ორმოები

Posted May 30th, 2014 at 9:25 pm (UTC+0)
Leave a comment
სულ რაღაც ორ მეტრში რომ ხარ მიზნიდან, გგონია, დარჩენილი დისტანცია არაა რთული გადასალახი და ეს-ესაა ხელს შეახებ ფინიშის ნიშანს, ადგამ ნაბიჯებს, ადგამ და გზაზე ორმოები მატულობს. იმდენი ორმო გხვდება, ფეხის გადადგმა შეუძლებელია, მუხლები ვეღარ ამოგაქვს ამ ღრმულებიდან, რომლებიც თანდათან ივსება ტალახთ, შემდეგ ეს ტალახი იყინება, მაგრამ არა იმდენად, რომ ფეხის დადგმას გაუძლოს და ისევ და ისევ ამ ორმოებში ვარდები. მიზანი თითქოს ახლოსაა, ორი ხელის გაშვერის მანძილზე, მაგრამ აღარაა ძალა, რომელიც ამ მცირე მონაკვეთს გადაგალახვინებს – ეს კოშმარია.ეს კოშმარი სიზმარი რომ იყოს, ალბათ გავიღვიძებდი. თუმცა რეალურად ვხედავ უამრავ  ტალახითა და ყინულის თხელი ფენით დაფარულ ორმოს, რომელშიც ყველანი ერთად ვვარდებით, და ასე საკუთარი თავის ტანჯვით, გვემით, წამებით მივიწევთ მიზნისკენ, რომელიც ზუსტად ორ მეტრშია, მაგრამ რომლის მიღწევა უფრო და უფრო ძნელდება.ორმოები ყველგანაა, აფხაზეთშიც, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტის თავიდან მოცილება იმის გამო სურთ, რომ ის ეთნიკურ ქართველებს გალის ტერიტორიაზე ცხოვრების საშუალებას აძლევს. დე-ფაქტო ადმინისტრაცია აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის კონტორლს 100 პროცენტით არ ექვემდებარება. აფხაზეთში ნდობით აღჭურვილი ხელისუფლების უზღუნველყოფით რუსეთი ორ კურდღელს ერთდოულად დაიჭერს: გაიმყარებს პოზიციებს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გაურთულებს ცხოვრებას აფხაზეთში დარჩენილ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, ვინც საჭიროებს კონტაქტებს დანარჩენ საქართველოსთან. კრემლი მათ ორი ალტერნატივის წინაშე დააყენებს: დევნილის ხვედრი, ან უარი ენგურსგამოღმა კონტაქტებზე.

რუსეთის ფედერაცია თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებითან მიმართებით ქართველებთან იზოლირების პოლიტიკას გაცილებით პერსპექტიულად მიიჩნევს თავისი მიზნისთვის: გარანტირებულად აკონტოლოს პოსტ საბჭოთა სივრცე. თავის მხრივ, ეს მისი, როგორც გლობალური პოლიტიკური მოთამაშის ტაქტიკის შემადგენელია. ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ადამიანურ დონეზე იზოლაციის პოლიტიკას ადასტურებს როგორც მავთულხლართების მონტაჟი, რაც შიდა ქართლში ინტენსიურად ხორციელდება, ასევე უკანასკნელ პერიოდში მომზადებული ცვლილებები ახალგორის მაცხოვრებლებისთვის. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ახალგორი ის ერთადერთი პუნქტი იყო, სადაც მოსახლეობას შეეძლო გადაადგილება. ერთადერთ პირობას ამისთვის წარმოადგენდა ცნობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირი მართლაც, ახალგორის მკვიდრია: პირადობის მოწმობა და ეგრეთ წოდებული ფორმა #9, რომელიც გაიცემოდა დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ იმის დამადასტურებლად, რომ მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობდა ახალგორში. ამგვარი საბუთებით წეროვანის ჩასახლების დევნილები, რომელთა უმეტესობა სწორედ ახალგორიდანაა, ახერხებდნენ საკუთარ სახლში შესვლას და იქ დარჩენილი ოჯახის წევრების მონახულებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებას. დე-ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან შეცვლილი მოთხოვნების თანახმად, ახალგორში შესვლას ვეღარ შეძლებს ადგილობრივი, თუ მას არ ექნება ოსური პასპორტი. ადამიანებს, ვინც მის აღებაზე უარს ამბობენ, აწერინებენ ხელწერილს, იმის შესახებ, რომ თანახმაა სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. “რმგ” – მიაწერენ ანგარიშს რუსი ჩინოვნიკები ამ პროცესის წარმატებულად დამთავრების შემდეგ და გაგზავნიან კრემლში („რმგ” აბრევიატურაა და ნიშნავს: „რის მიღწევაც გვინდოდა“).

ორმოები ამით არ სრულდება. პროცესი გრძელდება, ეს არაა სიზმარი, რეალობაა, რომელთან გამკლავებაც უფრო და უფრო რთულდება, იმდენად, რომ ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს თვალი დახუჭოს, რომ არ დაინახოს. პროცესი გრძელდება არეულობით გარდაბანში. ტელევიზორის ეკრანებზე ჩანს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მოსახლეობა ერთმანეთს ეჩხუბება, კადრებში მოსჩანს ხელკეტები. პარალელურად, როგორც ყველა აზერბაიჯანელის, ისე ყველა ქართველის კომენტაში ისმის სიტყვები: “ეს არაა ეთნოკონფლიქტი, მხოლოდ ვიღაცას უნდა ასე გამოჩნდეს”.

ჰომოფობიის ორმოებიც უამრავია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მისი გვერდი ავლა, უბრალოდ შეუძლებელია, მისიდან ამოსვლა კი არადამაჯერებელი. დაახლოებით ასეთი: ამოდიხარ, მაგრამ მაინც თითქოს იქ რჩები. ცალი ფეხით, ცალი ხელით, ერთი ფილტვით, სისხლის ხუთი მესამედით და რა თქმა უნდა, გენიტალიებით.

თავის გასატეხი ორმოები კიდევ ცალკეა. ისეთი, პრევენციულად თავი რომ გაიტეხო და სახელი გადაირჩინო, თუმცა ზოგჯერ ამ ორმოში ჩავარდნასაც მოხერხება უნდა. დღევანდელ ქართულ რეალობაში პრეზიდენტი და პრემიერი სატელევიზიო ეთერში არკვევს: ვინ უნდა იყოს ხელმომწერი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. მართალია, პრეზიდენტი ნაკლებად წარმოაჩენს თავს ამ დავის ინსპირატორად და უფრო ხშირად პრემიერის გუნდი აქტიურობს ამ მიმართულებით, მაგრამ დავა, რომლის თავიდან აცილება ან შეთანხმებისა და დიალოგის ფორმატში მოგვარება ვერ მოხერხდა, დავად რჩება. პირადად მე, ამ სახელისგამტეხ ორმოს, ისევ თავისგასატეხი ორმო მირჩევნია.

კოშმარი რეალობაში გრძელდება.

 

 

 

ღობეები ჩვენს გონებაში და დაკავებები, როგორც პოლიტიკა

Posted April 28th, 2014 at 9:32 pm (UTC+0)
Leave a comment

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მოტივით დაკავებები გახშირებულია. კვირაში სამჯერ მაინც ამგვარი ცნობები მედიის ახალ ამბებში ხვდება. რუსი მესაზღვრეები აკავებენ ეგრეთ წოდებული საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ბაღებში მუშაობენ, ჯონჯოლს კრეფენ ან შინაურ პირუტყვს მწყემსავენ.

საზღვრის პირას  (ამ ტერმინსაც შევეხებით მოგვიანებით) დაკავებებით, რაც რუსი მესაზღვრეები მიერ ხორციელდება, რუსეთის ფედერაცია რამდენიმე ხაზგასმულ მესიჯს გზავნის: მას სურს და სიამოვნებს ჩვეულებრივი, რიგითი, არასამხედრო, მშვიდობიანი მოქალაქეების გაწამება (ფაშიზმისადმი მიდრეკილება ამგვარადაც გამოვლინდება) , ცდილობს აღმართოს ბარიერები  ადამიანებს შორის და წარმოაჩინოს საკუთარი ყოვლისშემძლეობა.

უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ხურვალეთში დააკავეს ქალბატონები, რომლებიც საკუთარ მეურნეობაში იმყოფებოდნენ. მათგან ერთ-ერთი 70 წელს გადაცილებულია, მეორე კი ტუბერკულოზით დაავადებული. ასევე ორი მოქალაქე კლდისწყაროდან, რომლებიც ჯონჯოლს კრეფდნენ. რაზე მეტყველებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა? როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ადამიანთმოძულეობა, რაც რუსული პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს? ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ მიწის ნაკვეთებზე, აძოვებენ საქონელს ან კრეფენ ჯონჯოლს რომ დაკავებულნი არიან სარჩოს მოპოვებით და არ სურთ  ტერორი და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეს ყველამ ისედაც იცის. ამის მიუხედავად დაპატიმრებების პროცესი გრძელდება.

ცხინვალის ციხეში მოხვედრილი ადამიანი თუ რამდენიმე დღეში თავისუფლდება, მისი ოჯახი100-დან 300 ლარამდე თანხას იხდის დე-ფაქტო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. უცნობია, დე-ფაქტო ადმინისტრაციის ბიუჯეტის შემოსავლებში ეს თანხა პროცენტულად რა მაჩვენებლით გამოიხატება, თუმცა ფაქტია, რომ ოსურ ადმინისტრაციას დაკავებების ამ ეპოპეიდან სხვა არანაირი მოგება არ რჩება.

რაც შეეხება საზღვრებს, ზოგადად. რუსი მესაზღვრეების საქმიანობა, გარდა იმისა, რომ დააპატიმრონ მშვიდობიანი მოქალაქეები, ღობეების მშენებლობაცაა. ისინი ქართულ და ოსურ სოფლებს შორის ლითონის ღობეებს აშენებენ. რას ცვლის ღობეები ქართველებისა და ოსებისთვის? ეს რუსეთის ფედერაციის სურვილის ხორცშესხმა უფროა, როგორადაც სურს მას ხედავდეს ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, ოჯახებს, მეზობლებს: გაყოფილად, ცალკ-ცალკე. ღობეები მენტალური ცვლილებებისკენ მიმართული ღონისძიებებია. კონფლიქტის ზონაში ქართულ-ოსურ სოფლებს შორის 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგაც თანამშრომლობისა და თანადგომის არაერთი მაგალითი ყოფილა. რუსი შუამავლებისგან მალულად ქართველები და ოსები ერთმანეთის ქორწილშიც იღებენ მიწვევებს და მიდიან და გარდაცვლილის ჭირისუფალთანაც. ახლანდელი ღობეები და ვიდეო კამერები, რაც ხეებზეა დამონტაჟებული, რუსების თვალთაგან ფარულად მსგავს ადამიანურ კავშირებს კლავს. ღობეების მთელი „ფილოსოფიაც“ ისაა, რომ მეზობლებმა და ნათესავებმა ერთმანეთი დაივიწყონ და ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებში თანამონაწილეობის მოთხოვნა, შესაძლებლობის არქონიდან გამომდინარე, გაქრეს.

კონფლიქტის ზონაში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ადამიანური ურთიერთობების გაბმის რომ ყველაზე მეტად ეშინიათ რუსეთის ფედერაციაში, ამაზე, ღობეების პოლიტიკის გარდა, ისიც მეტყველებს,  რაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრების დროს ცხადად შეიძლება დაინახოს ნეიტრალურმა დამკვირვებელმა.

