„ყოლიფერი კარგად იქნება“

Posted January 4th, 2012 at 7:33 am (UTC+4)
2 comments

უამრავი საახალწლო მილოცვებისაგან გაბრუებულს მოულოდნელად კომპიუტერში სკაიპით მოწერილმა შეტყობინებამ გამომაფხიზლა. ერთი მშრომელი, ალალ-მართალი, და პატიოსანი გურული გლეხი ბაჩი პაიჭაძე სკაიპის საშუალებით ჩემთან საუბარს ითხოვდა. რა თქმა უნდა, მეც არ დავაყოვნე და ღილაკის მარტივი დაჭერით ვირტუალური კონტაქტი დავამყარე. საახალწლოდ, თბილისში, შვილებთან სტუმრად ჩამოსულ ბატონ ბაჩისა და ჩემს შორის გულღია საუბარი შედგა…

-რა ხდება ბიძიკო მაქით?- ცნობისმოყვარედ მკითხა მან.
-არაფერი, განსაკუთრებული, ყველაფერი ძველებურადაა, ვმუშაობთ და ვართ ასე…
-მუშაობა ნამეტნავად კაია მარა პაწა თავსაც უნდა მიხედოთ…
-ვცდილობთ, ბაჩი ბიძია, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ…
-რაია იცი ბიძიკო, მამა-შვილობის მადლს გაფიცებ, გული არაფერზე არ უნდა გაიტეხო, მთავარია მომავლის გჯეროდეს და მაშინ ყოლიფერი კარგად იქნება…
-ბაჩი ბიძია, როგორ შეხვდით ახალ წელს?
-ძალიან კარგად, გავიხარე შვილებსა და შვილიშვილებში, თუმცა ამ ჩემს სიხარულს პატარა ნაღველი მაინც ახლდა; ჩემი მესამე შვილი, რომელიც მაქეთაა ამერიკაში ნამეტნავად მაკლია და მენატრება. აგერ უკვე მეათე წელია რაც არ მინახავს ახლოდან და არ მოვფერებივარ… მარა რას ვიზამ, იმედით ვცოცხლობ და ვიცი რომ ყოლიფერი კარგად იქნება სულ მალე.
-სხვა? სხვა რას მეტყვით ბაჩი ბიძია?
-შვილო, სულ მაინტერსებს, აი ქვეყანა რაფერაა ასე მაგარი? ძალიან მინდა სიბერეში მაინც ჩამოვიდე და ჩემი თვალით დავინახო თუ რა თაფლი სცხია ასეთი ყველას რომ იზიდავს… ისე მიკვირს, რეიზაა ამდენი ჩინელი მანდეთ და ახლა აქეთაც რომ მომრავლდა? ამას წინათ რაიონში ჩასულს ყაბალახწამოსხმული ჩინელები ვნახე…გადვირიე კაცი… მარა, მერე დავწყნარდი, ვიფიქრე ასეა საჭირო იმისათვის რომ ყოლიფერი კარგად იყოს…
-ბაჩი ბიძია, აქ რომ ჩამოხვიდეთ რას გააკეთებდით?
-ვიმუშავებდი შვილო, რავა ერთ ასლარიან სამუშაოს მაინც ვერ ვიშოვიდი? მერე რა არ ეხერხება ჩემს ხელებს, ვერავინ მაჯობებს…
– მუშაობა რად გინდათ ბაჩი ბიძია?
– რავა, აბა, შვილის ხარჯზე ხომ ვერ ვიქნები… მართალია წელიწადნახევრაში 80-ს მივუკაკუნებ, მარა თავს მაინც მაგრად ვგრძნობ ისე მაგრად რომ ჩემს ცოლს ნება რომ მისცე მეორედ მომიტაცებს…
-პირველად როდის მოგიტაცათ ბაჩი ბიძია?
-50 წლის წინ… იცი რა ბიჭი ვიყავი… ჰოდა, ჩემო ბატონო, დამადგა თვალი ფოთში ჩემმა დედოფალმა მზიამ და ქე ჩამიგდო ხელში… – მეუბნება გურული იუმორით ბატონი ბაჩი…
– ამ საახლწოდ რა სურვილი ჩაიფიქრეთ ბაჩი ბიძია?
– ჩემს შვილს მინდა მალე ჩევეხუტო, ჩემს ნაბოლარას, ავ-კარგიან გოგოს… ძალიან ძნელია მშობლისთვის ასე ყოფნა… რამდენი თვითმფრინავი გადეიფრენს, იმდენი მგონია ჩემი გოგო მოდის…
მალე მინდა ჩამოვიდეს, რომ კიდევ ერთხელ ამ სიბერეში მასთან ერთად გურული კრიმანჭული ისე ვიმღერო რომ მთელ ამერიკას მისწვდეს… ყველას გავაგებინო, რომ უსამშობლოდ ყოფნა იგივეა რაც უღმერთოდ ცხოვრება და უზიარებლად სიკვდილი… ყოველ დილას ხატის წინ პირჯვარს ვიწერ და უფალს ყველა ქართველის სამშობლოში მალე დაბრუნებას ვავედრებ… ვიცი, ბიძიკო, ღმერთი მოწყალეა, ჩემს თხოვნას შეისმენს და ყოლიფერი კარგად იქნება….

ალბათ, ოდესმე, მართლაც რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩემო თმაშევერცხლილო, ტკბილო გურულო ვაჟკაცო… მჯერა რომ „კრიმანჭულთან“ ერთად „ალილოსაც“ სულ მალე იმღერებთ თქვენს დიდი ხნის მონატრებულ შვილთან ერთად… ისიც ვიცი რომ, ამ გაუსაძლის, ბევრჯერ გაუტანელ და დაუნდობელ ემიგრაციულ ცხოვრებას თავისი წილი სიკეთის მოტანა მაინც შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოობაში გადახვეწილი ღვთისა და საკუთარი თავის იმედად მარტო დარჩენილი ყველაფერს იმისათვის აკეთებ რომ ფეხზე მყარად დადგე და წარმატებას მიაღწიო, თანაც ისე რომ ამ წარმატების სანთელ-საკმეველმა ისევ შენს ქვეყანას გაუნათოს გზა…

მანამდე კი მოახლოებული შობის მადლით ამერიკაში მცხოვრები გულანთებული ქართველები სიყვარულისა და მშვიდობისათვის კიდევ ერთხელ ილოცებენ და წინამძღვრის სიტყვებს „მიყვარხართ ქრისტეში“ – „უფალო შემიწყალეს“ შეძახილით უპასუხებენ.

