წავიდა ჰე, ის ცხოვრება აღარ არის….

Posted May 30th, 2012 at 10:02 pm (UTC+4)
Leave a comment

რატომ აღარ ითვლება ამერიკა ავტომანქანების მწარმოებელ ქვეყნად და რატომ აღარ სურთ ახალგაზრდებს საჭესთან ჯდომა?
ამ კითხვების გასარკვევად საკმაო შრომა გავწიე. თუმცა არ ვიცი პასუხი რამდენად დაგაკმაყოფილებთ.
თავდაპირველად აღმოვაჩინე რომ ამერიკული ავტომობილების შესახებ, უამრავი წიგნი დაწერილა და სპეციალური კვლევაც ჩატარებულა.
ჟურნალ “თაიმსში” დაიბეჭდილი ანგარიშის თანახმად, ჩინელი და ინდოელი მომხმარებლები ყოველწიურად უფრო მეტ ახალ ავტომანქანას იძენენ ვიდრე ამერიკელები. მათ შორის სხვაობა 70 პროცენტამდეა. ალბათ, დაგაინტერესებთ თუ რა არის ამის მიზეზი?
თავის დროზე ახალგაზრდა ამერიკელების უმეტესობასაც, ერთი სული ჰქონდა მანქანის საჭესთან პირისპირ აღმოჩენილიყვნენ; მაგრამ ახლა მათი პრიორიტეტები შეიცვალა. როგორც გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” ამბობს, ახალგაზრდების ინტერესის სფეროს ამჯერად მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი წარმოადგენს.
შესაბამისად ისმის კითხვა თუ რატომ? პასუხი მარტივია: ამერიკაში გზები საკმაოდ გადაიტვირთა. სწორედ ამიტომ ადამიანებს გადაადგილება ველოსიპედით ან მეტროთი ურჩევიათ, რომელიც არა მარტო სისწრაფით, არამედ სიიაფიდაც გამოირჩევა. საწვავზე გაზრდილმა ფასებმა კი მოსახლეობის უმრავლესობას ავტომანქანის ხშირ გამოყენებაზე უარი საბოლოოდ ათქმევინა. ამასთანავე, ახალგაზრდა ამერიკელებმა თანხების დაზოგვა სწავლის საფასურის გადასახდელად დაიწყეს. მათ, ასევე, მანქანის საკუთრებაში ყოლას, სულ რაღაც რამდენიმე საათით მისი ქირაობა ურჩევია. ამ დროს, ისინი, არც მანქანის ყოველთვიურ გადასახდზე წუხან და არც დაზღვევაზე.
პარალელურად, გარემოს დამცველთა მხრიდან ავტომობილების მიერ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამაც იჩინა თავი.
მოკლედ ამ ყველაფერმა ერთად ავტოდილერების ურიცხვი კლიენტების რიგს, თანდათან, მხოლოდ ასაკოვანი ადამიანებიღა შემორჩა.
ერთი სიტყვით, წარსულის ლაღი და ხელგაშლილი ცხოვრება უკვე ისტორიის საკუთრება გახდა, ამერიკელთა მეხსიერებას კი მხოლოდ კომპანია ფორდ მოტორსის ნახევრად სპორტულ, ორკარიან ავტომობილზე ფიქრი შემორჩა.

სამოთხის ჰარმონია

Posted May 22nd, 2012 at 10:05 pm (UTC+4)
Leave a comment

ვულკანივით გადმოღვრილი ცეცხლოვანი ენერგია, სხეულის გამაოცებელი მოძრაობა და დამათრობელი ემოცია…
საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ვნებიან სიყვარულს ცეკვით უხსნიან…

სცენაზე შორენა გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევია…

20 წლის წინ, ცას ვარსკვლავი ალბათ, იმ ძალით მოწყდა, რომელმაც ეს წყვილი ამერიკამდე ჩამოიყვანა.
თავიდან ყველაფერი ძნელად დაიწყო. ემიგრაციის დაუნდობელმა ყოფამ ბევრი გაჭირვება აჩვენა, მაგრამ დაბრკოლება ღირსეულად გადალახეს.

“ბოლომდე დაიხარჯე, არ დანაბდე მიღწეულს” – ეს მათი დევიზია… “მოასწარი, ჩქარა, თორემ ხვალ უკვე გვიანია…-” ამ ექომ მათ შეუძლებელი შეაძლებინათ.

ამერიკის სახელით სამეჯლისო ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის მონაწილეები, უამრავი ჯილდოს მფლობელები დღეს უკვე თანამდეროვე სპორტული ცეკვების ხუთეულში სახელდებიან; ისინი, ასევე, ამერიკაში ერთ-ერთი პრესტიჟული ცეკვის აკადემიის მფლობელები არიან.

საცეკვაო დარბაზის ოთახები ზღაპრულ სასახლეს მოგაგონებთ… პასტელის ფერებში თანამედროვე რიტმის ჰანგებსაც აღმოაჩენთ. სხეულის გრაციოზულობას კი უსასრულობაში მივყავართ…

“ცეკვა 4 წლის ასაკიდან დავიწყე… ცეკვა ყველაფერია ჩემთვის… მადლობელი ვარ მამაჩემის, მან ხომ იმ ძალას მაზიარა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,-”
ამბობს შორენა გაჩეჩილაძე…

და თუ პირველად სამყაროს შესაქმნელად სიტყვა გაიმეტეს, ამ წყვილის მომავლის განმსაზღვერლი სწორედ ცეკვა გახდა…

“6 წლიდან ვცეკვავ, არა კი არ ვცეკვავ არამედ მთლიანად მასში ცხოვრობ … ის ჩემშია, მე კი მასში ვარ გარდასახული… – ” გოჩა ჩერტკოევი შთამბეჭდავად მესაუბრება და აგრძელებს – “საუბარი არ შემიძლია, სათქმელს თუ განწყობას მხოლოდ ცეკვით გამოვხატავ…”