ერგნეთში კარავი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იდგმება. მხარეებს შეხვედრები სწორედ ამ კარავში აქვთ. ერგნეთში მხოლოდ ერთი კარავი იშლებოდა. წინა შეხვედრაზე კი სადამკვრვებლო მისიამ იმ ჟურნალისტებზეც იფიქრა, ვინც შეხვედრის გასაშუქებლად ერგნეთში მიდის. როგორც წესი, კომენტარები ორჯერ იწერება: პირველად ვიდრე შეხვედრა დაიწყება. მეორედ, შედეგების შესახებ. ასე რომ, მედიის წარმომადგენლებს ერგნეთში რამდენიმე საათის გატარება უწევთ. შეხვედრის დასრულებამდე ისინი ავტომანქანებში იცდიან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ თვენახევრის წინ ჟურნალისტებს მოსაცდელად თეთრი ფერის კარავი შესთავაზა,  გათბობით, ცხელი ყავით და ჩაით. ერთის ნაცვლად ერგნეთში ორი კარავი დაიდგა, ერთი ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მწარმოებელთათვის და მეორე – ჟურნალისტებისთვის. ამ ინიციატივამ ჩემი ნაცნობი ჟურნალისტები მოხიბლულები დატოვა. როგორც წესი, ინციდენტების პრევენციის მექანიზმების შეხვედრებს ოსი ჟურნალისტებიც აშუქებენ, შესაბამისად, ერგნეთში ისინიც ისევე იცდიან, როგორც ქართველი კოლეგები. ზამთარში და სუსხში, მათაც ისევე სცივათ და სიამოვნებით სვამენ ჩაისა და ყავას, როგორც ქართველი კოლეგები. ამის მიუხედავად, ოსი კოლეგები ჟურნალისტებისთვის მოწყობილ კარავში ვერ შევიდნენ.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართველი კოლეგების მიმართ მათ პრობლემა არ აქვთ. მათი პრობლემა ქართველ კოლეგებთან ურთიერთობის დემონსტრირებაა დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსი მესაზღვრეების წინაშე. ქართველ ჟურნალისტებთან ერთად კარავში ყოფნა და ჩაის სმა მეთვალყურე ხელისუფლებების წინაშე, შესაძლოა, მათ სამსახურის დაკარგვად დაუჯდომოდათ. ასე რომ, რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებული ლითონის ღობეების მიზანი მხოლოდ ტერიტორიების გაყოფა არაა. ეს ადამიანთა შორის ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს.

 

ეშმაკი დეტალებში

Posted April 2nd, 2014 at 5:56 pm (UTC+0)
Leave a comment

გაფართოების საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში. დღეს ვიმსჯელეთ ნატოს გაფართოების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ჩემი აზრით, ეს ყოველთვის უწყობდა ხელს ევროპაში მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას. საუბარი შეეხო ოთხი კანდიდატი ქვეყნის მზადყოფნის საკითხს და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ორი დღის წინ დასრულდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში და სწორედ ეს თემა იყო შეხვედრებზე აქტიური განხილვის საგანი. ჩვენი ამოცანაა, როგორ მოვამზადოთ ეს ქვეყნები წევრობისათვის, რათა გაფართოების შესახებ სტრატეგიული განხილვა კვლავ განახლდეს.“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში კესტუტის იანკაუსკასმა. – See more at: http://www.mod.gov.ge/index.php?newsid=2100#sthash.gwqoKGSV.dpuf

ეს გახლავთ ამონარიდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ცნობისა სათაურით „თავდაცვის კონფერენციაზე ნატოს გაფართოების საკითხი განიხილეს“. ეს არაა ერთადერთი განცხადება აღნიშნულ საკითხზე. ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილს გახდიდა იმას, რომ საქართველოს ნატოს წევრობის კანდიდატთა შორის რიგი ეკავა და პირველი და მეორე თუ არა, მესამე ან მეოთხე მაინც იყო სიაში, არაერთხელ გაჟღერებულა. საზოგადოების ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა იყოს საერთაშორისო თავდაცვით ღონისძიებების მონაწილეთა შორის, საკუთარ პოზიციას უმეტესწილად, მოკრძალებულად წარმოადგენს, რადგან ამ მოსაზრებას უპირისპირდება გაცილებით დიდი ჯილდოს პერსპექტივა: ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტქურტურებში. საქართველოში საზოგადოების ნაწილისთვის ეს ინტეგრაცია ყოველთვის კონკრეტული ფასით იზომება: ავღანეთში, ერაყში და ასე შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლით. ხოლო როდესაც საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილე საქართველოს მოქალაქე იღუპება და მას გადმოასვენებენ, დაკრძალვის ღონისძიებაზე ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება, რომ ის დაიღუპა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, რასაც დაღუპული მეომრის შვილი, ოჯახის წევრები, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები აიგივებენ დასავლურ ინსტიტუციებთან ინტეგრაციასთან. სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ობამას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა არ უნდა მოელოდეს ნატოს წევრობას უახლოეს მომავალში, საქართველოს მოქალაქეებისთვის იმედგამაცრუებლად გაისმა.

ერთი კვირის წინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ შემთხვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, არ დაფიქსირებულა ცივი ომის შემდგომ. ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განცხადება გააკეთა კიდეც და თქვა: “საგარეო უწყება აპირებს იმას, რომ შეახსენოს აბსოლუტურად ყველას, ვინც არ უნდა იყოს იგი, რომ საქართველო არის ევროპა და 21-ე საუკუნეში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შეილახა და მოხდა საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ეს მოხდა 2008 წელსაც. მას შემდეგ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და მისი ორი ნაწილი არის ასევე რუსეთის მიერ გამოცხადებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ასე, რომ ეს ალბათ გამორჩა ევროპარლამენტის პრეზიდენტს”.

საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ვითარება სახარბიელო ნალდვილად არაა, ამას ემატება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მიმართ წარმოებული ხისტი, ნაჩქარევი, არაპრაგმატული და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოვლად უსარგებლო კამპანიის წარმოება. როდესაც საქმე ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს და ყოფილ უმაღლეს წარმომადგენლებს ეხება, საქმისწარმოებისას ერთ-ერთი ობიექტურად მნიშვნელოვანი ფაქტორი პოლიტიკაცაა. მას შეიძლება  „დეტალი“ ვუწოდოთ, მაგრამ სათვალავში ჩასაგდებად რომ არ მივიჩნიოთ, ალბათ უფრო არაგონივრული იქნება, ვიდრე გონივრული.

საშინაო ვითარებას რაც შეეხება, გასულ  რამდენიმე დღეში ორმა პრობლემამ, რომელსაც გამოწვევას ვერ დავარქმევდი, თვალსაჩინოების მაღალი ხარიხსი აჩვენა. ერთი გახლავთ რუსეთის მხარდამჭერი აქცია, რასაც თბილისში ჰქონდა ადგილი (აქ კითხვები „რატომ“ ან „რისთვის“ აბსოლუტურად აზრსმოკლებულია, რადგან მთავარია შედეგი, რაც ამ შემთხვევაში აქციის სახით გვაქვს) და მეორე: დავა ხელისუფლებაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის  თაობაზე. მისი ეპითეტი იქნებოდა „ყოვლად ოდიოზური“, რომ არ ყოფილიყო სამარცხვინო. საჯარო სივრცეში მინისტრების მხრიდან გამოქმულმა მოსაზრებებმა აჩვენა, რომ მთავრობაში ადამიანებს სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი აქვთ. მინისტრები ამბობდნენ, რომ დოკუმენტზე მთავრობამ იმუშავა, ამდენად ხელშეკრულებაზე პრემიერ მინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი. მათ საერთოდ არ უფიქრიათ იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები არიან და ამგვარ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. არ უფიქრიათ არც იმის შესახებ, რომ საქართველო არაა ცალკ-ცალკე დაყოფილი მთავრობის საფეოდალოდ და პრეზიდენტის საფეოდალოდ.

დაბოლოს, მინდა ჩემი შიში გავამხილო. ეს დეჟავუს შიშია. ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება როგორ შებრუნდა  დასავლეთი ზურგით დამოუკიდებელი  საქართველოსგან მეოცე საუკუნის ოციან წლებში: დაუხურა ერთა ლიგის კარი და განუცხადა, რომ საქართველოს რუსეთის საშინაო საკითხია. მაგრამ, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს.

 

პრინციპის საკითხი

Posted December 6th, 2013 at 4:30 pm (UTC+0)
Leave a comment

nino niqozi 4

იმგვარი ფაქტების, შემთხვევების მოულოდნელი გამოჩენა, რომლებიც თავისი შინაარსით ოპტიმიზმს აღვივებს და ადამიანს იმედებით ავსებს, იშვიათია, მაგრამ არა არარსებული. ეს დაახლოებით იმგვარი გრძნობაა, გიორგი ლეონიძეს ნასახლარზე ამოსული ბროწეულის მიმართ რომ უჩნდება. როდესაც არ იცი საიდან, როგორ, მაგრამ სრულიად მოულოდნელ ადგილას სილამაზე ხელახლა, კანონზომიერების გასაიდუმლოებული რესურსით იბადება და ადამიანებს აოგნებს.

ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა შემთხვევა, რომელმაც ოპტიმიზმითა და სიკეთისადმი რწმენით აღმავსო და საოცრად დადებითი ენერგიით დამმუხტა.

Digimax A50 / KENOX Q2

2008 წლის სექტემბერში რუსული არმია ჯერ კიდევ გორთან იდგა. სოფლები, სადაც ახლა შესვლა და ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელია, იმ პერიოდში უკონტროლო იყო. ჟურნალისტური ჟინით აღვსილმა მაშინ გავრისკე და რუსული ჯარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფარულად შევედი. გადავიღე ფოტოები, საკუთარი თვალით ვიხილე ომის ჯერ კიდევ ცხელი ნარჩენები. ამ ყველაფრის თაობაზე ოდესმე, ალბათ, დავწერ, თუმცა ახლა ერთ კონკრეტულ შემთხვევას უნდა შევეხო. ცხინვალის საზღვართან, სოფელ ქვემო ნიქოზში ერთ-ერთი დაბომბილი შენობა დაწყებითი სკოლა აღმოჩნდა. თვალებს თუ დავხუჭავ, მაშინდელ ნიქოზში ამ ადგილას მყოფს თვალებში სიმწვანე მომდის. მწვანე ფერი სკოლის შიდა კედლები იყო, რომელიც გარედან ჩანდა. მწვანე იყო ბალახიც ეზოში იმ ადგილებზე, რაც სკოლის სახურავისა და კედლების, ხის ფანჯრებისა და კარების ნამსხვრევებს შორის ჩანდა. მწვანე ფერი იმ ქაოსსა და ნანგრევებში მძლავრ კონტრასტს ქმნიდა. ვხედავ აყირავებულ არითმეტიკულ თვალსაჩინოებას და დედაენის სახელმძღვანელოს ათვისებისთვის განკუთვნილი პოსტერების ნარჩენებს. არ მავიწყდება ხმაც, რაც ბალახზე დაყრილ, დამწვარი სახურავის თუნუქის ფირფიტებს ჰქონდა. ისინი თითქოს ქაღალდის იყვნენ, ფეხის ოდნავი შეხებითაც იფუშებოდნენ და მტვრად იქცეოდნენ. თუ შეიძლება სახელი ჰქონდეს სიჩუმის, მდუმარების ხმას, ეს სწორედ ისაა, რაც მიქოზში, დაბომბილი სკოლის ეზოში გამოიყოფოდა. მაგრამ ნიქოზის სკოლის ისტორია დანგრევით არ დასრულდა.

nino niqozi 3

ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკის საელჩოდან დაგვიკავშირდნენ და მიგვიწვიეს ქვემო ნიქოზში სკოლის საზეიმო გახსნაზე. ეს სწორედ ის სკოლაა, რომელიც 2008 წელს ომის შედეგად დაინგრა. ნიქოზში, რა თქმა უნდა, წავიდოდი.

დამხვდა ზამთრის პირი, მაგრამ ფანტასტიური სითბო და დანგრეულის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული შენობა, ცენტრალური გათბობით, ნორმალური საპირფარეშოებით და სწორედ ისე აღურჭურვილი საკლასო ოთახებით, რომელშიც კარგი სწავლის მეტი აღარაფერია საჭირო. აქ იყო ამერიკის ელჩი, ადგილობრივი ხელისუფლება და რაც მთავარია ნიქოზელები, ვინც ხუთი წელი მოთმინებით ელოდა სკოლის აშენებას და ვისაც შვილები მანამდე მეზობელი სოფლის სკოლაში დაჰყავდა. სასიხარულო კიდევ ის იყო, რომ ეს ყველაფერი ყოველგვარი პომპეზურობის, გულზე ხელის ბრაგუნისა და მტრების მოხსენების გარეშე გაკეთდა.

