ინტერნეტის როლი მსოფლიო პოლიტიკაში და საქართველო

Posted December 9th, 2011 at 6:02 pm (UTC+0)
Leave a comment

არჩევნებზე მასობრივი გაყალბების მიუხედავად ვლადიმერ პუტინის პარტიამ მოულოდნელად დუმის მანდატების ერთი მეოთხედი დაკარგა.

რა ხდება რუსეთში? თუკი პრემიერი პუტინი რეიტინგებს ძველებურად ლიდერობს, მაშინ  რატომ აღარ ენდობიან მის პარტიას? სულ რამდენიმე თვის წინ ექსპერტებისთვის არჩევნების შედეგები თითქოს იოლად პროგნოზირებადი იყო. დღეს კი ათასობით დემონსტრანტი მოსკოვის მეტროს სადგურთან სკანდირებს: „რუსეთი პუტინის გარეშე“!  „ახალ არჩევნებს მოვითხოვთ“! რამდენი წელია რუსეთს ამ მასშტაბის ანტი-სამთავრობო მიტინგი აღარ უნახავს. ხომ არ მოჰყვება არაბულ გაზაფხულს რუსული გაზაფხული?

დუმის წევრის, ოპოზიციონერი ვლადიმერ რიჟკოვის, აზრით საქმე საკმაოდ მარტივადაა. „გუშინ რუსეთში ისტორიული დღე იყო. არჩევნები ინტერნეტის პარტიამ მოიგო, ტელევიზიის პარტიამ კი წააგო“ – განაცხადა მან არჩევნების შემდეგ. ძნელია არ დაეთანხმო ეკონომიკის პროფესორს.  რუსეთის პოლიტიკურ არენაზე ინტერნეტის სახით აშკარად ახალი, ძლიერი მედია-მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ინტერნეტის მზარდი ძალაუფლების შესახებ რუსეთის მმართველმა პარტიამ კარგად უწყოდა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არჩევნების დღეს ჰაკერების ინტენსიური შეტევის შედეგად ოპოზიციური ვებ-გვერდების უმრავლესობა გამორთული იყო.

რუსეთში ინტერნეტის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით რუსეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა დღეს ორმოცდაათ მილიონს აღწევს და ის მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-10 ადგილზეა. ხელისუფლების მხრიდან ვირტუალური სივრცის სრული კონტროლი პრაქტიკულად გამორიცხულია და საფიქრებელია, რომ სწორედ ამიტომ რუსულ პოლიტიკაში მინიმალური, მაგრამ მაინც, ცვლილებები ხდება.

* * *

ამერიკაშიც ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ინტერნეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და პრეზიდენტი ობამა გამარჯვებას გარკვეულწილად მას უნდა უმადლოდეს.

„ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ობამა არათუ პრეზიდენტი, არამედ დემოკრატიული პარტიის ნომინანტიც კი ვერ იქნებოდა“, ამბობს არიანა ჰაფინგტონი, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-მედიის „ჰაფინგტონ პოსტის“ რედაქტორი. ახლადარჩეულ პრეზიდენტს მაშინ ხშირად ადარებდნენ პრეზიდენტ ჯონ კენედის, რომელმაც ტელევიზია არჩევნებში გამარჯვების ახალ სტრატეგიულ მედია-საშუალებად გამოიყენა და ამით საარჩევნო კამპანიის წარმოების ისტორიაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა.

პოლიტოლოგი ჯო ტრიპი „ნიუ იორკ თაიმსში“ წერდა: „ობამამ ძირფესვიანად შეცვალა საარჩევნო კამპანიის წარმოების ტრადიციული წესები. პრინციპში მან მხარდამჭერთა მობილიზების, განცხადებების გამოქვეყნების, მოწინააღმდეგე პარტიის თავდასხმის მოგერიების და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის პრაქტიკაში სრული გადატრიალება მოახდინა“. მოხალისეთა მრავალათასიანი არმია არ ეყოფოდა იმ საქმეს, რასაც ის რამდენიმე წუთის განმავლობაში მინიმალური რესურსით ახერხებდა. „იუ-თუბის“ როლის გადაჭარბება ხომ სრულიად გამორიცხულია, აღნიშნავს ექსპერტი, იმდენად  მნიშვნელოვანი იყო იქ ვიდეო-მესიჯების განთავსება და რესპუბლიკელ ლიდერთა დისკრედიტაციისთვის შერჩეული ვიდეომასალების გამოქვეყნება. რომ აღარაფერი ვთქვათ ვებ-გვერდზე კამპანიისთვის სასოცოცხლო სუბსიდირების მოზიდვაზე – დასძენს პოლიტოლოგი.

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: როგორც ირკვევა, უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე  ამერიკელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე ტელევიზიაზე მეტად სწორედ ინტერნეტმა იმოქმედა. კვლევები ადასტურებს, რომ „2008 წლის არჩევნებზე ამერიკელ ამომრჩეველთა სამი მეოთხედი ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებისთვის მთავარ წყაროდ იყენებდა. ეს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტია“ – ამბობს მეცნიერი არონ სმითი.

* * *

სულ რაღაც სამ თვეში, 2012 წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. იმავე წლის ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტსაც აირჩევენ. წესით ამ ორ თარიღს შორის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კიდევ ერთი წლის ინტერვალით კი საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

შემდეგი ორი წლის განმავლობაში ქართული დემოკრატიის მშენებლობას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. საინტერესო იქნება დაკვირვება ქართულენოვან ინტერნეტ-მედიაზე, თუ რა როლს შეასრულებს ის ჯერ საპარლამენტო,  შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვის აუზების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი -მამუკა წერეთელი- საუბრობს რა ინტერნეტის მზარდ როლზე თანამედროვე კომუნიკაციის და ინფორმაციის მოპოვების საქმეში,  აღნიშნავს, რომ ინტერნეტის და სოციალური მედიის გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარდაუვალია:

„რამდენადაც ვიცი, საქართველოში უფრო მაღალი გამტარუნარიანობის ქსელების დანერგვა ხდება. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს შედარებით დიდი მოცულობის ინფორმაცია კიდევ უფრო სწრაფად მიიღოს. შესაბამისად გაიზრდება ინფორმაციის მეშვეობით ადამიანებზე ზემოქმედების უნარიც. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკაში ეს ინსტრუმენტი გაცილებით დიდ როლს ითამაშებს საქართველოს მომავალ საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე“ – აცხადებს ის.

„ევრაზია-ნეტის“ მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით ინტერნეტზე საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ 37 პროცენტს მიუწვდება ხელი. უკანასკნელი 6 თვის მანძილზე სოციალური მედიის მხოლოდ ერთ სახეს „ფეისფუქს“ 675 540 ადამიანი, ანუ საქართველოს მოსახლეობის მეხუთედი შეუერთდა. კავკასიის რესურსების კვლევითი ცენტრის (CRRC) დირექტორი, ჰანს გუტბროდი, თვლის, რომ სოციალურ მედიას საქართველოში ტელევიზიისთვის კონკურენციის გაწევის პოტენციალი გააჩნია და ის პოლიტიკოსებისგან ამ პოტენციალის მაქსიმალიზებისთვის ძალზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსაც ანალოგიური მონაცემები აქვს. საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სულ ცოტა მილიონ სამასი ათასს შეადგენს. თუკი მსოფლიოს იმ ქვეყნების პოლიტიკური პროცესების დინამიკას გავითვალისწინებთ, სადაც ინტერნეტი პოპულარულია, ქართველი ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა ტელევიზიას ინფორმაციის მოპოვების ერთადერთ და მთავარ წყაროდ უკვე აღარ აღიქვამს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევე როგორც ამერიკაში, რუსეთში, თუ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, ინტერნეტი და კერძოდ, სოციალური მედია,  საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ნების გამოხატვაზე უდიდეს გავლენას იქონიებს. პოლიტიკოსებს მოუწევთ მისთვის ანგარიშის გაწევა და საარჩევნო სტრატეგიის შესაბამისად დასახვა.

