელა ზუსტად 20 წლის წინ გარდაიცვალაო…

* * *

კახი – ქართული თეატრის და კინოს გამორჩეულად კოლორიტული ვარსკვლავი. რამდენიმე თაობისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და დიდი მსახიობი ფილმში საკუთარ კერპებზე, სათაყვანებელ მსახიობებზე გვიყვება. აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე თეატრიდან რომ გაუშვიათ, ხორავას თამაში შეუწყვეტია. ვასაძე თურმე იხტიბარს არ იტეხდა და თეატრიდან თეატრში გადადიოდა. ხორავასთვის უთქვამს, ქუჩაში გავშლი ხალიჩას და მაინც ვითამაშებო. სიკვდილის წინ კი ასე უკითხავს: „ნეტავი იქ თეატრი არის“?

“-არის! არის და სხვანაირად არ შეიძლება. თეატრიც არის, სიყვარულიც არის. სიძულვილი თუა, ალბათ – ნაკლებად. შეიძლება არც არის. იმიტომ რომ უკან დაბრუნებული მე კაცი არ მინახია. ვინც წავიდა, წავიდა. -ერთხელ ჩამოისერინე მაინც კაცო?! არა, გამოხედვაც არ უნდათ. წავიდა და წავიდა…“ – ამბობს კახი და ჩვეული ჟესტიკულაციით აღმართულ ხელს ასევე დრამატულად დაბლა წევს.

ნოემბერში მსახიობი კიდევ ერთხელ გააკვირვებს ქართველ მაყურებელს.

ვაშინგტონის სინეტიკის თეატრთან ერთად ის რუსთაველის სცენაზე „სტუმარ მასპინძელში“ ინგლისურად ითამაშებს. ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობს, არ იცის, როგორ მიიღებს ამ ორიგინალურ სპექტაკლს საქართველო.

„You have gone crazy Joqola, crazy! მოკლედ, გინდა 80 წლის იყავი და გინდა 12-ის, სულ გამოცდის ჩაბარებაში ხარ. სულ გამოცდა შეიძლება კაცო?!“- კითხულობს კახი.

დიდი ხნით ვერ ვაყოვნებთ, როგორც ყოველთვის, კახის კინოთეატრის ფოიეში თაყვანისმცემლები ელოდებიან.

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.