ნიქოზის სკოლაში მხოლოდ 36 ბავშვი ბავშვი ისწავლის ექვს კლასამდე. ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი ბევრმა ოჯახმა დატოვა, რადგან ომის შემდეგ აქ სკოლა აღარ ფუნქციონირებდა. აღდგენილი სკოლის მოსწავლეები, რომელთა ასაკი ხუთიდან თერთმეტ წლამდეა, უდიდესი მონდომებითა და სერიოზულობით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მისიას ღირსეულად წარმდგარიყვნენ სტუმრების წინაშე. სკოლის დირექციამ მათთვის უნიფორმები დაუკვეთა. შოტლანდიურ სტილზე კუბოკრული ქვედაბოლოები და ევროკავშირის დროშის ფერი ზედატანი გოგონებისთვის, შავი შარვლები და იგივენაირი მაისურები ბიჭებისთვის. საგანგებოდ ამ დღისთვის კი ბავშვებს თეთრი მაისურები ემოსათ ხელით მოხატული საქართველოსა და ამერიკის დროშებით.

Digimax A50 / KENOX Q2

სკოლის ფასადზე გამოკრული დაფა, რომელსაც ფარდა საზეიმოდ ჩამოხსნეს, იტყობინება, რომ ნიქოზში ეს სასწავლო დაწესებულება ამერიკელი ხალხის ფინანსური მხარდაჭერით აღდგა.

ხილვა იმისა, რომ ადამიანები, ვინც ომის კატასტროფა საკუთარ თავზე მიიღო და გადაიტანა, სრულიად გაცნობიერებულად და ბუნებრვივად გამოთქვამენ მზადყოფნას დარჩნენ ერთული იმ პრინციპების, იმ სურვილებისა, რა მიმართულებითაც ჯიუტად სვლასაც არც თუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის ვითარების მომწიფებაში, რაც 2008 წელს ომით დასრულდა, სიამაყით მავსებს. ჩემი სიამაყე იმ ბავშვების, მათი მშობლებისა და მეზობლების დამსახურებაა, ვინც კონფლქტის ზონაში ცხოვრობს, ვინც ურთულესი პირობების მიუხედავად, რომელსაც მე ვერ გავუძლებდი, მაინც არ ტოვებს ამ ადგილს და ვისაც ყველაზე მეტად უხარია იქ სკოლის გახსნა, რადგან ეს კიდევ უფრო გაუადვილებს ადგილზე დამაგრებას.

დღის მეორე ნახევარში ნიქოზში, როდესაც საზეიმო ღონისძიება დასრულდა და სტუმრები სახლებში დაბრუნდნენ, ნიქოზელები, რა თქმა უნდა ნიქოზში დარჩნენ, პირობით საზღვართან, რომელიც რუსეთში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ნებისმიერ წუთს შეიძლება გადაიღობოს, გადმოიწიოს. იმ საღამოს ბევრმა ნიქოზელმა, ტრადიციულად, ღვინით დალოცა სოფელში სკოლის აშენებაში წვლილის შემტანი ადამიანები..

ჩემი ცხოვრების პერიოდებში, როდესაც უიღბლო და ხელმოცარული შემთხვევები ერთმანეთზე მძივის ბურთულებივით აიკინძება, კისერზე ჩამომეკიდება და სასუნთქი მილების დავიწროვებას დამიწყებს, ჟანგბადის მოლეკულებს ჩემს სისხლამდე მისასვლელი გზები გადაკეტილი დაუხვდებათ. აი სწორედ მაშინ გავიხსენებ ნიქოზელების და ყველა ომგამოვლილი და გაუტეხელი ადამიანის ამბავს და ჩემს კისერზე შემოხვეული უიღბლობის მძივის გაწყვეტის ძალა მომეცემა.

 

 

 

რელიგია და დემოკრატია

Posted November 12th, 2013 at 1:24 am (UTC+0)
Leave a comment

რწმენა იმისა, რომ არსებობს რაღაც უდიდესი, უგონიერესი, რომელიც შემომქმედია სამყაროსი, ჩემში არსებობს. მჯერა, რომ შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ არსებობდეს. ისევე როგორც რადიოტალღები, მაგალითად, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად მაინც ვუყურებთ ტელევიზორს, ვსაუბრობთ მობილური ტელეფონით, ვსარგებლობთ ინტერნეტით და სულ ამ უხილავი რადიოტალღების არსებობის გამო. სხვა საკითხია, რა უნდა ვუყო მე ამ რწმენას? ვინ არის ღმერთი: ჩემი მეგობარი, რომელმაც კეთილი რჩევები უნდა მომცეს, გასაჭირსა და მხიარულებაში გვერდით დამიდგეს,  თუ ჩემი მბრძანებელი და ბატონი, რომელსაც გამუდმებით უნდა თაყვანი ვცე, წყალობა ვთხოვო და რომლისაც უნდა მეშინოდეს. პირადად მე, რა თქმა უნდა, მეგობრობაზე დამყარებული ურთიერთობა მირჩევნია, რადგან ეს შესაძლებლობას მაძლევს უფრო გახსნილი ვიყო, უფრო მეტად დაინტერესებული სიახლეების შემეცნებით, სწავლით, კრეატიულობისადმი მისწრაფებით. მეგობრულ ურთიერთოებებში ხომ უფრო მეტია მხიარულებაც და სარგებელიც.  ჩემი რელიგია ღმერთის მიმართ სხვაგვარ ურთიერთობას მთავაზობს და თან მეუბნება, რომ თუ ზუსტად არ დავიცავ მის მითითებებს, ვერ მივიღებ სიკეთეს ვერც სიცოცხლეში და ვერც სიკვდილის შემდეგ.

ის წინააღმდეგობები, კითხვები, რაც მე რელიგიურობის ამგვარ გამოვლინებასთან მაქვს, დაახლოებით, ასეთია: თუ ყველა ადამიანი ერთნაირად ღირებულია, რატომ ახდნენ მათ დიფერენციაციას სასულიერო პირები, ეთნიკურობიდან გამომდინარე? http://news.ge/ge/news/story/27475-meufe-iobi-es-ar-aris-chveulebrivi-archevnebi რატომ მიიჩნევენ, რომ ქალები უფრო დაბალ საფეხურზე დგანან, ვიდრე მამაკაცები, რატომ უნდა მიიჩნიო არასრულფასოვან ადამიანად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ადამიანია. რატომ უნდა დაგმო და რელიგიის მტრად გამოაცხადო, თუნდაც „ჰარი პოტერი“, რატომაა ეშმაკის მანქანა კომპიუტერი, რომლის დახმარებით უამრავი რამის შესწავლა შეიძლება და რატომ მოდის ყოველთვის წინააღმდეგობაში ახალი ტექნოლოგიები და ჩვენი რელიგია.  http://www.youtube.com/watch?v=QYAD_X7WQiA

შესაძლებელია რელიგიური ადამიანი იყოს დემოკრატიც ამავდროულად, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით? შესაძლებელია ამ ორი ბატონის მსახურება ერთდროულად, თუ უნდა დარჩე  ერთ მხარეს და მეორეზე პრეტენზია არ განაცხადო, იცხოვრო მხოლოდ ერთი მათგანის წესების მიხედვით.

მუდმივობა არც ერთს არ ახასიათებს, არც დემოკრატიას, არც რელიგიას. ორივე მათგანი განიცდის ცვლილებას დროთა განმავლობაში. დემოკრატიის ფორმები სულ უფრო და უფრო იხვეწება და ის დღეს სულაც აღარაა ძველბერძნული „ხალხის მმართველობა“, რადგან დროთა მანძილზე მან უმრავლესობის მმართველობის, შემდეგ კი უმრავლესობის ტირანიის სახე მიიღო.  დღეს–დღეობით დემოკრატიის ყველაზე წმინდა გაგება გულისხმობს მმართველობის ფორმას, რა დროსაც გარანტირებულად დაცულია ყველა ადამიანის უფლება მიუხედავად მისი რელიგიური, სოციალური, სექსუალური, პოლიტიკური, სქესობრივი, რასობრივი, ეთნიკური და სხვა ნებისმიერი განსხვავებულობისა.

რელიგიის ცვლილებას რაც შეეხება, მისი ტრანსფორმაცია უფრო მეტად კონსერვატიულობაზე პრეტენზიის თანხლებით მიმდინარეობს, რომელიც დროის მსვლელობასთან ერთად, უფრო და უფრო მძაფრდება. ზოგჯერ ღრმავდება იმდენადაც კი, რომ იკარგება, აღარ ჩანს ის პირველყოფილი საწყისი, უჩინარდება, სხვა თემებით გადაიფარება ის ბიძგი, ის მიზეზი, რამაც მისი ჩასახვა გამოიწვია. დროთა მანძილზე რელიგია იხუნძლება ათასი წესით, რომელსაც რელიგიის რიგითი მსახურები ქმნიან, ათასი დოგმით, რომლითაც, საბოლოო ჯამში ისეთი აბლაბუდა წარმოიქმნება, სადაც მოძრაობაც და აზროვნებაც შეუძლებელია.  გადაადგილების,  ქმნის, შემოქმედების უფლებაც კი რელიგიის მსახურის თანხმობითა და მისი ხელდასხმით უნდა გაიცეს.რელიგია ყველა წესს თავად გთავაზობს, განსხვავებით დემოკრატიისგან, რომელიც ადამიანს არ უზღუდავს არჩევანის თავისუფლებას.

დღევანდელ საქართველოში  დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ეკლესია, შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც წინააღმდეგობას უწევს. წინააღმდეგობას წარმოადგენს  მისი უძრაობა, უინიციატივობა, განსჯისა და მჯელობების არარსებობა, თუნდაც იმის შესახებ, თუ, რას წარმოადგენს დემოკრატია, გვჭირდება თუ არა ის და  გადის თუ არა გამყოფი ხაზი რელიგიურ და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის.

გულზე ხელის ბრაგუნი ფეხების ბაკუნის თანხლებით

Posted October 1st, 2013 at 8:44 am (UTC+0)
Leave a comment

ფასადურობა, ბუტაფორიულობა, ერთჯერად, მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი აქციები და სანახაობა – ეს ისაა, რაც ყოფილ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს არ მოსწონდათ.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მსხვერპლი მოძალადეს ემსგავსება დროთა განმავლობაში და იგივე თვისებებს ამჟღავნებს. ქართული ანდაზა ამბობს, რომ ერთად დაბმული ხარები (ამ შემთხვევაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლება და საზოგადოება) ერთმანეთს ემსგავსება. რუსული ანდაზა ამბობს, რომ ცუდი მაგალითი გადამდებია… ეს ჩამონათვალი იმის გამო მომყავს, რომ ერთის მხრივ, შესაძლოა განივრცოს და მეორეს მხრივ, შესაძლოა მე აღმოვჩნდე მცდარი ასოციაციების მქონე, რადგან მგონია, რომ ჩვენი ახლანდელი საზოგადოება ერთი-ერთზე იმეორებს ყოფილი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ ამ „იმიჯებს“, როდესაც ითხოვს და აწყობს დაუსრულებელ, არაფრისმაქნის აქციებს ხედავს რა რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებულ ღობეებს შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში.

რა სარგებლობა მოაქვს აქციებს?

აქციებს ის სარგებლობა მოაქვს, რომ საქართველოს სხვა ადგილებში (არა კონფლიქტის ზონაში) მაცხოვრებელ ადამიანებს გულს ფხანს. აძლევს შესაძლებლობას თქვან, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა აქციაში და გააპროტესტეს ოკუპაცია. ამის დამადასტურებლად სოციალურ ქსელებში ეს მოქალაქენი განათავსებენ ფოტოებს მავთულხლართებთან, რომელშიც დადგებიან მარტო ან მეგობრებთან ერთად ხელგადახვეულნი და გაიღიმებენ. ან, ტრანსფარანტით ხელში, რომელზეც იქნება წარწერა: ვგმობ ოკუპაციას, რუსო ჯარისკაცო, დატოვე საქართველო, ან რაიმე მსგავსი. აი, ეს სარგებლობა მოაქვს აქციას ამ შემთხვევაში.

აქციების პარალელურად დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მცოცავი ანექსიის შეწყვეტის მოთხოვნით. ჩვენის მხრივ, დავსძენთ, რომ უცნობია რამდენი მილიონი ხელმოწერა იმოქმედებს რუსეთს და შეწყვეტს აგრესიას.

რა უსარგებლობა მოაქვს აქციას?

