უკრაინის სათანადოდ ვერშეფასებას არ გირჩევთ

Posted February 11th, 2014 at 1:49 pm (UTC-5)
Leave a comment

საღამოობით ტემპერატურა -20 გრადუსამდე ეცემა. მომიტინგეები გასათბობად ხშირად ცეცხლს ანთებენ. ჯიმ ბრუკის ფოტო

საღამოობით ტემპერატურა -20 გრადუსამდე ეცემა. მომიტინგეები გასათბობად ხშირად ცეცხლს ანთებენ. ჯიმ ბრუკის ფოტო

საბჭოთა არმიამ 40-იანი წლების ბოლოს, უკრაინელ ამბოხებულებთან გამართულ ბრძოლებში, ბევრად მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე 80-იან წლებში ავღანეთის ოკუპაციის პერიოდში.

ბევრისთვის ეს ნაკლებად ცნობილი ამბავია, რომელსაც საბჭოთა ცენზურა დიდი ხნის მანძილზე მალავდა. თუმცა, ეს გარემოება ალბათ  დაგვეხმარება იმ ფაქტის ახსნაში, თუ რატომ დგანან უკრაინელები ისევ ქუჩაში, ასე  მტკიცედ. არად აგდებენ უმკაცრეს, გაუსაძლის, ხანგრძლივ ყინვას და მთავრობის წინააღმდეგ აღმართულ ბარიკადებს იცავენ.

უკრაინელთა დიდი ნაწილის, ერთი შეხედვით სანდომიანი, ხშირად გულღია გარეგნობის მიღმა, რკინის ნერვები, თვითდისციპლინა და საერთო მიზნისთვის თანამშრომლობის ძალზე შთამბეჭდავი უნარი იმალება.

ბევრი დასავლელი, ჩემი ჩათვლით, მიიჩნევდა, რომ პროდასავლური საპროტესტო დემონსტრაციები, რომელიც ნოემბრის ბოლოსკენ დაიწყო, მაქსიმუმ ერთი, ან ორი კვირა გასტანდა. დემონსტრანტები აალაგებდნენ თავიანთ კარვებს და საკუთარ პოლიტიკურ ენერგიას 2015 წლის მარტში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიმართავდნენ.

თუმცა, მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა.  სამართალდამცავთა სიმრავლის მიუხედავად, სახურავებზე განლაგებული სნაიპრების სროლების პირისპირ, არქტიკულ ყინვაში სახანძრო მანქანებიდან წამოსული წყლის ნიაღვრის წინაშე, უკრაინელები ისევ ისე, მტკიცედ დგანან. კიდევ უფრო ბევრი არიან, ვიდრე როდესმე. პრეზიდენტი იანუკოვიჩი მომიტინგეებს ხან ერთ დათმობას მიუგდებს, ხან -მეორეს. იმედი აქვს პოსტის დატოვება სამხრეთ ამერიკული სტილით, საპრეზიდენტო სასახლის სათადარიგო კარით არ მოუწევს.

მოხალისე „მებრძოლები“ მეიდანის გარკვეული მისიით დატოვებისთვის ემზადებიან. ჯიმ ბრუკის ფოტო

მოხალისე „მებრძოლები“ მეიდანის გარკვეული მისიით დატოვებისთვის ემზადებიან. ჯიმ ბრუკის ფოტო

იანუკოვიჩის, 63 წლის საბჭოთა ტრადიციებზე აღზრდილი ლიდერის წინაშე პოსტსაბჭოთა უკრაინელთა ახალგაზრდა თაობა დგას. ისინი თავს ევროპელებად მიიჩნევენ. უკრაინის გარეთ მათი ხშირად არ ესმით, რადგან ამ თაობის უდიდესი ნაწილი უკრაინის ამბოხებულთა არმიის (Українська Повстанська Армія -УПА) იდეების პატივისცემით აღიზარდა. კარგად თუ დააკვირდებით დემონსტრანტთა ფოტოებს, თანდათან უფრო შენიშნავთ ისტორიული დროშის წითელ და შავ ფერებს. რიტუალურ შემოძახილსაც დააკვირდით: „დიდება უკრაინას – დიდება მის გმირებს“. ეს 40-იან წლებში უკრაინის ამბოხებულთა ძველი არმიელების ტრადიციული მისალმება იყო.

კიდევ რა ამოძრავებს დემონსტრანტებს? ეს არის სამეზობლოს კარგი ცოდნა. ჩრდილოეთით ბელორუსი აკრავთ, აღმოსავლეთით კი – რუსეთი. ბელორუსის ლიდერი ჯანმრთელი, 59 წლის დიქტატორი, ალექსანდრე ლუკაშენკოა. რუსეთს კი ასევე ჯანმრთელი, 61 წლის ავტორიტარი, ვლადიმირ პუტინი მართავს. მხოლოდ რაიმე მოულოდნელმა ბიოლოგიურმა სიურპრიზმა თუ შეიძლება ამ ორ ლიდერს ხელი შეუშალოს საკუთარი ქვეყნების მომდევნო 15 წლის მანძილზე მართვაში. ორივე ქვეყანა პოლიტიკური გამყინვარების ეპოქაშია. ამიტომაც უკრაინელები ძალზე ნათლად ხედავენ საკუთარ მომავალს ამ ე.წ. სლავურ „ტროიკაში“ და ამის წინააღმდეგი არიან.

კრემლის აზრით, უკრაინელები რუსეთის საუკუნო მტრის, პოლონეთ-ლიტვა- შვედეთის ანტირუსული ალიანსის მსხვერპლი ხდებიან. რუსეთი თვლის, რომ ისტორიული მტერი მას დარტყმას ისეთ ადგილზე აყენებს, სადაც ალიანსს არაფერი ესაქმება, რითაც რუსეთის მიერ შავი ზღვის სანაპიროს კონტროლს საფრთხის ქვეშ აქცევს.

მეიდანზე გაშლილ კარავზე გამოსახული სიმბოლო „მონობის წინააღმდეგ“ მოსკოვის ბატონობის პროტესტია. მიტინგზე ხშირად გაისმის შეძახილი: „არა - რუსულ იმპერიალიზმს“. ჯიმ ბრუკის ფოტო

მეიდანზე გაშლილ კარავზე გამოსახული სიმბოლო „მონობის წინააღმდეგ“ მოსკოვის ბატონობის პროტესტია. მიტინგზე ხშირად გაისმის შეძახილი: „არა – რუსულ იმპერიალიზმს“. ჯიმ ბრუკის ფოტო

პუტინის მიერ საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელის უკრაინაში ექსპორტირების მცდელობა, როგორც ჩანს, ჩასავარდნად არის განწირული. თუმცა, რუსეთი საუდის არაბეთივით ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოებზე ზის. პუტინს აქვს იმის საშუალება, რომ 50 მილიარდი სოჭის ოლიმპიადაზე დახარჯოს, ამ თანხის ნახევრის მოპარვის საშუალებაც კი მისცეს, და ამაზე დიდი ყურადღება არც გამახვილდება. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის არის თანხა დარჩენილი იმისთვის, რომ ხელფასები და პენსიები დროულად დარიგდეს.

უკრაინა კი ჩვეულებრივი ქვეყანაა. საფრანგეთივით, ან ბრაზილიასავით ის იძულებულია პროდუქცია აწარმოოს, გაყიდოს და ამის ხარჯზე იცხოვროს. რუსული მოდელი უკრაინაში არ იმუშავებს, ეს არის ქვეყანა, რომელიც სიმინდის და ლითონის ექსპორტზეა დამოკიდებული.

ასეთი შემჭიდროვებული ეკონომიკის პირობებში უკონტროლო კორუფცია საპროტესტო მოძრაობების მაპროვოცირებელია. მეიდანზე აუცილებლად მოისმენთ ინფორმაციას, რომელიც პრეზიდენტის შვილს, სტომატოლოგ ალექსანდრე იანუკოვიჩს ეხება. მან დიდი მონდომებით იზრუნა იმაზე, რომ მამის პრეზიდენტობის პირველი 1 000 დღის მანძილზე საკუთარი ბიზნეს იმპერია გაეზარდა. როგორც ამბობენ, მისი ქონება დღეს დაახლოებით ნახევარ მილიარდს შეადგენს.

დემონსტრანტები თვლიან, რომ ბიზნესებს პოლიტიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანები იტაცებენ. მწარმოებლები ფრთხილობენ და ახალი წამოწყებებისგან თავს იკავებენ. ასეთ გარემოში ახალგაზრდებს სხვა არაფერი რჩებათ, თუ არა დასავლეთ ევროპაში ემიგრირება და მეორეხარისხოვან სამუშაოებზე დათანხმება.

„რევოლუცია 2014“ ლოზუნგს ნიღაბი და მოლოტოვის კოქტეილი ახლავს. ჯიმ ბრუკის ფოტო

„რევოლუცია 2014“ ლოზუნგს ნიღაბი და მოლოტოვის კოქტეილი ახლავს. ჯიმ ბრუკის ფოტო

ამით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ ამბობენ უკრაინელი დემონსტრანტები, რომ ისინი „ევროპული ღირებულებებისთვის“ იბრძვიან. ასევე: თუ რატომ სურთ ახალგაზრდა უკრაინელებს კორუფციის დამარცხება და ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსების მიერ ბიზნესების დასაკუთრებაში ხელის შეშლა. ეს ყოველივე თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის კრიტიკული მამოძრავებელი ძალაა.

ეს არის ის, რაც თანამედროვე რუსეთს აკლია. სწორედ ამიტომ დაკარგა პუტინმა უკრაინელთა გულები და გონება. და 15 მილიარდის ოდენობის რუსული კრედიტი მას უკრაინელებს უკან ვეღარ დაუბრუნებს.

საპროტესტო აქციები პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ კრიზისული სიტუაციის მართვის სრული უუნარობის გამო კიდევ უფრო ძლიერდება. მან გეოპოლიტიკური თამაში თავიდან შედარებით კარგად წაიყვანა. გასულ ნოემბერს ევროკავშირი ქორწინების აუცილებლობაში დაარწმუნა, ბოლო მომენტში კი ჯვარი პუტინთან დაიწერა. დასავლეთთან ჩატარებული მანევრის ხარჯზე იანუკოვიჩმა შეძლო კრემლი კარგად შეენჯღრია და მისთვის 15 მილიარდის დახმარება დაეტყუა.

თუმცა, საშინაო ფრონტზე ის არც თუ ისე წარმატებულია. უსაფრთხოებამ ძალა ზედიზედ რამოდენიმეჯერ გადაამეტა. რამდენი სამართალდამცავები იერიშის მიტანას შეეცადნენ, იმდენი სატელეფონო ვიდეოკამერები ირთვებოდა და ევრომეიდანზე 2 ათასი ადამიანის ნაცვლად 200 ათასი ჩნდებოდა.

ერთ-ერთ ბოლო ვიდეოფირზე, რომელიც სოციალური ქსელებით ძალიან სწრაფად გავრცელდა, პოლიციელი დემონსტრაციის მონაწილეს აიძულებს კაზაკის ფორმა გაიხადოს. შემდეგ შიშველს თოვლში არბენინებს. პოლიციელები კი მას დასცინიან და ურტყამენ.

პატრიარქმა ფილარეტმა, უკრანის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა თქვა, რომ ეს კაზაკი უკრაინის სიმბოლოა: შიშველი, ნაწამები, მაგრამ მაინც თავაწეული, უდრეკი და უშიშარი.

შიშველი კაზაკისთვის გადაღებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ვიდეოფირის ხარისხის და ობიექტამდე მანძილიდან გამომდინარე, ვიდეოს ავტორი პოლიციელი უნდა ყოფილიყო. ხალხს კი ის მოგვიანებით ჩაუვარდა ხელში.