ერთი, ორი, სამი – თვლა ზუსტია, თანაც მიზანმიმართული… ოთხი, ხუთი და უკვე ჰოლივუდი… ცნობილ სერიალში “გაქცევა” და ფილმში “სისხლიანი ქუჩა,” გოჩამ იქაც თავისებური ხასიათი შეიტანა…
ჰოლივუდში როგორ მოხვდით?
– მიზანი მქონდა … ისე ჰოლივუდი გარედან ჩანს დიდი, შიგნით კი საოცრად პატარაა,- მეუბნება გოჩა…

– მაინც, რამდენად პატარა?
– მოძრაობა მიჭირს, მეტი სივრცე მინდა, გაშლილი მინდორივით ან უკიდეგანო ზღვასავით დიდი… აი, დაახლოებით ასეთი…

დიალოგს ცეკვის ქალღმერთი გვაწყვეტინებს…

დიდ მწვანე მინდორია ჩემს წინ… ირგვლივ არაფერია, მხოლოდ იმ ორის გარდა – ვინ იცის იქნებ ეს არის სამოთხის ჰარმონია, რა ლამაზია… თანამედროვე საუკუნის მუსიკალური კომპოზიციებით გადმოცემული რიტმისა და ინტონაციის ჟღერადობა; ერთი შეხედვით ცეკვა-თამაში, მაგრამ არა, ეს ნოტებისა და სასაუბრო ტექსტის რიტმული ერთიანობაა…
დრო დათვლილია, ერთი, ორი, სამი…

აიფედი და აუტიზმი

Posted April 17th, 2012 at 10:15 pm (UTC+4)
Leave a comment

სიმართლე გითხრათ ამერიკაში ჩამოსვლამდე აუტიზმის შესახებ არაფერი ვიცოდი. მოგვიანებით როცა შევიტყვე საოცრად ავღელდი. ამჯერად ამ დაავადების წარმოშობის გზებზე არ ვაპირებ გესაუბროთ, უბრალოდ ერთი პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ, თუმცა მანამდე სიტყვა აუტიზმის მნიშვნელობას სამედიცინო ლექსიკონის მოშველიებით მაინც განვმარტავ: აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არაველბარული კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.
აუტიზმით დაავადებული 5 წლის ჯეიმს ბატლერის ისტორია კი ასეთია:
იგი დილიდანვე საოცრად გაღიზიანებული იღვიძებდა. შემდეგ იმდენად აგრესიული ხდებოდა რომ მშობლები ვერ აწყნარებდნენ. ყველაფერზე ჭირვეულობდა. ერთადერთი რაც ამშვიდებდა მისი საყვარელი და შეუცვლელი ჰამბურგერის ჭამის პროცესი იყო. გარეთ გასვლა არ უნდოდა. არც თანატოლებთან თამაში იზიდავდა. თავისი ირეალური სამყარო ქონდა შექმნილი და მასში ცხოვრობდა…
ასე გრძელდებოდა ყოველი წამი, წუთი და საათი. პატარა ჯეიმსი ექიმიდან ექიმთან თუ ფსიქოლოგთან დაუსრულებელ ვიზიტებს უფრო გამოყავდა მდგომარეობიდან.
ერთ დღესაც სასწაული მოხდა: სამსახურიდან დაბრუნებულმა ჯეიმსის მამამ ახლად ნაყიდი აიფედი სახლში მიტანისთანავე სავარძელზე დადო. ჯეიმსი შორიახლოს თავისთავს ართობდა როდესაც უცნაურ ნივთს მოკრა თვალი. ყველაფერს თავი დაანება და მისკენ სწრაფად გასწია. ოთხკუთხედი დაფის მაგვარი საგანი ხელში ნელა აიღო და ეკრანზე შეხებისთანავე მის სახეზე საოცარმა ღიმილმა დაისადგურა. ჯეიმსი აიფედის თავდავიწყების მორევში გადაეშვა… მას შემდეგ იგი გაღიზიანებული და აგრესიული არავის უნახავს… ერთი სიტყვით ციფრულმა ტექნიკამ, ჯეიმს, კომუნიკაციის დამყარების სწორედ ის ნიშა შეუვსო, რომელიც მას აქამდე, არასდროს ჰქონია.
ექსპერტები ამ მოვლენას ასე ხსნიან; აიფედის მეშვეობით კომუნიკაცია ორი გზით ვითარდება, პირველი როცა აუტიზმიანი ბავშვი საგნების შეცნობის მიზნით სურათებს აკვირდება და კონცენტრირებას მთლიანად მისი წინ არსებულ ვირტუალურ სამყაროზე ამყარებს და მეორე, როცა, ვიზუალური ინფორმაციების მიღებითა და გაცვლით, აუტიზმიანი ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები იზრდება.
მკვლევარები იმასაც დასძენენ, რომ იქამდე სანამ აიფედი თავადაა ახლი გამოგონება და ცვლილებებს განიცდის, აღნიშნული მეთოდი აუტიზმით დაავადებულთათვის განვითარების საშუალებად არ შეიძლება ჩაითვალოს.
ბლაიტ კორბეტი ვანდერბილტის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია, რომელიც აღნიშნავს რომ ბოლო დროს შემუშავებულ მკურნალობის ახალ მეთოდებს უკვე ბევრი აუტიზმით დაავდებული პაციენტი იყენებს, თუმცა აიფედის შემთხვევამ აღნიშნული პროცესი უფრო მარტივი და ეფექტური გახადა.
ასე რომ, საკმაოდ ძვირადღირებული სიმოვნება აიფედი, მნიშვნელოვანი არა მარტო ჯანმრთელი ადამიანისთვისაა, არამედ აუტიზმიან ბავშვებშიც დადებით როლს თამაშობს.
თუმცა, ეს ყველაფერი გამოსავალს მაინც არ წარმოადგეს, რადგან სულა ახლახანს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კველვის თანახმად, 2006 წლიდან დღემდე, აუტიზმით დაავადებული ბავშვების რაოდენობა 25 პროცენტით გაიზარდა; სავარუდოდ, ეს მაჩვენებელი მომავალში გაორმაგებას ექვემდებარება.