ქრისტე-შობას გილოცავთ! გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ უფალმა!

ამბროლაურიდან ნიუ-იორკამდე

Posted December 31st, 2011 at 7:40 pm (UTC+4)
Leave a comment

შობა-ახალიწლის საზეიმო განწყობის შესაქმნელად ამერიკელები არც დროს, არც ენერგიას და არც ფინანსებს ზოგავენ.
საახალწლო დეკორაციებით მორთულ ქუჩებსა თუ შენობებს ზღაპრულ სამყაროში შევყავართ. განსაკუთრებით თვალწარმტაცი კი ნაძვის ხეზე ფერად-ფერადი სანთლების ნაირსახეობა წარმოადგენს…

სწორედ ამ სილამაზის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ თურმე, ამერიკაში საახალწლო ნაძვის ხის სანთლების გამომგონებელი ჩემი წინაპარი, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაბადებული და გაზრდილი გრიგოლ კობახიძე – იგივე ჯორჯ კობი გახლდათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ეტაპის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა არც თუ ისე მრავალრიცხოვნამა დიასპორამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო სფეროს განვითარებაზე. შეერთებული შტატების საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებით იმ ქართველების გვარები და სახელები გამოირჩევა, რომლებმაც ამერიკას ხუთი დარგი შეუქმნეს:

გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) – მინის მრეწველობა და ნაძვის ხის მინის სანთლები; ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდერ ქართველი) – სამხედრო ავიაცია; გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) – ბალეტი და გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი) – პარფიუმერია. ამ უკანსაკნელის სუნამო ამერიკულ სავაჭრო ცენტრ „თარგეთსა“ და ინტერნეტ სავაჭრო ქსელში „ამაზონი“ დღემდე იყიდება.

1883 წელს რაჭველი გლეხის დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულმა გრიგოლმა, განთლება ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სოფლის მღვდლის მეშვეობით მიიღო, – ვკითხულობ ერთ-ერთ საარქივო ამონარიდში, რომელიც ხელში სრულიად შემთხვევით ჩამივარდა.

ჩემი დიდი წინაპრის შესახებ მოგროვებული ისტორიული ფაქტები, ამ საახალწლო დღეებში ბევრ რამეზე მაფიქრებს. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს როცა გრიგოლ კობახიძის ამერიკაში განვლილ გზას ვაანალიზებ.

„ჯენერალ ელექტრიკის“ საზოგადოებაში მისი ცხრაწლიანი მუშაობით მოგროვებულმა დანაზოგმა, საფუძველი საკუთარი ბიზნესის „The Cobi Glass Products Company-ის“ შექმნას დაუდო, რომლის საქონელბრუნვა, იმდროისათვის 15 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მიუხედავად უცხო ქვეყანაში ათასი საზრუნავითა თუ წარმატებით ყოველთვის მოუცლელი და დაღლილი იყო ჩემი დიდი წინაპარი, საკუთარ სამშობლო-საქართველოს არადროს ივიწყებდა.. ოთხ წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა თავის კუთხეს, მრავალ გაჭირვებულს დაეხმარა, სოფელს სკოლა და აფთიაქი აუშენა, ეკლესია შეაკეთა…

მაგრამ სამწუხაროდ, ქართველს საოცრად უჭირს საკუთარი თანამემამულის წარმატების აღიარება და მის მიერ გაწეული სიკეთის დაფასება. ქართული მაქსიმალისტური ბუნება ხშირად ზღვარს სიყვარულსა და სიძულვილს შორის ძნელად ავლებს…. 1928 წელს საქართველოში ჩასულ გრიგოლ კობახიძესაც მადლობის სანაცვლოდ დაჭერა დაუპირეს, რის გამოც მან ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.

თუმცა ამ ყველაფერს მაინც არ გაუბოროტებია ჩემი წინაპარი. უშვილო გრიგოლი, მეუღლესთან ერთად უშედეგოდ ცდილობდა მინის წარმოების მცოდნე ქართველის მოძებნას, რომელსაც შემდგომ თავის ბიზნეს გადააბარებდა. არც ამაში გაუმართლდა ქართველ მეცენატს. რაკი ქართველი ვერავინ დააინტერესა წარმოებით, გრიგოლმა კომპანიონად იტალიელი ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა. სწორედ ისინი გახდნენ გრიგოლ კობახიძის საქმის გამგრძელებლები მისი გარდაცვალების შემდეგ.

ეპილოგის სანაცლოდ:

ახლა 2011 წლის 31 დეკემბრის ღამეა. ვაშინგტონის ცაზე ამერიკული მთვარის მკაფიო შუქი ჩემს ფანჯრებში ანათებს… არ ვიცი, ოღონდ თუ, ეს იგივე მთვარეა, რომელიც ჩემი სამშობლოს ცაზეც ჩნდება ხოლმე…. გარეთ ზამთრის სუსხი საკუთარი მიწა-წყლის მონატრებით შეციებულ სულს კიდევ უფრო მიციებს…. ახლა ბევრი რამ მენატრება, მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვობა, სადაც ბებოს კოჟრიანი ხელებით კახური წესით დამზადებული ჩურჩხელები ახალი წლის დადგომას მილოცავდნენ და პაპის მიერ დაწურული ღვინო მლოცადა. ახლა ჩემი ეზო მახსენდება, სადაც ვთამაშობდი და დედის თხოვნას თამაშის შეწყვეტის შესახებ ბავშვური სიუჯიუტით არ ვეპუებოდი… ახლა ის სიმღერაც მესმის, რომელსაც დედა ახალი წლის მოახლოების დროს მიმღერებდა ხოლმე: „წუხელ თოვდა, ჩამეძინა შენზე ფიქრში და თვალებზე ცრემლი ობლად დამდენია, გამეღვიძა ვთქვი ბავშვური გაოცებით, ფანტელები რამდენია….“
ახლა ის ნატვრით ნათქვამიც მახსენედება, როცა ამბობდნენ – „მოვედინ, დღეო სიხარულისაო!…“ რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“… და მაინც – „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი…“ ახალ, 2012 წელს გილოცავ საქართველო!!!!!