დემონსტრანტების მიერ დამწვარი საბურავების კვამლმა და პოლიციის მიერ მიშვებულმა წყლის ნაკადმა მეიდანი შავი ყინულით დაფარა. ჯიმ ბრუკის ფოტო

დემონსტრანტების მიერ დამწვარი საბურავების კვამლმა და პოლიციის მიერ მიშვებულმა წყლის ნაკადმა მეიდანი შავი ყინულით დაფარა. ჯიმ ბრუკის ფოტო

რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრობს, რომ იანუკოვიჩი ოპოზიციას იმიტომ ვერ უმკლავდება, რომ სამართალდამცავები არ ჰყოფნის. ასობით პოლიციელი დაშავებულია. ამას გარდა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე ქვედანაყოფი მეამბოხეების მხარეს გადავიდა. უკრაინული არმიის ხელმძღვანელობამ გარკვევით განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილს არ დატოვებს და პოლიტიკურ ორთაბრძოლაში არ ჩაერთვება. არც ის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ იანუკოვიჩის ოლიგარქ მხარდამჭერებს ურჩევნიათ დღეს მცირეოდენ რეფორმებზე წავიდნენ, ვიდრე ხვალ საქმე ახალ, რევოლუციურ მთავრობასთან ჰქონდეთ, რომელიც მათი ქონების ნაციონალიზაციას მოახდენს.

უკრაინაში პროევროპული და ანტიკორუფციული მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლა პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა და მისთვის ეგზისტენციალური გამოწვევა გახდება. ამიტომ, ყირიმში პრორუსული ჯგუფების არსებობის პირობებში, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ცდუნებას აყვეს და უკრაინაში საკუთარი „სამშვიდობოები“ გააგზავნოს, როგორც ეს პრაღაში გააკეთა, 1968 წელს. თუმცა, მანამდე ჯერ პუტინმა სულ ცოტა ერთი თვე უნდა მოიცადოს. ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა საფრთხეს შეუქმნის მისი დიდი ხნის მოლოდინს -50 მილიარდის ღირებულების სოჭის ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც „ახალი რუსეთის“ იმიჯის დამამკვიდრებელ პრეზენტაციად არის ჩაფიქრებული. სოჭი ხომ უკრაინასთან იქვე, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

ასე რომ, კიევში ჯერჯერობით ისევ უკრაინის ამბოხებულთა პარტიის წითელი და შავი ზოლებით დამშვენებული დროშები ფრიალებს. სულ ცოტა ხნის წინ ისინი დაღუპული დემონსტრანტების სასახლეების გვერდით ეჭირათ. უკრაინის ისტორიული დროშა უკომპრომისობას, უკანდახევაზე უარის თქმას განასახიერებს. წითელი ფერი უკრაინელთა სისხლის სიმბოლოა, რომელიც უკრაინულ შავ მიწაზე იღვრება და ამიტომ დროშაზე წითელი შავში გადადის.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკრაინის ყინულოვანი ბარიკადების გალღობა მხოლოდ მაისში დანიშნული საყოველთაო არჩევნებით გახდება შესაძლებელი.

პუტინის კარატე უკრაინის წინააღმდეგ

Posted November 29th, 2013 at 12:12 pm (UTC-5)
Leave a comment

პუტინი უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვის შესაჩერებლად პოლიტიკური კარატეს ილეთს იყენებს

 

გერმანიის კანცლერმა, ოტო ფონ ბისმარკმა, რუსული კავალერიის შესახებ ერთხელ შენიშნა, რომ ის „ცხენის შეკაზმვაში ნელია, მაგრამ ჯირითში – სწრაფი“.

რა მოხდა უკრაინის შემთხვევაში: კრემლის კავალერიამ წინა კვირაში უკრაინას დასავლეთისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, ევროკავშირი უდიდესი დამარცხების წინაშე დატოვა და ცივი ომის პერიოდის შემდეგ პირველი ყველაზე დიდი გეოგრაფიული ცვლილება მოახდინა.

უკრაინის ახალგაზრდობა, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, საპროტესტო აქციის ხერხემალია

უკრაინის ახალგაზრდობა, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, საპროტესტო აქციის ხერხემალია

კვირას, რუსეთის ამ გადამწყვეტმა ნაბიჯმა კიევში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციის პროვოცირება მოახდინა, რაც კი უკრაინას თითქმის 10 წლის განმავლობაში, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უნახავს. თუმცა, რაც არ უნდა აღშფოთებული იყოს უკრაინელი ახალგარდობა, მოსკოვის ტაქტიკური სვლის შედეგების უკუქცევას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

ბოლო 5 წლის მანძილზე, სანამ უკრაინა ევროკავშირს ეკეკლუცებოდა,  კრემლი თითქოს მიძინებული იყო. ის გასულ ზაფხულს ცოტა გამოფხიზლდა, როცა პირველად შეეცადა შერბილებული ტონით შეეხსენებინა უკრაინელებისთვის, რომ მათ მართლმადიდებლური სარწმუნოება, საერთო კულტურული და ლინგვისტური ფესვები აერთიანებთ. მოსკოვმა გააფრთხილა კიევი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უკრაინას ევროპის ჰომოსექსუალიზმისადმი მსუბუქი დამოკიდებულების გაზიარება მოუწევდა

უკრაინის საპასუხო რეაქცია ასეთი იყო: სად არის სლავური ნათესაობა და ძმობა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინას ბუნებრივი აირისთვის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ფასს ახდევინებს?

კვირას, 24 ნოემბერს მომიტინგეთა რაოდენობამ, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, 100 ათასს გადააჭარბა

კვირას, 24 ნოემბერს მომიტინგეთა რაოდენობამ, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, 100 ათასს გადააჭარბა

ამის შემდეგ რუსეთმა ტონი გაამკაცრა და ვაჭრობა ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობაზე სანქციების დაწესებით დაიწყო. რაც უფრო იზრდებოდა სატვირთო მანქანების რიგები უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, უფრო და უფრო მატულობდა ევროპული არჩევანის პოპულარობა უკრაინელთა შორის ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვებში.

28 ნოემბრისთვის დაწესებული საბოლოო ვადა ახლოვდებოდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის პაქტზე ხელმოწერა თითქოს გარანტირებული იყო.

მაგრამ ამ საბოლოო ვადამ ერთი ადამიანის ყურადღება მიიქცია: ვლადიმირ პუტინის – თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ჭკვიანი პოლიტიკური ლიდერის.

სირიასთან ქიმიური იარაღის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაში შუამდგომლობიდან ორი თვის თავზე პუტინმა მეორე სტრატეგიული სვლა განახორციელა, აიძულა რა უკრაინის ლიდერები არჩეული დასავლური კურსი აღმოსავლურით შეეცვალათ.

ლვოველმა წყვილმა ქორწილიდან პირდაპირ დასავლეთ უკრაინის ამ ყველაზე დიდ ქალაქში გამართულ აქციას მიაშურა

ლვოველმა წყვილმა ქორწილიდან პირდაპირ დასავლეთ უკრაინის ამ ყველაზე დიდ ქალაქში გამართულ აქციას მიაშურა

შედარებით ზომიერმა სააგენტო „როიტერმაც“ კი ინფორმაცია ასეთი მყვირალა სათაურით გამოაქვეყნა: „რუსეთი უკრაინელ პატარძალს ჯვრისწერის წინ იტაცებს“.

იანუკოვიჩის მოულოდნელი სვლა უკრაინელთა საზოგადოებრივ გამოკითხვებზეც აისახა. უკრაინელების დიდ უმრავლესობას ევროკავშირი ურჩევნია რუსეთს, დაახლოებით ასეთი პროპორციით: სამი – ერთზე. კვირას, ევროკავშირის მხარდამჭერ დემონსტრანტთა რაოდენობა კიევის ცენტრალურ მოედანზე 100 ათასს აღემატებოდა. ბევრი მათგანი იქ დიდი ხნით, კარვებით მივიდა.

და მაინც, როგორ დაიყოლია გასულ კვირას პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი, რომ არჩეული კურსიდან გადაეხვია და ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა?

პუტინმა იანუკოვიჩის სუსტი წერტილები შეისწავლა. შემდეგ დაარტყა ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკიოდა – პოლიტიკური ძალაუფლების მთავარ საყრდენზე, აღმოსავლეთ უკრაინაზე. რუსეთის საზღვარზე მდებარე რეგიონი ეკონომიკურად რუსეთზეა დამოკიდებული.

დემონსტრანტი ორი პოლიციელის პირისპირ. როიტერი, გლებ გარანიჩის ფოტო

დემონსტრანტი ორი პოლიციელის პირისპირ. როიტერი, გლებ გარანიჩის ფოტო

რუსული სანქციების სამიზნე უკრაინული კომპანიები იყო: სარკინიგზო ვაგონების, რკინა-ბეტონის, შოკოლადის მწარმოებლები და რუსეთის არმიის მომმარაგებლები. რუსეთის ბოიკოტის გამო უკრაინული ექსპორტი 25 პროცენტით შემცირდა, ეკონომიკა – 1,5 პროცენტით, კომპანიებმა ათასობით მუშახელის შემცირების გეგმები შეიმუშავეს, სავალუტო ფონდის რეზერვის მოცულობა ისე დაეცა, რომ მხოლოდ ორი თვის იმპორტის რაოდენობას თუ გაწვდებოდა.

პირდაპირი მუქარით, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული საწარმოებისკენ იყო მიმართული, რუსულმა გაზპრომმა გააფრთხილა ისინი, რომ შეწყვეტდა ბუნებრივი აირის მიწოდებას, თუკი უკრაინა მილიარდნახევრიანი დავალიანების გადახდას არ დაიწყებდა.

ამერიკული საზომით, ეს შეიძლება შევადაროთ იმ შედეგებს, რაც მოჰყვებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მექსიკის საზღვრის ჩაკეტვას, იმისთვის, რომ მექსიკის პრეზიდენტი იძულებული გამხდარიყო „ნაფტას“ ხელშეკრულებას შეერთებოდა (მეხიკო 1994 წელს საკუთარი ნებით შეუერთდა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას).

გასულ წელს რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რაც მკაცრად კრძალავს ასეთი ცალმხრიივი ბარიერების აღმართვას. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ზოგიერთი ეკონომისტი იტყვის, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ძალაუფლების ნაწილად განიხილავდა. ბოლო 3 თვის მანძილზე რუსეთმა არაერთი მეზობელი დააშინა: აკრძალა ლიტვის რძის პროდუქტები, ესტონური თევზი და მოლდავური ღვინო.

9 ნოემბერს იანუკოვიჩი მოსკოვში პუტინთან საიდუმლო შეხვედრაზე გაემგზავრა. საუბარმა გვიან ღამემდე გასტანა. დეტალების დასაზუსტებლად, უკრაინის და რუსეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს გასულ კვირას პეტერბურგში შეხვდნენ. თუმცა, ეს დეტალები საჯაროდ არ გამოუტანიათ. ბუნებრივ აირზე ფასდაკლება შესაძლოა ამ შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო.

Russian PM Vladimir Putin listens during a cabinet meeting in Moscowრუსეთის მიერ უკრაინის ეკონომიკაზე მიტანილი იერიში იმდენად მძიმე იყო, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა განაცხადა: შეთანხმების შედეგად მიღებული მთავარი მოგება რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა იქნებაო.

იანუკოვიჩის რუსეთიდან დაბრუნებისთანავე, უკრაინულმა მთავრობამ სხვა ნოტებზე დაიწყო სიმღერა და ხელისუფლების განწყობა მკვეთრად ევროსკეპტიციზმისკენ გადაიხარა. იანუკოვიჩმა მხარდამჭერებს გზავნილი კარგად გააგებინა. და როცა წამყვანი პრორუსული ხმები დასჭირდა, მისმა კაბინეტმა და რეგიონების პარტიამ ფარული კენჭისყრა მოაწყო.

21 ნოემბერს იანუკოვიჩმა სკანდალური განცხადება რუსულ ფარეხში დაბრუნების შესახებ, თავის პრემიერს გაკეთებინა. იმ დღეს პრეზიდენტი ვენაში იმყოფებოდა და აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ უკრაინის მომავალი ევროპაშია.

იანუკოვიჩს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ 2015 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს. რუსეთის დახმარებით, თუ მის გარეშე, იანუკოვიჩს მომავალ წელს უკრაინის დასაფინანსებლად 17 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის შოვნა დასჭირდება. ქვეყანა დეფოლტის უფსკრულის პირასაა. როგორც ჩანს, იანუკოვიჩი ფსონს რუსულ დახმარებაზე დებს, რათა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მოიგოს.

დავბრუნდეთ მოსკოვში: პუტინი -ცივი, პოლიტიკური კარატეს ოსტატი-  გამარჯვების აღნიშნვაში დროს არ აცდენს. სანაცვლოდ, ის პარასკევს ევროკავშირს წინასწარ ადანაშაულებს იმაში, რომ უკრაინაში საპროტესტო აქციების პროვოცირებას ახდენს, რის შესახებაც მას ინფორმაცია უკვე გააჩნია. და კიდევ ერთხელ: პუტინი თავდაცვის მიზნით, აგრესიული იერიშის მეთოდს იყენებს.