რა მასწავლა ემიგრაციამ

Posted April 3rd, 2012 at 9:15 pm (UTC+4)
Leave a comment

– დედა, ხომ მალე ჩამოხვალ?
– კი, სანდრო, ძალიან მალე და წამოგიყვან აქეთ კიდეც …
– არა, შემპირდი რომ ამ ზაფხულს ჩამოხვალ, ჩემს დაბადების დღეზე და დარჩები…

ეს ნაწყვეტი, ჩემი და ჩემი 9 წლის შვილის სატელეფონო საუბრიდანაა…

შეუცნობელია ის ძალა, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს არსებობას გვიადვილებს. სახეს მხოლოდ ცივი გამოხედვა შერჩენია… აქ, ყველაზე მეტად თვით გადარჩენის მუხტი მუშოაბს. იცი, რომ სხვა გზა არ გაქვს, უკან დახევა სისუსტის ნიშანია, ამიტომ წინ ისე უნდა იარო რომ არ ჩაიმუხლო…
მაინც რა არის ემიგრაცია? – ნაირსახეობათა თავშეყრის უკიდეგანო ადგილი, თავისი მრავალფეროვანი ხასიათით, ზოგჯერ შიმშილით, წყურვილით, ერთმანეთის შუღლით, ღალატით, ქიშპობით, გაუტანლობით, მარტოობითა თუ დაუფასებლობით…

თუმცა ემიგრაციას თავისებური “ხიბლიც” აქვს; აქ ყველაზე კარგად საკუთარ თავს ხედავ და მიუხედავად სინდისისა და თავისუფლების გამუდმებული მეტოქეობისა, ყველაზე კარგად, აქ, ადამიანის ზნეობრიობა ვლინდება…
ემიგრაცია საკუთარი კანონებით მოქმედებს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, მორალის პრინციპებს არ იზიარებს…

სამშობლოსთან ხანგრძლივი დამშვიდობებისას წარმოთქმული მტკიცე “ნახვამდის” ახლა ბევრ რამეზე მაფიქრებს; ძირითადი რწმენა და პატრიოტიზმია…
როდესაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრების მიღმა რჩებიან, მათ ურთურთობაში გარკვეული ბარიერი ჩნდება, თუმცა ეს მარტო სიშორეზე არაა დამოკიდებული;
ამ დროს მანძილს არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს – ათი კილომეტრი გაშორებს თუ ათასი…

ქართული ემიგრაციის ისტორიიდან რამდენიმე ეპოქას გამოვყოფდი; ესენია 1921, 1937 , 1941 წლები, შემდეგ ცოტაოდენი პაუზა და ისევ 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ემიგრაციის ახალი ტალღა… ჩვენ უახლოესი დროის „დაკარგული“ თაობის ემიგრანტები ვართ… თაობას, რომელსაც უსამშობლობის მიკრობმა სისხლში სხვანაირი ფერი შესძინა… თაობას, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობენ და რომელსაც ისე უგულოდ დაემშვიდობნენ, რომ უკან დაბრუნებაც აღარ უნდა; და კიდევ ერთი, ჩვენ იმ რეალობას მოგვწყვიტეს, რომელიც აღარასოდეს აღსდგება…
ფიქრები განზოგადებისაკენ მიდის; შესაბამისად იცვლება მისი შინაარსიც და თუ აქამდე იყო: „პოეტი სამშობლოსათვის“ ახლა რივერსირებულია – „სამშობლო პოეტისათვის“ ანდა „არჩინე ქვეყანა“, დღეს ასე ჟღერს: „ ირჩინე თავი ქვეყანაში…“

და აი ის, რაც მასწავლა ემიგრაციამ: – რწმენა უფლის და საკუთარი თავის, დიდი ნებისყოფა და მოთმინება, ახლის ძიების სურვილი, მოქმედება, სიფხიზლე და იმ „ჯვარის“ ღირსეულად ტარება, რომელიც ოთხი კუთხის – დასავლეთის, აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გამომხატველი სიმბოლოა…
ჰო, სულ დამავიწყდა – იმედი, იმედი იმისა რომ ყველაფერი კარგად იქნება… იმედი ხომ ყოველთვის ბოლოს ქრება, ამიტომ იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა…
3 აპრილი, 2012
ვაშინგტონი-ნიუ-იორკი-ნიუ-ჯერსი

მარტის თვეა ჩემი…

Posted February 29th, 2012 at 9:49 pm (UTC+4)
3 comments

ისევ მოვიდა, ცას ვერცხლისფერის ნაცვლად ლურჯი შერევია, მზეს ძალა მოემატა, მიწაც გათბა… გაზაფხულდა, ამარტდა, დღეს უკვე მარტია! …
უცხოეთის ცის ქვეშ გაზაფხულსაც სხვა ფერი, სურნელი და გემო აქვს… გარშემო მხოლოდ შეცვლილი დეკორაცია და გაფანტული ფრაგმენტებია… ახლა სწორედ ამ ფრაგმენტების შეკოწიწებას ვცდილობ…