 

 

გოგრის ტკბილი ფლავის რეცეპტი

Posted November 30th, 2011 at 1:02 pm (UTC+0)
3 comments

ამერიკაში გასულ კვირას მადლიერების დღე აღინიშნა. ალბათ არანაირ დღესასწაულს არ აქვს აქ ასეთი სპეციფიური მენიუ და არცერთი დღისთვის არ ემზადებიან ისე მონდომებით, რამდენიმე დღით ადრე, როგორც მადლიერების დღისთვის. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან საახალწლო ციებ-ცხელების დროს.

ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი ამერიკაში ფედერალური დღესასწაულია და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული. მადლიერების დღე საოჯახო ზეიმია, ამიტომ ამერიკის სასწავლებლებში და უმეტეს უწყებებში პარასკევიც დასვენებაა და ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ ერთად შეიკრიბონ, ერთმანეთს მოეფერონ და მადლობა უთხრან ყველას პირისპირ, მისალოცებით, ფოსტით, საჩუქრებით…  ვისაც როგორ შეუძლია და მოსწონს.

რაც შეეხება ტრადიციულ მენიუს: თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ სხვადასხვა ვარიაციებით და რეცეპტით მომზადებულ მრგვალად შემწვარ ინდაურს. საწებლად ორნაირ სოუსს, შტოშის და ინდაურის ცხიმით დამზადებულ სოუსს, იყენებენ. ამას გარდა სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გოგრა, კარტოფილის პიურე, სიმინდი, მწვანე ლობიო, მჭადი და პური. დანარჩენი – სურვილისამებრ. დესერტის მენიუ ერთი ან რამდენიმენაირი ხილის ღვეზელისგან შედგება. უმეტესად ის  ვაშლით, ტკბილი კარტოფილით, გოგრით, ან ნიგვზით ცხვება. ტრადიციული სასმელი ვაშლის ნატურალური წვენი და ღვინოა.

*    *    *

მანანა ცხაკაია

ყველაზე უცხო, გემრიელი და ლამაზი დესერტი, რაც მადლიერების დღეზე ამერიკაში ჩემი ყოფნის აგერ უკვე 9 წლის მანძილზე გამისინჯია და მინახია, იყო ქართველი ქალბატონის, მანანა ცხაკაიას, რეცეპტით დამზადებული გოგრის ფლავი. მანანა აიოვას შტატის ქალაქ აიოვა სითიში ცხოვრობს და უნარშეზღუდულ ბავშვებთან მუშაობს.

მანანას გოგრის ფლავის რეცეპტი გამოვართვი, მეც დავამზადე და თქვენც გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ შემადგენლობის ზუსტი პროპორციები არ გვაქვს.  ამიტომ ვეცდები დაახლოებით მაინც გითხრათ, რომელი პროდუქტი რამდენი დაგვჭირდება. როგორც ყველა იმპროვიზატორი დიასახლისი, მანანა ყოველ ჯერზე განსხვავებულად აკეთებს და თუ დამიჯერებთ, ყოველთვის – საუცხოოდ.

*    *    *

გამიგრძელდა შესავალი… მოკლედ, გოგრის ტკბილი ფლავისთვის გვჭირდება შემდეგი პროდუქტი:

  • 1 მოზრდილი, ან 2 პატარა გოგრა
  • 2 ჩაის ჭიქა ბრინჯი (მოხარშული)
  • 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი (დაუჭრელი, ოდნავ მოხალული)
  • 2 ლიმონი (მხოლოდ ცედრა, სასურველია სიგრძეზე აფხეკილი, ძაფებივით)
  • 1 ჩაის ჭიქა თეთრი ქიშმიში
  • 1 ჩაის ჭიქა შტოშის ჩირი (ან შავი ქიშმიში)
  • ½ ჩაის ჭიქა კურაგა (გარგრის ჩირი, დაუჭრელი)
  • ½ ჩაის ჭიქა ანანასის ჩირი
  • ½ ჩაის ჭიქა შაქარი (ნახევარს ცხელ გოგრას მოვაყრით და ნახევარი საკაზმისთვის)
  • ½ ჩაის ჭიქა ზეთი
  • მარილი და ვანილი – გემოვნებით

 

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ზომები დაახლოებით ჩემი შერჩეულია, ამიტომ შეიძლება ვცდებოდე და თქვენ სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით მოირგეთ.

*    *    *

მაშ ასე, დავიწყეთ!

 

სიგრძეზე გადაჭრილ გოგრას ამოვასუფთავებთ, ჩანგლით დავჩხვლეტთ და საშუალო ცეცხლზე ღუმელში ვაცხობთ. როგორც კი დარბილდება, ის მზად არის (ფოტოებზე თუ დააწკაპუნებთ, გადიდდება და დეტალებს უკეთ დაინახავთ).

სანამ გოგრა ცხვება, ოდნავ მარილიან წყალში მოვხარშავთ ბრინჯს. ბრინჯის ხარშვის დროც არ არის მკაცრად განსაზღვრული. ამბობენ, რომ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის ბრინჯს განსხვავებული დრო სჭირდება. ამიტომ, როგორც კი დარბილდება, სანამ დაიშლება, ამოვიღებთ და გადავწურავთ.

დაველოდებით გოგრის გამოცხობას. იმ ჯიშის გოგრას, რომელიც მე შევიძინე, თითქმის 3 საათი დასჭირდა. ღუმელიდან გამოღებისთანავე ცოტა შაქარს მოვაყრით და ბრინჯით ამოვავსებთ.

 

შემდეგ ვიწყებთ ზეთში საკაზმის მოხალვას. ოღონდ ჯერ, სანამ ზეთი გაცხელდება, მასში დარჩენილ შაქარს და ვანილს ჩავყრით. ნელ ცეცხლზე განუწყვეტლად ვურევთ და აუცილებლად ვიცავთ ამ თანმიმდევრობას:  ვყრით ლიმონის ცედრას, შემდეგ ნიგოზი, შტოში, ქიშმიში, გარგარი და ბოლოს – ანანასი.

საკაზმი გოგრაზე ცხლად უნდა დავაწყოთ. ყველაზე ბოლოს მოხალვისას დარჩენილ წვენს მოვაწუწებთ. სუფრაზე გატანის წინ კი ღუმელში ნელ ცეცხლზე შევათბობთ.

სულ ეს იყო. მართლა გემრიელი გამოვიდა. წარმომიდგენია ქართული გოგრით რა იქნება! რეცეპტისთვის დიდი მადლობა მანანა ცხაკაიას, თქვენ კი – ისიამოვნეთ!

ნანა ბაღდავაძე და რებეკა კამენი – დიალოგი ხელოვნებას და მეცნიერებას შორის

Posted November 9th, 2011 at 5:40 pm (UTC+0)
1 comment

“Busboys & Poets”… სახელი არაფერს მაძლევს. ვაშინგტონში სულ რამდენიმე თვის გადმოსული ვარ. მითხრეს, რომ საინტერესო ბოჰემური რესტორანია დედაქალაქის ცენტრში. მანქანით ვუახლოვდები. მობილური ჯიპიესი ბრიტანული აქცენტით მეუბნება, რომ უკვე მოვედი. შესასვლელთან უცნაური ავანგარდული ყვითელი ფერის მეტალის ქანდაკება დგას. შორიდან ვერც ვარკვევ, რა არის. ვერც – ახლოდან. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? ქუჩაში ყველანაირი ჯურის და ტიპის ადამიანი დადის. ეს უბანი მაინც და მაინც უსაფრთხო არ უნდა იყოს-თქო, გაფიქრებას ვერ ვასწრებ, რომ  ავტოსადგომის დარაჯი მიახლოვდება და მთხოვს, მანქანის უკანა სავარძელზე დატოვებული სპორტული ჩანთა საბარგულში გადავდო. ასე უფრო მშვიდად იქნებით, მირჩევს ის.