25 ნოემბრის აქცია კიევში. უკრაინელი ახალგაზრდები სახელმწიფო ჰიმნს მღერიან. როიტერი, გლებ გარანიჩის ფოტო

25 ნოემბრის აქცია კიევში. უკრაინელი ახალგაზრდები სახელმწიფო ჰიმნს მღერიან. როიტერი, გლებ გარანიჩის ფოტო

შემდეგ, როცა 100 ათასმა ადამიანმა კვირას კიევში მარშით ჩაიარა, რუსეთში, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა მედიამ პროტესტის ხარისხის გაუფასურება იმის მტკიცებით შეძლო, რომ პუტინმა ევროკავშირის მიერ ანტირუსული აქციების ორგანიზება ადრევე იწინასწარმეტყველა.

ევროკავშირის ორმა უმაღლესმა ლიდერმა ამ ფაქტზე საკმაოდ მწვავე რეაგირება მოახდინა. ესენი იყვნენ ჟოზე მანუელ ბაროსო, ევროკომისიის პრეზიდენტი და ჰერმან ვან რომპოი, ევროსაბჭოს თავმჯდომარე.

ვიქტორ იუშჩენკომ, უკრაინის ექსპრეზიდენტმა ევროპას დახმარებისთვის მიმართა. „ფაინენშალ თაიმსისთვის“ მიწერილ წერილში იუშჩენკო ამბობს: „ის, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რისთვის არის მზად მოსკოვი, რომ გავლენის სფეროები შეინარჩუნოს, მოვლენების ამდაგვარი განვითარებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და დაგვეხმაროს დავძლიოთ რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები“.

თუმცა, ერთმა ევროპელმა ანალიტიკოსმა პუტინის დაუნდობელი ტაქტიკის მიმოხილვის დროს, ევროპა მოხდენილ, მოგრძო, მსუბუქ ფრანგულ პურს – ფუმფულა თეთრ ბატონს შეადარა, რომელიც დუელში ალესილი დანის პირისპირ აღმოჩნდა.

სნოუდენი და რუსული ბედის ირონია

Posted November 12th, 2013 at 11:57 am (UTC-5)
Leave a comment

მსოფლიო მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხსენებული ადამიანი მოსკოვში კვლავ უჩინრად გადაადგილდება. რა ბედი ეწია შეერთებული შტატების მიერ ძებნილად გამოცხადებულ ედუარდ სნოუდენს, რომელსაც რუსეთმა დროებითი თავშესაფარი მიანიჭა?

ედუარდ სნოუდენი თითქმის 6 თვეა რუსეთში იმყოფება. მთელი ამ ხნის მანძილზე ის პირისპირ არც ჟურნალისტებს შეხვედრია და არც სხვა საჯარო თავყრილობაზე გამოჩენილა. გარშემო მყოფებისთვის მხოლოდ 3 დახურული შეხვედრის შესახებ არის ცნობილი. მათ შემდეგ ორი ფერმკრთალი ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც ამერიკის დაზვერვის ინფორმაციის გამჟღავნების მთავარი გმირი მოსკოვის ხიდზე დგას.

მისი ადვოკატი, ანატოლი კუჩერენა ამბობს, რომ სნოუდენმა პირველ ნოემბერს სამსახური დაიწყო. თუმცა არ უთქვამს, სად. თავად კუჩერენა რუსეთის მთავარი სადაზვერვო ორგანოს, ფეესბეს, უშიშროების ფედერალური სამსახურის, საზედამხედველო საბჭოს წევრია. ანდრეი სალდატოვი, რუსული დაზვერვის ექსპერტი ამბობს, რომ სნოუდენის რუსეთში ცხოვრებას უშიშროების ფედერალური სამსახური აკონტროლებდა და აკონტროლებს.

„პრობლემა იმაშია, რომ როცა მხოლოდ ისეთი ხალხით ხარ გარშემორტყმული, როგორიც კუჩერენაა, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ხდები დამოკიდებული“ – ამბობს ანალიტიკოსი.

სნოუდენს თავშესაფარი რუსეთში იმ პირობით მისცეს, რომ ის შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა და მას არ გაამწვავებდა. ის უარს ამბობს პრესკონფერენციებზე და აცხადებს, რომ კომპიუტერის საშუალებით შეერთებული შტატებიდან გატანილი მოპარული ელექტრონული ინფორმაცია ჟურნალისტებს მანამდე გადასცა, ვიდრე რუსეთში გაფრინდებოდა. თუმცა, სალდატოვის თქმით, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ეს ზედაპირზე ჩანს. ახალი მასალების გამოქვეყნებამ რუსეთთან სიტუაცია მართალია არ დაძაბა,  მაგრამ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ვაშინგტონის ურთიერთობებს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. ფრანგები და გერმანელები უკიდურესად აღაშფოთა გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ. სიტუაცია გამწვავდა მექსიკასთან და ბრაზილიასთანაც.

შეერთებული შტატების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვების ხარისხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრის დირექტორი, დმიტრი ტრენინი თვლის, რომ მსოფლიოს ლიდერები ან გულუბრყვილოები არიან, ან კიდევ მათი პროტესტი უბრალო სპექტაკლია. 80-იან წლებში ტრენინი საბჭოთა შეიარაღებულ ძალებთან ერთად აღმოსავლეთ გერმანიაში მსახურებდა და თვალყურს ამერიკელი კოლეგების საქმიანობასაც ადევნებდა.

„გულახდილად რომ გითხრათ, ამ სამყაროში საიდუმლო აგენტი თუ ხარ, არამარტო შენს მეტოქეებზე აგროვებ ინფორმაციას, არამედ შენს მოკავშირეებსაც უთვალთვალებ. ეს თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ძველი წესია. შეერთებული შტატები გერმანიაში 1945 წლის შემდეგ იმყოფება და მას შემდეგ ამერიკის მთავრობას სურს ზუსტად იცოდეს, თუ რას ფიქრობს გერმანიის ხელისუფლება“ - აღნიშნავს კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრის დირექტორი.

Edward Snowdenმას უკვირს, რომ ბევრს ან დაავიწყდა, ან საერთოდ არ იცოდა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო დაზვერვა და რა ხარისხით ხდება ინფორმაციის მოგროვება ჯაშუშების მიერ. „ძალიან, ძალიან გავბრაზდებოდი რუსეთის მთავრობაზე, თუკი რუსეთის ხელისუფლება არ აგროვებს ინფორმაციას იმ ქვეყნებში, რომელთანაც მას რაიმე სახის კავშირი აქვს“ – ამბობს დმიტრი ტრენინი.

სალდატოვი შიშობს, რომ სნოუდენის მიერ დაზვერვის მეტი გამჭვირვალობისკენ გადადგმული ნაბიჯი უშედეგოდ არ ჩაივლის და მას უარყოფითი გავლენა ექნება. ეს ხელს აძლევს და აძლიერებს სწორედ ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებს და მათ მისწრაფებებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. მათ ისედაც დიდი ხანია სურთ, რომ ბოლო მოუღონ ინფორმაციის თავისუფალ გადინებას ინტერნეტზე და გეგმაში ე.წ. „სუვერენული კონტროლის“ კედლების აშენება აქვთ.

ბედის ირონიით, სნოუდენის მასპინძელი ქვეყანა მართლაც იმ მიმართულებით მიდის, რომლის წინააღმდეგაც ის გამოვიდა: ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა მეტი კონტროლის და თვალთვალისკენ. რუსეთის დუმა ამზადებს კანონს, რომელიც უფლებას მისცემს ფეესბეს, უშიშროების ფედერალური სამსახურს, ავტომატურად  აკონტროლოს ყველა ელექტრონული თუ სატელეფონო კომუნიკაცია რუსეთში.

 

რუსეთის მომავალი ცენტრალურ აზიაში: ჩინური სავაჭრო ცენტრის პოლიციელი?

Posted October 2nd, 2013 at 8:53 am (UTC-5)
Leave a comment

ყაშაგანის საბადო ყაზახეთში. როიტერსის ფოტო

ათი წლის შემდეგ დღევანდელ სიტუაციას რომ გადმოვხედავთ, 2013 წლის სექტემბრის მოვლენებში, წამყვან თემად შესაძლოა სირიის საკითხებზე მოსკოვს და ვაშინგტონს შორის გამართული მატჩი არც დასახელდეს. დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩინეთის მიერ ცენტრალური აზიის ბუნებრივი აირის და ნავთობის მასიური რაოდენობით დასაკუთრება.

ვიდრე მთელი მსოფლიო სირიის თემით იყო დაკავებული, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი რუსეთის ყოფილ იმპერიულ ეზოში უხმაუროდ გადაადგილდებოდა. მან თითქმის 100-მილიარდიან ენერგო-ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. მათ შორის, 15-მილიონიანს უზბეკეთში, 30-მილიონიანს ყაზახეთში და დაახლოებით 50-მილიარდიანს თურქმენეთში.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძინ პინმა ხელშეკრულებები ჩინეთის მიერ დაფინანსებულ ბიზნეს-გარიგებებად მონათლა და მათ „აბრეშუმის გზის ეკონომიკური ზონა“ უწოდა. შეადარა რა ჩინური აბრეშუმის და ფაიფურის უძველეს გზას ევროპისკენ, ასე თქვა: „თითქოს ჩამესმის კიდეც აქლემების ყელზე ჩამოკიდებული ზარების ხმა, თან უდაბნოს მტვრის და ჩალის სუნიც მცემს“.

ცენტრალური აზიის ხუთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან ჩინეთის ყურადღების ცენტრში სწორედ ის სამი მოექცა, რომელშიც დიდი რაოდენობით ნავთობის და ბუნებრივი აირის რეზერვია. ყირგიზეთი მოგზაურობის მარშრუტში იმის გამო მოხვდა, რომ იქ რეგიონალური უსაფრთხოების თემაზე შეხვედრა მიმდინარეობდა. ამასთან, ყაზახეთში მილიარდნახევრიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უზბეკური და თურქმენული ბუნებრივი აირისთვის მეორე მილსადენის გაყვანა მოხდება.

მარცხნივ მჯდომი ადამიანი ჩინეთში იმპორტირებული ბუნებრივი აირის ნახევარზე აგებს პასუხს. ეს თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვია. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ერთ-ერთი გრანდიოზული ბუნებრივი აირის საწარმოს გახსნის ცერემონიალზე იმყოფება. ასოშეიტეტ პრესის ფოტო

ჩინეთის ლიდერმა ენერგორესურსებით მწირი ქვეყანა, ტაჯიკეთი გამოტოვა, რომელიც ავღანეთის და რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. რუსეთს იქ 6 ათასზე მეტი ჯარისკაცი ყავს, ყველაზე მეტი  უცხოეთის ქვეყნებში განლაგებული სამხედრო პერსონალიდან. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს იქ საზღვრები მანამდე გაამაგროს, სანამ მომავალ წელს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ავღანეთს დატოვებს.

სი ძინპინი, როგორც ჩანს, ცენტრალური აზიის უსაფრთხოების საკითხებში მთავარ გათვლას რუსეთზე აკეთებს. რეგიონი თითქმის 150 წლის განმავლობაში, 1991 წლამდე მთლიანად მოსკოვის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ჩინეთის პრეზიდენტმა პროტოკოლი ზუსტად დაიცვა და ცენტრალური აზიის ტური სანკტ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც კონსულტაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გაიარა. დიდი ოცეულის სამიტის დამთავრებიდან სულ რაღაც 2 დღეში რუსეთის ბუნებრივი აირის მთავარმა მწარმოებელმა „ნოვატეკმა“ განაცხადა, რომ ჩინეთის ბანკი რუსეთის არქტიკის ბუნებრივი აირის პროექტს 20 მილიარდი დოლარით დააფინანსებს.