ფრაგმენტი #1
ბავშვობაში, სკოლიდან ბებოს გამოვყავდი ხოლმე. ტროტუარზე ჩამწკრივებული მარადმწვანე ბუჩქები ჩემი შეუცვლელი გამცილებელი იყო. ჰოდა, გაკვეთილებისგან თავმობეზრებული ჩემს განწყობას ფოთლების მოწყვეტით ვიოკებდი ხოლმე. ბებო თავდაპირველად არაფერს მეუბნებოდა, თუმცა სახეზე ვატყობდი რომ არ სიამოვნებდა. ერთ დღესაც, ჩვეულებრივ წამოვედით სკოლიდან, ოღონდ იმ განსხვავებით რომ შეუცვლელ გამცილებელზე ჯავრის ყრა აღარ მიცდია და არც ფოთოლი მომიწყვეტია. კარგა ხანს უხმოდ მივდიოდით მე და ბებო, როცა უეცრად მისგან წამოღებული ხელის ინერციამ გამომაფხილზე – ბებომ თმები მომქაჩა; გაკვირვებულმა შევხედე, პასუხად კი მივიღე:
“გეტკინა? – ასე სტიკვათ ბუჩქებსაც როცა მივარდები და ფოთლებს აწყვეტ…” შემრცხვა. თავი დავხარე… მეორე დღეს ბუჩქებთან მივედი და ჩურჩულით პატიება ვთხოვე…

ფრაგმენტი #2
სოფლიდან დიდი ბებიის სტუმრობა ყოველთვის მიხაროდა. ზამთრის დადგომას, სასკოლო არდადაგებსა და საახლწლო საჩუქრებს დიდ ბებისათან ყოფნა მარტივად გადაწონიდა. საინტერესო ქალი იყო დედაჩემის ბებია. ოთხი შვილი ღირსეულად გაზარდა; თუმცა თავისი ამაგი არც შვილიშვილებსა და შვილთაშვილებისთვის მოუკლია. კაცთმოყვარე და მიმტევებლი იყო. ყველა უყვარდა და არავისთვის არასდროს უტკენინებია.
სასწაული დალოცვა იცოდა, მზეს დაინახვდა თუ არა გვეტყოდა: ‘შეგეწიოთ მზე, დედასთან მიმავალიო, ღმერთის კალთა გფარავდეთო…” გაზაფხულის მოსვლა ბავშვივით უხაროდა, რადგან იცოდა რომ სოფელში მალე დაბრუნდებოდა; ასე იტყოდა : “დაილოცოს მადლიანი გაზაფხული.”
-დიდედა, მადლი რა არის?- ერთხელ ვკითხე.
-მადლი უანგაროდ გაღებული სიკეთეა, მიპასუხებდა და იქვე აუცილებლად დააყოლებდა: “მადლს შემწირველი სჭირდება, რომ მადლად იქცეს, სიკეთეს დამნახავი უნდა, მშობლის ზრუნვასა და ამაგსაც მადლიერი და კეთილსინდისიერი შვილიო…”

ფრაგმენტი #3
როგორც კი კალენდრიდან ზამთრის ბოლო დღე გაუჩინარდებოდა, დაბედების დღისთვის მზადებას იმ წუთიდან ვიწყებდი. მეგონა ეს დღე მსოფლიოში ყველამ იცოდა. დედას მოსვენება არ ვაძლევდი და საბავშვო ბაღში წასაღებ ტკბილეულისა და ლიმონათების სიას ორი კვირით ადრე ვაწერინებდი. სანატრელი დღის მოახლოებასთან ერთად, გულის ფეთქვაც თანადათანობით მატულობდა. დღემდე მახსოვს დედაჩემის გაკეთებული ნამცხვრის “იდეალის” განუმეორებელი გემო…. დილიდან დაწყებულ მილოცვებს გვიან ღამემდე ვერ აუდიოდი; მიღებული საჩუქრების ნახვისთვის კი დრო არასდროს მყოფნიდა…. ახლა? – ახლა “გაზაფხულის 37 დღის გაელვებასავით” სულ მალე 37 შემისრულდება, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ჩემს გვერდით არც ბავშვობის ლაღი და უდარდელი წლები იქნება და ვერც იმ იების ნახვას შევძლებ, რომლებიც “დედის ჩაწვეთებული ცრემლის” ფასად უღრან ტყეში ამოდიან…
მხოლოდ “საქართველოს სამანს აქეთ და სამანს იქით” ნაცნობი სამშობლოს უცნობი შვილები სხდასხვა მზერით მისურვებენ მხნეობასა და გამძლეობას; მე კი -”ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტ” დაკარგულს, მოდუდუნე მტკვარი და ქართველი „გულგადაღეღილი“ გლეხის ურმული ისევ მომენატრება; გაცრეცილ სულს კი შვებას მხოლოდ ეს თუ მისცემს:

“მარტის თვეა შენი, შენს ხასიათს შვენის,
აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,
შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშველის,
გაწყენინე და მაინც მეფერები…”


გაზაფხულს გილოცავთ!

არ გემშვიდობები, უბრალოდ – დროებით!