როგორც ყოველთვის, ადრე მოვსულვარ. ოპერატორი ჯერ არ ჩანს. კარის გაღებისთანავე სასიამოვნო ბლუზის ფონზე ყურს საოცრად ხმაურიანი სტუმრების გადაძახილი მჭრის. შიგნით ბევრად უფრო მეგობრულად განწყობილი შინაური ატმოსფერო მხვდება. კედლები ან მოხატულია, ან ფერწერული ტილოებით, ფოტოებით და ჭედური ხელოვნების ნიმუშებით მოფენილი. საინტერესო ქანდაკებებიც დგას. რესტორნის ერთ კუთხეში წიგნების და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაა. ხელით ნაქსოვ შალის ქუდებზე რატომღაც თბილისი მაგონდება. მიმტანებს შავ ფერში აცვიათ და საქმიანად დაფუსფუსებენ. მათი ღიმილი გულიანი და ნაკლებად ხელოვნური მეჩვენება. ვკითხულობ, საით არის სააქტო დარბაზი, სადაც ორ ხელოვანთან შეხვედრა იმართება. – ამ ლამაზ კიბეს შემოუარეთ და შემდეგ მარჯვნივ –  მეუბნება ერთ-ერთი მიმტანი. შევდივარ მყუდრო მართკუთხა ოთახში, სადაც ერთ კედელზე პატარა სცენაა, ოთახში კი მაგიდები და სკამები ერთმანეთთან მიჯრითაა მიწყობილი.

*  *  *

რებეკა კამენი

„ორი შემოქმედი და მათი მეცნიერება“ – ასე ერქვა შეხვედრას, რომელზეც ორი სრულიად განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები: სახვითი ხელოვნების მოყვარულები და მეცნიერები ერთად მოვიდნენ. რესტორანი “Busboys & Poets” ქართველ მხატვარს -ნანა ბაღდავაძეს- და ამერიკელ მოქანდაკეს -რებეკა კამენს- მასპინძლობდა. ორი ქალბატონი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ შემოქმედებაში მეცნიერული იდეების დამკვიდრების შესახებ მოუთხრობდნენ.

რებეკას შეხვედრის დაწყებამდე გავესაუბრე. მოქანდაკე ამბობს, რომ მეცნიერებით ყოველთვის გატაცებული იყო. „ პატარობიდან მაინტერესებდა და მიყვარდა მეცნიერება. ბავშვობაში სახლის სარდაფში ნამდვილი მიკროსკოპი მქონდა, სკოლიდან მოსული შინ ექსპერიმენტებს ვატარებდი. მამასთან ერთად ტელესკოპიც კი მაქვს აწყობილი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… ერთხელ, ლექციების კურსის ჩატარების შემდეგ, სანტიაგოდან სამშობლოში ვბრუნდებოდი. მოულოდნელად მენდელეევის ცხრილის ხელოვნების ენით გადმოცემაზე დავიწყე ფიქრი. თვითონაც გამიკვირდა. ვიფიქრე, ალბათ ხანგრძლივმა ფრენამ დამღალა-მეთქი. მართლაც, რატომ უნდა დაინტერესდეს ხელოვანი მენდელეევის ელემენტებით? რაც უფრო ვფიქრობდი ამაზე, მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ეს შთაგონება შემთხვევითი არ იყო და ის მე ხელოვნების ენით უნდა გადმომეცა” – ჰყვება რებეკა.

შემოქმედს ყველაზე დიდი წარმატება სწორედ მენდელეევის ცხრილის სკულპტურულმა კომპოზიციამ „ელემენტების ბაღმა“ მოუტანა. მასში ელემენტთა მთელი პეროდული სისტემაა წარმოდგენილი. რამდენიმე გამოფენის მოვლის შემდეგ „ელემენტების ბაღი“ ჯორჯ მეისონის  უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის ახალ შენობაში დაიდებს ბინას.

რებეკა კამენი და ნანა ბაღდავაძე შეხვედრაზე მეცნიერმა და პუბლიცისტმა -ივან ამატომ- მოიწვია. საღამოსაც ის უძღვებოდა. ბატონ ამატოს ვაშინგტონელი მეცნიერები კარგად იცნობენ. ის სამეცნიერო პუბლიკაციებს უკვე 20 წელია აქვეყნებს. ამბობს, რომ ნანა ბაღდავაძე და რებეკა კამენი სხვადასხვა დროს მათ გამოფენებზე აღმოაჩინა და მათ შესახებ სამეცნიერო ჟურნალებში სტატიებიც გამოაქვეყნა. “დღევანდელი ღონისძიების მსგავსი შეხვედრები ხელოვანისთვის თუ მაყურებლისთვის ბევრად უფრო საინტერესო და მრავლისმომცემია. აქ მაყურებელთან და მსმენელთან არა მედია-საშუალებებით, არამედ უშუალო კონტაქტი მყარდება. ამიტომ გადავწყვიტე ამ ორი ძალზე არატრადიცული და საკმაოდ რისკიანი ვაშინგტონელი ხელოვანის ერთ ჭერქვეშ მოყვანა და მათი დაინტერესებული აუდიტორიისთვის გაცნობა” – ამბობს ბატონი ამატო და ნანას ხელოვნებასთან პირველ შეხვედრას იგონებს: “მახსოვს,  ნანას ნამუშევრები როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ მას სრულიად განსაკუთრებული სათქმელი აქვს“.

ნანა ბაღდავაძე

ნანა ბაღდავაძის მეცნიერებით, კერძოდ კი -გენეტიკით- დაინტერესებას მართლაც განსაკუთრებული და ძალზე ემოციური ისტორია უკავშირდება. მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნანას უმცროს დას ლეიკემია  აღმოაჩნდა. როგორც ნანა ამბობს, ეს ყველაფერი მისი ამერიკაში დონორად ჩამოსვლით დაიწყო. დისთვის ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დღეს ის ჯანმრთელია და თბილისში ცხოვრობს. ნანა კი მოულოდნელად გამოფენაზე მიიწვიეს, შემდეგ კოლეჯში სწავლება დაიწყო. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ნანა საცხოვრებლად ამერიკაში დარჩა და  90-იანი წლებიდან  მოყოლებული ჯერ სიეტლში ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ კი ვაშინგტონში გადმოვიდა.

დის ოპერაციის შემდეგ გაწაფული ქართველი პორტრეტისტი გენეტიკით, დნმ-ის სტრუქტურით აღფრთოვანდა და ეს ემოცია მის შემოქმედებაში სრულიად ახალ ციკლად გადმოიღვარა.

„როდესაც რაიმეს შეხედავ, მაშინათვე გააზრებას იწყებ. როგორც კი რაიმეს გააზრებას იწყებ, ის უკვე აღარ არის, რაც დაინახე“ – შუნიუ სუძუკი-როშის ამ ციტატით  დაიწყო ნანამ თავისი ნამუშევრების პრეზენტაცია. და მათში მხატვრის  ზოგადად ხელოვნებასთან დამოკიდებულებაც კარგად ჩანს.