მშვიდობით, ფაილინ!

Posted December 18th, 2011 at 10:14 pm (UTC+4)
Leave a comment

ამერიკაში, თავის დროზე, „ფაილინს ბეიზმენტი“ (Filene’s Basement) ერთ-ერთ პირველ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც ხელსაყრელ ფასებში საუკეთესო დასახლების ბრენდებს შეიძენდით. პირადად მე, “ფაილინს ბეიზმენტში“ იტალიური პროდუქციის – „დოლჩე და გაბანას,“ „ვერსაჩეს,“ „ვალენტინოს“ უამრავი დასახელების ნივთი საკმაოდ დაბალ ფასში მაქვს ნაყიდი.
„ფაილინს ბეიზმენტის“ ისტორია საფუძველს 1881 წლიდან იღებს, როდესაც პრუსიიდან, მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში ჩამოსულმა ებრაელმა ემიგრანტმა უილიამ ფაილინმა „ფაილინის ვაჟების კორპორაციის“ სახელის ქვეშ, თავდაპირველად, ბოსტონში, აღნიშნული მაღაზია გახსნა, რომელიც შემდგომში მთელი ამერიკის მასშტაბით სწრაფადვე გავრცელდა. ბიზნეს-საქმიანობა იმდენად წარმატებულად მიდიოდა რომ 2009 წლის მონაცემებით, მისი წლიური უკვე დაბეგრილი შემოსავალი 389.3 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მოკლედ, სრულ ბედნიერებაში ჩაფლული სავაჭრო კორპორაციის პრეზიდენტი – მარკ შულმანი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს რუდი, მეტისმეტი კომფორტისაგან ისეთ განცხრომაში აღმოჩდნენ რომ სავაჭრო კორპორაციის ახალი მფლობელის ვინაობა საკმაოდ დაგვიანებით შეიტყვეს. ისე რაღა ამ ხალხის გამიკვირდეს, უარეს სიტუაციაში თავად ვარ ჩავარდნილი, დღემდე ვერ დავადგინე ახალი მფლობელის სახელი და გვარი. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი რომ იგი დაახლოებით 55 წლისაა. სხვათაშორის, ამას წინათ, ჩემი ერთ-ერთი კოლეგაც, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსიდან“ იგივეს საჯაროდ ჩიოდა.
ასეა თუ ისე, რაღა ბევრი გავაგრძელო და ამ ქალმა ხეირი არც თავის თავს დააყარა და არც ბიზნესს. 2010 წლიდან, მის მფლობელობაში გადასული სავაჭრო კორპორაციის საქმე წაღმა დატრიალდა. კორპორაციის მენეჯმენტმა გაკოტრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება უმალვე დაიწყო, რომლის მიზეზად ქვეყანაში არსებულ არაჯანსაღ ეკონომიკურ გარემოს ასახელებს. თუმცა, როგორც თავად მაღაზიის თანამშრომლები აღნიშნავენ, წარუმატებლობის პირველი და უმთავრესი საფუძველი პროდუქციაზე საშინლად გაზრდილი ფასები წარმოადგენს.
და მართლაც, ნიუ-იორკში, მე-14 ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ფაილინს ბეიზმენტში“ შესულმა აღშფოთება ვერ დავმალე, როცა დავინახე რომ „ვალენტინოს“ ფირმის ქალის თხელი პერანგის ფასდაკლებული ღირებულება 900 დოლარს შეადგენდა, „პრადას“ ჩექმა – 2500 დოლარს და ასე შემდეგ.
„არარეალურმა ფასებმა მყიდველი დაგიფრთხო, რის გამოც მოგებაც შესუსტდა, ახლა არაფერი გვეშველება, წლის ბოლოს სულ დავიხურებით. ახალმა მფლობელმა ვერ გაამართლა და ახლა გაკოტრებისაგან დეპრესიაშია ჩავარდნილი და ყველას ერიდება -“ მეუბნება ადგილობრივი მაღაზიის ერთ-ერთი სექციის მენეჯერი.
ამის გამგონეს გონებაში გამიელვა – „ქალის ჭკუა რა ვთქვი მეთქი,“ რომელმაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტის ლერი სომერსის ნათქვამიც გამახსენა: „ქალის მომავალს მეცნიერებასა და ბიზნესში ვერ ვხედავ. ქალის მისისა ოჯახზე ზრუნვაა.“ მაშინ, ამ განცხადებისათვის, საწყალი სომერსი ლამის ანათემას გადასცეს და საჯაროდ ბოდიშიც კი მოახდევინეს. მაგრამ, თუ ახლანდელ მაგალითს მოვიშველიებთ, დავინახავთ რომ არც მთლად ურგო რამ უთქვამს ბატონ სომერს.
ახლა, არ მითხრათ, თუ ქალი საზოგადოებრივ საქმიანობაში მოისუსტებს, იგი არც ოჯახის დიასახლისად ივარგებსო და შოთა რუსთაველის ციტატა არ შემახსენოთ: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია;“ მესმის, ჩემო კეთილო ხალხო თქვენი გულის ტკივილი; მიუხედავად იმისა რომ მეც თავად საკმაოდ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით გამოვირჩევი, საკუთარი შესაძლებლობის ფასი ძალიან კარგად ვიცი და როცა ვგრძნობ რომ ჩემი უნარი და გამოცდილება რაღაც გარკვეულ საკითხში სტანდარტებს არ შეესაბამება, ცხვირს იქ არ ვყოფ. კაი, ბატონო, გაუმართლდა და იყიდა ამხელა ბიზნესი „ფაილინს ბეზიმენტის“ მეპატრონემ; შე კაი ადამიანო, ადექი და მარკეტინგის მართვის წარმატებული საკითხები ექსპერტებს მაინც ჰკითხე… სავალალო მდგომარეობაში ხომ არც თავად მეპატრონე ქალბატონი ჩაიგდებდა თავს, არც კორპორაციის თანამშრომლები და არც მომხმარებელი.
ახლა, დაჯექი და რაც გინდა ის ქენი – გინდა ცხარე ცრემლით იტირე, გინდა დეპრესიისაგან გადარეულმა იმღერე და გინდა იცეკვე. მოსახდენი უკვე მოხდა – მშვიდობით, ფაილინ!

„ათჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია“

Posted December 9th, 2011 at 10:20 pm (UTC+4)
Leave a comment

თავის დროზე, საქართველოში, სიტყვა „ბრენდინგის“ მნიშვნელობას ვერა და ვერ ვხვდებოდი თუ რა კონტექსტში ხმარობდნენ ჩემი ე.წ. „მწიგნობარი“ კოლეგა – თანამემამულენი. ეს კიდევ არაფერია, ჩემმა გაოცებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ასეთი საგნის დასახელებას წავაწყდი: – „ქართული ბრენდინგის საფუძვლები.“ მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე, ბრენდინგის დანიშნულებისა და მისი საჭიროების გარკვევა დავიწყე.
„ლორეალი,“ „მერაია ქერი,“ „მეიბელაინი,“ „ეივონი,“ „ავანსეი,“ „დერმანიუ,“ „ნიუთროჯინა“ – ეს ის კოსმეტიკური საშუალებებია, რომლებიც, ამერიკაში, წლების განმავლობაში გარკვეული წარმატებით სარგებლობდა და სარგებლობს კიდეც. თუმცა, ბოლო დროს გამოჩენილმა ახალმა კოსმეტიკურმა სახეობამ – „ბიუთი ედიქტსმა“ აღნიშნული ბრენდების მარკეტინგის საკითხი ცოტა არ იყოს შეასუსტა.
„თანამედროვე ტექნიკის უმაღლესი საშუალებებით დამზადებული „ბიუთი ედიქტსის“ ყველა პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური შემცველობისაა და სრულებით გამორიცხავს ქიმიურ ელემენტებს. ბუნებრივი მინერალებისაგან დამზადებული თვალის წენი, წამწამის ტუში, სახის ტონერი თუ ტუჩის ნელ-საცხი, ბრენდინგის თანამედროვე სტანდარტებით გამოირჩევა“ – მიხსნის „ბიუთი ედიქტსის“ ბრენდინგის მენეჯერი ჯენინ პიზა.
ჰოლივუდის მსახიობები – ნატალი პორტმანი, შერონ სტოუნი, ალფრე ვიდარდი, სტეისი კელბლერი, ცნობილი ამერიკელი მომღერალი – ბრუკ ჰოგანი, პოპულარული ინგლისელი ნოველისტი – ჯეკი კოლინსი და წარმოშობით უკრაინელი, ფიგურული სრიალის მოცეკვავე ოქსანა ბალული – „ბიუთი ედიქტსის“ აქტიური მომხმარებლები არიან.
ახლად გამოჩენილ კოსმეტიკურ საშუალებას უკვე ამერიკის სამომხმარებლო ბაზრის 65 პროცენტი უჭირავს. „ამ წარმატების საფუძველს ჩვენს მიერ ბრენდირების მართებულად წარმოებული სარეკლამო კამპანია და პროდუქციის ხარისხის შეადგენს,-“ მეუბნება ქალბატონი პიზა.
მიუხედავად თავბრუდამხვევი, დამაინტრიგებელი და მომხიბვლელად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩემს ცნობისმოყვარეობას ბრენდინგის სრული შეცნობის თაობაზე საზღვარი არ ჰქონდა. ამიტომ, როგორც ამბობენ – „ათჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო“ და შემოთავაზებულ წინადადებას, საკუთარ თავზე გამომეცადა „ბიუთი ედიქტსის“ სასწაული, უმალვე დავთანხმდი. მოვლენები კი ასე განვითარდა: პროფესიონალი გრიმიორი ჩემს სახეს ისე მიუდგა თითქოს თაბაშირისაგან ადამიანის ახალ პროფილს ქმნიდა. სახის დამუშავება სპეციალური დამატენიანებელი გამწმენდი საშუალებით დაიწყო, რომელსაც, ნუმერაციის მკაცრი დაცვით, თვალის ათასგვარი მკვებავი, წენი, კონტური თუ წამწამის ასაპრეხი მოჰყვა. შემდეგ სახის დეტალების ცალკეული დამუშავების ჯერიც დადგა; სახეზე პირველად, ე.წ საძირკველი განთავსდა, რომელსაც თავისი ელემენტები მოჰყვა. ბოლო ეტაპზე კი ტუჩის შეღებვის პროცედურა ჩატარდა. ერთი სიტყვით, გალამაზების ამ პროცესს, მთლიანად, ერთი საათი მაინც დაჭირდა.
დასრულებული სამუშაოს სანახავად სარკე უმალვე მოვიმარჯვე და საკუთარი თავის დანახვამ სრულიად გამაოცა, რადგან იმდენად განსხვავებული ვიყავი რომ თვალებს არ ვუჯერებდი. უმთავრესი კი ის იყო, რომ ჩემს მაკიაჟს ბუნებრიობის ელ-ფერი სავსებით შემორჩენილი ჰქონდა, რაც ალბათ ფოტოებზეც შეიმჩნევა;
და აი, მაშინ კი მივხვდი ბრენდინგის დანიშნულებასა და მის მართებულად წარმოების მიზანს, რომელსაც თეზისების სახით გთავაზობთ:
1.ბრენდინგი მომხმარებლის სრულ დაკმაყოფილებას ითვალისწინებს;
2.ბრენდინგის ათასჯერ განმარტებას, მომხმარებელზე მისი ერთხელ გამოცდა მაინც ჯობია;
3. ბრენდინგის რეკლამირების უმთავრეს საშუალებას მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოების ეფექტური გზა წარმოადგენს;
4.ბრენდინგის გასაღების წყაროს კი პროდუქციის მარალხარისხიანობა, ნდობა და მომხმარებლის ლოიალობა შეადგენს;
5.ბრენდინგის მიზანია მომხმარებელში პროდუქციის შეძენის ან მიღების დაუყონებლივი სურვილი აღძრას.
ეს უკანსაკნელი კი ჩემში უკვე გარკვეულწილად არსებობს; ჯერი ახლა თქვენზეა.