Posted February 21st, 2012 at 6:03 am (UTC+4)
1 comment


არ მეგონა თუ მასზე ვიტირებდი… საერთოდ მსახიობისა თუ მომღერლის მოწონებას, ფანატიკურ თავდავიწყებამდე არასდროს მივუყვანივარ; ამჯერად სულ სხვანაირად მოხდა. უიტნი ჰიუსტონის სიკვდილმა ამ ერთი კვრის განმავლობაში მრავალჯერ ამატირა.
მიჭირს მასზე წარსულში საუბარი და ვითრგუნები, რადგან მისი ენერგია, ნიჭი და ზებუნებრივი ხმის ტემბრი არ მემეტება მარადისობაში უდროოდ გადასასვლელად.
„საკუთარი თავის ყველაზე დიდი ეშმაკი მე ვარ-“ ეს მაშინ თქვა ლეგენდარულმა მომღერალმა, როცა ცდუნებას ვერ გაუძლო და ბედნიერებას, წარმატებას და მწვერვალზე ყოფნას ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი ამჯობინა. იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ ვერ შეელია.
ახლა დღის 2 საათია. „ნიუ ჰოუფის“ სახელობის ბაფტისტურ ეკლესიაში, იქ, სადაც მუსიკის მაგიის ცხედარი ასვენია, სახელოვანი ადამიანები განუმეორებელ მომღერალს ეთხოვებიან.
ემოციას ვერ ვთოკავ, მეც მინდა რაიმე ვთქვა…
და, აი, ვბედავ, ჩემთვის უხმოდ ვჩურჩულებ:
დღეს შენ მთელი მსოფლიო გეთხოვება. დედამიწა ასე ერთიანი არასდროს ყოფილა ალბათ, როგორც ახლა. ვინ იცის, იქნებ წამით სროლაც კი შეჩერდა ბრძოლის ველზე და ალბათ, ცრემლიც კი ჩამოუვარდათ მსოფლიოს ტირანებს.
მიჭირს გითხრა მშვიდობით, ამიტომ გეუბნები – დროებით, რადგან უკვდავებაში გარდასულ სიცოცხლეს დავიწყება არ უწერია.
ვუსმენ შენს სიმღერებს და თავში ყველა გრძნობა – სიმშვიდის, სიხარულის, მწუხარების თუ ნუგეშის ერთად მიტრიალებს. ვინ იცის, იქნებ, „პირადი მცველი“ სიცოცხლეშიც გჭირდებოდა.
სულში სიცარიელეა, „ზარები გრიგალში“ რეკენ, ცა ჩამოურეცხავს ცრემლის ნამქერს, შფოთავენ წარსულის უსულო ფრაგმენტები, ფერი დაუკარგავს თავად ოკეანეს; აი, ანგელოზიც მოფრინდა ეულად, დაგხედა, გიგალობა და აგწია უეცრად.
-„რა მუსუბუქი ყოფილაო,“- ჩურჩული გაისმა. პაექრობს დემონი და ცეცხლს ენავარდება. სათქმელი აღარ მაქვს, გამოვშრი საერთოდ – ერთიღა დამრჩა რომ დავიყვირო: „ასწიეთ ადამიანი მაღლა, სულ მაღლა,“ ისე მაღლა რომ სიცოცხლეში დაბრმავებულმა ახლა მაინც იგრძნოს აღტაცება; მე ახლა ვმღერი „ექსტაზში დაღუპულთათვის“, აწვიმდა ქალაქს და აწვიმდა მას – არ ყოფნის გზა…
მაშ, გაიწიეთ დროულად, ყველამ, პაემანზე მიბრძანდება, მიეცით გზა!

18 თებერვალი, 2012 წელი,
ნიუვარკი, ნიუჯერსის შტატი.