„რაც უფრო მეტს ვსწავლობ გენეტიკაში სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ, ვხვდები, რომ მე რაც არ უნდა გავაკეთო, თუ მოვიგონო, ბუნებას ეს უკვე დიდი ხნის წინ აქვს მოფიქრებული. ის უკვე შექმნილია და არსებობს. სწორედ ამიტომ არ მაქვს იმის შიში, რომ რაიმეს მეცნიერულად არასწორად დავხატავ, ან შეცდომას დავუშვებ. ხელოვნება დღეს ერთ-ერთი უნიკალური სფეროა, თუ ერთადერთი არა, სადაც შეცდომა შეგიძლია დაუშვა და ამით არც არავის ავნო და არც  პასუხი აგო. ხელოვნებას უფლება აქვს კითხვა დასვას და ის ღიად დატოვოს, მას პასუხის გაცემას არავინ მოსთხოვს“ – ამბობს ნანა.

მეცნიერებაში ჩაუხედავ დამთვალიერებელში ნანას ნახატები ძალზე მრავალფეროვან ემოციას იწვევს, დაწყებული ყურძნის, ან მარგალიტის მარცვლებით, მუსიკალური რიტმის, თამაშის, თუ სექსუალური ცეკვის ასოციაციით დამთავრებული.

„შთაგონება მხოლოდ მაშინ მომდის, როცა ორგანიზებული და შრომაში ჩაფლული ვარ. თითქოს შთაგონება უნდა დავიმსახურო და მოვიპოვო“, ამბობს ნანა და ალბათ სწორედ ეს არის ის თვისება, რომელიც მას ბევრი სხვა ხელოვანისგან გამოარჩევს და მეცნიერებთან კი თითქოს უფრო აახლოვებს. „დღევანდელ დღეს, გლობალიზაციის და მედიის სრული ხელმისაწვდომობის ეპოქაში, ყველაფერი ისე გაერთიანდა, რომ აღარ შეიძლება ერთი დისციპლინა მეორესთან კავშირების გარეშე არსებობდეს. მეცნიერებას და ხელოვნებას შორის დიალოგის ბუნებრივი, ორგანული მოთხოვნილება გაჩნდა. მე უკვე 23 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და სწორედ ახლა ვიგრძენი ამ დიალოგის აუცილებლობა” – ამბობს ის.

*  *  *

შეხვედრა ინტერაქტივით მთავრდება. შეკითხვებთან ერთად  დარბაზიდან წინადადებები და შემოთავაზებებიც ისმის. ერთ-ერთი ფიზიკოსი ნანას და რებეკას ერთობლივი წიგნის გამოცემას ურჩევს, ნამუშევრების ქვეშ მოთავსებული ვრცელი ანოტაციებით.

რესტორანს ცოტა დაღლილი, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები ვტოვებ. თითქოს წელში ვიმართები,  ვიზრდები და ვძლიერდები კიდეც, როცა ამ უკიდეგანო ქვეყანაში  ქართულ ნიჭს გადავაწყდები.

ხელოვნების და მეცნიერების გზები, როგორც ყოველთვის, კიდევ ბევრჯერ გადაიკვეთება. ქართველებს კი სამართლიანად შეგვიძლია სახვითი ხელოვნების ამ რისკიანი მიმართულების ერთ-ერთი ძალიან საინტერესო  წარმომადგენლით -ნანა ბაღდავაძით- ვიამაყოთ.

 

გრიპის საწინააღმდეგო აცრა

Posted October 14th, 2011 at 3:37 pm (UTC+0)
4 comments

ავიცრათ თუ არა გრიპზე? არის თუ არა ქართულ მოსახლეობაში არსებული ვაქცინაციის შიში საფუძვლიანი და რამდენად შეესაბამება ის რეალური რისკ-ფაქტორების ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს? როგორი შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენები და შესაძლო გართულებები? წლის რომელ დროს ჯობია აცრა და რა პირობებში? რა ასაკიდან ავცრათ ბავშვები?

ამ თემებზე სასაუბროდ ბლოგის შემდეგ სტუმარს CDC-დან, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან,  მოვიწვევთ.

ასე რომ, გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები. მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ. ჩვენ შევეცდებით თითოეულ კითხვაზე კვალიფიციური პასუხი მოგაწოდოთ. ველით თქვენს გამოხმაურებას.

არ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ. ეძებეთ, ეძებეთ! – სტივ ჯობსი

Posted October 6th, 2011 at 8:38 pm (UTC+0)
1 comment

Kimberly White / Reuters

ვერც მე და ვერც თქვენ, ვინც ამ წუთას ჩემს ბლოგს კითხულობთ, ვერ ვიტყვით, რომ სტივ ჯობსმა ჩვენს ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა არ მოახდინა.

ადამიანი, რომელმაც ბაზარზე პირველი პერსონალური კომპიუტერი გამოიტანა და როგორც ამერიკის პრეზიდენტმა წუხელ თქვა, „ინტერნეტი ჯიბეში ჩაგვიდო“.

– ვინ იყო სტივ ჯობსი?

სპეციალისტები ამბობენ, რომ მას დახვეწილი გემოვნება,  მიკრომენეჯმენტში დეტალებისადმი გამძაფრებული ყურადღება და მაკრომენეჯმენტში  გასაოცარი რისკის გაწევის უნარი გამოარჩევდა. თვითონ სტივ ჯობსი კი თვლიდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარული იყო.

წარმოშობით სირიელ, რიგითი ამერიკული ოჯახის მიერ ნაშვილებ ბავშვს სკოლაში მასწავლებლები „პრობლემატურს“ უწოდებდნენ. იოლად ბეზრდებოდა გაკვეთილებზე ჯდომა. კოლეჯი ფორმალურად არ დაუმთავრებია, თუმცა მთელი ცხოვრება სწავლობდა.

„სი-ენ-ენზე“ მის ერთ-ერთ პირველ პრეზენტაციას ვუყურებ. ახალგაზრდა, მომხიბლავი მამაკაცი გაბედული ხმით და დამაჯერებელი ღიმილით ეუბნება აუდიტორიას, რომ დადგება დრო, როცა მარტო ამ კომპიუტერს კი არ შეიძენენ, არამედ შვილისთვის მეორეს ყიდვაზეც იფიქრებენ. იმ დროს ეს სიტყვები ბევრს გამოუცდელი ადამიანის ახირებად მოეჩვენებოდა. მაშინდელი ფასებით „მაკინტოში“ საკმაოდ ძვირი 2 500 დოლარი ღირდა და კომპიუტერი სახლში არავის ჰქონდა.

სულ რამდენიმე წელიწადში ჯობსის და მისი პარტნიორის, სტივ ვოზნიაკის, მიერ  ავტოფარეხში დაწყებული საქმე 2 მილიარდიან კომპანიდ გადაიქცევა.  „23 წლის ასაკში წელიწადში მილიონს ვაკეთებდი, 24 წლის – 10 მილიონს, 25 წლის კი – 100 მილიონზე მეტს. თუმცა, ეს არასოდეს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი“- იტყვის სტივ ჯობსი მოგვიანებით.

Sal Veder / AP

კომპანიის პირველი პრეზიდენტი, ჯონ სკალი, რომელიც ჯობსმა „პეპსიდან“ გადაიბირა, იგონებს: „ქვემოდან ამომხედა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: რა გირჩევნია, ტკბილი წყალი ყიდო მთელი შენი ცხოვრება, თუ გვერდში დამიდგე და ერთად შევცვალოთ სამყარო“?

ერთ წელიწადში მათ შორის პრინციპული უთანხმოება დაიწყო.