ჩინეთის გაფართოება ცენტრალური აზიის ბაზარზე იმდენად მოულოდნელი იყო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ მორგულოვს მოსკოვში საგანგებო პრეს-ბრიფინგის ჩატარება მოუწია. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა თურქმენეთთან და ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რუსმა დიპლომატმა ბრიფინგზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენი ჩინელი მეგობრები აღიარებენ იმ როლს, რომელსაც რუსეთი თამაშობს ამ რეგიონში, ისე, რომ ჩვენ ამ გარიგებებში ვერანაირ მტრულ ზრახვებს ვერ ვხედავთ“. ჩინეთის ლიდერის 10-დღიანი ტურის განმავლობაში მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრალური აზია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „ჩვენ ცენტრალურ აზიაში ერთმანეთთან კონკურენცია არ გვაქვს, არამედ ორი ქვეყნის პოლიტიკას ერთმანეთთან ვაჯერებთ, რომ საერთო ინტერესები დავიცვათ“.

ასტანაში სი ძინპინი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი კიდევ ერთი ჩინეთის მიერ სუბსიდირებული მილსადენის გახსნას მიესალმებიან. ფოტოს ავტორი შამილ ჟურმატოვი. როიტერსი

„როგორც იცით, რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაბმული და ავსებს ერთმანეთს“ – გააგძელა რუსმა დიპლომატმა. „ჩინეთს დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი გააჩნია. რუსეთს კი – გამოცდილება, ტექნოლოგიები, ინდუსტრიული უნარები და ისტორიული ურთიერთობები აღნიშნულ რეგიონთან“ – განაცხადა დასასრულს მარგულოვმა, თუმცა ეს უკანასკნელი სასურველ რეალობას უფრო გავდა, ვიდრე სინამდვილეს.

ჩინეთის პრეზიდენტის სანკტ პეტერბურგში ყოფნის დროს „როსნეფტი“, რუსეთის სახელმწიფო ნავთობ-კომპანია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან მოლოდინი ვერ გაამართლა და ვერ შეძლო გამოეცხადებინა, რომ ჩინეთში ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს ხსნის. მომდევნო დღეს ყაზახეთმა გააკეთა ხმაურიანი განცხადება, რომ ჩინეთი აშენებს ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს ყაზახეთში (ეს მაშინ, როცა რუსეთმა საბჭოთა ერის დასრულების შემდეგ ვერცერთი ახალი ნავთობგადასამუშავებელი საწარმოს აშენება ვერ შეძლო). ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სი-ენ-პი-სიმ“ (CNPC) სექტემბრის დასაწყისში ყაზახეთის ახალ საბადო ყაშაგანზე 5-მილიარდიანი წილი იყიდა. ოთხ დღეში იქ ისეთი მოცულობის ნავთობის მოპოვება დაიწყო, რომ ყაშაგანს მსოფლიოში ახლო აღმოსავლეთის შემდეგ ყველაზე დიდი საბადო უწოდეს.

ჩინეთი გარიგებებით ძალიან კმაყოფილი ჩანს და ისიც უნდა მოსწონდეს, რომ ცენტრალურ აზიაში პოლიციელის როლს რუსეთი შეასრულებს. რუსეთის მხრიდან, ცენტრალური აზიისადმი ხალხის ინტერესი მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როცა პოლიტიკოსები ცენტრალური აზიიდან ჩამოსულ მუშახელზე რუსეთის მზარდ დამოკიდებულებას აკრიტიკებენ. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ახალმა თაობამ ცენტრალური აზიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ვლადიმირ ერლოვი, მთავრობის ურთიერთობათა ექსპერტი ამასწინათ „მოსქოუ თაიმსში“ წერდა, რომ რუსეთის ახალგაზრდობას „ინტეგრაცია ევროპასთან სურს, და არა ცენტრალურ აზიასთან“.

ჩინეთის პრეზიდენტი კმაყოფილია იმით, რომ ცენტრალური აზიის პოლიტიკის და უსაფრთხოების კონტროლს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ანდობს. ალექსანდრე ზემლიანინჩენკოს ფოტო. ასოშეიტედ პრესი.

თუკი რუსეთი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავის თავზე აიღებს, ჩინეთს მეტი დრო და რესურსი რჩება იმისთვის, რომ ფოკუსირება აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე მოახდინოს, კიდევ  უფრო გააფართოვოს ჩინეთის მიერ სუბსიდირებული მილსადენების და გზატკეცილების მშენებლობა.

ჩინეთს და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობამ გასულ წელს 46 მილიარდი დოლარი შეადგინა. საბჭოთა ხანაში, თუნდაც 1991 წელს, კავშირის დაშლის პერიოდში ეს თანხა ნულს უტოლდებოდა. დღეს ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა ცენტრალურ აზიასთან ჩინეთს და რუსეთს შორის 88-მილიარდიანი ვაჭრობის მოცულობის ნახევარს უკვე აღემატება.

აშკარაა, რომ ჩინეთის ლიდერების გადასახედიდან სახმელეთო მილსადენები ბევრად უფრო საიმედოდ ჩანს. გასულ წელს თურქმენეთმა ჩინეთს 21 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რამაც ჩინეთის სრული იმპორტის ნახევარზე მეტი შეადგინა. სი ძინპინის მიერ თურქმენეთის ლიდერებთან მოწერილი ხელშეკრულების შემდეგ, თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება 2020 წლამდე გასამმაგდება. მისი უდიდესი ნაწილი გალკინიშიდან უნდა გაიგზავნოს, საბადოდან, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ჩინეთის პრეზიდენტი ამ საბადოს ინაუგურაციასაც დაესწრო. სპეციალისტების აზრით გალკინიშის საბადოც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და იქ 26.2 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივ აირი მოიპოვება.

ენერგორესურსების ექსპერტები აცხადებენ, რომ 2010 წლამდე ჩინეთის მთელი ბუნებრივი აირის მოხმარების მესამედს თურქმენეთი უზრუნველყოფს. ეს თურქმენეთისთვის ძალიან სერიოზული გარიგებაა, მითუმეტეს, რომ მთელი საბჭოთა პერიოდი მას ნავთობმრეწველობის მინისტრები ყველაზე არასასურველ და უმნიშვნელო პროვინციულ „საშინაო დავალებად“ თვლიდნენ.

 

 

რუსეთის არჩევანი: ძალთა დაბალანსება თუ ჩინეთის კანადა?

Posted August 28th, 2013 at 10:17 am (UTC-5)
Leave a comment

კრემლს და თეთრ სახლს შორის ე.წ. გადატვირთვა დამთავრდა.

მოსკოვისთვის გაურკვეველი რჩება, თუ რით შეიცვლება ის.

პრეზიდენტ ობამას აღარ სურს ამ გზის თავიდან გავლა.
როიტერსის ფოტო ირლანდიაში ივნისის თვეში გამართული დიდი რვიანის შეხვედრიდან

ობამას მოსკოვში ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ისე ჩანს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს პუტინისთვის მეორე ვადაში დიდი დროს დათმობა აღარ უნდა. თეთრმა სახლმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მეორე რანგს გადაულოცა. ამას ვაშინგტონში რუსეთის და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის ახლახანს გამართული შეხვედრებიც ადასტურებს.

ობამა დროს აღარ დაკარგავს პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე და კეთილი განწყობის შექმნაზე. 9 აგვისტოს პრესკონფერენციაზე ამერიკის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტზე ასეთი რამ თქვა: „ვიცი, რომ პრესას ყურადღების გამახვილება სხეულის ენაზე უყვარს. მას მართლა ჰქონდა ისეთი ჯდომის მანერა, თითქოს ის საკლასო ოთახში უკანა მერხზე მჯდარი მოწყენილი ბავშვი იყო“.

ურთიერთობები აწი საქმიანი გახდება და ძირითადად დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ამერიკელი ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვაშინგტონს მოსკოვი რამდენიმე ფრონტზე ნაკლებად გამოადგება. და თან რამდენიმე ფრონტზე: დაწყებული ავღანეთის საკითხით, რომელიც ამერიკის ჯარების გაყვანის შემდეგ უფრო რუსეთის თავისტკივილი გახდება. ირანის ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა ბირთვული პროგრამები გაყინოს, რაც მხოლოდ საკუთარი მოსაზრებით და არა რუსეთის გავლენით იქნება ნაკარნახევი. სირიაში ხომ რუსეთი ამერიკასთან თანამშრომლობის ძალიან უმნიშვნელო სურვილს ავლენს.

ამ რეალობების გათვალისწინებით, პუტინმა კი შეიძლება, რომ რუსეთი მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში მართოს, მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევს:

გააგრძელოს ანტიამერიკული კამპანია, თუ რუსეთი ჩინეთს მიაწებოს?

ჩინეთის ახალი პრეზიდენტი სი ძინ-პინი პირველი ვიზიტისთვის მოსკოვს ირჩევს. თუმცა, ჩინეთთან კავშირი რუსეთისთვის შეიძლება დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი იყოს. როიტერსის ფოტო

კიდევ არის ერთგვარი სამკუთხა პოლიტიკა, რომელსაც ის 70-იან წლებში აწარმოებდა, როცა მოსკოვი პეკინს და ვაშინგტონს შორის დაბალანსების პოლიტიკას თამაშობდა.

„გადატვირთვა“ უკვე კეთილგანწყობის განვლილი ეტაპია, რომელიც ახლადარჩეული ობამას ადმინისტრაციის და დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის ხანის პროდუქტი იყო. 15 თვის წინ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ კი რუსეთმა მარჯვნივ მკვეთრი მოხვევა გააკეთა:  დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები, დაასუსტა სამოქალაქო საზოგადოება, დახურა უფლებადამცველი ორგანიზაციები, დუმას ანონიმური უფლებებით კენჭისყრის უფლება დაუბრუნა, ისევე როგორც ძველ დროს, საბჭოთა კავშირის პერიოდში.

საზოგადოებრივი აზრის მომზადებისთვის პუტინის მთავრობამ ანტიამერიკული კამპანია გააჩაღა: სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციის მიტინგების დაფინანსებაში დაადანაშაულა, დახურა შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო USAID და სხვა დახმარების პროგრამები, ამერიკელ მშობლებზე რუსი ბავშვების გაშვილება აკრძალა და ბოლოს, თავშესაფარი მიანიჭა ედუარდ სნოუდენს, რომელსაც ამერიკა სადაზვერვო პროგრამების გასაჯაროებისთვის ეძებს.

შეერთებული შტატებისგან მტრის ხატის შექმნას კიდევ ერთი მომგებიანი მხარე ჰქონდა. ამით კრემლის 700-მილიარდიანი შეიარაღების პროგრამის ლეგიტიმაცია ხდებოდა. ანტიამერიკულმა კამპანიამ ხელახალი ბიძგი მისცა პუტინის კონსერვატიულ, უმეტესად ტელევიზიას მიჯაჭვულ ადგილობრივ აუდიტორიას. ოღონდ აქ უცნაური რამ მოხდა.

აღმოჩნდა, რომ პუტინი არასწორ აუდიტორიაზე მუშაობდა.

ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, იმ რუსების რაოდენობა, რომელიც თვლის, რომ ამერიკა საერთაშორისო მოვლენებზე უარყოფით გავლენას ახდენს, ბოლო 4 წლის მანძილზე 65 პროცენტიდან 53-ზე დაეცა. გათვლების მიხედვით, წელს საშუალოდ 20 მილიონი ამერიკელი დასავლეთში სამოგზაუროდ დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ისე გამოდის, რომ ახალ რუსებს აზრი ამერიკაზე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უყალიბდებათ და არა ანტიდასავლური კამპანიის მიხედვით.

ამერიკაში პირიქით ხდება: თითქმის იმავე პერიოდში იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომელიც რუსეთის მიერ მსოფლიო პოლიტიკაში შესრულებულ როლს „უმეტესად პოზიტიურად“ მიიჩნევს, თითქმის განახევრდა და 45 პროცენტიდან 23-მდე შემცირდა. პუტინის კამპანიამ მოახერხა ის, რომ ამერიკული მედიის სრულიად სხვადასხვა მიმართულების მქონე სარედაქციო საბჭოები გაერთიანდნენ. მაგალითად, დღეისათვის კონსერვატიული „უოლ სტრიტ ჯორნალი“ (Wall Street Journal) და ლიბერალური „ნიუ იორკ თაიმსი“ (New York Times) ერთნაირ, პუტინის საწინააღმდეგო სარედაქციო წერილებს, აქვეყნებენ. სნოუდენის ფაქტმაც დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები ზუსტად ერთნაირად აღაშფოთა და გააერთიანა.