სანდრა ბალოკი, რიკ პერი და მე

Posted February 13th, 2012 at 8:18 pm (UTC+4)
2 comments

არ გეგონოთ წინასაარჩევნო ქრონიკის მიმოხილვას ვიწყებდე ანდა მოახლოებული ოსკარის ცერემონიისათვის მავანთათვის სათანადო ყურადღებას ვითხოვდე; ამჯერად, უბარლოდ, ჩემი ტეხასური თავგადასავლის შესახებ მინდა მოგიყვეთ.
ტეხასის შტატის ქალაქი ოსტინი მსოფლიოს ცოცხალი მუსიკის დედაქალაქადაა ცნობილი. უკიდეგანოდ გადაშლილ ქალაქს თიხისფრად შეფერილი მიწა თავისებურ ელ-ფერს მატებს. მდიდრულ დასახლებაში რანჩოების დაუსრულებელი კოლონა მოჩანს.
ოსტინში გატარებული 5 დღე იმ დაუვიწყარ სანახაობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ჩემს ქართულ მეხსიერებაში უკვე, სამუდამოდ დაილექა.
უცნაური კლიმატის მქონე ქალაქს, საღამოთი ბარებსა და რესტორნებში გამართული მუსიკალური სანახაობა ამდიდრებს. სან-ანტონიოს ქუჩაზე მდებარე ჰოლივუდის კინოვარსკვლავის სანდრა ბალოკის ცნობილ რესტორანში კი ხალხის ნაკადი არ წყდება. მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოსული მსახიობის მონატრების ჟინს, მისი თანაქალაქელები ახლა მხოლოდ ე.წ „ბალოკის რესტორანში“ სიარულით თუ იკლავენ. რესპუბლიკელი გუბერნატორის რიკ პერის წარუმატებელ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაზე კი ოსტინელები არც თუ გულდაწყვეტილნი არიან:
-„დაკარგვით არაფერი დაგვიკარგავს, რადგან არც მის მონაწილეობასა და არც მის გამოთიშვას წინასაარჩევნო კამპანიიდან დიდი მნიშვნელობა არ ქონდა,“- მითხრა ერთ-ერთი გამვლელმა.
ჩემს ჩასვლას ოსტინში მზიანი ამინდები დაემთხვა. დღე 20 გრადუსი ცელსიუსით იწყებოდა, რომელიც შუადღისათვის 13 გრადუსამდე ჩამოდიოდა, ხოლო საღამოსთვის ტემპერატურა უკვე 5-6 გრადუსს უახლოვდებოდა. ასე რომ, მეც, ოსტინელების მსგავსად, სამი ხელი ტანსაცმლით მიხდებოდა ქუჩაში გადაადგილება.
ოსტინში ყოფნისას თავი არა ამერიკაში, არამედ მექსიკაში უფრო მეგონა. ერთადერთი რაც კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწის ნაკვალევის ჭეშმარიტებას მიმანიშნებდა სოკოებივით მომრავლებული „სტარბაქსის“ ყავის მაღაზიები იყო. ხუთი დღის განმავლობაში, პირადად, მე, იმდენი „სტარბაქსის“ ყავის მაღაზია ვნახე, რაც ვაშინგტონში, თითქმის, ჩემი ერთი წლის ყოფნისას არ მინახავს.
ამერიკის სხვა შტატებისაგან განსხვავებით ტეხასში ცხოვრების დონე გაცილებით იაფია. აქ არც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და უძრავ-მოძრავ ქონებაზეც ფასებიც შედარებით დაბალია. ერთი ოჯახისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც სამი საძინებელი, ორი აბაზანა, ერთი დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, ავტოფარეხი და პატარა ეზო შედის, დაახლოებით 160,000 დოლარი ღირს. ტეხასური კულინარიის ძირითად ნაწილს კი საშინლად ცხარე მექსიკური სამზარეულო შეადგენს. სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ ნიჟარაში მოთავსებული ყველანაირი ბოსტნეულისაგან დამზადებული სალათა იმდენად გემრიელი იყო, რომ თეფშზე ერთი ნარჩენიც კი არ დავტოვე. ალკოჰოლურ სასმელებში მეფეთ-მეფედ წოდებული „ტეკილა“ ადგილობრივებსა და ტურისტებს ბოლოს ერთნაირად უღებს.
მოკლედ, ჩემი ტეხასური მოგზაურობა ის-ის იყო მშვიდობიანად სრულდებოდა რომ ერთი პატარა ინციდენტი არ მომხდარიყო, რომელსაც რეალური ცხოვრების გარდა, ფილმში უფრო თუ შეხვდებით; თუმცა ეს ყველაფერი, ამერიკული კინოს მსგავსი “Happy End-ით” დასრულდა: ოსტინიდან გამოფრენის თვითმფრინავის ბილეთი შემდეგ მარშრუტს ითვალისწინებდა: ოსტინი-მილუაკი-ნიუ-იორკი. რეგისტრაციის გავლისას, „ფრანტია ეარლაინის“ წარმომადგენელს თავაზიანად შევახსენე მარშრუტის დანიშნულება და გადაჯდომის ადგილი – მილუაკი, რამდენჯერმე დავუკონკრეტე კიდეც. მანაც გულმოდგინედ დამიდასტურა ყველაფერი. ასაფრენ ზოლზე გამზადებულ თვითმრინავში მშვიდობიანად შევედი. საათი და 20 წუთიანი ფრენის შემდეგ პილოტის ბრძანებას უსაფრთხოების ღვედის შეკვრის შესახებ იმ ადგილის გამოცხადება მოჰყვა, სადაც თვითმრინავი უნდა დამჯდარიყო; ჰოდა, აი საოცრებაც – მილუაკის ნაცვლად თავი კანზას-სიტიში ამოვყავი. აღშფოთებულმა „ფრანტია ეარლაინის“ წარდმომადგენლობას, ამჯერად უკვე კანზას-სიტიში მივაკითხე და როცა ბილეთი წარვუდგინე გაოცება თავად მათაც ვერ დაფარეს:
-„არ ინერვიულოთ, ეს ჩვენი შეცდომაა და უმალვე გაოვსწორებთ. ბარგსაც გადმოვიტანთ და ნიუ-იორკში აქედან გაგიშვებთ,-“ ღიმილიანი სახით მომიგო ავიახაზების წარმომადგენელმა, რომელიც თან შელოცვასავით ბუტბუტებდა – „ასეთი რამ ჯერ არ მინახავს, ღმერთო შენ მიშველე…“
ასე რომ, კანზა-სიტის წამიერი მოკითხვის შემდეგ ნიუ-იორკში, როგორც იქნა უვნებლად ჩამოვფრინდი…