„სკალი გამუდმებით იმის საპირისპიროს აკეთებდა, რის შენებასაც მე 10 წელი მოვუნდი“ – ეს ჯობსის სიტყვებია. კომპანიის დირექტორთა საბჭოსთვის პრეზიდენტის პოზიცია უფრო მისაღები აღმოჩნდა და ჯობსი იძულებული გახდა მის მიერ დაარსებული კომპანიიდან წასულიყო. განაწყენებულმა „ეფლის“ ყველა აქცია ერთმანეთის მიყოლებით გაყიდა. მარტო ერთი დაიტოვა.

30 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწია.

ამ ამბიდან ზუსტად ოცი წლისთავზე სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალზე სტივ ჯობსმა სტუდენტებს სამსახურიდან წასვლის ფაქტზე მოუთხრო და ახალგაზრდებს მოუწოდა ბედს არ დანებდნენ, სანამ არ იპოვიან იმ საქმეს, რომელიც უყვართ და იმ ადამიანს, ვინც უყვართ.

„სამსახურიდან გამათავისუფლეს, თანაც ეს საჯაროდ გააკეთეს. ცხოვრების აზრი დავკარგე. დამანგრეველი დარტყმა იყო. არ ვიცოდი, რა მექნა. ასე მეგონა ყველას იმედი გავუცრუე… გაქცევაზეც კი ვიფიქრე. თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ჯერ კიდევ მიყვარდა ჩემი საქმე. და ამ სიყვარულს „ეფლის“ ამბებმა ვერაფერი დააკლო. უარყოფილი ვიყავი, მაგრამ მაინც – შეყვარებული.

ასე გადავწყვიტე ყველაფრის თავიდან დაწყება. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ „ეფლიდან“ დათხოვნა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დადებითი ფაქტი იყო. წარმატებულობის სიმძიმე ბედმა დამწყების სიმსუბუქით შემიცვალა. აღარაფერში ვიყავი დარწმუნებული. თავისუფლებამ ისეთი პერიოდი მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მოგვიანებით ყველაზე შემოქმედებითი გახდა.

Eric Risberg / AP

დავაარსე ორი კომპანია და შევხვდი ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულს, რომელიც  ჩემი ცოლი გახდა… „პიქსარი“ დღეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმების სტუდიაა. მეორე კომპანია „ნექსი“ ისევ „ეფლმა“ იყიდა და ჩვენი ერთობლივი დაბრუნებით „ეფლის“ რენესანსი დაიწყო. მე და ლორენს კი დღეს არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს.

დარწმუნებული ვარ ეს არაფერი მოხდებოდა, თავის დროზე „ეფლიდან“ რომ არ დავეთხოვეთ. ეს იმ უგემური  წამალივით იყო, რომელიც პაციენტს სჭირდებოდა.

ცხოვრება ზოგჯერ თავში აგურივით მოგხვდებათ, მაგრამ რწმენა არ დაკარგოთ. მე მაშინ სიყვარულმა გადამარჩინა. აუცილებლად იპოვეთ ის, რაც გიყვართ და ის, ვინც გიყვართ… და თუკი გრძნობთ, რომ ჯერ არ გიპოვიათ, არ დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ. ეძებეთ, ეძებეთ!“

სტივ ჯობსი გუშინ გარდაიცვალა. მასზე ჯერ კიდევ ბევრი რამ ითქმება და დაიწერება. ერთი რამ, ვფიქრობ, უდაოა: ეს იყო ადამიანი, რომელმაც ტექნოლოგიურ პროგრესს და კაცობრიობის უახლეს ისტორიას მნიშვნელოვანი კვალი დაატყო. „დასასრულზე ნუ წუხხართ. გაიღიმეთ. გაიხარეთ იმით, რომ ის არსებობდა“ – თქვა გუშინ მისმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა.

ასე რომ გაიღიმეთ და ეძებეთ, თუკი ჯერ არ გიპოვიათ. ეძებეთ საქმე, რომელიც გიყვართ და ადამიანი, რომელიც გეყვარებათ.

მწვანე ბარათი

Posted September 23rd, 2011 at 10:17 pm (UTC+0)
53 comments

როგორც დაგპირდით, „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ბიუროს თანამშრომლებს შეხვდა, ვისაც „მწვანე ბარათის“ გათამაშების ადმინისტრირება ევალება. თქვენს შეკითხვებს საკონსულო საქმეთა ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი -რებეკა დოდსი- პასუხობს. ინტერვიუს ტელე-ვერსია ამ პუბლიკაციის ბოლოს არის განთავსებული.

მოკლე განმარტება მათთვის, ვინც არ იცის, თუ რაზეა საუბარი: ამერიკის კონგრესის განჩინებით 50 ათას უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყოველწლიურად შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლება ენიჭება. მათი შერჩევა სპეციალური ლატარიის გათამაშების შედეგად ხდება, რომელსაც ოფიციალურად Diversity Visa (DV) Lottery ჰქვია. ხალხში კი მას  Green Card,  ანუ „მწვანე ბარათს“ ეძახიან.

საქართველოს მოქალაქეებს ამ გათამაშებაში მოგებათა განსაზღვრული ლიმიტი აქვთ. ის ყოველწლიურად სხვადასხვაა, ვინაიდან კანონმდებლობა  მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებით პერიოდულად იცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო ცდილობს სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტთა რაოდენობა დააბალანსოს და ამით მრავალფეროვნება და სამართლიანობა მაქსიმალურად დაიცვას.

ასე მაგალითად, მონაწილე ქვეყნების წლევანდელ სიას გამოაკლდა ბანგლადეში, რადგან ამ ქვეყნიდან იმიგრანტთა რაოდენობა ამერიკაში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. სამაგიეროდ  დაემატა პოლონეთი, რომელიც იმავე მიზეზით დისკვალიფიცირებული იყო და კიდევ, სრულიად ახალი ქვეყანა -სამხრეთ სუდანი.

უკანასკნელი 5 წლის მონაცემებით წელიწადში საშუალოდ 628 ერთეული საქართველოს მოქალაქე იგებს შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლებას. აქ არ იგულისხმება მათი ოჯახის ის წევრები, რომლთაც ასევე ენიჭებათ იმიგრაციის უფლება. მოგების ალბათობა პერიოდულად იცვლება.  ბოლო 5 წლის მონაცემებით გათამაშებაში წელიწადში საშუალოდ 17824 საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს. 2009 წელს 16197 ადამიანიდან 516-მა მოიგო. 2012 წლის გათამაშებაში კი, ანუ უკანასკნელ ლატარიაში, 23024 ადამიანიდან 618-ს გაუმართლა.

გადავიდეთ უშუალოდ გათამაშების ვადებზე და წესებზე. დავიწყოთ ყველაზე მთავარი ინფორმაციით: ჭორები „მწვანე ბარათის“ ლატარიის გაუქმებაზე უსაფუძვლო აღმოჩნდა. მონაწილეობის მსურველებს 2011 წლის 4 ოქტომბრიდან ინტერნეტზე საკუთარი მონაცემების შეყვანა შეუძლიათ. ეცადეთ, არ დაიგვიანოთ. 2013 წლის „მწვანე ბარათის“ მოსაგებად საბუთების შევსება საკმაოდ მკაცრი ვადით არის განსაზღვრული: მხოლოდ 4 ოქტომბრის შუადღის 12 საათიდან – 5 ნოემბრის 12 საათამდე შეგიძლიათ საბუთების ინტერნეტზე შევსება (იგულისხმება ვაშინგტონის დრო).