გეების წინააღმდეგ მიმართული რუსული მუშტი რუსეთის დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტ იზოლირებას იწვევს. როიტერსის ფოტო

პუტინის გეების წინააღმდეგ მიმართულმა კანონმდებლობამ კრაზანების ბუდის აფორიაქება გამოიწვია. ბლოგერები და პეტიციონერები მომავალ თებერვალში სოჭის ოლიმპიადისთვის პროტესტის გამოცხადებას უკვე მასიურად ითხოვენ.

ობამა-პუტინის სამიტის გაუქმების შემდეგ, კრემლის ანალიტიკოსები შესაძლოა ხვდებიან, რომ ზედმეტი მოუვიდათ. ობამას ადმინისტრაციამ გაწვდილი ხელი უკან წაიღო. თუკი კრემლის სტრატეგები წინ, გრძელვადიან პერსპექტივას უყურებენ, მაშინ, იმის რეალიზებასაც უნდა ახერხებდნენ, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსწორება აუცილებელია. თუმცა, ამისთვის ეკონომიკური და დემოგრაფიული რეალობებისთვის თვალში ჩახედვაა საჭირო.

გამოფხიზლების შემთხვევაში, რუსეთს ამერიკასთან და ჩინეთთან ურთიერთობის დაბალანსების საკმაოდ ვიწრო ბილიკი რჩება. შეერთებული შტატების 16-ტრილიონიანი ეკონომიკა ჩინეთის 8-ტრილიონიანს ზუსტად 2-ჯერ აღემატება. ჩინეთის ეკონომიკა რუსეთის 2-ტრილიონიან ეკონომიკაზე 4-ჯერ დიდია. რაც შეეხება ზრდის ტემპებს, ჩინური ეკონომიკის მცირედი „შენელების“ მიუხედავად, მეორე კვარტალში რუსეთის 1.2-პროცენტიანი ზრდა ჩინეთის 7.5-პროცენტიან  ზრდასთან ახლოსაც ვერ მივა.

ყველაზე კონსერვატიული ეკონომიკური გათვლებითაც კი,  შეერთებული შტატების და ჩინეთის ეკონომიკა დაახლოებით 10 წელიწადში გათანაბრდება და საშუალოდ 18 ტრილიონს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინეთს რუსეთზე, თავის ჩრდილოელ მეზობელზე 9-ჯერ დიდი ზომის ეკონომიკა ექნება. დაახლოებით იგივე პროპორციაა დღეს შეერთებულ შტატებს და მის ჩრდილოელ მეზობელს, კანადას შორის. ამერიკის მოსახლეობაც 9-ჯერ დიდია კანადისაზე, ისევე როგორც ჩინეთის მოსახლეობა – რუსეთისაზე. სწორედ ამიტომ, რუსეთის ამბიციის შენარჩუნება, როგორც დამოუკიდებელი ძალის, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

5 სექტემბერს პრეზიდენტი ობამა რუსეთში გაემგზავრება და სანკტ პეტერბურგში დიდი ოცეულის შეხვედრას დაესწრება. კრემლოლოგები კიდევ ერთხელ შემოგვთავაზებენ პუტინის სხეულის ენის ინტერპრეტაციებს და მათი ახსნის საჯარო სესიებს მოაწყობენ. ოღონდ ახლა არა ობამასთან, არამედ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.

სნოუდენი – კრემლის პრიზი, თუ პასუხისმგებლობა?

Posted July 15th, 2013 at 1:08 pm (UTC-5)
Leave a comment

ანა ჩაპმანი. გრიგორი სისოევის ფოტო. რია ნოვოსტი

ვინ იცის, იქნებ სნოუდენის ამბავს „ჰეფიენდით“ დაგვირგვინება ელის?

„ედუარდ, ცოლად არ მომიყვან?“ – მისწერა მარტოხელა ამერიკელ ძებნილს  ტვიტერზე ანა ჩაპმანმა, რუსმა ჯაშუშმა. თუმცა, შემდეგ ჟღალთმიანმა ლამაზმანმა იქვე მიაყოლა: „ენ-ეს-ეი (ამერიკის უშიშროების ეროვნული სააგენტო) ჩვენს შვილებს ხომ მიხედავს“?

ლათინური ამერიკის ლიდერები, როგორც ჩამოვიდნენ საპრეზიდენტო თვითმფრინავებით, ისევე წავიდნენ.

ედუარდ სნოუდენი კვლავ მოსკოვშია.

კრემლისთვის პროპაგანდისთვის ხელში ჩაგდებული პრიზი თანდათან სერიოზული თავისტკივილი ხდება.

შეერთებულ შტატებში დაზვერვის ინფორმაციის გაჟონვისთვის და ჯაშუშობისთვის ძებნილი სნოუდენი ერთგვარ ლეგალურ ვაკუუმში  იმყოფება. ის აგრძელებს მოსკოვის გადატვირთული საერთაშორისო აეროპორტის უცნობ პერიმეტრზე უჩინარ ცხოვრებას, რომელსაც  სატრანზიტო ზონას უწოდებენ.

ვაშინგტონი ყველას გასაგონად აცხადებს, რომ ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძებნილის შემფარავს საზღაურის გადახდა მოუწევს.

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი ვენის აეროპორტში იძულებითი დასმის შემდეგ. ჰეინც-პიტერ ბადერის ფოტო. როიტერსი

ბუნებრივი აირის ექსპორტიორთა კონგრესზე მოსკოვში ჩასულმა ბოლივიის ლიდერმა, ევო მორალესმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას სნოუდენის მიმართ საკუთარი სიმპათიები დააფიქსირა. რამდენიმე საათის შემდეგ სახლისკენ მიმავალ მის თვითმფრინავს მიმართულება შეუცვალეს. საფრანგეთმა და პორტუგალიამ მორალესის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, რის გამოც პრეზიდენტი აიძულეს ვენაში დამჯდარიყო. თუმცა, ავსტრიის პოლიციამ ბორტზე სნოუდენი ვერ იპოვა.

შემდეგი რიგში ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო იყო, რომელმაც მიანიშნა, რომ სნოუდენს თავშესაფარს მისცემდა. მოგვიანებით მადუროს თვითმფრინავიც ბელორუსიაში სნოუდენის გარეშე ჩაფრინდა. ვენესუელის გარდა ჯაშუშობისთვის ძებნილს თავშესაფარი ბოლივიამ და ნიკარაგუამაც შესთავაზა. სამხრეთ ამერიკელმა ლიდერებმა დიდი აღშფოთება გამოთქვეს პრეზიდენტ მორალესის მოსკოვიდან მიმავალი თვითმფრინავის იძულებითი დასმის გამო. თუმცა, ახალი თავშესაფრების შეთავაზება მათ გაბრაზებას არ მოჰყოლია.

თუკი რუსეთს სურს თავი აარიდოს სნოუდენის კომერციული რეისით ნატოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში გაგზავნას, ყველაზე იოლი უკანა კარი იქნებოდა – ვლადივოსტოკიდან კორპორატიული თვითმფრინავით  სამხრეთ ამერიკისკენ. და კიდევ: ტუპოლევის სტრატეგიული ბომბდამშენით, „ტუ-160“-ით რუსეთიდან ვენესუელისკენ. მსგავსი რეისი არაერთხელ განხორცილებულა.

პუტინის თქმით, ის მადუროს მხოლოდ ბუნებრივ აირზე ესაუბრა. მაქსიმ შემცოვის ფოტო. როიტერსი

ვაშინგტონიდან წნეხის გაძლიერებასთან ერთად ქვეყნები ერთიმეორეს მიყოლებით უარს ეუბნებიან შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილ კომპიუტერულ სპეციალისტს. ასეთი ქვეყნების რიცხვმა 4 ივლისისთვის 22-ს მიაღწია.

ოთხშაბათს, რუსეთი, როგორც ჩანს, ამ ქვეყნების რიგს შეუერთდა. გაზეთი „ვედომოსტი“ იტყობინება, რომ სნოუდენს ურჩიეს რუსეთისადმი გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნა თავად მოეხსნა. პუტინი, რომელიც არასოდეს უშვებს ხელიდან შანსს, ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო სვლა გააკეთოს, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ ამჯერად სერიოზული პრობლემები შეექმნება.

კრემლს სურს, რომ სულ რამდენიმე თვეში პუტინმა ორდღიან სამიტზე პრეზიდენტ ობამას უმასპინძლოს. და კიდევ: ექვს თვეში პუტინს დიდი იმედი აქვს, რომ ათასობით ამერიკელი ბარგს შეკრავს და ზამთრის ოლიმპიადაზე სოჭში ჩავა.

რუსეთი სნოუდენს მიესალმება: „კეთილი იყოს თქვენი ფეხი თავისუფალ სამყაროში“. პატრიკ შაპიტი. ჰერალდ ტრიბუნი

იოლი წარმოსადგენია ობამას ადმინისტრაციის მიერ “დახურულ კარს მიღმა გაკეთებული მესიჯები”: თუკი სნოუდენის შეფარვას გააგრძელებთ, შეგიძლიათ გამორიცხოთ  სექტემბრის სამიტი. და დაივიწყეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება, რომ სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრება უსაფრთხო არ არის. ტერორისტთა ლიდერის დოკუ უმაროვის ოთხშაბათსვე წარმოთქმული მუქარაც გაახსენდებათ, „სატანისტური“ ოლიმპიადის აფეთქების შესახებ.

პუტინი ორი კურდღლის დაჭერას შეეცადა. სნოუდენი, რომელიც მხოლოდ ერთი ღამით უნდა გაჩერებულიყო მოსკოვის აეროპორტის  სატრანზიტო ზონაში, არც კუბაში გაუშვა და არც საკუთარ ტერიტორიაზე შეუშვა. სამაგიეროდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა  სავარაუდოდ მისი ოთხივე ლეპტოპი ხელში ჩაიგდეს, რომლითაც სნოუდენმა ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოსგან მოპარული ინფორმაცია გაიტანა.

ქვეყნის შიგნით დემოკრატიული მოთხოვნის დასამარცხებლად პუტინს გარეშე მტრის ხატი სჭირდება. ალექსანდრე დემიანჩუკის ფოტო. როიტერსი

რუსეთის სახელმწიფოს მეირ კონტროლირებადმა მედიამ სნოუდენის სოლიდარობის კამპანია წამოიწყო, რომლითაც კრემლს „ადამიანის უფლებების“ და „გამჭვირვალობის“ დაცვის მოთხოვნით ერთგვარ კარტბლანშს აძლევს. სნოუდენის ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მიმდინარე მასობრივი თვალთვალის შესახებ პუტინის მიერ ამერიკის მტრის ხატად გამოყვანის პროპაგანდასაც აძლევს ხელს. ანტიამერიკული განწყობები პუტინს ძლიერ უნდა აწყობდეს, ვინაიდან ის ამით ახლადშემოღებულ დრაკონულ კანონებს უკეთ გაამართლებს, რომლებიც უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, შეკრების თავისუფლების და გეების წინააღმდეგაა მიმართული.

მტრის არსებობის შემთხვევაში, პუტინს საკუთარი ინტერესების გასატარებლად მტკიცე ალიბი ექნება. რუსეთის 2014 წლის ბიუჯეტში მას თავდაცვის ხარჯები 22 პროცენტით აქვს გაზრდილი. სამაგიეროდ შემცირდა ჯანდაცვის ბიუჯეტი 25-ით, განათლება კი – 16 პროცენტით. ასეთი ბიუჯეტის დასაცავად პუტინს უცხოელი მტერი ჰაერივით სჭირდება.

„რას იტყვი ამ საშინელ სათვალთვალო პროგრამებზე“- ეუბნება რუსეთის დაზვერვის ოფიცერი სნოუდენს. პატრიკ შაპიტი. ჰერალდ ტრიბუნი

თუმცა, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან სნოუდენის მოსკოვში გაჭიანურებულ დარჩენასთან დაკავშირებით გაკეთებული ბრაზიანი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ვირტუალური მტრობა რეალურ დაპირისპირებაში გადადის.

ამერიკული ინტერესებისთვის სერიოზული დარტყმა იყო გერმანულ გაზეთ „შპიგელში“ გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვალთვალი ევროპელებზე, მათ საელჩოებზე და ევროკავშირის ოფისებზეც მიმდინარეობდა. შექმნილი მდგომარეობა შესაძლოა ამერიკა-ევროპის ურთიერთობებზეც აისახოს. ევროპელთა ერთი ნაწილი ვაშინგტონს და ბრიუსელს შორის ტრანსატლანტიკური სავაჭრო ხელშეკრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების შეწყვეტასაც კი მოითხოვს.