„ჩემი ერთი კვირა მერლინთან“

Posted December 1st, 2011 at 10:44 pm (UTC+4)
Leave a comment

ეს ფილმის სათაურია და არა რეალობა, თუმცა ზოგიერთისთვის, ალბათ, შეიძლება ნატვრაც იყოს, რომლის ახდენა, ამჯერად მხოლოდ ბრიტანელმა რეჟისორმა საიმონ კერტისმა შეძლო. კოლინ კლარკის მიერ მერლინ მონროზე დაწერილი მემუარების მეშვეობით, მან, ფილმში იმ გოგონას ცხოვრება ასახა, რომელიც დღემდე სილამაზისა და სიყვარულის უბადლო სიმბოლოდ ითვლება.

მიუხედავა იმისა რომ მერლინის სიკვდილიდან 50 წელი გავიდა, ამ ქალის ცხოვრება კვლავ აქტუალურია; მერლინ მონრო ამერიკული კინოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად დღემდე რჩება.

ბევრჯერ მიფიქრია ქერათმიანი ლამაზმანის შესახებ… თუმცა მისი ცხოვრების ირგვლივ ატეხილ აურზაურს არასდროს გაუოცებივარ, რადგან როცა  განსაკუთრებულ სილამაზეს ფლობ და ამასთანავე ამერიკის პრეზიდენტის რჩეულიც ხარ, ძნელია ვინმემ რაიმე არ თქვას…. მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში, კენედის სახელობის ბიბლიოთეკის ის ოთახი, რომელშიც მერლინ მონროსა და პრეზიდენტ კენედის პირადი მიმოწერის კორესპონდენცია ინახება  სამუდამოდ, დაკეტილია….  ისე, საინტერესოა, ნეტა ოდესმე თუ სააშკარაოზე მაინც გამოიტანენ ამ წყვილის წერილების რაღაც ნაწილს მაინც?! ანდა რა არის ისეთი, რასაც ასე რუდუნებით მალავენ?!…

სიმართლე გითხრათ, არასდროს ვყოფილვარ ვინმეს თავგამოდებული ფანი, თუმცა ცნობისმოყვარეობა წარმატებული  ადამიანების მიმართ ყოველთვის მახასიათებადა. ასეა ახლაც, მერლინ მონრომ ბევრი რამით დამაინტერესა, უმთავრესი კი მისი შემდეგი მოსაზრების გაცნობიერების სურვილია: „პირველ რიგში ვცდილობ, დავარწმუნო საკუთარი თავი რომ პიროვნება ვარ, შემდეგ ალბათ შევეცდები დავარწმუნო თავი, რომ მსახიობი ვარ…“

ნათქვამზე ადეკვატური ანალიზის მიღებას სწორედ რეჟისორის საიმონ კერტისის ფილმიდან შევეცადე.

ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უბანში მდებარე AMC Loews-ის კინოთეატრში ახალად გამოსული თრილერის დაწყებას სულმოუთმენლად ველოდები. დარბაზში მყოფი, ემოციას მოკლებული რამდენიმე მაყურებელის პირისახე, პოპკორნის მადიანი ჭამითა დატოვებულ ნაკვალევს დაუფარავს. ჩემს გვერდით საშუალო ასაკის ქალბატონი კომფორტულად მოკალათდა. ღიმილიანი თვალები  გამოლაპარების მცდეოლობის მიზნით გულუბრყვილოდ შემომანათა; თუმცა ქართულმა წარბშეკრულობამ ამის სურვილი უმალვე გაუქრო.

და, აი, ფილმიც დაიწყო… სასიამოვნოდ დამაინტრიგებელი მუსიკის ფონზე, მონროს როლის შემსრულებელი, ცნობილი ვარსკვლავი – მიშელ უილიამსი,  მერლინის დამახასიათებელი ღიმილით მაყურებელის  გამოწვევას ცდილობს.  ქერა თმა,  ტუჩის მაღლა მდებარე ხალი, ვიწრო და გრძელი ბოლოკაბა მერლინს აწმყოში აბრუნებს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ლამაზმანის მიერ აბაზანის მიღების ის ეპიზოდია, რომელსაც  კლარკის როლში მყოფი  კინო-ვარსკვლავის ედი რედმაინის ვნებიანი, მწველი თვალების მზერა ატყვევებს.

მხატვრული ეფექტების ნაირსახეობით გაჯერებულ ფილმს, მერლინ მორნოს  საიდუმლოებით მოცულ, სასიყვარულო თავგადასავლებითა და პარტნიორებთან თანცხოვრების გაურკვეველ თუ უიღბლო ურთიერთობების ლაბირინთში შევყავარ.