მიწისქვეშა მუსიკა

Posted January 31st, 2012 at 9:15 pm (UTC+4)
Leave a comment

“Yesterday all my troubles seemed so far away now it looks as though they’re here to stay, Oh I believe in yesterday…”
“Hava nagila, Hava nagila, Hava nagila, Ve nismecha…”
„I lose sleep just to daydream about you babyyyyy, I’m going crazy, crazy, crazy, just to think it about lately…..“
ეს ნაწყვეტები იმ სიმღერებიდანაა, რომელსაც ნიუ-იორკის მეტროს ჩასასვლელებში ცოცხალი შესრულებით მოისმენთ…
ამისათვის არც ბილეთი გჭირდებათ და არც ჭოგრიტის საგანგებოდ შეძენა. უფასო მუსიკალური სანახობა წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. თქვენგან მხოლოდ მცირედი დახმარების გაღებაა საჭირო, ისიც თუ მოგესურვებათ….
მანჰეტენის 42 ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშაში ჩასულს, სასიამოვნო მუსიკამ იმდენად გამიტაცა, რომ სხვა საქმეზე გამოსულს გეგმა შემაცვლევინა და შემსრულებლებთან დიალოგი გადამაწყვეტინა.
როლ მიჩელიც ჩემთან საუბარზე ადვილად დათანხმდა; ტრინიდადი და ტაბაგოდან ჩამოსული ემიგრანტი 1990 წლიდან ნიუ-იორკის მეტროში დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავს.
-მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
-მეტროში რატომ უკრავ? სხვაგან, არ გინდა გამოხვიდე?
-სხვაგან? – ბევრი ფული უნდა, აქ კი არავინ არაფერს მთხოვს; პირიქით იქით მჩუქნიან ფულს…
-და შენს შემოსავალს მხოლოდ ეს შემოწირულობა წარმოადგენს?
-ძირითადად კი… მთავარი ისაა რომ ხალხს მოსწონს ჩემი მუსიკა, ისინი ჩემს გარშემო საათობით დგანან და მისმენენ, ტაშს მიკრავენ…
ამ ლაპარაკში გართულს უცნობი გამვლელი მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და თავაზიანად მომესალა:
თქვენს წინაშეა პუერტო-რიკოელი მუსიკოსი და კომპოზიტორი როსატერეზა… ჩემი სიმღერები ბულბულის სტვენის მსგავსია, რომელიც დილაობით თავად მზესაც კი აღვიძებს…
– ეგ როგორ?
– ძალიან მარტივად, ისეთი გრძნობით ვმღერი რომ მარტო დედამიწას კი არა ზეცასაც ესმის…
ის-ის იყო წამოსვლას ვაპირებდი, რომ შორიახლოდან ოპერის ჰანგები შემომესმა… მოკლედ სულ, რაღაც რამდენიმე საათში, ჩემს წინაშე, მუსიკის ყველა ჟანრი ერთდროულად აჟღერდა…
-მარტო ფულის შესაგროვებლად არ ვმღერი… მინდა ოპერის უნიკალურობა ყველამ შეიცნოს,- მეუბნება ოპერის მომღერალი ტომ მჩიქოლსი.
-მეტროპოლიტენში არ გიცდია ბედი?
-ზღაპრების დიდი ხანია აღარ მჯერა… რეალობა უფრო მიტაცებს.
ტომისგან განსხვავებით ფოლკლორის მომღერალს – ვენდი ზაივეთს, რომელიც 22 წელი მეტროს ქვეშ მღერის, დღემდე სჯერა რომ ოდესღაც კეთილი „ბიძია სემი“ მის ნიჭიერებას სათანადოდ შეაფასებს და კარნეგი ჰოლიდან დაწყებული ბროდვეის სცენასაც დააპყრობინებს.
-მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო და აიტანო… დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შრომა დაფასდება და მეტროდან დიდ სცენაზე გადავინაცვლებ… ამ ადამიანის ოპტიმიზმა ქართული კინოფილმიდან „ნატრვის ხე,“ ელიოზი გამახსენა, რომელმაც მთელი ცხოვრება ნატვრის თვალის ძებნას შეალია…
არ ვიცი კიდევ ვინ რას ელოდება და ვის როდის გაუმართლებს, ერთი კი უდავოა, რომ ნიუ-იორკის ტრანსპორტის სამსახურმა სპეციალურად შექმნილი პროგრამის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაა – „მუსიკა ნიუ-იორკის მიწის ქვეშ“ ყოველკვირეული 150 წარმოდგენის დაფინასება უკვე შეძლო.
დასარულს, მეც რაღაც სიმღერის ხასიათზე მოვედი, ოღონდ, ამჯერად, ქართულის და ოღონდ, ამჯერად, ჩემთვის – „ბედს ვეძებდი, ვაი სად არ ვიარე, დრო და ჟამი მიმატებდა სევდას, რაც ამქვეყნად ცოდვა-მადლი ტრიალებს, ზეცა როგორ არ შავდება ნეტა? ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს, დრო მიდის, დრო მიდის, დრო უცებ გაგვატიალებს….”

ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი ბადალი…

Posted January 25th, 2012 at 6:56 am (UTC+4)
Leave a comment

არ მეგონა ეს სიმღერა თუ აქ, შუაგულ ამერიკაშიც, გამახსენდებოდა… მაგრამ როცა ჩემმა რედაქტორმა, ამერიკის ისტორიული ძეგლების შესახებ მასალის მომზადება დამავალა, ჩემდაუნებურად ამომიტივტივდა….
ვიცი, ამ ჩემს თავისუფალ ასოციაციას, შესაძლოა, ოპონენტთა დამახასიათებელი „შექებაც“ მოჰყვეს; თუმცა, აბა, ისეთი ნათქვამი ან დაწერილი რად მინდა, რასაც რექაცია არ მოჰყვება… მაშ ასე, ნება მიბოძეთ, აზრის გამოსახატავად თავისუფალ დროსა და სივრცეში რამდენიმე წუთით დაგტოვოთ, მანამდე კი, ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოგზაურობას გთავაზობთ…
შესაშურად გამართულმა საავტომობილო გზამ სამხრეთ დაკოტაში მიმიყვანა. მანქანის ფანჯრიდან დანახული ქალაქი არარეალურ სამყაროს მაგონებს. ავტომობილის ძრავის მსგავსი მოტელების, გველის ფერმების, ოჯახური ზოოპარკების, ძვირფასი თველბითა და დინოზავრის ძვლის კოლექციების გავლით „იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში“ შესულს გაოცებისაგან თავბრუ დამეხვა… თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიმინდის მარცვლის სასახლე? – ალბათ, ძნელია. ყოველ შემთხვევაში, მე მარტო წარმოდგენა კი არა, საკუთარი თვალით დანახულის დაჯერებაც გამიჭირდა; ქალაქ მიჩელში, ერთ-ერთი შენობა, მთლიანად, 275-ათასწლიანი სიმინდის მარცვლითაა დაფარული. იქვე, შორიახლოს, ქალაქ ლემონში, ხის გამოქვაბულის პარკია, რომელსაც იქაურები მეორენაირად „ტყის გაყინულ წიაღისეულს“ უწოდებენ.
რეფიდ სითიში ბეტონის დინოზავრებთან ერთად, საცირკო სპილოების თავის ქალასა და ძვლების ნაირსახეობასაც შეხვდებით.
ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი კი „მაუნთ რაშმორის“ ეროვნული მემორიალი და „ქრეიზი ჰორსის“ („გადარეული ცხენის“) სახელით ცნობილი ძეგლია.
ბლეკ ჰილის მთებში გამოსახული ამერიკის ყოფილი ოთხი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის ანფასი წამირად ისეთ ზებუნებრივ ძალას გმატებთ, რომ დედამიწაზე თქვენზე ძლიერი არავინ გგონიათ; პარალელურად კი სიმამაცის, თავდაჯერებულობის, მტკიცე ნებისყოფისა და პატრიოტიზმის მღვრიე გრძნობით „გადარეული ცხენის“ ისტორიას ეცნობით, რომელიც ოგლალა ლაკოტაში, ამერიკელი ინდიელების, ერთ-ერთი ბელადი ყოფილა. მან საკუთარი წარმომავლობისა და მიწა-წყლის დასაცავად, ამერიკის ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ გაილაშქრა.
ჰოდა, ალბათ, ახლა მაინც მიხვდებით თუ რატომ გამახსენდა სიმღერა – „ქვეყანა შემოვიარე,“ რომლის სრულ ვერსიას სამხრეთ დაკოტაში ნანახის ფონზე ამ ბლოგის დასასრულს გთავაზობთ…