ახლანდელი პროტესტი პირველ რიგში იმის გამოა უსარგებლო, რომ ეს მხოლოდ აღიზიანებს იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდაა დაზარალებული ოკუპაციით. რატომ არასდროს არ გამოდიან და აქციებს არ მართავენ ის ადამიანები, ვინც თუნდაც დიცსა და დვანში ცხოვრობენ? დამერწმუნეთ, მათ იციან აქციის ორგანიზაცია, ეს მე საკუთარი თვალით მინახავს საპარლამეტნო არჩევნების წინ. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ მსგავსი აქციები სრულებით ფუჭი და არაფრისმომცემია. გარდა იმისა, რომ ეს აქტივობა რუსი პოლიტიკოსებისთვის ან გამაღიზიანებელია და ან ირონიული, უსარგებლო კიდევ იმის გამოა, რომ დიდ პოლიტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, ოკუპაციის უშუალო  მსხვერპლთათვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არაა.

რა სარგებლობა მოაქვს აქციებს ევროკავშირის ოფისთან

ისინი, ვინც ოკუპაციის გასაპროტესტებლად კონფლიქტის ზონაში არ ჩადიან და ამჯობინებენ შეუერთდნენ აქციებს იმავე ქალაქში, სადაც ცხოვრობენ, ამას აკეთებენ ევროკავშირის ოფისის წინ. ჩვენთან რუსეთის საელჩო რომ ყოფილიყო, აქციები მის წინ გაიმართებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაკი რუსეთის საელჩო არაა, ამის გამო პროტესტის ადგილი ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაა, რადგან აქცია სადმე ხომ უნდა გაიმართოს?

რეალურად, რა ხდება შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში, ამის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აქვს, რომლის წარმომდგენლები ყოველდღიურად ადმინისტრაციულ საზღვარზე რამდენიმე საათს ატარებენ. ევროკავშირის ოფისის თანამშრომლებს უთხრა რაიმე ისეთი აქციით, რაც მათ არ იციან და რაც მათთვის სიახლე იქნებოდა, უბრალოდ გულუბრყვილობაა. გულუბრყვილობაა ფიქრი იმის თაობაზეც, რომ აქციები ევროკავშირის წარმომდგენლებს უბიძგებს გააკეთონ მეტი საერთაშორისო დიპლომატიაში, ვიდრე აკეთებდნენ აქამდე.

აბა, რა უნდა ვქნათ, აქციების გარეშე ხომ არ დავრჩებით?

აქციების გარეშე ცხოვრების წარმოდგენა ჩვენი საზოგადოებისთვის ნამდვილი შოკია. სარეველა, სახელწოდებით ფასადური სარგებლიანობა და მისი „იმიჯები“ ჩვენს პოლიტიკურ ყანაში მეტისმეტად ფესვგადგმულია.

ჩვენ არ ვინტერესდებით, რას აკეთებს ხელისუფლება დვანიდან აყრილი სამი ოჯახისთვის? სად და როგორ უნდა იცხოვრონ, რას სთავაზობს ხელისუფლება მათ?

არ ვინტერესდებით და შესაბამისად, არც ხელისუფლება გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, კონკრეტულად სად, რა ტერიტორიაზე გაივლის მავთულხლართები მომავალ თვეებში და რამდენი ადამიანის პირად საკუთრებას შეეხება. წესით, ამის თაობაზე ცნობები უნდა არსებობდეს, რადგან ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები ინფორმაციას ცვლიან და ცნობაც, რა საზღვრებს გულისხმობს რუსეთის ფედერაცია, როდესაც საუბრობს სამხრეთ ოსეთზე, უნდა არსებობდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, თუ არსებობს პოტენციურად აყრის რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები, წინასწარ აიყარონ და საცხოვრებელი დატოვონ, თუმცა მათი და საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება ამგვარი რისკების თაობაზე, ისევე როგორც მსჯელობა მათი მომავალი ბედის შესახებ, პრობლემის ხედვის გაცილებით ჯანსაღი კუთხე იქნებოდა, ვიდრე მხოლოდ აქციებზე ფიქრი.

ადამიანების ხმა და სახემლწიფოს სიჩუმე კონფლიქტის ზონაში

Posted September 11th, 2013 at 10:15 pm (UTC+0)
Leave a comment

შიდა ქართლში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სოფლებში, იქ, სადაც რუსი მესაზღვრეები ლითონის ღობეების მშენებლობას დღემდე აგრძელებენ, ომიდან ხუთი წლის შემდეგ, უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე, ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან. მოზარდებისთვის, რომლებიც ზაფხულის არდადეგებს ყოველწლიურად იმ ადგილას ატარებენ, სადაც ცხოვრობენ და რომელთა ყოველდღიურობაში ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს წარმოებული საომარი წვრთები და აფეთქებების ხმა ჩვეულებრივი მოვლენაა, გაეროს ბავშვთა კონვენციით დაცული უფლება გართობაზე ირეალურ ცნებას წარმოადგენს. ვითარებაში, როდესაც ამ მოზარდების მშობლები ყოველდღიურად შრომობენ არსებობისთვის და სადაც ხელისუფლების მიერ დაპირებული წყალი ჯერ კიდევ ფუფუნებად ითვლება, რაღაც კარგი მაინც ხდება, ცალკეული ადამიანების მონდომებისა და ინიციატივის ხარჯზე. ორი ასეთი კარგი ამბის შესახებ მინდა გიამბოთ.

სოფელი ერგნეთი ცხინვალს ესაზღვრება. ამ სოფელმა სახელი ათიოდე წლის წინ ცნობილი ბაზრობით განსაკუთრებით გაითქვა. მას საქართველოს ეკონომიკის შავ ხვრელად მოიხსენიებდა წინა ხელისუფლება, რომელმაც ბაზრობა უხეში ფორმებით ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურა. ერგნეთის ბაზრობას, ამ ხალხური შემოქმედების ნიმუშს, რომელიც მხოლოდ წმინდა წყლის ვაჭრობის კანონებს ემორჩილებოდა, კარი ღია ჰქონდა როგორც ქართული, ისე ოსური მხრიდან. აქ ვაჭრობდნენ ყველანაირი ვალუტით, დაწყებული ქართული ლარით და დასრულებული დოლარით თუ რუბლით. ქართველებსა და ოსებს შორის საქონელი ნისიადაც გაიცემოდა, ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე. დღეს ერგნეთში ომის დროს დაბომბილი სახლები და უწყლოდ გადამხმარი ხეხილია. სოფელში ერთი პატარა სკოლაა, სადაც წინა მოწვევის პარლამენტის წევრების ინიციატივით „ნატოს კუთხეა“ მოწყობილი. სწორედ ნატოს კუთხის ორგანიზების მიზეზით ორი წლის წინ თქვა უარი ცხინვალის ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიეღო შეხვედრებში, რომელიც ჟენევის ფორმატის ფარგლებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სახელით იმართებოდა. ქართული მხარე მაშინ იძულებული გახდა შეხვედრები დვანში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელში გადაეტანა. თუმცა დღეს-დღეობით ის ისევ ერგნეთში ეწყობა.

გორიდან ერგნეთში, ქართული პოლიციის საგუშაგომდე კარგად მოასფალტებული გზით, დაახლოებით 25 წუთში ჩახვალთ. საზღვრამდე ასიოდე მეტრის მოშორებით ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკია მოწყობილი ერთ ჩვეულებრივ სახლში. სკოლის ასაკის დაახლოებით 70 ბავშვი ამ ბანაკის ყოველდღიური ბენეფიციარია. დილით სახლებიდან ბანაკში მოდიან, სადაც დღე საუზმით იწყება. სადილამდე სხვადასხვა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას. ხატვა, ფერად ფურცლებზე მუშაობა, დიკოთეკების გამართვა – ეს ბანაკის ყოველდღიურობაა. ქალბატონი ლია ჩლაჩიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერგნეთის“ ხელმძღვანელია, რომლის მონდომებითა და ინიციატივით ომგამოვლილი ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს. დაფინანსების მოპოვება მსგავსი სოციალური პროექტებისთვის რთული საქმეა. ყოველწლიურად უამრავ პოტენციურ დონორს მიმართავს და ერგნეთში სხვადასხვა აქტივობების დასაფინანსებლად უამრავი წინააღმდეგობის დაძლევა უხდება. წელს ბანაკში ფსიქოლოგიც მუშაობს ბავშვებთან. ასევე ყოველდღიურად ტარდება ტრენინგები სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე, რაც მედიას, ადამიანის უფლებებს, განათლებას და სხვა, სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის საინტერესო თემატიკას ეხება. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი ურთიერთობისა და გართობის ერთადერთი შესაძლებლობაა. საღამოობით, გაგეგმილი დისკოთეკა მოულოდნელობისგან დაზღვეული ერგნეთში არასდროს არაა.

ქალბატონმა ლიამ საკუთარი ფეისბუქის სტატუსზე გუშინ ასეთი ტექსტი დაწერა:  ამ წუთასისვრიან,ისროდნენ წუხელავტომატის გაბმული ჯერი ჭრი ჰაერსისვრიან მხოლოდღამით,სიწყნარეს მხოლოდ ლიახვის შხუილ და სროლა არღვევსდღესაც ბანაკის დახურვისდროს ,როცა ბავშვები საქართველოს ჰინმს მღეროდნენრაღაც დამთხვევასავით თავზე უსულივერტმფრენი დაგვტრიალებდა.….“ სტატუსს მოჰყვა კითხვები იმის შესახებ, დაარღვიეს თუ არა რუსებმა საჰაერო სივრცე. იქვეა ქალბატონი ლიას პასუხი:  კი დაარღვიეს სააერო სივრცე,ფოტოაპარატმადააფიქსირ“. ქალბატონი ლიას სტატუსს გამოხმაურებები, რა თქმა უნდა მოჰყვა, მაგრამ ცხოვრება მორიგ მსგავს სტატუსამდე და მსგავს გამოხმაურებებამდე ისე ისე გაგრძელდება ერგნეთში, როგორც აქამდე. იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ ღმერთის იმედად ყოფნაზე შეხსენება მართალია არ სჭირდებათ, თუმცა მაინც მინდა რამდენიმე გამოხმაურება დავაკოპირო (უკაცრავად ბარბარიზმისთვის):

აღფრთოვანებული ვარ ქალბატონო ლია თქვენი სიმტკიით. შესაშური მიდგომა გაქვთმოვლენბზეღმრთმა დაგლოცოთ“;

 ლიაძალიან მაგარი ხარჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ თქვენთვისლოცვას ასეთ დროსუდიდესი ძალა აქვს“;

ლია, დიდ პატვს გცემთ,მეციხოვნ ქალბატონი ბრძანდებით,ბევრ მამაკაცს ჯობიხართ“;

ქალბატონო ლია, გარწმუნებთ, მარტო არ ხართ…!!!

ქალბატონი ლიასთვის არ ვიცი როგორ, მაგრამ პირადად ჩემთვის, ამგვარ ვითარებაში გამოხმაურებები იმის თაობაზე, რომ ბევრ მამაკაცს ვჯობივარ, მინისშნებები ლოცვის დაწყების სიკეთეებზე და განსაკუთრებით კი მარტო არყოფნის თაობაზე, ძალიან გამაღიზიანებელი იქნებოდა.

აი, რას წერს ქალბატონი იულია ხარაიშვილი, ორგანიზაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი, რომელიც ბანაკის ერთ-ერთი დონორია:

„მე დღეს ვნახე, როგორ უცებ გაჩუმდნენ ბავშვები, როდესაც მოისმინეს ამ ვერტმფრენის ხმა… ყოველ დღეამ ბავშვებს უწევს ასეთი ტრავმის მიღება – მეგობრებო, დღეს ჩემთვის საქართველო ზუსტად იქ არის, ამსოფლებს – ერგნეთს, ნიქოზს, კოშკს, დიცს და სხვა 35 სოფელს – ჩვენი ყოველდღიური დახმარებასჭირდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენს ბანაკში“.

რაც შეეხება მეორე ისტორიას, ეს ნიქოზში, ასევე ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში ხდება. ზაფხულის ბოლოს აქ, წელს უკვე მესამედ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. მისი ორგანიზატორი, სულით ხორცამდე შემომქმედი, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაიაა. ფესტივალის კვირის განმავლობაში ნიქოზში სრულიად ჯადოსნური ამბები ტრიალდება. ერთკვირიანი პროგრამა ძალიან დატვირთულია. ანიმაციური ფილმების ჩვენებები დღის პირველ ნაწილში იწყება და გვიანობამდე გრძელდება. აქ თავს უამრავი სტუმარი და მონაწილე იყრის სხვადასხვა ქვეყნიდან. რუმინელი, გერმანელი, ბულგარელი, რუსი, პოლონელი, ბელორუსელი ანიმატორები წელს ნიქოზს სტუმრობდნენ.