ფაქტია, რომ ვაშინგტონი სათვალთვალო პროგრამებით დაზარალდა. და ისიც აშკარაა, რომ ამერიკელთა დიდ ნაწილს ძალიან აღიზიანებს ის, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აგენტი, რომელსაც ის მიყენებულ ზიანში ადანაშაულებს, მოსკოვის მასპინძლობით სარგებლობს. ყველამ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კრემლის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი, ევროპას და ამერიკას შორის შუღლის ჩამოგდებაა.

„ვინმემ მომაცილეთ რა, ეს კაცი?“ პუტინი ერაყის, ირანის, ვენესუელას და ბოლივიის ლიდერებს იმედით უყურებს. იური კოჩეტკოვის ფოტო. როიტერსი

ამ ფონზე პუტინი მაინც ცდილობს კრემლს და სნოუდენს შორის მკვეთრი ხაზი გაავლოს. პუტინი, სუკის ყოფილი პოლკოვნიკი, ხაზგასმით იმეორებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სტუმრის კომპიუტერებს არ შეხებიან.

„შპიგელში“ გახმაურებული ინფორმაციის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსები ერთმანეთს ალბათ სიხარულით ულოცავდნენ გამარჯვებას. მაგრამ საჯარო გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა სნოუდენის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: „თუკი მას აქ დარჩენა სურს, მხოლოდ ერთი პირობით. მან უნდა შეწყვიტოს შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორის საწინააღმდეგო ქმედება. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩემგან“. ამას რომ ამბობდა, იქვე პუტინმა ასევე საჯაროდ გამორიცხა ამერიკელი პარტნიორების დახმარება იმით, რომ სნოუდენი ვაშინგტონისკენ მიმავალ თვითმფრინავზე დაესვა.

მდგომარეობა ასეთია: ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ლათინური ამერიკის ქვეყნები ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ამიტომ მესამე ქვეყნის ძებნა გრძელდება. კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს. კვირაში ერთხელ „ეირ კორიო“ ვლადივოსტოკიდან ფხენიანში დაფრინავს. როგორც მახსოვს, ბოლო ამერიკელი, ვინც ჩრდილოეთ კორეას თავშესაფრისთვის მიმართა, არმიის სერჟანტი ჩარლზ რობერტ ჯენკინსი იქ 40 წლით გაიჭედა.

 

რატომ უღიმოდა პუტინი კერის?

Posted May 8th, 2013 at 12:11 pm (UTC-5)
Leave a comment

კერისთან შეხვედრისთვის ნავარჯიშევი ღიმილი პუტინს კარგად გამოუვიდა. ლავროვი კი ტრადიციულ პირქუშ მიმიკას ინარჩუნებს, რომელიც დიდი პედაგოგის, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრეი გრომიკოსგან ისწავლა

 

როცა პუტინი იღიმება, ამას ყურადღება უნდა მიექცეს.

რუსმა მეგობარმა ქალმა ერთხელ მითხრა, რომ ერთი რამ, რაც მოსწონს პრეზიდენტის ხასიათში, არის ის, რომ ის სახალხოდ არ იღიმის.

7 მაისს მთელი დღის განმავლობაში ვლადიმირ პუტინის სახის გამომეტყველებას უფრო ტუჩის ამრეზვას თუ დაარქმევდით. ამ მიმიკას (ზედა ტუჩის ცალ მხარეს აზიდვა) ის მაშინ იყენებს, როცა კარგ მეფეს თამაშობს, რომელიც უღირს თავადებს უწყრება. კრემლში დაბრუნების პირველი წლისთავი პრეზიდენტმა ძირითადად კაბინეტის კრიტიკაში გაატარა, რომელმაც ვერ შეძლო მისი დავალებების შესრულება. მკაცრი საყვედური პირველ რიგში ვლადისლავ სურკოვმა მიიღო. პრემიერის თანაშემწემ და როგორც მას უწოდებდნენ, რუსეთის „სუვერენული დემოკრატიის“ არქიტექტორმა, თანამდებობა დატოვა.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მზადებას დაემთხვა. კერის კორტეჟს ტანკების და სარაკეტო დანადგარების წითელ მოედანზე მიმდინარე სარეპეტიციო მანევრების გამო ნახევარი საათით დააგვიანდა.

იმავე 7 მაისს საღამოსკენ რუსეთის მკაცრი ლიდერის მიმიკა განსხვავებული იყო და ამის მიზეზი ამჯერად ჯონ კერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გახლდათ.

სულ რაღაც ერთი წლის წლის წინ, საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას, რუსეთის ჯერ კიდევ პრემიერი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ოპოზიციური მიტინგების დაფინანსებაში დებდა ბრალს. დემონსტრანტთა მაშინდელი  ერთ-ერთი საყვარელი ლოზუნგი იყო „რუსეთი პუტინის გარეშე“.

კრემლში დაბრუნების დღიდან, პუტინი რუსეთში შეერთებული შტატების გავლენის შეზღუდვას შეუდგა. ქვეყნიდან გააძევა USAID, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციები. პრეზიდენტის დუმაზე ზეწოლის შედეგად, ყველას, ვინც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებდა, „უცხოეტის აგენტებად“ დარეგისტრირება მოეთხოვა, რაც ფაქტიურად მათი დევნის ტოლფასია.

თუმცა, რუსეთში პროტესტს ამ ყველაფერმა ბოლო ვერ მოუღო. პუტინის და კერის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კრემლის მოპირდაპირე მხარეს 15 ათასზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა. მათი ლოზუნგი არ შეცვლილა. „რუსეთი პუტინის გარეშე“ – გაიძახოდნენ ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები. პუტინმა კარგად იცოდა, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ კერი მეორე დღეს სწორედ იმ რეპრესირებული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს ხვდებოდა.

ამ ფონზე 7 მაისს კრემლში ვიდეოკამერით დაფიქსირებული პუტინის მიმიკის ცვალებადობა ტუჩების ძალადობრივი მოძრაობებით ხან ზევით, ხან ქვევით და ხან გვერდზე, სიურპრიზებით სავსე გამოდგა.

ქვეყნებს მეგობრები არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ ინტერესები აქვთ.

არც პრეზიდენტებს ჰყავთ ზოგჯერ მეგობრები. პრეზიდენტმა ტრუმენმა ერთხელ ასეთი რამ თქვა, მეგობარი თუ გინდა ვაშინგტონში, ძაღლი უნდა გაიჩინოო.

პუტინის ჩვეული მიმიკა და სახის გამომეტყველება. რუსეთის პრეზიდენტის გამომცდელი მზერა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

თამაშის ეს წესები პუტინმა ლიდერების უმეტესობაზე უკეთ იცის. ის ხომ ერთადერთია 2000 წლის დიდი რვიანის სამიტის ლიდერებიდან, რომელიც 13 წლის შემდეგ ისევ ხელისუფლებაშია.

და მაინც, რატომ მოუწყო პუტინმა ხაზგასმულად საზეიმო მიღება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს? შემდეგ კი 2 საათნახევარზე მეტი კერისთან დახურულ კარს მიღმა თათბირს დაუთმო. საუბარია ოფიციალურ პირზე, რომელიც პოსტით მხოლოდ მის საგარეო საქმეთა მინისტრს უტოლდება.

კრემლს საკუთარი ინტერესები აქვს და ამისთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია.

კრემლს მიაჩნია, რომ ძალთა განლაგება 90-იანი წლების შემდეგ შეიცვალა. თუ მაშინ რუსეთი ამერიკაზე დამოკიდებული იყო, ახლა პუტინი თვლის, რომ ვაშინგტონს მან თანაბარი სიმაღლიდან უნდა ესაუბროს, პირისპირ, როგორც ესპანელები იტყვიან, mano-a-mano.

კრემლს ბევრი რამ სჭირდება. სია გრძელია – იქნება ეს შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესუსტება, ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გასვლა, თუ სირიაში რუსეთის ინტერესების დაცვა. სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც კერის თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტიდან აფრინდა, პუტინი რუსეთის უშიშროების საბჭოს შეხვდა. მთავარი თემა ცენტრალური აზიის თავდაცვის საკითხებზე მსჯელობა და ავღანეთიდან ამერიკელთა გასვლის შემდეგ სტრატეგიის შემუშავება გახლდათ.

პუტინს ასევე სურს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მისი შეხვედრებისს საერთაშორისო პრესტიჟის და რეზონანსის ამაღლება. მათ შეხვედრა 17-18  ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი რვიანის მომდევნო სამიტზე მოუწევთ. პუტინმა პრეზიდენტი ობამა მოსკოვში სექტემბრის დასაწყისშიც მიიწვია, დიდი ოცეულის სანკტ პეტერბურგში დაგეგმილ სამიტამდე.

თეთრი სახლი ორივე სამიტზე პრეზიდენტ ობამას მონაწილეობას ადასტურებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გასულ წელს კემპ დევიდში გამართულ სამიტზე პრეზიდენტ ობამას მოწვევა უგულვებელყო, კრემლს კარგად უნდა ესმოდეს, რომ გეგმები ზოგჯერ შეიძლება შეიცვალოს.

კერი მოსკოვის მზიანი ამინდით ნასიამოვნები ჩანს. ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს შედარებითი დათბობა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში.

ამერიკული მხრიდან ისე ჩანს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა რუსეთს მიანიშნეს, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გაურკვევლობა ჯერ კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდება. რეალური შედეგი ჰორიზონტზე არც იკვეთება. არავინ იცის დათანხმდება ობამა მოსკოვში შეხვედრას, თუ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის ბედს უფრო დაბალი რანგის ოფიციალურ პირებს გადააბარებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეორე ვადის განმავლობაში ძველებური სიფრთხილით აღარ გამოირჩევა. შეხვედრები მხოლოდ შეხვედრის მიზნით – ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტი ისტორიაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.

მაინც რით აიხსნება პუტინის ღიმილი?

კრემლში ახლა საქმიანი გარიგებების ეტაპი დადგა. პუტინი ცდილობს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით მომგებიანი  გარიგებები განახორციელოს – დაასრულოს ომი სირიაში, უზრუნველყოს საერთაშორისო მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ზამტრის ოლიმპიადაზე, შეაკავოს ირანის ბირთვული ამბიცია ისე, რომ სამხედრო იერიშები არ განხორციელდეს და შეზღუდოს ამერიკის სარაკეტო თავდაცვის პროგრამები.

კრემლმა ფირფიტა შეცვალა. ანტიამერიკული რიტორიკა ჩანაცვლდა საქმიანი ფრაზით – „მოდით, მოვილაპარაკოთ“.

კერის ხანმოკლე ვიზიტი რუსეთში სულ 4-დღიანი გაზაფხულის დასასრულს და 120-დღიანი ცხელი ზაფხულის დასაწყისს დაემთხვა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულის დასასრულს. რას მიაღწევს პუტინი და შეხვდებიან თუ არა პირისპირ პრეზიდენტები სექტემბრის პირველ რიცხვებში.

რუსეთმა კვიპროსი წააგო

Posted March 31st, 2013 at 2:52 pm (UTC-5)
Leave a comment

მზიური სანაპირო და ბანკები მოსკოვიდან სულ რაღაც 3 საათის ფრენის მანძილზე – რუსული ოაზისი

რუსეთმა მნიშვნელოვანი დამარცხება განიცადა.

და ეს ვერავინ შეამჩნია.

მარცხი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ყურმილი აიღო და დილის 4 საათზე მოულოდნელად შავ ზღვაში 30 რუსული ხომალდის სამხედრო წვრთნა დანიშნა. მთავარი პოლიტიკური გათვლა ტელეეკრანების და მთელი მედიის წვრთნების იმიჯებით შევსება იყო. იდეალურ ვარიანტში ეს ხმელთაშუა ზღვაში განცდილი რეალური დამარცხებიდან შავი ზღვის სიმულირებულ-ჰეროიკულ წვრთნებზე ყურადღების გადატანა იქნებოდა.