ეს გახლავთ ოფიციალური ინტერნეტ-მისამართი, ყველაზე სანდო და უტყუარი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურომ მოგვაწოდა და მათი უშუალო ზედამხედველობით მუშაობს. აქ იხილავთ ოფიციალურ ინსტრუქციებს და იმ მთავარ გვერდს, რომელზეც საბუთების შევსება წარმოებს: http://travel.state.gov/visa/immigrants/types/types_1318.html

რებეკა დოდსმა გვთხოვა თქვენთვის აუცილებლად გადმოგვეცა, რომ ლატარიაში მონაწილეობა სრულებით უფასოა. სანამ არ მოიგებთ და საკონსულოში გასაუბრებაზე არ გამოგიძახებენ, საბუთების შევსების პროცესში არც ერთი თეთრი არ უნდა დაგეხარჯოთ. ქალბატონი დოდსი გირჩევთ დახმარებისთვის არავის მიმართოთ და თვითონ ეცადოთ შეიყვანოთ ინტერნეტზე საკუთარი მონაცემები. ამისთვის იმ ვებ-გვერდზე, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გაწვდით, არის ინსტრუქციების რუსული ვარიანტიც, იმათთვის, ვინც რუსული ინგლისურ ენაზე უკეთ იცის.

როგორც ჩვენი მსმენელები გვატყობინებენ, საქართველოში რამდენიმე კომპანია მოქმედებს, რომლებიც გარკვეული საზღაურის საფასურად „მწვანე ბარათის“ მოგების მსურველებს ლატარიაში მონაწილეობის მიღებაში ეხმარებიან. ზოგიერთი მათგანი ერთჯერად ფიქსირებულ თანხას ითხოვს, ზოგიც-ყოველთვიურ გადასახადს. ისეთებიც არიან, ვინც 4-წლიანი ვადით პირდება გათამაშებაში მონაწილეობას. ერთ-ერთი მსმენელის შეკითხვა ასეთი იყო: არის თუ არა საქართველოში კომპანია, რომელიც უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობს და მათი აკრედიტაციით მოქმედებს. ქალბატონი დოდსის პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო: არა!

„სახელმწიფო დეპარტამენტი არცერთ კომპანიას მსგავს უფლებებს არ ანიჭებს. ვცდილობთ პროცედურა რაც შეიძლება გავამარტივოთ. მსურველებს დაბეჯითებით ვურჩევთ თვითონ შეავსონ საბუთები და არ გამოიყენონ სხვისი დახმარება. ამით ისინი შეცდომებსაც თავიდან აიცილებენ. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება, რადგან საბუთების შევსებისას დაშვებული უზუსტობის გამო ძალიან ხშირია მოგებულთა დისკვალიფიკაციის შემთხვევები“.

საბუთების კერძო ფირმაში შევსების შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტი  გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ თქვენი სახელი გათამაშების სიაშია მოხვედრილი. მაგრამ თუკი ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეავსებთ საბუთებს, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რომ ლატარიაში მონაწილეობთ. ქალბატონი დოდსი ასევე გვაფრთხილებს ელექტრონული თუ ტრადიციული ფოსტით მიღებული ყალბი შეტყობინებების შესახებ.  ჩვენ წერილებს არ ვაგზავნით, თქვენ უნდა შემოხვიდეთ ინტერნეტში და ჩვენს გვერდზე შეამოწმოთ, მოიგო თუ არა თქვენმა ნომერმა, ამბობს ის.

„მოგებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სად შეავსებთ საბუთებს, ამერიკაში, თუ საქართველოში. შეიძლება  მუშაობთ ან სწავლობთ საბერძნეთში, ან იტალიაში. მთავარია მხოლოდ ის, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ. ოღონდ მათ, ვინც ამერიკის სავიზო რეჟიმი დაარღვია და იქ კანონგარეშე ცხოვრობს, შესაძლოა მოგების შემთხვევაში შეერთებულ შტატებში ცხოვრების უფლებაზე უარი განუცხადონ“.

ქალბატონი დოდსი გვირჩევს იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ინტერნეტ  ექსპლორერის ვერსია იყოს აუცილებლად 6.0 ან 7.0, რათა ელემენტარულად საბუთების შევსების საშუალება მოგვეცეს.  მისი თქმით წლევანდელი, ანუ 2013 წლისთვის „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მოგებულ ქართველთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. სავარაუდოდ ის დაახლოებით იმდენივე იქნება, რაც უკანასკნელი 5 წლის საშუალო მაჩვენებელი გახლდათ. ამის მიუხედავად მინდა ყველა მონაწილეს წარმატება და იღბალი გისურვოთ,  ამბობს ქალბატონი დოდსი ინტერვიუს დასასრულს, რადგან თქვენ იღბალი უსათუოდ გამოგადგებათ!

ყურადღება: ეს ბლოგი დახურულია

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მთელი ინფორმაცია, რითაც 2014 წლის ოქტომბერში მიმდინარე 2016 წლის მოგებულთა გათამაშებაში მონაწილეობისთვის ინფორმაციით დახმარება შეგვიძლია:

გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ ბმულზე შეიძლება უფასოდ შევსება: https://www.dvlottery.state.gov/application.aspx

ინსტრუქციები ინგლისურად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_English.pdf

ინსტრუქციები რუსულად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_Russian.pdf

ფოტოს შემოწმება: https://www.dvlottery.state.gov/photo.aspx

დამატებითი ზოგადი და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც 2014 წლის 2 ოქტომბერს  „თავისუფლების“ ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ: http://www.radiotavisupleba.ge/content/green-card-2015/26617852.html

 

“მწვანე ბარათის” მორიგი გათამაშება

Posted September 13th, 2011 at 5:51 pm (UTC+0)
304 comments

ველით თქვენს შეკითხვებს!

“ამერიკის ხმა” რამდენიმე დღეში სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ბიუროს წარმომადგენლებს ხვდება, რომელთაც “მწვანე ბარათის” გათამაშების ადმინისტრირება ევალებათ.
შეგიძლიათ შეკითხვები ამ განაცხადის ქვეშ მოათავსოთ. გპირდებით, არცერთი მათგანი უყურადღებოდ არ დარჩება. თითოეულ კითხვაზე სანდო და კვალიფიციურ პასუხს მიიღებთ. მასალა სრულად 24 სექტემბერს გამოქვეყნდება. ასე რომ ნუ დააყოვნებთ, იჩქარეთ! თქვენს შეკითხვებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო უპასუხებს.

ყურადღება: ეს ბლოგი დახურულია

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მთელი ინფორმაცია, რითაც 2014 წლის ოქტომბერში მიმდინარე 2016 წლის მოგებულთა გათამაშებაში მონაწილეობისთვის ინფორმაციით დახმარება შეგვიძლია:

გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ ბმულზე შეიძლება უფასოდ შევსება: https://www.dvlottery.state.gov/application.aspx

ინსტრუქციები ინგლისურად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_English.pdf

ინსტრუქციები რუსულად: http://travel.state.gov/content/dam/visas/DV-2016-Instructions-Translations/DV_2016_Instructions_Russian.pdf

ფოტოს შემოწმება: https://www.dvlottery.state.gov/photo.aspx

დამატებითი ზოგადი და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც 2014 წლის 2 ოქტომბერს  „თავისუფლების“ ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ: http://www.radiotavisupleba.ge/content/green-card-2015/26617852.html

 

 

სინეტიკის ახალი სეზონი

Posted September 10th, 2011 at 4:36 pm (UTC+0)
2 comments

პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ ვაშინგტონში დაარსებული სინეტიკის თეატრი მე-11 სეზონს ხსნის

„უსიტყვო შექსპირი“ – ამ სახელწოდებით თეატრი 14 სექტემბრიდან 23 დეკემბრამდე შექსპირის ფესტივალს მართავს. „მაკბეტის“,  „ოტელოს“ და „რომეო და ჯულიეტას“ რეტროსპექტული წარმოდგენა კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ამერიკის დედაქალაქის ბინადართ და მის სტუმრებს. ამ სამ სპექტაკლს 26 ნომინაცია და 10 ჰელენ ჰეიზის პრესტიჟული თეატრალური ჯილდო აქვს მოპოვებული. სამივეში პაატა ციქურიშვილმა საუკეთესო რეჟისორის პრიზი აიღო. დანარჩენ ჯილდოებს შორისაა მსახიობთა საუკეთესო ანსამბლი, საუკეთესო ქორეოგრაფია, კოსტუმების დიზაინი, ხმის დიზაინი და სხვა მრავალი.