მეუფე ისაია ნიქოზში რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა. ომის დროს ნიქოზში მისივე აღდგენილი მეთერთმეტე საუკუნის საეპისკოპოზო რეზიდენცია როდესაც დაიბომბა და დაინგრა, იქ იყო. ხელახალი აღდგენის პროცესი 2008 წლის შემდეგ დაიწყო. ანიმაციის სტუდიის მოწყობისთვის საჭირო ტექნიკაც ხელახლა მიიღო საჩუქრად მეგობრებისგან. ახლა ნიქოზში ბავშვებისთვის არა მხოლოდ სტუდიაა, არამედ მუსიკისა და ინგლისურის გაკვეთილებიც ტარდება და განსაკუთრებული უნარებით გამორჩეულ მოსწავლეებსაც უყურადრებოდ არავინ ტოვს.

სოციალური ფონი ნიქოზშიც ისეთივე მძიმეა, როგორც ერგნეთში. თუმცა აქ ადგილობრივები არც არაჩვეულებრივი მუსიკის გარეშე ცხოვრობენ და არც საინტერესო გამოფენებს აკლდებიან, ანიმაციური ფილმების ფესტივალზე და უამრავ უცხოელ სტუმართან შეხვედრის შესაძლებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ნიქოზში ყველაფერი მეგობრობის წყალობით და სიყვარულის სახელით კეთდება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვარს დაახლეობით 60 ქართული სოფელი ესაზღვრება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციაც, რომლის ხელმომწერი საქართველო 1994 წლიდანაა და რომელიც ბავშვის განვითარებისა და გართობის უფლებას იცავს, ჩვენს რეალობაში სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილს სრულებითაც არ წარმოადგენს. ჩვენთან ეს მხოლოდ ცალკეული ადამიანების კეთილი ნებისა და ინიციატივის საქმეა. ქართულ პოტლიტიკაში მომავალი თაობების აღზრდა მოტივაციად ჯერ არ ქცეულა.

ლია ჩლაჩიძე მოსწავლეებთან ერთად

დასავლეთი VS ჩრდილოეთი

Posted September 3rd, 2013 at 1:12 am (UTC+0)
Leave a comment

საქართველომ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების მიმართ დამოკიდებულება რეფერენდუმის მეშვეობით უკვე გამოხატა. ის, რომ რუსეთს მისი სამხრეთ მეზობლის დასავლური ორიენტაცია მნიშვნელოვნად აღელვებს, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ „მშვიდობის იძულების“ „ოპერაციამ“ (რუსეთმა ასე უწოდა ომს) მორიგად დაადასტურა. სიტყვა „იძულება“ და ასოციაციები მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე (მახსოვს საბჭოთა ბავშვობიდან და ახლა გამოვიყენებ ამ გამოთქმას), ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევდა შეხვედრას, რომელიც პირველად მაინცდამაინც გორში, 2008 წლის ომით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქში 19 ივლისს გაიმართა. შეხვედრა არც ერთ ცენტრალურ ტელევიზიას არ გაუშუქებია. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. ალბათ ის შემთხვევაა, როდესაც ცუდშიც შეიძლება კარგის დანახვა და კარგში ცუდიც დევს. შეხვედრა ევრაზიული კავშირის იდეას ეხებოდა. ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოების“ სახელით, გორში გამართული შეხვედრის ინიციატორი გახლდათ. ყოფილი უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ასევე ევრაზიული კავშირის იდეის აქტიური მხარდამჭერია.

ევრაზიული კავშირის იდეა რუსეთში წარმოიშვა და მისი მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩამოყალიბდეს კავშირი ქვეყნებისა, რომლებსაც გააერთიანებს საერთო სტრატეგია და ეკონომიკური ინტერესები. გაერთიანებაში თანასწორუფლებიან სუბიექტებად მოიაზრებიან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით. ევრაზიული კავშირი, ამ იდეის ავტორებისთვის წარმოადგენს ერთგვარ საპირწონეს დასავლეთის წინაშე.

ალექსანდრ დუგინს, ევრაზიული მოძრაობის ერთ-ერთ სულისჩამდგმელს გორში გამართული შეხვედრის დროს სკაიპის მეშვეობით შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა და კითხვებისთვის ეპასუხა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ამ იდეის გაჟღერება ზოგადად, რადგან, როგორც თავად მიიჩნევს, ბაჰამის კუნძულებთან კავშირი რომ შემოგთავაზონ, ამას შეიძლება მოულოდნელობოდან გამომდინარე უარით უპასუხო, მაგრამ თუ თანდათანობით და გეგმაზომიერად ამ იდეას „შეგაჩვევენ“, შესაძლებელია, ეს უტოპიად სულაც არ მიიჩნიო. ამგვარი ანალოგია გამოიყენება ევრაზიულ კავშირთან მიმართებაშიც. დუგინის აზრით, მთავარია, ქართულ საზოგადოებას ეს იდეა ხშირად მიეწოდოს. მისი აზრით, სიხშირე იდეის მომხრეებს გაზრდის.

დუგინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, ექნებოდა თუ არა შესაძლებლობა  საკუთარი მოსაზრებები ასე თამამად წარმოედგინა ყოფილი ხელისუფლების პირობებში.  თუმცა აღშფოთებას გუშინდელი შეხვედრიდან გამოსული მონაწილეები, რიგითი მოქალაქეებიც ვერ ფარავდნენ იმის გამო, რომ რუსეთი სინამდვილეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველოს სულაც არ ჰპირდება. ორი ყველაზე სენსიტიური თემა, რითაც დღეს საუკეთესოდაა შესაძლებელი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება საქართველოში: რელიგია და ტერიტორიული მთლიანობა. დუგინის ევრაზიული იდეის საქართველოს ნაწილში მათ თავისი ღირსეული დატვირთვა აქვს. დუგინი ერთიან მართლმადიდებლურ სივრცეს მიიჩნევს ერების ყველაზე დიდ შემაკავშირებლად. ამ მიმართულებით საუბრისას მას იმდენად შორს შეუძლია წასვლა, რომ „ცივილიზაციებს შორის კონფლიქტისაც“ კი რთავს რიტორიკაში.  საუბარსაც ამით იწყებს: „ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივა იხილებოდეს ისეთ მშვენიერ მართლმადიდებულურ ქვეყანაში. მინდა გითხრათ ევრაზიული იდეის შესახებ, თუ რას ნიშნავს ის საქართველოსთვის და რუსეთისთვის. პირველი, რაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვავიწყდება, რომ რომ საქართველოც და რუსეთიც ვეკუთვნით ერთიან მართლმადიდებლურ ცივილიზაციას. ჩვენი იდენტობა მართლმადიდებლურია. და დღეს, როდესაც საუბარია ცივილიზაციებს შორის კონფლიქტზე, ჩვენ ვეკუთვნით ერთ კულტურულ-რელიგიური ისტორიის საწყისებს, ერთი და იმავე იდენტობას, ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ყველაფრისდა მიუხედავად. ჩვენს შორის ადრეც იყო კონფლიქტები, ქვეყნის შიდა დაპირისპირებები, გაუგებრობები, ომები და ათასი სხვა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ერთი ცივილიზაციის. რუსები, ქართველები, ბულგარელები, ბერძნები, რუმინელები, სერბები, უკრაინელები, ბელორუსები, ყველანი ვართ მართლმადიდებლები. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ევარაზიის კავშირი უნდა წარმოადგენდეს მართლმადიდებლურ ერთიანობას. და საქართველომაც სად, თუ არა ამ წიაღში უნდა ეძიოს საკუთარი მომავალი. რა საერთო აქვს ქართულ, მართლმადიდებლურ, ღრმა, მშვენიერ, ფანტასტიურ ცივილიზაციას დასავლურ ცივილიზაციასთან? სადაც ადგილი აქვს ქორწინების რღვევას, ლიბერალიზმს, ინდივიდუალიზმთან, სრულიად განსხვავებული კულტურების ერთობლიობასთან? ამავდროულად, რა კავშირი აქვს საქართველოს დოსტოევსკისთან, მართლმადიდებლობასთან, სულიერებაზე ღრმა ზრუნვასთან, სინდისიერებასთან. აი, ამასთან აქვს კავშირი საქართველოს. როგორც ჩვენი მწერლები თარგმნიდნენ თქვენს ლიტერატურას, ისე ქართველი მწერლები – რუსულ ლიტერატურას. ახლა რაც შეეხება ევრაზიულ კავშირსა: ეს კონკრეტული პროექტია და არა მხოლოდ აბსტრაქცია. ევრაზიული კავშირი წარმოადგენს ინტეგრაციის ინსტრუმენტს გაერთიანებისკენ ევრაზიული ქვეყნების ერთიანობის საფუძვლით. საქართველოს ადგილი მხოლოდ ევრაზიის კავშირშია გამონაკლისის გარეშე, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური, სტრატეგიული, ნამდვილად დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის პერსპექტივა მხოლოდ აქაა შესაძლებელი“-  ამბობს დუგინი.

რუსეთმა, რა თქმა უნდა იცის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომაც მნიშვნელოვანი დატვირთვა მასზე გადააქვს. ხაზს უსვამს რა, რომ სხვა ვერც ერთ შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება, ამატებს იმასაც, რომ უფრო მეტის, საქართველომ შესაძლოა ვერც შეინარჩუნოს არსებული საზღვრები, თუ არ მოიშლის ჯიუტობას და სანახევროდ მაინც უარს არ იტყვის დასავლურ ლიბერალიზმზე. ამასთან რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველოს სულაც არ ჰპირდება. უბრალოდ, მას სთავაზობს გაერთიანებას რუსეთის ქოლგის ქვეშ აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ისე, რომ დროთა მანძილზე საზღვრების საკითხი ნაკლებ მნიშვნელოვნად ჩაითვლება. ამასთან, მას არ ავიწყდება გამოხატოს, როგორ განიცდის და ღელავს რუსეთი იმის თაობაზე, რომ საქართველო აღმოჩნდა ომის მსხვერპლი და როგორ საფუძვლიანადაა დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობით. ციტატა დუგინის გამოსვლიდან:

„რუსეთის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი დემონსტრირებას იმისას, რომ მხოლოდ რუსეთი შეიძლება წარმოადგენდეს გარანტს პოსტ-კომუნისტური ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის. თუ რუსეთი ამბობს: „დიახ“ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოსტ-კომუნისტური ქვეყნის შესახებ, ამ შემთხვევაში, მათი ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებული და განმტკიცებულია. თუ რუსეთი ამბობს: „ჩემთვის სულ ერთია“, ან  „არა“, მაშინ ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა. ბევრმა, მათ შორის საქართველომ, ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ეს საშინელებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ განმტკიცდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და იდენტობა, აუცილებელია რუსეთთან თანამშრომლობა. რუსეთის გარეშე ეს შეუძლებელია. ის საზღვრებიც კი, რაც ახლა აქვს საქართველოს, ისინიც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ საქართველო კვლავ გააგრძელებს პრო დასავლურ და პრო ამერიკული ორიენტაციის მხარდაჭერას. ეს არაა შანტაჟი. ეს მხოლოდ ობიექტური რეალობაა. რუსეთი დაინტერესებულია, საქართველოს სახელმწიფოებრიობა იყოს ძლიერი და ერთიანი, მართლმადიდებლური იდენტობით, ამისთვის რუსეთი ყველაფერს აკეთებს. მაგრამ რა თქმა უნდა, საჭიროა ასევე ქართული მხარის კეთილი ნება. დაბოლოს იმის თქმა მინდა, რომ ევრაზიული კავშირი საქართველოსთვის არის შანსი დაიბრუნოს ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მე არ ვამბობ მაინცდამაინც, რომ ისინი შეუერთდეს საქართველოს. მოგეხსენებათ, რუსეთმა ცნო მათი დამოუკიდებლობა. მაგრამ ახლა ეს ქვეყნები საქართველოს მიმართ ხომ მტრულად არიან განწყობილნი? თუ ჩვენ დავიწყებთ საქართველოსთან ინტეგრაციულ პროცესებს, ეს ერთადერთი გზაა დაბრუნებისა აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ერთიან კულტურულ, გნებავთ სოციალურ ისტორიულ კონტექსტში. რადგან ქართველები ხომ გამოგდგებულები იყვნენ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან? ისინი იქ არ დაბრუნდებიან ვერც ძალით და ვერც სხვაგვარად, გარდა ინტეგრაციის გზისა ევრაზიულ კავშირში. აფხაზები და ოსები ამისთვის მზად არიან, ისინი ორიენტირებულები არიან მოსკოვზე. ახლა ჯერი საქართველოზეა. თუ საქართველოც მზად იქნება ამისთვის, თუნდაც მხოლოდ დაიწყებს გარკვეული ჟესტების დემონსტრირებას, მაგალითად ისეთის, როგორც ახლა თქვენ ამას აკეთებთ. თქვენ ხართ საქართველოს გადამრჩენები, რადგან ამ საკითხის აქტუალიზებას ახდენთ. თქვენ არა მხოლოდ მოსკოვის მხარდამჭერები ხართ, არამედ, თქვენ მოქმედებთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არაა მოსკოვის შეკვეთა. ევრაზიული კავშირი ეს საქართველოს ბედისწერაა. ეს იმ პრობლემების მოგვარების გზაა, რომელთა გადაჭრა სხვა ნებისმიერი საშუალებით შეუძლებელია. უნდა ითქვას ისიც, რომ მოსკოვისთვის, სინამდვილეში, თვით უაღრესად კრიტიკულ ვითარებაშიც კი საქართველოსთან ძალმომრეობის ენაზე საუბარი იგივეა, რაც საკუთარი თავისთვის ფეხის დაბიჯება, ეს ჩვენთვის წარმოუდგენლად უსიამოვნოა, უბრალოდ იძულებითი ნაბიჯია. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ასეთი არაჩვეულებრივი შეხვედრები ტარდება“.