ისევე როგორც ჩინეთს აქვს ჰონკონგი, ოფშორული ზონა, სადაც ბრიტანული სტილის კანონი ქონებრივ უფლებებს იცავს, რუსეთსაც გააჩნდა კვიპროსი, დაბალი გადასახადებით და ევროკავშირის წევრობით. ფორმულა ისეთი წარმატებით მუშაობდა, რომ კვიპროსი რუსეთში ყველაზე დიდი მოცულობის უცხოელი ინვესტორი გახდა. მხიარული კარუსელი მოულოდნელად გაჩერდა. ფინანსური იდილია დაირღვა, როცა კვიპროსზე რუსული 30-მილიარდიანი დეპოზიტები გაიყინა. მოკლედ და აკურატულად რომ ვთქვათ, რუსეთმა კვიპროსი დაკარგა.

რუსული სარაკეტო კრეისერი „პეტრე დიდი“ შავ ზღვაზე

ბრიუსელში და ბერლინში შექმნილმა ევროკავშირის მასტიმულირებელმა პაკეტმა რუსეთის ფინანსური პრაიმ-ცენტრი დახურა. კონტროლირებადი რეგულაციებით ათეულობით მილიარდი დოლარის  დეპოზიტების გაყინვის შემდეგ რუსეთის ნომერ პირველი მიზანი კუნძულიდან ფულის უკან დაბრუნება გახდა. ამიტომაც აღარ არის გასაკვირი პუტინის სრულიად მოულოდნელი განკარგულება დაუგეგმავი სამხედრო წვრთნების დანიშნვის შესახებ. და არც მითითება რუსეთის ოფიციალური პირებისადმი: კვიპროსის თაობაზე კრინტი აღარ დაეძრათ.

მანევრი შეიძლება შემთხვევითიც იყო, მაგრამ ყველა ვარიანტში – პოლიტიკურად მომგებიანი.

პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა განკარგულება კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო -გრენადაში- შეჭრის შესახებ ბეირუთში 299 ამერიკელი და ფრანგი ჯარისკაცის დაღუპვიდან 2 დღეში გასცა. კარიბის კუნძულების კომუნისტურ ძალებზე ამერიკული გამარჯვების კადრებმა სწრაფად დაჩრდილა 220 დაღუპული ამერიკელი მეზღვაურის იმიჯი.

კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებას რუსეთი უსაფრთხოების გარანტად თვლიდა

რუსული რეალობის გათვალისწინებით, კრემლისთვის კვიპროსის წაგება ევროპაზე გავლენის რეალური ბერკეტების მოშლის ფაქტის სრულ გაშიშვლებას უდრის.

პუტინს, ადრეული მმართველობის წლებში, მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის მაშინდელ ლიდერებთან, შროდერთან, ბერლუსკონისთან და შირაკთან. მაგრამ რეალურად დემოკრატიულ ქვეყნებში ლიდერები იცვლებიან. 2000 წლის დიდი რვიანიდან მხოლოდ პუტინია შემორჩენილი, რომელიც მესამე ვადით პრეზიდენტობს და ეს შესაძლოა 2018 წლამდე გაიწელოს. პერსონიფიცირებულ დიპლომატიას მიჩვეულ პუტინს ევროპაში გავლენიანი მეგობარი აღარ ჰყავდა, რომ დაერეკა და ევროკავშირის ქმედება შეეყოვნებინა.

სცენარი კი დრამატულად ვითარდებოდა. მოსკოველმა იურისტმა, დმიტრი აფანასიევმა, გაზეთში „ვედომოსტი“ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კრემლს მოქმედებისკენ მოუწოდებდა. პუბლიკაციის პათოსის მიხედვით, რუსულ ბიზნესებს ერთი ამბავი უნდა აეტეხათ და კვიპროსის ბანკებისთვის ეჩივლათ. თუმცა აფანასიევს ერთი საინტერესო, საკმაოდ ტრივიალური ჭეშმარიტება გამორჩა: რუსეთის ერთადერთი ნამდვილი მეგობარი ევროკავშირში კვიპროსი იყო და იმასაც კარგავდა. რუსული დიპლომატიისთვის საკმაოდ დეპრესიული პერიოდი დადგა. ჩვენ ამერიკელებს კი, გვეგონა, რომ კრემლი მხოლოდ ჩვენ გვიპირისპირდებოდა, მაგრამ ევროპაც ამასობაში თურე იმავე ქვაბში ჩუმად და ნელა იხარშებოდა.

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიები რუსებს კვიპროსში განსაკუთრებულ კომფორტს უქმნიდა

რუსეთს არასოდეს დაუმალავს, რომ ბენზინის და ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპაზე ზეწოლისთვის იყენებს. რუსული პოლიტიკური კომბალი ევროპელებს საკმაოდ აფრთხობს და ხელს უშლის მათ ირანული საწვავის ტერმინალები და მილსადენები ააგონ და საწვავის იმპორტის დივერსიფიცირება მოახდინონ. რუსული ანტიდემოკრატიული კანონები, თუნდაც სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ, დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას შეურაცხყოფს. კრემლის საწინააღმდეგო გამოსვლები ევროპაში არ წყდება. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კრემლის გალაშქრებები რუსეთს ევროპისთვის სულ უფრო და უფრო უცხოს ხდის. პოლიციამ ახლახან  მოსკოვში და პეტერბურგში მდებარე გერმანიის პოლიტიკური პარტიის  ფონდი დაარბია, რაც გერმანიის მედიის მთავარი ახალი ამბავი გახდა. ეს ზუსტად იმ დღეს მოხდა, როცა კრემლს დახმარებისთვის ბერლინში დარეკვა დასჭირდა.

პოლიტიკური სტრატეგი იტყოდა, „კეთილ ნებას“ საერთაშორისო ურთიერთობებში მაინც და მაინც დიდი წონა არ აქვსო. მაგრამ ალბათ პუტინიც გაიხსენებდა იმ დღეებში ამ მარტივ ჭეშმარიტებას: რასაც დასთეს, იმას მოიმკი (что посеешь то и пожнешь). დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე კრემლს დღეს 1880 წლის რუს იმპერატორ, ალექსანდრე მესამესთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე დღევანდელ ევროპასთან, რომელიც ამბობდა, „რუსეთს მხოლოდ ორი მეგობარი ჰყავს: მისი არმია და საზღვაო ფლოტიო“.

რუსების ერთ-ერთი საყვარელი სანაპირო კვიპროსში-ანგია ნაპა

კვიპროსის შემთხვევა არამარტო იმის ილუსტრაციაა, თუ თანდათონ როგორ უცხოვდება კრემლი ევროპაში, არამედ იმასაც კარგად წარმოაჩენს, რომ კრემლის რიტორიკა ხშირად უმოქმედობის შენიღბვის მცდელობაც არის. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა ევროკავშირის მიერ კვიპროსისთვის ფინანსური სტიმულირების პაკეტის გამოყოფის გეგმა  შეაფასა, როგორც „უსამართლო, არაპროფესიონალური და საშიში“. პრემიერმა მედვედევმა ევროკავშირს ბრალი დასდო იმაში, რომ ის ისე იქცევა, როგორც „სპილო ჩინურ მაღაზიაში“. და თან გააფრთხილა ევროკავშირი, რომ მისი მხრიდან შემდგომმა სავალუტო კონტროლმა „შეიძლება კვიპროსში მთელი საბანკო სისტემა დაასამაროს. ის არსებობას შეწყვეტს“.

კვიპროსიდან განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ 18 თვის წინ გარკვევით ისმოდა. კვიპროსის ბანკები საბერძნეთის ფასიან ქაღალდებში დიდ ინვესტიციებს აკეთებდნენ. კვიპროსი არა ხმელთაშუა ზღვის ჰონგკონგს, არამედ საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლურ გაგრძელებას ემსგავსებოდა. კრემლს მაშინ პროაქტიული ქმედების თითქმის წელიწადნახევრიანი ნიშა გამორჩა.

მოსკოვური გაზაფხული. 31 მარტს ისევ თოვს

მოსკოვს კვიპროსის თამაშის წაგების მომენტში თემის შეცვლის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი ჰქონდა. პუტინმა რამდენიმე თვის წინ ხალხის დასანახად ანტი-კორუფციული კამპანია წამოიწყო. მისი ერთ-ერთი ელემენტი ოფშორული ზონების ტრადიციისთვის ხელის შეშლა, ქვეყნის გარეთ ფულის დაბინავების მავნე ჩვევის მოშლა უნდა უნდა ყოფილიყო. ამ სცენარში კვიპროსი არ ჯდებოდა. იქ რუსული დეპოზიტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდებოდა. მათ კორუფციულ წარმომავლობაში კი ეჭვი არავის ეპარებოდა. ამავე დროს იქ ისეთი ფულიც იყრიდა თავს, რომელიც პირიქით, კორუფციას გაურბოდა და გამოსავალს ეძებდა. აქედან გამომდინარე, პუტინი ღიად კვიპროსის დახმარებას ვერ შეძლებდა, რადგან ეს კორუფციის ხელშეწყობად ჩაეთვლებოდა და მისი რეიტინგები მკვეთრად დავარდებოდა.

კრემლი რომ უფრო მოქნილი და გაბედული ყოფილიყო, ის დიდძალ ფულს დროულად ამოიღებდა. კრემლს 460 მილიარდიანი სავალუტო რეზერვი აქვს. მას თავისუფლად შეეძლო მასტიმულირებელი პაკეტის მოფიქრება, რომელიც გაზპრომს კვიპროსის განვითარებაში და ოფშორული საწვავის რეზერვების შექმნაში დაეხმარებოდა. პარალელურად სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზის მომავალსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. რუსეთს ისიც შეეძლო კვიპროსთან გარიგებაში საზღვაო ფლოტის იქ ბაზირებაც ერთ-ერთ პირობად დაეყენებინა.

სანაცვლოდ კრემლი თავად გაება მახეში. პოლიტიკის სახელმძღვანელოების ანბანური ფანდი ჩაუტარეს: რუსები  პატარა ქვეყნის ლიდერმა მოატყუა, რომელიც არაჩვეულებრივად ფლობდა დიდი ქვეყნის ენას. ამ შემთხვევაში ეს დიმიტრის კრისტოფიასი იყო, კვიპროსის პრეზიდენტი 2008 წლიდან 2013-ის 28 თებერვლამდე. კვიპროსის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით 70-იანი წლების ყოფილ საბჭოთა კავშირში დაამთავრა. კრემლის ლიდერებთან შეხვედრებზე კრისტოფიასი ალბათ მშობლიური, ლამაზი რუსული ფრაზებით ხიბლავდა რუს კოლეგებს. კვიპროსის პრეზიდენტმა კარგი რუსული კი იცოდა, მაგრამ ფინანსები მას აშკარად ცუდად ესმოდა.

კვიპროსში რუსული კაპიტალის მზე ჩაესვენა

ასე დაიკარგა რუსეთისთვის კვიპროსი -  რუსეთის მოყვარული მეგობრული კუნძული, რუსულის მცოდნე და მოსკოვზე შეყვარებული პრეზიდენტით, მართლმადიდებლური ეკლესიებით, ევროკავშირის უსაფრთხოებით, ბრიტანულაქცენტიანი ბანკირებით და იურისტებით, რუსულენოვანი ოფიციანტებით და უძრავი ქონების აგენტებით. როგორც ჩანს რუსები შავით თეთრზე ნაწერის კითხვით თავს დიდად არ იწუხებდნენ, თორემ დროზე გაარკვევდნენ, რომ საბანკო დეპოზიტები, ისევე როგორც უმეტეს ევროკავშირის ქვეყნებში, მხოლოდ 100 ათას დოლარამდე იყო დაზღვეული და მხოლოდ 130 ათასით. და ვისაც კვიპროსის ბანკში 10 მილიონის კაპიტალი გააჩნდა, მხოლოდ ახლა შეიტყო, რომ დაზღვევა აქედან 9 მილიონ 870 ათასს სულაც არ ფარავდა. ეს თანხა  ბანკის რეორგანიზაციის პერიოდში წლობით იყინება და არავინ იცის, თუ როდის მოხდება მისი დაბრუნება.

სარაკეტო კრეისერებმა კი გადასერეს იმ დღეებში შავი ზღვის წყლები, თუმცა ამით ხმელთაშუა ზღვის წყლებში კვიპროსის ხელიდან გამოცლას ვერაფერი უშველეს.

