მშვიდობით, ფაილინ!

Posted December 18th, 2011 at 10:14 pm (UTC+4)
Leave a comment

ამერიკაში, თავის დროზე, „ფაილინს ბეიზმენტი“ (Filene’s Basement) ერთ-ერთ პირველ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც ხელსაყრელ ფასებში საუკეთესო დასახლების ბრენდებს შეიძენდით. პირადად მე, “ფაილინს ბეიზმენტში“ იტალიური პროდუქციის – „დოლჩე და გაბანას,“ „ვერსაჩეს,“ „ვალენტინოს“ უამრავი დასახელების ნივთი საკმაოდ დაბალ ფასში მაქვს ნაყიდი.
„ფაილინს ბეიზმენტის“ ისტორია საფუძველს 1881 წლიდან იღებს, როდესაც პრუსიიდან, მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში ჩამოსულმა ებრაელმა ემიგრანტმა უილიამ ფაილინმა „ფაილინის ვაჟების კორპორაციის“ სახელის ქვეშ, თავდაპირველად, ბოსტონში, აღნიშნული მაღაზია გახსნა, რომელიც შემდგომში მთელი ამერიკის მასშტაბით სწრაფადვე გავრცელდა. ბიზნეს-საქმიანობა იმდენად წარმატებულად მიდიოდა რომ 2009 წლის მონაცემებით, მისი წლიური უკვე დაბეგრილი შემოსავალი 389.3 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მოკლედ, სრულ ბედნიერებაში ჩაფლული სავაჭრო კორპორაციის პრეზიდენტი – მარკ შულმანი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს რუდი, მეტისმეტი კომფორტისაგან ისეთ განცხრომაში აღმოჩდნენ რომ სავაჭრო კორპორაციის ახალი მფლობელის ვინაობა საკმაოდ დაგვიანებით შეიტყვეს. ისე რაღა ამ ხალხის გამიკვირდეს, უარეს სიტუაციაში თავად ვარ ჩავარდნილი, დღემდე ვერ დავადგინე ახალი მფლობელის სახელი და გვარი. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი რომ იგი დაახლოებით 55 წლისაა. სხვათაშორის, ამას წინათ, ჩემი ერთ-ერთი კოლეგაც, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსიდან“ იგივეს საჯაროდ ჩიოდა.
ასეა თუ ისე, რაღა ბევრი გავაგრძელო და ამ ქალმა ხეირი არც თავის თავს დააყარა და არც ბიზნესს. 2010 წლიდან, მის მფლობელობაში გადასული სავაჭრო კორპორაციის საქმე წაღმა დატრიალდა. კორპორაციის მენეჯმენტმა გაკოტრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება უმალვე დაიწყო, რომლის მიზეზად ქვეყანაში არსებულ არაჯანსაღ ეკონომიკურ გარემოს ასახელებს. თუმცა, როგორც თავად მაღაზიის თანამშრომლები აღნიშნავენ, წარუმატებლობის პირველი და უმთავრესი საფუძველი პროდუქციაზე საშინლად გაზრდილი ფასები წარმოადგენს.
და მართლაც, ნიუ-იორკში, მე-14 ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ფაილინს ბეიზმენტში“ შესულმა აღშფოთება ვერ დავმალე, როცა დავინახე რომ „ვალენტინოს“ ფირმის ქალის თხელი პერანგის ფასდაკლებული ღირებულება 900 დოლარს შეადგენდა, „პრადას“ ჩექმა – 2500 დოლარს და ასე შემდეგ.
„არარეალურმა ფასებმა მყიდველი დაგიფრთხო, რის გამოც მოგებაც შესუსტდა, ახლა არაფერი გვეშველება, წლის ბოლოს სულ დავიხურებით. ახალმა მფლობელმა ვერ გაამართლა და ახლა გაკოტრებისაგან დეპრესიაშია ჩავარდნილი და ყველას ერიდება -“ მეუბნება ადგილობრივი მაღაზიის ერთ-ერთი სექციის მენეჯერი.
ამის გამგონეს გონებაში გამიელვა – „ქალის ჭკუა რა ვთქვი მეთქი,“ რომელმაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტის ლერი სომერსის ნათქვამიც გამახსენა: „ქალის მომავალს მეცნიერებასა და ბიზნესში ვერ ვხედავ. ქალის მისისა ოჯახზე ზრუნვაა.“ მაშინ, ამ განცხადებისათვის, საწყალი სომერსი ლამის ანათემას გადასცეს და საჯაროდ ბოდიშიც კი მოახდევინეს. მაგრამ, თუ ახლანდელ მაგალითს მოვიშველიებთ, დავინახავთ რომ არც მთლად ურგო რამ უთქვამს ბატონ სომერს.
ახლა, არ მითხრათ, თუ ქალი საზოგადოებრივ საქმიანობაში მოისუსტებს, იგი არც ოჯახის დიასახლისად ივარგებსო და შოთა რუსთაველის ციტატა არ შემახსენოთ: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია;“ მესმის, ჩემო კეთილო ხალხო თქვენი გულის ტკივილი; მიუხედავად იმისა რომ მეც თავად საკმაოდ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით გამოვირჩევი, საკუთარი შესაძლებლობის ფასი ძალიან კარგად ვიცი და როცა ვგრძნობ რომ ჩემი უნარი და გამოცდილება რაღაც გარკვეულ საკითხში სტანდარტებს არ შეესაბამება, ცხვირს იქ არ ვყოფ. კაი, ბატონო, გაუმართლდა და იყიდა ამხელა ბიზნესი „ფაილინს ბეზიმენტის“ მეპატრონემ; შე კაი ადამიანო, ადექი და მარკეტინგის მართვის წარმატებული საკითხები ექსპერტებს მაინც ჰკითხე… სავალალო მდგომარეობაში ხომ არც თავად მეპატრონე ქალბატონი ჩაიგდებდა თავს, არც კორპორაციის თანამშრომლები და არც მომხმარებელი.
ახლა, დაჯექი და რაც გინდა ის ქენი – გინდა ცხარე ცრემლით იტირე, გინდა დეპრესიისაგან გადარეულმა იმღერე და გინდა იცეკვე. მოსახდენი უკვე მოხდა – მშვიდობით, ფაილინ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.