კლარკისა და მონროს შორის არსებულმა ლტოლვამ, მის პარალელურად კი დრამატურგ არტურ მილერთან ოჯახის მესამედ შექმნის  გადაწყვეტილებამ და მონროს ქალურმა  შარმმა ერთ დასკვნამდე მიმიყვანა: ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა იმ იმპროვიზაციის ნაწილია, რომელიც ევას მირთმეულმა ვაშლმა ადამს თავი დააკარგინა… მერე, რაც დრო გადის, ეს იმპროვიზაცია ფროიდის ყურადღებას იმსახურებს და მასზე დაყრდნობით  ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური განვითარების იმ ზე-ძალას წარმოგვიდგენს, რომელიც საპირისპირო სქესის სუბიექტებს ერთმანეთის შეცნობისა და შესისხლხორცებისაკენ უბიძგებს… საბოლოოდ კი ამ ყველაფრის  შედეგს  ადამიანური  ფენომენის ტრანსფორმაციის ან აღმოჩენამდე ანდა განადგურებამდე მივყავართ. ალბათ, დაგებადებათ კითხვაც თუ ვის ეკუთვნის მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში – ქალს თუ მამაკაცს? პასუხი მხოლოდ ერთი მაქვს – მამაკაცს, რადგან, როცა იგი საპირისპირო სქესთან თანაცხოვრების დროს თერაპიული ტექნიკის ნაცვლად  „თავისუფალი ასოციაციების“ თამაშს იწყებს, სწორედ მაშინ ჩნდება რღვევა  იმ  ურთიერთობისა, რასაც ერთმანეთის სხეულში ქალისა და მამაკაცის გარდასახვას ვუწოდებთ…

მაპატიეთ ასეთი თამამი განაცხადისათვის.

და ბოლოს, განწყობის შესანარჩუნებლად, აუდიო პორტრეტის საშუალებით, მოდით კიდევ ერთხელ   თვალი გადავავლოთ ქერთამიანი ლამაზმანის – მერლინ მონროს ოცდათექვსმეტწლიანი ცხოვრების გზას.

 

გმადლობთ, რომ არსებობთ!

Posted November 21st, 2011 at 10:21 pm (UTC+4)
4 comments

-„ციბა, ციბა, ციბა, აქეთ, აქეთ, თქვე მართლა ინდაურებო,“ –  ეძახდა მარტყოფელი ლამზირა საჭმელად გამზადებულ ინდაურებს და თან აყოლებდა: -„  მარტო ხალხი კი არა,  ფრინველებიც განსხვავდება აქ.. აბა,  ქართული ინდაური ასე მოიქცოდა, როგორც ახლა ესენი იქცევიან?….

მსგავს შეფასებას მრავლად გაიგონებთ ფილადელფიის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რომელიც აქ „ამერიკულ მარტყოფადაა“ ცნობილი.

ამ ტერიტორიაზე 15 წლის წინ მარტყოფიდან ჩამოსულმა ერთმა გოგიას ოჯახმა (ამჟამად უკვე „ჯორჯი“) ნელ-ნელა იმდენი ქნა რომ დაახლოებით 130 მარტყოფელს ამერიკისაკენ გაუკვალა გზა. სწორედ ამიტომ, ეძახიან აღნიშნულ ადგილს „ამერიკულ მარტყოფს…“

მოკლედ, რაღა ამერიკელი ინდიელები და რაღა ჩვენი თანამემამულე მარტყოფელები ფილადელფიის მიწაზე…

ჩემი მასპინძელი ლამზირა, აქაურებისათვის უკვე სახელშეცვლილი  „ლიზი,“ ოჯახურ მეურნეობას ეწევა: ძროხა, ღორი, ქათამი და ინდაური,  უხვად ჰყავს მას.

ახლა ათმაგი დატვირთვა აქვს „ლამზირა-ლიზის,“ რადგან მოახლოებული მადლიერების დღისათვის, აქაურმა ქართველებმა შინაურ ინდაურებზე შეკვეთა მისცეს.  „ლამზირა-ლიზიც“ ენერგიას არ ხარჯავს და 10  ინდაურს გასაყიდად ამზადებს.

-„კაი ცხოვრება ყველას უხდება… კომფორტში მყავს ჩემი ინდაურები… რაც ამათ საჭმელი და პატრონობა აქვთ, იმდენი ჩვენს ხალხს არ ააქვს საქართველოში,“ –აბმობდა „ლამზირა-ლიზი,“ რომლის ერთი ინდაურის ღირებულება, ჩვეულებრივი ამერიკული სუპერმაკეტისაგან განსხვავებით,  80-დან 100 დოლარამდე მერყეობს:

„ეს ორგანიკია, ნატურალური და მიტომ ვყიდი ამ ფასად… თანაც ქართულად ვუვლი…“- ამიხსნა ჩემმა მასპინძელმა.

შორიახლოს, ეზოში,  პატარა თონესაც მოვკარი თვალი, რომელშიც შამფურზე წამოცმული ინდაური შესაწვავად ისე ჩააყუდეს,  როგორც ამერიკელი კოვბოის მიერ ცხენს ამოდებული ლაგამი…

-„უჰ, უჰ, რა სუნი იქნება ამ ხუთშაბათს, მთელი ამერიკა შემწვარი ინდაურის ბოლში გაეხვევა- “ არ ცხრებოდა მაპსინძელი….

დიახ, მართალი ხარ ჩემო „ლამზირა-ლიზი,“  24 ნოემბერს ამერიკა ხომ მადლიერების დღეს აღნიშნავს.  ინდაური კი ამ დღის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ხუთშაბათს, მთელს ამერიკაში უამრავი ინდაურის გაყიდვას ვარაუდობენ. სტატისტიკური მონაცემებით   2003 წელს, 269 მილიონი გაზრდილი ინდაურიდან 1.6 მილიონი ინდაური მადლიერების დღისათვის დაიკლა.

ყოველი ნომებრის ბოლო კვირის ხუთშაბათს ამერიკის გრანდიოზული სავაჭრო ცენტრები მყიდველთა უდიდეს ტალღას ელოდება. „შავ პარასკევად“ წოდებული მადლიერების მეორე დღეს  მაღაზიებში ისეთი ამბავია ხოლმე რომ დედა-შვილს არ აიყვანს ხელში… სხვადასხვა საქონელზე გამოცხადებული ზღაპრული ფასდაკლების მორევში თავით გადაშვებული ამერიკელები სახლში ცენტების ამარა და  დანოლებული  საკრედიტო ბარათებით ბრუნდებიან.