ვაშინგტონი-კრემლი: რამდენად გვმართებს თავაზიანობა

Posted February 4th, 2013 at 4:26 pm (UTC-5)
Leave a comment

ლავროვი და ბაიდენი მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე

ლავროვი და ბაიდენი მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე

ერთ საღამოს, მოსკოვში, ჩემი ორი კოლეგა, ამერიკელი ჟურნალისტები კამათობდნენ თემაზე, ამერიკას უფრო სჭირდება დღეს რუსეთი, თუ რუსეთს – ამერიკა. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემი მეგობრები ცოტა არაადეკვატურები იყვნენ.

რეალობა ასეთია:

მოსახლეობა: 25 წელიწადში 400 მილიონ ამერიკელზე 133 მილიონი რუსი იქნება
ეკონომიკა: ამერიკის ეკონომიკა რუსეთისას 8-ჯერ აღემატება
არმია: შეერთებული შტატების და რუსეთის შეფარდება 10 / 1-ზეა

და თუ რაიმე დრამატული არ მოხდა, როგორიცაა, მაგალითად კლიმატური ქაოსი, წარმოუდგენელია, რომ რაიმე ამ განლაგებაში მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ამერიკის დიდი უპირატესობა ბუნებრივი თხევადი აირის წარმოებაში მომხდარი რევოლუციაც არის, რომელმაც  შეერთებულ შტატებში რეინდუსტრიალიზაცია დაიწყო. ამის საპირისპიროდ რუსეთის მიერ ექსპორტირებული ბუნებრივი აირიდან შემოსული მოგება თანდათან კლებულობს.

მსოფლიო არენაზე სიტუაციის კომპენსირებისთვის კრემლი ცდილობს  რუსეთი ჩინეთს მიაწებოს. ეს სათამაშო მოედანზე საშუალო ტანის ბავშვს  მაგონებს, თავდაცვისთვის ეზოში ზომით ყველაზე დიდ ბიჭს რომ ეტმასნება. კრემლი შიგადაშიგ ჩინეთთან ურთიერთობას მცირე მასაჟებსაც სთავაზობს. ჩინეთის დაბინძურებული ჰაერი, თუ საერთაშორისო წყლები და მტკიცე უარი რუსეთის ტერიტორიაზე საწარმოების მშენებლობის საკითხზე – ეს ყოველივე რუსეთის ლიდერებს არ აწუხებს.

პირიქით, კრემლი დროდადრო ვაშინგტონთან კინკლაობისთვისაც იცლის. იანვარში ამერიკელებზე ბავშვების გაშვილების აკრძალვის შემდეგ, ამერიკული ღორის ხორცის იმპორტის შეწყვეტა, შემდეგ კი აეროფლოტისთვის ბოინგ 777-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერება გადაწყდა. ისედაც სავაჭრო დეფიციტის პირობებში, ახალი შეზღუდვები რუსეთს ობამას ადმინისტრაციასთან და შეერთებული შტატების კონგრესთან კიდევ უფრო აცილებს.

მაგრამ ამ ფონზე რამდენიმე შემორჩენილი, პროტესტის შემცველი ხმა ვაშინგტონში მაინც ითხოვს, რომ პუტინის ადმინისტრაციასთან თავაზიანობა შევინარჩუნოთ, რადგან ნამდვილად გვჭირდება რუსეთის თანადგომა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხზე.

რას მეუბნებით, მართლა? მოდით, ერთად გადავამოწმოთ.

- ჩრდილოეთ კორეა -

კიმთა დინასტია პოლიტიკური ფრანკენშტეინია, რომელიც მათ შემოქმედ კრემლს დიდი ხანია, რაც ხელიდან გაუსხლტა. ალბათ, ერთი 50 წლის წინ. ბირთვული იარაღის საკითხზე ფხენიანი მოსკოვის სრულ იგნორირებას ახდენს. რუსეთის ელჩმა ერთხელ მითხრა, რომ ჩრდილოეთ კორეელები ლოკოკინობანას თამაშობენ. ნიჟარაში იმალებიან და  ატომური იარაღი გამოქვაბულებში აქვთ გადამალულიო. მართალიც იყო. ბირთვული იარაღის გამოცდებზე რუსეთის ერთადერთი რეაქცია რა იყო? მათ ვლადივოსტოკში რადიაციის გამზომი დეტექტორები ჩართეს. ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეაზე რალური გავლენა დღეს მხოლოდ ჩინეთს გააჩნია.

სირიელები რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებენ

სირიელები რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებენ

- სირია -

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა სირიის ოპოზიციასთან, დამაიმედებელია, მაგრამ პირველი არ არის. დაინტერესებული მხარეები დიდი ხნის მანძილზე იმედოვნებდნენ, რომ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა შესაძლებელი გახდებოდა, თუკი რუსები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს დათმობდნენ, ამერიკელები კი – სირიულ ოპოზიციას. ახლა უკვე ნათელია, რომ კრემლი არ, და სავარაუდოდ, ვერ იზამს ამას. რა თქმა უნდა, 60 ათასი დაღუპული სირიელის ფონზე კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებისთვის რუსეთის დიპლომატიური მხარდაჭერის გამოყენების მცდელობა ჯერ  კიდევ შესაძლებელია, მაგრამ 18 თვის მანძილზე გაჭიმული დიპლომატიური ჩავარდნის შემდეგ ვაშინგტონს ილუზიები აღარ გააჩნია.

- ირანი -

კრემლს ვინც არ უნდა განაგებდეს, ამ საკითხში ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. რუსეთს ირანთან პაექრობის 500-წლოვანი ისტორია აქვს. რუსეთს არაფერში სჭირდება ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი თავის სამხრეთ საზღვრებთან. არც ისეთი ნაბიჯის გადადგმა უნდა, რასაც ირანი მას მომდევნო წლებში წამოაძახებს. ამის გათვალისწინებით, რუსეთის მიერ „ეს-300“ ტიპის რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვის შეჩერება თეირანზე ერთგვარი ზეწოლაა, რომ ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს.

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში პატრულირებისას

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში პატრულირებისას

 

- ავღანეთი -

ფოლკლენდის ომის დროს ჰენრი კისინჯერმა არგენტინა ერთხელ ასე დაახასიათა: „ანტარქტიკის გულზე აღმართული ხანჯალი“. ბევრი ამერიკელისთვის ავღანეთსაც მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მაგრამ პრეზიდენტმა ობამამ ინაუგურაციის საზეიმო სიტყვაში აღნიშნა: „ომის დეკადა სრულდება“. რუსეთისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ სხვისი კრიტიკის შემდეგ მალე თვითონ შეეძლება ჰქონდეს პრივილეგია რუსი გადამხდელების ფულით ავღანეთის სტაბილიზება სცადოს და ისლამისტური ექსტრემიზმის ცენტრალურ აზიაზე გავრცელება შეაჩეროს. ეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. რუსული კომპანიები და რუსეთის მთავრობა ნატოს გადაზიდვებით შემოსულ მოგებასაც კარგავენ. რუსეთის მიერ ავღანეთში საერთაშორისო ალიანსის მომარაგებისთვის ხელშეწყობა რუსეთისთვის ძალზე სარფიანი იყო. არამარტო ფინანსურად, არამედ მათ სტრატეგიულ ინტერესებსაც ემსახურებოდა.

- სარაკეტო თავდაცვა -

რუსეთთან თანამშრომლობა მომგებიანი იქნებოდა, თუკი კრემლი ირანიდან დასავლეთის მიმართულებით საპიკეტო ხაზს მოაწყობდა. მაგრამ რუსეთის ხმამაღალი წინააღმდეგობა პროგრამის განვითარებას  ოდნავადაც არ ასუსტებს. ირანული რაკეტების შესაჩერებლად საზღვაო ფლოტის კუთვნილებაში მყოფი რაკეტგადამჭერი სისტემები დღეს უფრო კარგად არის განლაგებული, ვიდრე სახმელეთო რაკეტები ცენტრალურ ევროპაში. იანვარში თურქეთში განთავსებული პატრიოტის ტიპის რაკეტებიც თავისებურ როლს თამაშობს. იანვარში ლავროვმა ვაშინგტონის პოზიციასთან დაკავშირებით საკმაო სიზუსტით შენიშნა: „თითქოს დიალოგის გაგრძელებას გთავაზობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში აკეთებენ იმას, რასაც გადაწყვეტენ“.

- ბირთვული განიარაღება -

ეს არის საკითხი, რომელიც პრეზიდენტ ობამას გულთან ძალიან ახლოს მიაქვს, თუმცა, პრინციპში, ამერიკელი ამომრჩევლისთვის არც იმდენად მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდების ჩატარებამ ეს სიტუაცია შეიძლება შეცვალოს. მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა ამერიკამ და რუსეთმა აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე არსენალი რამდენადმე შეამციროს. მაგრამ კონგრესის სკეპტიციზმის ფონზე ორმხრივი მოლაპარაკება ძნელი მისაღწევი იქნება. თან, თუკი რუსეთის სავაჭრო ბლოკადა ღორის ხორცს და ბოინგებს გაცდა, საერთოდ შეგვიძლია დავივიწყოთ რაიმე პროგრესი ამ სფეროში.

- ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში -

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უშიშროების საბჭოს თანხმობა დიპლომატიური და სამხედრო სვლების სოლიდური ლეგიტიმიზაციის საფუძველს იძლევა. პოსტ-საბჭოთა ეპოქაში ვეტო რუსეთისთვის ყველაზე ძლიერი ძალაუფლების ბერკეტია. მაგრამ ეს გარემოებაც შეიცვალა. ბუშის ერაყში, თუ ავღანეთში შეჭრის ეპოქა დასრულდა. ობამას ადმინისტრაცია ამ ომებს ასრულებს და ზოგიერთ მათგანში მხოლოდ ლიმიტირებულ მონაწილეობას ინარჩუნებს. ლიბია ამის საუკეთესო მაგალითია. „გაძღოლა ბოლო რიგებიდან“ – ასეთი ტერმინიც კი გამოიყენეს ლიბიაში ვაშინგტონის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მალი საფრანგეთს დაუთმეს. სირიას დიდი დოზით ჯერ კიდევ აკვირდებიან. ახალ სამოქალაქო ომებში ჩართვასთან დაკავშირებით ამერიკელი ამომრჩევლების განსხვავებულ მიდგომათა გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკა უშიშროების საბჭოს ანალოგიური თანხმობის მისაღებად, უფრო და უფრო იშვიათად მიმართავს. და თუკი პირდაპირი საფრთხე გაჩნდება, ამერიკის პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რესპუბლიკელი იქნება, თუ დემოკრატი, უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშეც იმოქმედებს.

ამ დროს რა უნდა რუსეთს შეერთებული შტატებისგან?

მოკლე სიას შემოგთავაზებთ:

  • ინვესტიციები მრეწველობის განვითარებაში, რათა ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე დამოკიდებულების დივერსიფიცირება მოხდეს
  • არ მოხდეს სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირება
  • მხარდაჭერა ავღანეთიდან შუა აზიის მიმართულებით ისლამისტური რადიკალიზმის გავრცელების შეჩერებაში
  • რუსული ექსპორტიორების მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში ჩართვის უზრუნველყოფა
  • რუსი ტურისტებისთვის ამერიკაში მოგზაურობის გაადვილებული პირობების  შენარჩუნება
  • ე.წ. „პაქს ამერიკანას“ გაგრძელება (ლათინურად „მშვიდობა ამერიკულად)“, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის მიერ დასავლეთ ნახევარსფეროში გარანტირებულ თავისუფალ და უსაფრთხო სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს

 

საკონგრესო მოსმენებზე მაშინ ჯერ კიდევ სენატორმა ჯონ კერიმ, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტზე იყო წარდგენილი, რუსეთთან მიმართებაში სიფრთხილე და შეზღუდული მოლოდინი გარკვევით გამოხატა; განაცხადა, „მინდა ვნახო, თუ შევძლებთ თანამშრომლობის რაიმე ფორმის გამონახვასო“.

P.S.

ამ ბლოგის დაწერის შემდეგ, 11 თებერვალს რუსეთმა ამერიკული ინდაურის ხორციც აკრძალა, რითაც ათობით მილიონი დოლარის ღირებულების სავაჭრო გარიგებები დაბლოკა. თუმცა, ახალ ბოინგს 777-300ER მწვანე შუქი აუნთეს და 16 თვითვმფრინავის შეკვეთასაც გეგმავენ.

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.

RSS მთავარი ამბები

  • An error has occurred, which probably means the feed is down. Try again later.