დასაწყისში ვთქვი, რომ ევრაზიული კავშირის შეხვედრა არ გაუშუქებიათ ცენტრალურ ტელევიზიებს. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. დაწყებული იმით, რომ საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა მნიშვნელოვნად არ ჩათვალოს ყურადღების გამახვილება და დროს დაკარგვა ამ თემისთვის საჭიროდ არ მიიჩნიოს, დამთავრებული რედაქტორის მოსაზრებით იმის თაობაზე, რომ თემის გაშუქება, ერთგვარად, შეიძლება მიჩნეული აღმოჩნდეს თავად ევრაზიული კავშირის იდეის ფართო საზოგადოებაში პოპულიზებად და ამდენად, რედაქციამ უბრალოდ თავი აარიდოს ამგვარ ქმედებას. მეორეს მხრივ, ყურადღების მიღმა მსგავსი შეხვედრების დარჩენამ, შესაძლოა სულაც სირაქლემას პოზიციაში ჩააყენოს ქართული მედია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საზოგადოებას ევრაზიული კავშირის იდეა მიეწოდოს ცალმხრივად, უშუალოდ შეხვედრებიდან (თუკი ამგვარი რამ გაგრძელდა), სადაც არაა წარმოდგენილი  ალტერნატიული მოსაზრებები.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულმა საზოგადოებამ ჯეროვნად უნდა გააცნობიეროს ევრაზიული კავშირის იდეის არსი, „გამჭვირვალე საზღვრებით“, როგორც ამას დუგინი ამბობს:

„თუ საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიწყებს სვლას ერთი მიმართულებით, თანდათანობით მათ შორის წინააღმდეგობები მინიმუმამდე დავა. თანდათანობით საზღვრები გახდება უფრო და უფრო გამჭრივალე და საზღვრებსაც ისეთი მნიშვნელობა არ ექნება, როგორიც ახლა აქვს. თუ ჩვენ სინდისიერთად გავერთიანდებით, ჩვენს შორის ბარიერებიც აღარ იარსებებს.

რაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი? ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიიჩნევს მას უცხოდ, რომ მათ აღარ კრან საქართველოს ხელი. ქართველებს რომ ეუბნებიან: სტოპ, ეს არაა თქვენი მიწა. ეს, რაღა თქმა უნდა, დამამცირებელია. როდესაც არ შეგიძლია მოხვდე შენსავე სამშობლოში. როდესაც იქიდან გაგდებენ, მართლაც დამამცირებელია და დაუშვებელია. კარგად უნდა დავაკვირდეთ, როგორ წარმოიქმნა ეს ვითარება რუსეთს ძალიან არ მოწონს საზღვრის დემარკაციის სამუშაოები, საშინლად არ მოსწონს, მაგრამ ის იძულებული იქნება მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, რადგან საქართველო აგრძელებს პრო დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას ჯიუტად. როგორც კი ეს დასავლური ორიენტაცია დაბალანსდება, როგორც კი, არა 180, არამედ ნაწილობრივ მაინც, 90 გრადუსით მაინც შემობრუნდება და რუსეთს შეხედავს როგორც მეგობარს, ყველაფერი შეიცვლება.“

ამ ეტაპზე რთულია საუბარი იმის თაობაზე, რამდენად შეიძლება იქცეს ქართულ-რუსულ დიალოგში განსახილველ თემებად იდეები, რომლის თაობაზეც დუგინი საუბრობდა და რამაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში მცხოვრები ადამიანებისთვის შეუძლებელია არ დატოვოს ერთგვარი დე-ჟავუს განცდა, შეგრძნება იმისა, რომ ეს ყველაფერი ერთხელ, წინა ცხოვრებაში უკვე მოხდა.

მონსტერა და 2008 წლის აგვისტო გორში

Posted August 9th, 2013 at 3:45 pm (UTC+0)
Leave a comment

11 აგვისტოა, მეოთხე დღე ომის დაწყებიდან. გორში, ჩვენს სახლში მხოლოდ მამა და მე ვართ. ყველა დანარჩენი, ჩვენი ოჯახიდან, თბილისში არიან გახიზნულები ჩემი რძლის ნათესავების ოჯახებში გადანაწილდნენ. დედაჩემი, ჩემი შვილები, ჩემი ძმა, რძალი, ბავშვები. მამა და მეც წესით, მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავით, რომ არა ჩემი დაჟინებული სურვილი-მემუშავა, მეკეთებინა რეპორტაჟები ცხელი ადგილიდან.

დღეს რომ ვფიქრობ, რა იყო ამგვარი სურვილის მიზეზი, მივედი დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ წარმოადგენდა საბაბს იმისა, როგორმე არ მიმეტოვებინა ჩემი სახლი, რომლის გარეშე დარჩენის ალბათობა იმ დღეებში უცხადესად იგრძნობოდა.  არაფერი იძლეოდა მინიშნებას გვეფიქრა, რომ ჩვენც არ ვიქცეოდით დევნილებად ჩვენი სახლებიდან, ჩვენი ქალაქიდან, ისევე, როგორც ასობით ათასი სხვა ადამიანი, საქართველოს მოქალაქეები. ამიტომაც, თუნდაც მუშაობის საბაბით ვეჭიდებოდი იქ ყოფნის შესაძლებლობის ყოველ წუთს, ყოველ წამს.

ჩემი, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა და ყველაზე მიხვედრილმა მამამ, მარტო რომ არ დამტოვდა, ამას ბევრი ფიქრი, ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ ჭირდებოდა.  ჩემს გამო დარჩა გორში. იქ, სადაც ბომბები ცვიოდა და სადაც წინა დღეს პირდაპირ ქუჩაში, დაბომბვის გამო დანგრეულ სახლებს შორის გარდაცვლილი ადამიანების ფოტოები ჩემი საკუთარი ხელებით გადავიღე.

11 აგვისტოს, დილით სახლიდან ფეხით გავედი. მივედი მედია ცენტრში, რაც ადგილობრივი ტელეკომპანიის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც შევიტყვე, რომ მედია-ცენტრი დაიხურა. უფრო სწორად, აღარ განუახლებია მუშაობა წინა საღამოს შემდეგ. აქ აღშფოთებული შემოვიდა გიორგი კარბელაშვილი, მაშინდელი საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ხელმძღვანელი და ხმამაღლა, დიდი ემოციებით მედია ცენტრში მყოფ ადამიანებს მოუწოდა: „აქ რას აკეთებთ, ყველანი ქვემოთ, სარდაფში ჩადით, ჩვენს ზემოთ 8 თვითმფრინავი ტრიალებს და არ ვიცით ბომბებს როდის ჩამოყრიანო“. მის მოწოდებებს ყველა დაემორჩილა. გოკა გაბაშვილი და მაშინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, რომლებიც მედია ცენტრში იმყოფებოდნენ, ასევე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები, ქვემოთ ჩავედით. ტელევიზიის ეზოში შევიტყვეთ, რომ სარდაფი გაუმართავი იყო, ამდენად თავის იქ შეფარებაც – შეუძლებელი. ამ დროსვე დაიწყეს მედია ცენტრიდან აპარატურის გამოტანა. ცოტა ხანში ტელევიზიის ეზოში მყოფმა ადამიანებმა მსჯელობა დაასრულეს. გოკა გაბაშვილი და ლადო ვარძელაშვილი თბილისში გაემგზავრნენ. ამიტომაც მეორე დღეს, 11 აგვისტოს დილით, ვეღარავინ ვნახე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში,  სადაც ტელევიზიიდან მივედი. მუნიციპალიტეტის სამივე სართული მოვიარე. მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე, ისიც ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი, რომელსაც კომპიუტერის მონიტორები სადღაც მიჰქონდა. ყველა ოთახი ცარიელი იყო. აქ ვერ ნახავდით ვერც ერთ ოფიციალურ პირს, ვისგან ინტერვიუს ჩაწერაც იქნებოდა შესაძლებელი.

სახლში დაბრუნებულს მამაჩემი მტკიცე გადაწყვეტილებით დამხვდა გორიდან წასვლის აუცილებლობის შესახებ.

მანქანა, რომლისთვის ბენზინიც წინა დღესვე მოიმარაგა, ეზოში იდგა. ეს ის ერთადერთი საშუალება იყო, რითაც გორიდან წავიდოდით და რითაც შეგვეძლო წაგვეღო იმდენი რამ, რამდენიც დაეტეოდა. შეიძლებოდა სახლი ვეღარც გვენახა ვერასდროს. ვეღარ გვენახა ჩვენი ნივთები, საგნები, რასთანაც მთელი ცხოვრება გვაკავშირებდა. პირველ რიგში რაც მანქანაში ჩავდე, ეს ფოტოალბომები იყო.  უკლებლივ ყველა ფოტო, რაც კი ჩვენს ოჯახში მოიპოვებოდა, რადგან ერთია, როდესაც ფიქრობ სახლის დაკარგვის შესაძლებლობაზე, მეორე და ამაზე გაცილებით უარესი კი ფოტოების გარეშე დარჩენის ალბათობაა. ეს იგივეა, აღმოჩნდე მოგონებების გარეშე, წარსულის გარეშე. მივხვდი, რომ ფოტოები იყო ყველაზე ძვირფასი, რაც სახლიდან უნდა წამეღო.

თუმცა ყველაზე მთავარის წერას ახლა ვიწყებ. წერას იმისა, რის შესახებაც ომიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ ვახერხებ საუბარს და ისიც ჩემი ქვეყნიდან შორს.

ეს ჩვენს ოჯახში მცხოვრებ მონსტერას ეხება, რომელიც მშვენივრად გამოიყურება და თავს ჯანმრთელად გრძნობს.

მონსტერა მცენარეა, დიდი, ლამაზი, მწვანე, დაჭრილი ფოთლებით და საჰაერო ფესვებით. დედაჩემი ბევრს ეცადა მის გახარებას და ბოლოს და ბოლოს გამოუვიდა. მონსტერამ ჩვენს ოჯახში იხარა და  გაიზარდა. ქოთანი, რომელშიც ახლა ცხოვრობს, დედაჩემის მოპირკეთებულია. დიდი ხნის მანძლზე დამტვეული ჭურჭლის გადაყრა ჩვენს ოჯახში აკრძალული იყო. აკრძალვა უმეტესწილად გერმანულ და იაპონურ, ხარისხიან ფაიფურზე ვრცელდებოდა. დედაჩემი ნამტვრევებს აგროვებდა ქოთნისთვის, რომელიც მონსტერას საცხოვრებლად იქცა. ამ მცენარის თავისებურება იმაშიც მდომარეობს, რომ შეგიძლია აკონტროლო, ფორმა მისცე. ჩვენ გვინდოდა მონსტერას მაღალი ყოფილიყო, ამიტომ სპეციალური საყრდენები დასჭირდა, რომელიც თანდათან, ზრდის პროცესში უნდა შეაშველო, რომ დაეყრდნოს და მას აჰყვეს. სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც მონსტერა საყრდენის მორიგ შეცვლას საჭიროებდა. დედაჩემმა მანამდე რამდენჯერმე დაიწუწუნა, რომ საყრდენი გაახლებას საჭიროებდა.