ერთხელ ამერიკაში

Posted January 18th, 2012 at 3:44 am (UTC+4)
Leave a comment

მშოთვარე ოციანი წლების დასაწყისი, ამერიკული ჯაზი, მშრალი კანონი, არალეგალური ალკოჰოლის, სიგარეტისა და ნარკოტიკების ბიზნესი – ეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში, ბრუკლინში მდებარე ბორო პარკის ისტორიაა.
სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრირებული ებრაელობა ამერიკული წესების მორგებას სათავისოდ ცდილობს. მათ ჩარჩოებში ცხოვრება არ უყვართ. თავიანთ თავს რჩეული ერის შვილებად მიიჩნევენ და იმდენად, რამდენადაც უამრავი განსაცდელი გამოუვლიათ, საკუთარი თავის გადარჩენისა და თვითდამკიდრების საოცარი იმუნიტეტი გამომუშავდათ.

მართლმადიდებელი ებრალობის უმეტესი ნაწილი სწორედ ბორო პარკის მაცხოვრებელთა რიცხვის შემადგენლობას ეკუთვნის.
სტატიკის თანახმად დაახლოებით 76,000 ებრაელი ამჟამად ბორო პარკის მკვიდრია.
ალბათ, დაგებადებათ კითხვა, თუ რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება ამ ტერიტორიამ? ამას წინათ, იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ყველასთვის კარგად ნაცნობ ფილმს – „ერთხელ ამერიკაში“, რომ არ მოგატყუოთ, ალბათ, უკვე მეათედ ვუყურე. მისი ყოველი ნახვისას კი რაღაც ახალი რომ არ აღმოვაჩინო არ შეიძლება. ჰოდა, ასე იყო ამჯერადაც: ენიო მორიკონეს შეუდარებელი მუსიკით გაფორმებული ფილმის ეპიზოდებმა იმ ადგილების მონახულება გადამაწყვეტინა, სადაც ფილმის უმეტესი ნაწილია გადაღებული. ეს ადგილი კი სწორედ რომ ბორო პარკია.
პარკის ტერიტორიაზე დაუსრულებელი ხეტიალის დროს ათასი აზრი მომდიოდა თავში… მაინც რა შარმი აქვს ფილმში „დასავლური სპაგეტის“ გემოს ანდა რატომაა გაიგივებული სექსი ძალაუფლებასთან, რომლესაც ფილოსოფიურ ენაზე ფსიქოსექსუალურ ძალაუფლებას უწოდებენ, რაზეც მოგვიანებით ერთ-ერთი ფსიქოლოგი იტყვის კიდეც: „სექსი და ძალაუფლება მუდმივად ერთმანეთთანაა დაკავშირებული… სექსს არა მხოლოდ შეუძლა იყოს ძალაუფლების წყარო, არამედ თვითონაა ძალაუფლება.“
არ მინდა, ჩემი თქვენდამი თავისუფალად მოტანილი ნაფიქრი, მარტივ „კეკლუცობად“ ჩამითვალოთ. მე, უბრალოდ, იმ ემოციის გაზიარება მსურს, რომელიც იმ წუთებში დამეუფლა. და აი, კიდევ, ამ მეტად უცნაური განცდის ერთი ფრაგმენტიც:
ბორო პარკში იმ შენობას მივადექი სადაც ახალგაზრდა „ლაფშა“ თავის ბავშვობის შეყვარებულ დებორას დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად შეხვდება. მომენტალურად ძალაუფლების ნების მტკიცებულება გონებას მიმღვრევს; დიახ, მე იმ ძალაუფლების ნებაზე ვსაუბრობ, რომელიც სრულყოფილი ადამიანის ცხოვრების მთავარი მოტივია და რაც ასევე ადამიანთმცოდნეობაში ნებისმიერ ქცევას განსაზღვრავს. შოპენჰაუერი წერდა: „ნება – ბატონია, გონება მსახური.“ სწორედ ეს თეზისი ადასტურებს რომ ძლიერი ნებისყოფის პიროვნება იოლად იძენს ცოდნასაც, ფულსაც და ძალაუფლებასაც.
ეს ყველაფერი კი ფილმშიც კარგად ჩანს. ნაფიქრი რომ არ გამიგრძელდეს და თავი რომ არ შეგაწყინოთ, მხოლოდ ერთს დავძენ: არსებობენ ფიზიკური ძალაუფლებით დაცული ადამიანები, მაგრამ ასევე არსებობენ ისეთებიც, რომლებასაც მხოლოდ გონებრივი ძალაუფლება გააჩნიათ. ეს უკანსკნელი კი პირველზე ძლიერია; სწორედ მას შეძლია შვას გენიოსი, რომელიც ნებისმიერ ძალაუფლებას დაამსხვრევს….

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.