თეატრი 2012 წლის დასაწყისიდან კიდევ რამდენიმე ახალ პროექტს შესთავაზებს  მაყურებელს. ლანსბურგის შექსპირის თეატრში ნაჩვენები იქნება პაატას „ჭირვეულის მორჯულება“. შემდეგ თეატრის წიაღშივე აღზრდილი მსახიობი და რეჟისორის ასისტენტი -ბენ კუნისი-  წარმოადგენს რეჟისორულ დებიუტს „გენეზისი“.  მოგვიანებით თეატრი პრაღის ერთ-ერთ არატრადიციულ თეატრალურ დასს უმასპინძლებს, რომელიც ჩამოიტანს ტრილოგიას,  სახელწოდებით -„ნათება ბნელში“. სეზონის დახურვისთვის კი პაატა საინტერესო პროექტს გეგმავს, რომლის შესახებაც ის თავად მოგვითხრობს:

Photo of Graeme Shaw

 

„ძალიან მინდა „ჯარისკაცის მამა“ დავდგა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან ფილმის ავტორებთან მოლაპარაკების სტადიაში ვიმყოფებით. თანამედროვე ვარიანტი ასე წარმომიდგენია: ქართულ ოჯახი კალიფორნიაში მკვიდრდება და იქ საკუთარ ვენახს გააშენებს. მოულოდნელად შვილი აცხადებს, რომ ომში მიდის. მამა წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ვერაფერს გახდება.

ვისაც პაატას სპექტაკლები უნახავს, ისიც იცის, რომ იმპროვიზაცია მისთვის პანაცეა არ არის. ინტერპრეტაცია უმეტესად კარგად გააზრებული და დახვეწილი გემოვნებით გადმოცემული პატარა შტრიხია, რომელიც ნაწარმოების დიდებულებას კიდევ უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს. ასეთი იყო ფრესტონი, სრულიად ახალი პერსონაჟი სერვანტესის „დონ კიხოტში“.  სპექტაკლში  ლამანჩელი იდალგო ტრადიციული ქარის წისქვილების ნაცვლად ფრესტონს ერკინება, რომელშიც თავად ბოროტებაა განსხეულებული.  მრავალი ორთაბრძოლის შემდეგ დონ კიხოტი ხვდება, რომ ფრესტონი მისივე სხეულში და სულში ბუდობს, რომ ბოროტება ჯერ საკუთარ თავში უნდა ეძებოს და დაამარცხოს. მაყურებელთა და კრიტიკოსთა ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა „მეფე ლირის“ პაატასეულმა გააზრებამ. მესამე ქალიშვილის ნაცვლად სპექტაკლში ლირს არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის ვაჟი ჰყავს, რომელსაც ამპარტავანი მონარქი სწორედ მისი გამორჩეულობის გამო ჰკრავს ხელს.

*   *   *

სინეტიკის თეატრი პაატა და ირინას შემოქმედებითი ფანტაზიის პირმშოა. ყველაფერი 1997 წელს ამერიკაში მათი გადმოსვლით დაიწყო. სრულიად ახალი თეატრის კონცეფციის დამკვიდრება  წყვილმა ხელოვნების სხვადასხვა დარგის და რამდენიმე თეატრალური ჟანრის სინთეზის საშუალებით შეძლო.

სინეტიკის დებიუტი 2002 წელს შედგა. პირველივე სპექტაკლში თეატრმა ჰელენ ჰეიზის 3 პრიზი მოიპოვა. ოღონდ, აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სინეტიკის წარმოდგენებს ყოველწლიურად ვაშინგტონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი  90-მდე პროფესიონალური თეატრალური დასი უწევს კონკურენციას.

Photo of Graeme Shaw

 

 

პაატასთვის თეატრი ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა- ამბობს ირინა. „ჩათვალეთ, რომ ტრადიციული ქმარი არ ვიცი რა არის. სიმართლე გითხრათ, არც ის  ვიცი, რა ქვია ჩვენს ურთიერთობას. თეატრია ყველგან, სახლი იქნება ეს, მანქანა, რესტორანი, თუ სამსახური. მოგზაურობაშიც კი არ მაქვს შესვენების საშუალება. ჩვენ თეატრში ვცხოვრობთ 24 საათის განმავლობაში, შინ და გარეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებთ, ვჭამთ, ფილმს ვუყურებთ, სარდაფში რემონტს ვაკეთებთ – საუბრის თემა ყოველთვის  და ყველგან თეატრია. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან თეატრი უზომოდ მიყვარს“.

თავად ირინას, როგორც სინეტიკის ქორეოგრაფს და მსახიობს, ჰელენ ჰეიზის 30 ნომინაცია და 10 პრიზი აქვს მოპოვებული. მათ შორის წლის საუკეთესო ქორეოგრაფის 7 ჯილდოა. ირინა პერიოდულად ჯორჯთაუნის და ამერიკის უნივერსიტეტებში მიწვეულ ქორეოგრაფად მუშაობს და წლის განმავლობაში ინტენსიურ თრეინინგებსაც ატარებს.

თეატრში პაატა და ირინასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქართველი ხელოვანია დასაქმებული. მათ შორის არიან დასის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი -ირაკლი კავსაძე და კომპოზიტორი -კონსტანტინე ლორთქიფანიძე. რამდენიმე სპექტაკლის მხატვრული გაფორმება სახელოვან ქართველ ხელოვანს, გიორგი ალექსი-მესხიშვილს,  ეკუთვნის. ზოგიერთ სპექტაკლში კი ცნობილი კომპოზიტორის -გია ყანჩელის- მუსიკაა გამოყენებული, რისთვისაც პაატა მათ დიდ მადლობას უხდის.

ვაშინგტონის ყოველკვირეულმა გაზეთმა „Metro Weekly” სინეტიკის შესახებ ერთხელ თქვა: „ეს არის თეატრი, რომელიც ადამიანის სულს წვდება და აფორიაქებს“. ალბათ მართლაც ძალიან  ძნელია ამ თეატრიდან გამოსული გულგრილი მაყურებლის მოძებნა, რა ასაკის და რა ინტერესებისაც არ უნდა იყოს ის.

წარმატებული სეზონი ვუსურვოთ სინეტიკის თეატრს და ქართველ მაყურებელს კი – მალე ენახოს სინეტიკის საგასტროლო სპექტაკლები საქართველოს წამყვან თეატრალურ სცენებზე.

*   *   *

 

 

 

 

ლედიგ ჰაუზი ქართველ პოეტს მასპინძლობს

Posted August 24th, 2011 at 3:44 pm (UTC+0)
Leave a comment

ნიუ იორკის შტატში მდებარე პატარა ქალაქი -ომი- ლიტერატურულ წრეებში ლედიგ ჰაუზითაა ცნობილი. ლიტერატორთა სახლი სპეციალური შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის პოეტს, მწერალს და თარჯიმანს მასპინძლობს. მყუდრო, მთიანი სოფლით გარემოცული კერძო სასტუმროს ტიპის ვილა მათ რამდენიმე კვირით სიმშვიდეში მუშაობას და პერიოდულად ამერიკელ გამომცემლებთან, რედაქტორებთან და აგენტებთან  შეხვედრას სთავაზობს. ქალაქ ნიუ იორკის ყოველწლიური პოეზიის ფესტივალი კი პოეტებს და მწერლებს მკითხველებთან უშუალო კონტაქტის დამყარებაში ეხმარება.