სწორედ იმ დღეს, ომიდან მეოთხე და ჩვენი გაქცევის დღეს, როდესაც სახლსა და მანქანას შორის დავრბოდი და შეძლებისდაგვარად ვტვირთავდი საჭირო და ძნელადშესალევი ნივთებით, მამაჩემი ხის ნაჭრიდან რაღაცას თლიდა, რაც შემდეგ მიალურს-მოალურსმა. როდესაც ამ მდგომარეობაში დავინახე წასვლის წინ, გავოცდი, ვერ მივხვდი რას აკეთებდა. ცოტა ხანში სახლში ამოიტანა, ქოთანში ჩაარჭო და მონსტერას მიმაგრებას შეუდგა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა გააკეთა. სახლში, სადაც შეიძლებოდა ვერასდროს დავბრუნებულიყავით, მონსტერას ცხოვრების უკეთეს პირობებს უქმნიდა. ზუსტად ჩვენი გაქცევის წინ.

თბილისისკენ  გზაზე იმდენი არაფერი გვისაუბრია, ძირითადად იმის შესახებ გავცვალეთ ინფორმაცია, რა წამოვიღეთ და რა დავტოვეთ. თბილი ტანსაცმელი, პლედები, წიგნები, ჯამ-ჭურჭელი…

აბსოლუტურად ცარიელ გზაზე მოვდიოდით. ყელში იყო ის გრძნობა, უსაშინლესი, საკუთარი სახლიდან გამოგდებული რომ ხარ, მაგრამ ამ დროს რომ არც არავის გამოუგდიხარ, არ უთქვამს წადიო. გამოგდებულად ყოფნის გადაწყვეტილება რომ თავად მიიღე, პრაგმატულობის გამო, უძლურობის გამო,  შენი ცხოვრების განკარგვის შეუძლებლობის გამო.

პომიდორი და ქათმები

ჩემი რძლის ოჯახი ომის მსხვერპლი გახდა. სოფელი ძარწემი მათთვის დღესაც მიუწვდომელია. ომის დღეებში სახლი ყველამ დატოვა ოჯახის უხუცესი წევრის გარდა. მისი მტკიცე გადაწყვეტილება იყო არც ერთ შემთხვევაში არ წამოსულიყო ადგილიდან, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მთელი ცხოვრება გაატარა.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ძარწემის გადაწვის შესახებ, ოჯახმა  სოფელში მარტო დარჩენილ წევრს ვერაფრით მიაკვლია. საომარი მოქემებების დასრულებიდან ოცი დღის შემდეგაც არავინ იცოდა ცოცხალი იყო თუ არა, ან სად იმყოფებოდა ჩემი რძლის პაპა. მათი სახლის დაწვის შესახებ ცნობებმა ჩამოაღწია, ინფორმაცია კი თავად მესაკუთრის შესახებ არავინ იცოდა. ნათესავების დახმარებით, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა მის კვალს მიაგნეს. საკუთარი სახლის დაწვას თავად უყურა მოშორებით, ბაღში მდგარმა. შემდეგ იქვე იმალებოდა რამდენიმე დღის მანძილზე. ნაცნობების დახმარებით რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაპარეს მოგვიანებით და ფულის სანაცვლოდ მისი სამშვიდობოს გამოყვანა მოხერხდა.

ჩემი რძლის ბებია ეთნიკურად ოსია. ქალი ოც ცეცხლს შუა იყო. არ იცოდა, ვისზე უნდა ეთქვა ცუდი, ვინ უნდა დაეწყევლა, ოსები, როგორც თვითონ იყო, თუ ქართველები, როგორი ოჯახიც ჰყავდა. შევესწარი ამ მოხუცი ცოლ-ქმრის შეხვედრას თბილისში. ჩემი რძლის პაპა ჩამოიყვანეს. ბებიამ პირველ რიგში ის ჰკითხა, უჩემოდ როგორ იყავიო შე უბედუროო. მერე და მერე გადავიდნენ სახლისა და ბაღის, საქონლისა და ფრინველების ამბების მოკითხვაზე. ძროხა წაიყვანესო. ქათმებიო?- ბებიამ ჰკითხა. ქათმებს ბოლო დღემდე ვუვლიდი და წამოსვლის წინ პომიდვის ბაღში შევუშვიო. არ მავიწყდება ჩემი რძლის ბებიის რეაქცია და მისი უგულწრფელესი და უზომო დარდი პომიდვის ბაღის გაფუჭებაზე ქათმებისგან. ვაიმე ეს რა გიქნია, ეს როგორ გააკეთე, პომიდვრის ბაღში რამ შეგაშვებინა ქათმები, ხომ სულ გააფუჭებდნენ პომიდორსო. იქ მყოფი მისი შვილი და სხვა ნათესავები აწყნარებდნენ, იქ არა მარტო პომიდვრის ბაღი, სხვაც არაფერი დარჩა ჩვენი, ყველაფერი გადამწვარიაო, მაგრამ ბებია მაინც იმას ჩიოდა, რატომ უნდა გააფუჭონ ქათმებმა პომიდორიო.

ისევ პომიდორი

პომიდვრის თემა ომის საერთო სურათში მნიშვნელოვან ადგილს მართლაც იკავებს, მე თუ მკითხავთ. პომიდორი ზოგადად ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც საკუთარი ხელით მოგვყავს და რაც ამის გამო ძალიან ძვირფასდება. ამ ძვირფასის დაკარგვა ან მისი დაკარგვის შიში ზოგჯერ აგრესიული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს ადამიანს.

ომიდან ოთხი წელი იყო გასული, როდესაც ჩემმა მეგობარმა მთხოვა რუსი ჟურნალისტებისთვის გამეწია მეგზურობა გორში. ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს, არ აქვს აკრძალვებიც არაეთიკურობის მიჯნამდე. ამიტომაც ურთიერთობები ჟურნალისტებს შორის, ჩემი გამოცდილებით, ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო შესაძლებლობებია, ჩემი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის.

ჩემი სტუმარი რუსი ჟურნალსიტები რამდენიმე ოს კოლეგას იცნობდნენ. ჟურნალისტების პირადი შეფასებები და დაკვირვებებიც ძალიან საინტერესო მოსასმენია, ზოგადად.  ეს ამბავიც პომიდორს ეხება. მაშინ, ჩემს სტუმარს დავპირდი, რომ ოდესმე მისი პომიდვრისა და ჩემი პომიდვის ისტორიას ერთად მოვყვებოდი.

ამბავი ასეთია: ერთი ცხინვალელი ჟურნალისტი, რომელთანაც ჩემი სტუმარი ასევე სტუმრობდა, 90-იან წლებში თავად იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში და ეს გადაწყვეტილება პომიდვრების გამო მიიღო. „რაა? რა პომიდვირები?“- ვეკითხები ჩემ რუს სტუმარს, რომელიც ცხინვალელი ჟურნალისტის პომიდვრების ამბავს მიყვება: 90-იან წლებში, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა და ფინანსური მდგომარეობაც გაუარესდა, ცხინვალის ერთმა მცხოვრებმა სახლთან პატარა სათბური მოაწყო და პომიდვრები დარგო. მისთვის აღმოჩენა იყო დაკვირვება იმაზე, ყოველდღიურად როგორ იზრდებოდა და ნაყოფის მოსხმისკენ მიდიოდა მისი პომიდორი და სწორედ ამ დროს, საქართველოს მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ცხინვალს. მესათბურის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. მისი წვალება წყალში იყრებოდა და ამას საკუთარი თვალით ხედავდა (შესაძლოა მან არც იცოდა იმის თაობაზე, რომ ამ დროს ბუნებრივი აირი საქართველოში საერთოდ გაითიშა, რადგან რუსეთიდან მისი მოწოდება შეწყდა). სრულიად აღფოთებულმა ცხინვალელმა პომიდვრის მოყვანა სოფლად გადაწყვიტა, ყველა პოლიტიკოსის ჯინაზე. იყიდა ნაკვეთი, მოაწყო, როგორც საჭირო იყო და იქ უკვე ომმა მიუსწრო ჯერ კიდევ მოუწეველ მოსავალს. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა მისი მოთმინების ჭიქისთვის და სწორედ ამის შემდეგ ცხინვალელმა მესათბურემ ხელში იარაღი აიღო და არაფორმალურ შეიარაღებულ რაზმში ჩაეწერა, რომელიც შემდგომ ოსებსა და ქართველებს შორის გამართულ შეიარაღებულ დაპირისპირებებში იღებდა მონაწილეობას. ცხინვალელმა მესათბურემ ჩემ რუს სტუმარს თავად მოუყვა ეს ამბავი იმის დასამტკიცებლად, რომ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში პომიდვრების სათბურის გაფუჭების გამო მიიღო.

თუმცა მესათბურეს ამბავი ამით არ სრულდება. არამგონია დღეს თავად მას დადებითი შეფასებები ჰქონდეს საომარი მოქმედებების შესახებ. რადგანაც შემდგომ იარაღი გადადო და წერას მიჰყო ხელი, დღესაც ამ განხრით მუშაობს, თანაც დაიფიცა, პომიდვრებს ცხოვრებაში აღარ გავეკარებიო. გავიდა წლები და მესათბურემ საკუთარი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა. სწორედ 2008 წელს, ზაფხულში მესამედ შეუდგა პომიდვრების მოყვანას და ომიც დაიწყო. იარაღი მას მართალია აღარ აუღია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკამ მისი უსაზღვრო მისწრაფება გარდენინგისადმი დაასამარა.

ზოგადი ლაიტმოტივი

11 აგვისტოს შემდგომ, იმ პერიოდში, როდესაც გორის შესასვლელი გადაკეტილი იყო რუსი ჯარისკაცების მიერ და ქალაქში შესვლა შეუძლებლობას წარმოადგენდა, ორჯერ მოვახრხე შეღწევა. ორივე შემთხვევაში უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად. ომის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე ადამიანები (რომელთაგან ყველა მოხუცი იყო), როგორ იდგნენ გორის შესასვლელთან. იქ, სადაც ადრე პატარა მაღაზია იყო. სხვადასხვა სოფლიდან მოსული ადამიანები, ჯიბეში ვაშლისა და ატმის თითო ნაყოფით, რომლებსაც გზა საკუთარი სოფლებიდან ფეხით გამოევლოთ გორამდე, რომლებიც რამდენიმე დღის მანძილზე მოდიოდნენ და თან გზა და გზა ბაღებში იმალებოდნენ, რომლებიც ყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს საკუთარი სახლებისა და სოფლების დაწვის შესახებ.

პროლოგი

აგვისტოს მეორე ნახევარში, როდესაც სახლში დაბრუნება შესაძლებელი გახდა, დედაჩემმა მონსტერას ახალი საყრდენი მაშინვე შენიშნა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაახლოებით 80 ათასი ოჯახი დარჩა საკუთარი სახლის გარეშე.

უსიტყვო მინიშნებები რუსეთისგან

Posted June 14th, 2013 at 6:22 pm (UTC+0)
Leave a comment

იცვლება თუ არა მიდგომები კონფლიქტის ხედვაში

 

საქართველოში ცდილობენ სხვაგვარი თვალით შეხედონ და შეაფასონ კონფლიქტები, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური. მიზანი კვლავინდებურად უცვლელი რჩება – ეს კონფლიქტის ამოწურვაა. თუმცა მიდგომა, ხედვა ამ მიზნისკენ სავალი გზების, საშუალებების, შესაძლებლობების, იცვლება. ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მისი წინამორბედის პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების საქმეში წარუმატებელი და არაეფექტური იყო, რომლის გაგრძელება გზაა გამოუვალი ჩიხისკენ, რომლიდან უკან დასაბრუნებელი ბილიკები და ხიდები უკვე გადამწვარი იქნება.