თუმცა, ინდაურის თეთრი ხორცით მადა დაოკებული და ჯიბე დაცარიელებული ამერიკელები უმთავრეს მაინც არ ივიწყებენ და ყველას  და ყველაფრის მიმართ მადლიერებას მაინც გამოხატავენ:

Thank you very much for food – გმადლობთ საკვებისათვის…

Thank you for being with me – გმადლობთ ჩემთან ყოფნისთვის…

Thanks for love and support – გამდლობთ სიყვარულისა და მხარდაჭერისათვის… ასეთია იმ დღის სასაუბრო ლექსიკონი… ისე ამ „მადლობა,“ „მადლობა“ ძახილში  „ოთარაანთ ქვრივიც“ გამახსენდა თავისი ტკბილ-მწარე პირდაპირობით: —  „მადლობა!… შენთვის მაგრად შეინახე, ძონძებში გამოიკარ, არ დაგეკარგოს… დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ ქვრივისათვის, ო შენმა მზემ! ეგრე ხელგაშლით რად იხარჯები. აი, მეხი კი დაგაყარე! მადლობა!… კარგია – მუქთაა თორემ მაგასაც ხომ არ იშოვიდი, რომ გარჯით საშოვარი იყოს. მადლობა!… ეგ შენი მადლობა გინდა გახიე, გინდა გაფხრიწე….“

ისე მართლა, ნეტა ფასიანი რომ ყოფილიყო  მადლობის თქმა, საინტერესოა რამდენჯერ იტყოდნენ დღეში ამას ამერიკელები და რამდენად შეავსებდა მორყეული ყავარჯნების მსგავს ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტს მისგან შემოსული თანხა?! – პასუხს მკითხველისაგან ველი.

მანამდე კი სანამ დრო მაქვს და ჯერ კიდევ უფასოა, მინდა ყველას,  „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის  თანამშრომლებსა და განსაკუთრებით  ჩემს მკითხველს საქვეყნოდ გითხრათ: – გმადლობთ, რომ არსებობთ, გმადლობთ, რომ ცხოვრებას მიხალისებთ!!!!

 

 

 

 

 

 

 

ვისია, ვისი ქალი ლამაზი? ანუ როგორ შეიძლება ამერიკის ცის ქვეშ რუსულ-ქართული ურთიერთობის გამოსწორება

Posted November 16th, 2011 at 8:22 pm (UTC+4)
3 comments

მას შემდეგ რაც საქართველომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაზე თანხმობა განაცხადა, ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის“ ქართულმა და რუსულმა განყოფილებებმა დამოყვრება გადაწყვიტეს…

საქართველოს ისტორიაში მრვალადაა შემორჩენილი ქართულ-რუსული ცოლ-ქმრული თანაცხოვრების მაგალითები; აი რამდენიმე მათგანიც, თამარ მეფე და იური ბოგოლიუბსკი, აკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია, ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე, რომელზეც მოგვიანებით ქართული სილამაზით გულასუყებული ბატონიშვილი, არც აციებს და არც აცხელებს, ისე იტყვის თავადის ასულ ჭავჭავაძეზე, „ნადაელა ეტო გრუზინსკაია კავკაზკა…“

ეს აბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით არც „ქორწინებას იტალიურად“ და არც ქართული ქორწილის ტრადიციებს  მოგაგონებთ; მსგავსებას მხოლოდ „რუსულ გორკასა“ და „ფრანგულ კოცნაში“ თუ დაინახავთ. აღსანიშნავია ისიც რომ ამ ქორწინებას წინაპირობად, რამდენიმე წლის წინ, თბილისში დაწყებული სიყვარული უდევს საფუძვლად.

მაშ ასე, „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის თანამშომელმა იგორმა ქართული რედაქციის თანამშრომელს ეკატერინეს ცოლად გაყოლა  სთხოვა და თანაც დააყოლა, „უარს ნუ მეტყვი, რადგან უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო“… ეკატერინემაც ბევრი ფიქრისა თუ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ თანხმობა განუცხადა და აი შედეგიც: 2011 წლის 10 ნომბერს „ამერიკის ხმის“ ოფისში თამარ გვერდწითელის რუსული სიმღერების ფონზე ეკატერინემ და იგორმა თავის ცოლ-ქმრობას ოფიციალური სახე მისცეს.

პატარძლის მიერ მომზადებულმა ქართულმა საჭმელებმა – საცივმა, ნიგვზიანმა ბადრიჯანმა, იმერულმა ხაჭაპურმა, მჭადმა და სუნელებში გემოვნებით შეზავებულმა შემწვარმა წიწილამ, რუსი მოყვრები არა მარტო გააოცა, არამედ წარსული დროც გაახსენა, როცა „სოვეტსკაია გრუზია“ დიადი საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა:

-„გრუზინი ვსოტაკი ტეჯე ოსტალის, ჩტო ბილი რანშე… უჰ, კაკ ვკუსნა გატოვიტე, უჰ, კაკ ხოროშო სვამი…“ ამბობდა ერთ-ერთი ჩემი რუსი კოლეგა…

-„მი ლუბიმ ვას, ი სკუჩაემ ბეზ ვას, ვედ რასია ბეზ გრუზინავ ნეჩევო… “ – ხმამაღლა აღნიშნა მეორე  კოლეგამაც…

მოკლედ ამის გამგონეს, გული სიხარულით ამევსო. გავიფიქრე კიდეც, თუ პოლიტიკოსებს არ ძალუძთ ერთმანეთთან საუბარი, მაშინ იქნებ, მსგავსმა რიტუალმა მაინც შეძლოს რუსულ-ქართული დაძაბული ურთიერთობის დარეგულირება…  ამ ფიქრებში ჩაფლული უეცრად შეძახილმა „გორკა, გორკა, გორკა“ გამომაფხიზლა…. იგორმაც და ეკატერინემაც „ერთ სულ და ერთ ხორც“ ბაგე ბაგეს შეახეს და გემრიელი კოცნა უბოძეს ერთმანეთს…  ის-ის იყო საზოგადოებას მეფე-დედოფლის მორიგი სადღეგრძელო უნდა შეესვა, როდესაც უეცრად ერთ-ერთმა  სტუმართაგანმა დაიყვირა, „ნუ ტანეც სიჩას, ჩტო ნიბუდ გრუზინსკი…“