წელს „ლედიგ ჰაუზის“ პროგრამაში დავით დეფი, ქართველი პოეტი და რომანისტი  მოხვდა.  მისი მოთხრობა  სახელწოდებით -„დასასრულამდე“-  ევროპის საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებთა ალმანახში შევიდა, რომელიც ამერიკაში შემოდგომაზე, ნოემბერში გამოიცემა. ჩვენ საშუალება გვქონდა დეფს ტელეფონით გავსაუბრებოდით და მისი ამერიკული შთაბეჭდილებები მოგვესმინა.

დათო, დილას განსაკუთრებული როლი აქვს შენს პოეზიაში. თუ არ ვცდები, ის შენს ფსევდონიმშიცაა.

„დილას ვაღმერთებ, ვენდობი დილას.
დილა მშვიდია,დილა შიშველი.
ცა ინათლება ნარინჯ ადგილას,
როგორც გასხლტება ნისლებში შველი”.

დილა ჩემთვის ყველაზე ინტიმური და მისტიური განცდაა. ჩემი სახელიც, დაფიონიდან წარმოებული, სწორედ დილის ცის სიმბოლოა. მე პოეტურ შთაგონებას  რიჟრაჟზე ვიღებ. დილა საწყისის, სიახლის სიმბოლოა და ყოველი ახალი დღე არის ჩემთვის ახალი შანსი უკეთესი გავხდე. დილაა ახალი გამარჯვება, ახალი გამძლეობა, ახალი იმედი, ახალი ნიჭიერება, ახალი სიტყვა, ახალი სიყვარული, ახალი პაემანი…

როგორ მოხვდი ნიუ იორკში?

მოხდა ისე, რომ გავიმარჯვე საერთაშორისო პროექტში, რომელმაც საშუალება მომცა 7 კვირა  მეცხოვრა „ლედიგ ჰუზში“. ეს  ყველა პოეტის და მწერლისთვის საოცნებო ადგილია. ლიტერატორთა  დიდი სახლი ამ თავისუფალ ქვეყანაში სწორედ თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობისთვის დაარსდა და მისი ფუნქცია ხელოვანი ხალხის გამომცემლებთან, ბიზნესმენებთან დაკავშირება, ასე ვთქვათ, მათთვის ერთგვარი წარმატების მიცემის შანსია.

იქნებ მოკლედ მოგვიყვე იმ მოთხრობის შესახებ, რომელიც  ევროპის საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებთა ალმანახში შევიდა?

მოთხრობა „დასასრულამდე“ არის ერთი კაცის ამბავი, რომელიც ომის დროს დასახვრეტად კედელთანაა მიყენებული. სიკვდილამდე დარჩენილი ერთი წამი მისთვის მთელი ცხოვრებაა და მთელ მის არსს, სულს, გონებას, ხასიათს გამოხატავს.

დათო, როგორც ვიცი, ნიუ იორკის პოეზიის ფესტივალშიც მიიღე მონაწილეობა.

ფესტივალს PEN World Voices ჰქვია. ის წელს მეშვიდედ ტარდება და პოეტებს და მწერლებს საკუთარ აუდიტორიას, მკითხველს, ახვედრებს. ნიუ იორკის სცენებზე პოეტები დისკუსიებში, სახალხო კითხვაში და წარმოდგენებში ვიღებდით მონაწილეობას. ჩემი პოეზიის საღამო ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის -ლორი ანდერსონის- კომპოზიციების ფონზე ლექსინგტონ ავენიუზე მდებარე ანტერბერგის პოეზიის ცენტრში გაიმართა. ფესტივალს ადგილობრივი მედიაც ფართოდ აშუქებდა.

* * *

თბილისში დაბრუნებამდე დეფი საკუთარი ინიციატივით ქალაქ ბალტიმორს ესტუმრა, რათა მისთვის გამორჩეულად საყვარელი შემოქმედის -ედგარ ალან პოსთვის- პატივი მიეგო. დეფიმ პოეტის საფლავზე ერთი ცალი ვარდი დადო და მისდამი მიძღვნილი ლექსი „მთვარის მზერისას რომ გამახსენდა“  წაიკითხა. ” ეს ერთგვარი აქცია იყო, რომელიც ამერიკასთან და ზოგადად პოეზიასთან ჩემს პირად დამოკიდებულებას ასახავს” – აღნიშნა მან ინტერვიუს დასასრულს.

ვაშინგტონის ფოლკ-ფესტივალი ქართული ღვინით

Posted August 15th, 2011 at 6:19 am (UTC+0)
Leave a comment

აუტანელი სიცხის მიუხედავად ვაშინგტონში სმითსონის ფოლკლორულ ფესტივალს მილიონამდე სტუმარი ეწვია.  ტრადიციას 45 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ საზაფხულო ფესტივალი ამერიკის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მას ერთი რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს. წელს კოლუმბიის მდიდარი კულტურული და ისტორიული ტრადიციები იყო ნაჩვენები. ფესტივალმა კიდევ ორი თემა წარმოადგინა: მუსიკალური ჟანრის -რიტმენბლუზის- ისტორია და მშვიდობის კორპუსის 50 წლის იუბილე.

ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი ქართული პავილიონი გახლდათ, რომელიც მშვიდობის კორპუსის მოხალისეს -ჯონი მაკრეის- ინიციატივით მომზადდა. ჯონი საქართველოში უკვე ორი წელია მსახურობს. მან გადაწყვიტა ქართული ღვინის დამზადების ტრადიცია გააცნოს ამერიკელებს.   ყვარლელი ლიკა უსეინაშვილიც დაიხმარა და ამერიკელებს დღეში რამდენიმე საათი ხინკლის დამზადებას და ღვინის დაწურვის პროცესს ასწავლიდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ასე ძალიან მიყვარს, არის ის მრავალფეროვნება, რომელიც მსოფლიოს ამ პატარა კუთხეში იყრის თავს. ყოველთვის მინდოდა ამერიკელებისთვის ეს სიყვარული გამეზიარებინა. მინდა ავუხსნა, რატომ არის ღვინო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი. როგორია ის, რით გამოირჩევა, რატომ არის პოპულარული?

ვცდილობ ყველას გავაგებინო, რომ ღვინის და საჭმლის მრავალფეროვნება შემთხვევითი არ არის. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. შესაბამისად მასში უამრავი კულურულ-ისტორიული თავისებურება იყრის თავს, რომელსაც ეს ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამყარო ატარებს ” (ჯონი მაკრეი).

შეკითხვებს ბოლო აღარ უჩანდა. “ამერიკელებს ყველაფერი აინტერესებთ, ღვინის შენახვის ტრადიციით დაწყებული, საქართველოში ვიზიტის ორგანიზებით დამთავრებული” – ამბობს ლიკა უსეინაშვილი.  ბავშვებს მაინც ყველაზე მეტად ყურძნის ჭყლეტის ტრადიცია მოეწონათ. ჯონმა მათთვის ყველა ზომის რეზინის მაღალყელიანი ჩექმა მოიტანა. ისინიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ღვინის დამზადების პროცესში და ყურძნის ჭყლეტით დიდად გაიხარეს.

სმითსონის ფესტივალში უამრავი ქვეყანა მონაწილეობდა. ქვემოთ წარმოდგენილ მცირე ფოტო-კოლაჟში ფესტივალის კიდევ რამდენიმე საინტერესო პავილიონს და ზოგიერთი კოლორიტული ქვეყნის ტრადიციებს იხილავთ.

 

 

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.