ყოფილი ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან რეალურად შედეგის მომტანი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მათ დამოკიდებულებებს და ნაბიჯებს განსაზღვრავს და აკონტროლებს რუსეთი. ამდენად, როგორც არ უნდა ეცადა საქართველოს მეგობრული და ნათესაური კავშირების წახალისების გზით ურთიერთობების გაღრმავება აფხაზებთან და ოსებთან, ეს პოლიტიკურ შედეგს ვერ მოიტანდა, რადგან რუსეთი მათ ამის ნებას არ დართავდა. ყოფილი ხელისუფლება საქართველოში მიიჩნევდა, რომ ძალისხმევის დახარჯვა ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც აპრიორი შედეგს არ მოიტანდა, საჭირო არ იყო. მათი მოსაზრებით, კონფლიქტების მოგვარებას ერთადერთი გასაღები ჰქონდა, რომელიც კრემლში ინახებოდა. ადამიანური კავშირების გაწყვეტისკენ პირველი ნაბიჯები ვარდების რევოლუციის შემდეგ მალევე გადაიდგა. ერგნეთის ბაზრობა, სადაც ოსები და ქართველები ყოველდღიურად ერთმანეთს ხვდებოდნენ, სადაც ოსები ქართული ფულით ვაჭრობდნენ და ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყალიბდებოდა, ერთი ხელის მოსმით და ძალიან უხეში ფორმით დაიხურა. კამერების თვალწინ, უროებით დალეწეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველებისა და ოსების სავაჭრო დახლები. ყოფილ ხელისუფლებას უარი არც ძალისმიერი პოლიტიკის გატარებაზე უთქვამს ოთხი წლის შემდეგ. მანამდე კი რამდენჯერმე გაიჟღერა დაპირებებმა ცხინვალში ახალი წლის შეხვედრის თაობაზე.

კონფლიქტების ხედვა, დამოკიდებულება მათ მიმართ არც ომის შემდეგ შეცვლილა. სიხისტე ალბათ ის სიტყვაა, რაც ყველაზე ნათლად გადმოსცემს საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკის შინაარსს კონფლიქტების მიმართ. ქართული პოლიციის დანაყოფებიც კი, რომლებიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს იცავდნენ, იჩენდნენ მაქსიმალურ სიმკაცრეს როგორც ოსური მხრიდან ქართულ მხარეს ფარულად გადმოსული ადამიანების მიმართ, ისე პირიქით. სასაზღვრო ზონის სოფლების მაცხოვრებლები მხოლოდ ფარულად, ვინაობის დასახელების გარეშე საუბრობდნენ იმის თაობაზე, თუ როგორ გადაუყარა ქართულმა პოლიციამ ფარულად შემოსულ ოსებს გასაყიდად რამდენიმე ვედროთი გადმოტანილი პომიდორი და ყველი და სხვა. უკეთესი ვითარება, რა თქმა უნდა, არც საზღვრის მეორე მხარეს იყო. დაკავებების სიხშირე არარსებული საზღვრის გადაკვეთის მიზეზით ყოველგვარ გონივრულ ჩარჩოს გასცდა. კოდურ სიტყვად იქცა ჯონჯოლი, რომლის არსებობის თაობაზე მანამდე არც ერთ უცხოელ დამკვირვებელს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა. დღეს კი თითოეული მათგანისთვის ცნობილია ამ მცენარის არსებობისა და დანიშნულების თაობაზე, რადგან ყოველი მეოთხე დაკავებული ცხინვალის მხარეს, სწორედ ჯონჯოლის მოკრეფის გამო ხვდება ცხინვალის ციხეში. კოდური სიტყვა ჯონჯოლი აერთიანებს იმ დაკავებულებსაც, რომლებიც შეშის მოჭრის დროს დააპატიმრეს და მწყემსებსაც, ვინც, მოსაკლისებული საქონლის ძებნაში შემთხვევით „მიღმა“ მხარეს აღმოჩნდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და ამის გამო გზააბნეული ადამიანების დაკავების შემთხვევებზე, ასევე საკუთარი სახლების მონატრების გამო გაპარული არასრულწლოვანების დაპატიმრებებეზე, რომელთა ციხიდან დახსნას ზოგჯერ ევროკომისრის შუამდგომლობა სჭირდება.

„გაფუჭებული ურთიერთობების“ ყველაზე მტკივნეული შედეგი ომის შემდგომ კი მაინც წყალს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ვიზიტი რუსი მესაზღვრეების მიერ გაბმული მავთულხლართების სანახავად განახორციელეს, ჩვენთან საუბრისას გაკვირვებით აღნიშნავდნენ, რომ მავთულხლართების არსებობის მიუხედავად, მოსახლეობისთვის პირველი რიგის პრობლემა სოციალური თემატიკის იყო და ეს სარწყავ წყალს უკავშირდებოდა. სარწყავი წყლის საკითხი მართლაც რომ ყველაზე აქტუალურია კონფლიქტის ზონის ორივე მხარეს. იმდენად აქტუალური, რომ თუ ეს პრობლემა აქ გადაიჭრება,  ერთდორულად რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. პირველ რიგში კი იმოქმედებს სოციალურ მდგომარეობაზე ადგილობრივი მოსახლეობის. აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ სარწყავი წყლის დაბლოკვით ზარალდება არა მხოლოდ ქართული, არამედ ოსური სოფლებიც. გეოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე ამ ტერიტორიაზე ირიგაციის სისტემები ქართულიდან ოსურ, ოსურიდან კი ქართულ სოფლებს უკავშირდება, სათავე ნაგებებობი კი ოსურ მხარესაა განლაგებული. ორი წლის წინ დაიწყო და ახლა დასრულებულია უპრეცედენტო პროექტი, რაც ზონკარის წყალსაცავის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ეს უდიდესი წყლის რეზერვუარი ოსურ მხარეს მდებარეობს. ეუთოს დახმარებით მის აღდგენაში ქართველი და ოსი სპეციალისტები ერთობლივად მონაწილეობდნენ. დაახლეობით, ორი თვის წინ ოსურმა მხარემ გამოთქვა ინიციატივა, რაც ქართველებისთვის სრული მოულოდნელობა იყო. ისინი მზად იყვნენ მიეწოდებინათ წყალი ქართული სოფლებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ოსური სოფლებიც მიიღებდნენ წყალს, რასაც ქართულ სოფლებზე უნდა გაევლო. ამ ინიციატივის ხორცშესხმა რა თქმა უნდა, უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის წევრების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ქართული მხარე ამ ინიციატივას ძალიან აფასებს და მუშაობს იმაზე, რომ ოსი კოლეგების თხოვნა იყოს გათვალისწინებული. სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, შეიძლება ითქვას, რომ ქვაკუთხედის მნიშვნელობის არის ამ ეტაპზე.

რას ცვლის ახალი ხელისუფლება კონფლიქტების ხედვაში

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა კოპლექსური მიდგომებით უნდა შექმნას. ამაზე მეტყველებს რამდენიმე მიმართულებით გაგზავნილი მესიჯი. ერთის მხრივ მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამდა და გამოთქვამს გაითვალისწინოს მთელი რიგი მოსაზრებები როგორც აფხაზების, ასევე ოსების. მათ შორის, თვით სამინისტროს დასახელებაში შეიტანოს კორექტირება, რადგან სიტყვა „რეინტეგრაცია“ აფხაზებისა და ოსებისთვის არასასიამოვნო მოსასმენია. მეორეს მხრივ ინიშნება პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რომელსაც ურთიერთობების საგანგებო და არაპოლიტიკური ჩარჩო აქვს. მისი მიზანია გზების ძიება ურთიერთობებისთვის, რაც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეს მზადყოფნა რეალობაში მოჰყავს. პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი ცვლის აღნიშნულ კანონს, რითაც ამარტივებს სანქციებს რიგითი მოქალაქეებისთვის, ვინც შემთხვევით გადმოკვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს. ადრე ამგვარ კანონდარღვევაზე სასჯელი დაპატიმრებას ითვალისწინებდა, ახლა კი მხოლოდ ფულადი ჯარიმაა.

მორიგი გზავნილი საქართველოს მხრიდან იმ ადამიანების გათავისუფლებაა, რომელთა  გადაცემას ოსური მხარე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, პირველ რიგში აღსანიშნავია მარეკ დუდაევის გათავისუფლება, რომელიც სასჯელს 2004 წლის მარტიდან იხდიდა საქართველოში მკვლელობის, ფულის გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით. 2005 წელს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ორი დღის წინ კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი განთავისუფლდა და ახლა ცხინვალში იმყოფება. მარეკ დუდაევის განთავისუფლებას გამუდმებით ითხოვდა ოსური მხარე შეხვედრებზე, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, ერგნეთში იმართებოდა, თუმცა ქართული მხარის პასუხი წლების მანძილზე არ შეცვლილა დუდაევთან მიმართებით. ქართველი სამართალდამცავები და პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ იგი ძალიან საშიში კრიმინალია, ამდენად მისი განთავისუფლება საფრთხეს წარმოადგენს. დუდაევის საქმე ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემაც შეისწავლა. მისი ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი გამუდმებით საუბრობდა დარღვევებზე მის საქმეში. საბოლოო სიტყვა კი ამჟამინდელმა სახალხო დამცველმა თქვა, რომელმაც ასევე განაცხადა მთელ რიგ ხარვეზებზე დუდაევის მიმართ.

დუდაევის განთავისუფლებას წინ უსწრებდა ცხინვალიდან მშობლებისა და ახლობლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული პატიმრების მონახულების შემთხვევა.

ორიოდე კვირის წინ კი მოულოდნელად, ცნობილი გახდა რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ, რომლებმაც დიცისა და დვანის მიმდებარედ საზღვარი გადმოწიეს და მავთუხლართების დამონტაჟება დაიწყეს. დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ხელისუფლებისთვის გაგზავნილი საპროტესტო ნოტა. რუსეთს საქართველოსთვის პასუხი არანაირი საელჩოს შუამავლობით არ გაუცია. უსიტვო პასუხად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ რუს მესაზღვრეებს დაწყებული საქმე აღარ გაუგრძელებიათ, მაგრამ ამავდროულად, არც უკვე გაბმული მავთულხლართისთვის უხლიათ ხელი. დიცი და დვანი, ასევე ახალი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი და სხვა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლები მას შემდეგ არაერთმა უცხოელმა დიპლომატმა მოინახულა, რასაც ორგანიზებას, ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლება უკეთებს. დასავლელი პარტიორების თანადგომა და დახმარება რომ ერთადერთი ალტერნატივაა საქართველოსთვის, ხელისუფლებაში ყველა კარგად აცნობიერებს. ასევე ყველა კარგად ხვდება იმასაც, რომ რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გორის ცენტრზეც რომ გაატარონ, საქართველოს წინააღმდეგობის არანაირი ბერკეტი არ ექნება, გარდა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის იმედისა.

მაინც რას ნიშნავს, რაზე მეტყველებს რუსი მესაზღვრეების ქმედება? როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა თქვა, ნებისმიერი ბრძანება ხომ ცენტრიდან მოდის. რუსეთის მხრიდან დუმილის პირობებში რთულია გადაჭრით თქმა იმისა, რომ მავთულხლართების გაყვანაზე მიღებული გადაწყვეტილება პასუხია, ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, რომ რუსეთს, რომელიც ერთის მხრივ უარს არ ამბობს ზურაბ აბაშიძესთან მოსალაპარაკებლად კარასინი გაუშვას, მეორეს მხრივ სულაც არ მოსწონს აქტივობები, რასაც ქართული მხარე აფხაზებისა და ოსების მიმართ ახორციელებს.

Author: ნინო დალაქიშვილი

ნინო დალაქიშვილი, პროფესიით ჟურნალისტი, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან აქტიურად მუშაობს ჟურნალისტიკაში, 2006 წელს მიღებული აქვს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის რეგიონებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რეგიონულ (ტელეკომპანია "თრიალეთი", საავტორო თოქ შოუს ავტორი და წამყვანი, "ხალხის გაზეთში" სარედაქციო წერილების ავტორი, შიდა ქართლი, გორი) და ცენტრალურ მედიაში (24 საათი, ჟურნალისტი). 2009 წლიდან მუშაობს ამერიკის ხმის კორესპონდენტად. მისი რეპორტაჟების თემატიკა, უმეტესწილად, უკავშირდება კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარების ასახვასა და ანალიზის. მიიჩნევს, რომ ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სინდისის საქმეა და რომ ჯანსაღი საზოგადოება პროფესიონალებისგან სწორედ ამგვარ ჟურნალისტიკას ითხოვს.

Categories

Calendar

March 2024
M T W T F S S
« May    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031