მოთხოვნამ ქართული რედაქციის წარმომადგენლებს თავსატეხი ნამდვილად გაუჩინა და ერთგვარ დეპრესიაშიც დაუპირა ჩაგდება  რომ არა ჩვენი ღირსეული თანამშრომლის – ლევან „დიდის“ გამბედაობა და შეძახილმა – „შენ დაუკარო…“

პატარძალმა და ლევან „დიდმა“ აჭარული ისე ლამაზად შეასრულეს რომ რუს მოყვრებს თვალზე კურცხალიც კი მაოდინეს….

ქართულ  ცეკვას  რუსული „კალინ-კამალინიც“ უმალვე მოჰყვა და ასე, რიგ-რიგობით, ყოველგვარი კონფლიქტისა და დაპირისპირების გარეშე  ერთამნეთს  ენაცვლებოდა პატარა საქართველოსა და დიდი იმპერიის კულტურული სანახაობა…. ერთადერთი რასაც ცოტაოდენი ჩოჩქოლი მოჰყვებოდა ხოლმე ქართულ ღვინოზე დაყოლებული შეზახილი -„პეი დოდნა, პეი დოდნა“ იყო…

მთლიანობაში, ქორწილმა, საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და საუკეთესო სურვილებით გაჯერებულმა ბედნიერმა წყვილმაც თაფლობის თვის გასატარებლად გეზი მაიამისაკენ აიღო.

 

 

ერნესტ ჰემინგუეი

Posted October 30th, 2011 at 7:14 am (UTC+4)
Leave a comment

ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება!

ლაპარაკის სწავლას ორი წელი უნდა დუმილის სწავლას _ ორმოცდაათი.

ჯონ კენედი

Posted October 30th, 2011 at 7:10 am (UTC+4)
Leave a comment

აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ!

ერთი სახე მრავალი ინტერპრეტაციით

Posted October 30th, 2011 at 6:55 am (UTC+4)
Leave a comment

პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის ახლადგახსნილი მემორიალის შეხედვისას დამრჩა, ერთგვარად, თანსწორუფლებიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა  და სახელმწიფოებრივი ღირებულების ემოციების ჭიდილს წარმოადგენდა. გონებაში, ისტორიული ქრონიკები, საათის ისრებივით ტრიალებდნენ და ზოგადსაკაცობრიო სიტყვები – “I Have a Dream…” („მე მაქვს ოცნება’“ ) და “Let Freedom Ring”  („დაე თავისუფლება რეკდეს“) მრავალხმიანობას მატებდნენ.

უტყვი მზერა ხანდახან გულის ამაჩუყებლად ბავშვური მეჩვენა, ხანდახან შეძრწუნებული და გაბრაზებულიც კი; და როგორც  ხელოვნების ნიმუში, მისი ყოველი ნახვისას,  რაღაც განსაკუთრებულს, ახალს ვხედავ მასში. სამოქალაქო უფლებების დამცველი ლიდერი, თეთრ გრანიტში გამოხატული იმედის სახით, მოულოდნელად  მაფიქრებინებს, – გლობალიზაციის ეპოქაში მრავალი პოლიტიკური ტრანსფორმაციის თვითმხილველებს, იქნებ, მარტილ ლუთერ კინგის შეძახილისათვის კიდევ ერთხელ რომ მოგვესმინა,  ალბათ, უფრო შეუპოვრად ვიბრძოლებდით სოციალური სამართლიანობის წარმატებული განვითარებისათვის. ამერიკამ ბევრჯერ შეძლო ლუთერ კინგის ოცნების რეალიზაცია; დემოკრატიაზე დაფუძნებული სხვადასხვა რაკურსში განხორციელებული  წარმატეტები შემდგომში მსოფლიო პოლიტიკის წესრიგის განმსაზღვრელად იქცა; დიახ, ქვეყანა რომელიც „ძალიან დიდია პატარა ნატვრისათვის,“ დღეს, ახალი, სახელმწიფოებრივი გამოწვევების გასაყარზე დგას. კატაკლიზმებმა ტექნოლოგიასა და ეკონომიკაში,  თუ გლობალურმა ომებმა და კონფლიქტებმა, ცვლილებების მოხდენის აუცილებლობა დაგვანახვა. 9,1444
(30 ფუტი) მეტრი  სიმაღლის ქანდაკების გახსნას, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი თავადვე დაესწრო. ბარაკ ობამას პრეზიდენტობა, მარტინ ლუთერ კინგის ახდენილი ოცნების მცირედი ნაწილია იმ დიდი ნუსხიდან, რომელშიც
კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა,  შემწყნარებლობა და პატრიოტიზმი სოციალურ სამართლიანობასთან ერთად საზოგადეობის ფასეულობის განმსაზღვრელად გველინებიან. მოგვიანებით მარტინ ლუთერ კინგი თავადვე იტყვის, რომ დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იძულებულია რაც შეიძლება მთელი სიცხადით შეითვისოს საზოგადოების ფასეულობის ყველა ის პრინციპი, რომლის უგულვებელყოფას კაცობრიობის განადგურებამდე მივყავართ.

„I have a dream that one day this nation will rise up and live out the true meaning of its creed: We hold these truths to be self-evident, that all men are created equal”.

„მე მაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს, ერი ჩვენი გაიაზრებს და მივა იმ ჭეშმარიტებამდე, რაც ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობას გულისხმობს…“

მარტინ ლუთერ კინგის ეს სიტყვები, სამოქალაქო სამსახურის,  საზოგადოებრივი სულიერებისა და სამართლიანობის ჰარმონიული ერთობლიობის  თანხვედრას წარმოადგენს.

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.