რუსეთმა კვიპროსი წააგო

Posted March 31st, 2013 at 2:52 pm (UTC-5)
Leave a comment

მზიური სანაპირო და ბანკები მოსკოვიდან სულ რაღაც 3 საათის ფრენის მანძილზე – რუსული ოაზისი

რუსეთმა მნიშვნელოვანი დამარცხება განიცადა.

და ეს ვერავინ შეამჩნია.

მარცხი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ყურმილი აიღო და დილის 4 საათზე მოულოდნელად შავ ზღვაში 30 რუსული ხომალდის სამხედრო წვრთნა დანიშნა. მთავარი პოლიტიკური გათვლა ტელეეკრანების და მთელი მედიის წვრთნების იმიჯებით შევსება იყო. იდეალურ ვარიანტში ეს ხმელთაშუა ზღვაში განცდილი რეალური დამარცხებიდან შავი ზღვის სიმულირებულ-ჰეროიკულ წვრთნებზე ყურადღების გადატანა იქნებოდა.

ისევე როგორც ჩინეთს აქვს ჰონკონგი, ოფშორული ზონა, სადაც ბრიტანული სტილის კანონი ქონებრივ უფლებებს იცავს, რუსეთსაც გააჩნდა კვიპროსი, დაბალი გადასახადებით და ევროკავშირის წევრობით. ფორმულა ისეთი წარმატებით მუშაობდა, რომ კვიპროსი რუსეთში ყველაზე დიდი მოცულობის უცხოელი ინვესტორი გახდა. მხიარული კარუსელი მოულოდნელად გაჩერდა. ფინანსური იდილია დაირღვა, როცა კვიპროსზე რუსული 30-მილიარდიანი დეპოზიტები გაიყინა. მოკლედ და აკურატულად რომ ვთქვათ, რუსეთმა კვიპროსი დაკარგა.

რუსული სარაკეტო კრეისერი „პეტრე დიდი“ შავ ზღვაზე

ბრიუსელში და ბერლინში შექმნილმა ევროკავშირის მასტიმულირებელმა პაკეტმა რუსეთის ფინანსური პრაიმ-ცენტრი დახურა. კონტროლირებადი რეგულაციებით ათეულობით მილიარდი დოლარის  დეპოზიტების გაყინვის შემდეგ რუსეთის ნომერ პირველი მიზანი კუნძულიდან ფულის უკან დაბრუნება გახდა. ამიტომაც აღარ არის გასაკვირი პუტინის სრულიად მოულოდნელი განკარგულება დაუგეგმავი სამხედრო წვრთნების დანიშნვის შესახებ. და არც მითითება რუსეთის ოფიციალური პირებისადმი: კვიპროსის თაობაზე კრინტი აღარ დაეძრათ.

მანევრი შეიძლება შემთხვევითიც იყო, მაგრამ ყველა ვარიანტში – პოლიტიკურად მომგებიანი.

პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა განკარგულება კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო -გრენადაში- შეჭრის შესახებ ბეირუთში 299 ამერიკელი და ფრანგი ჯარისკაცის დაღუპვიდან 2 დღეში გასცა. კარიბის კუნძულების კომუნისტურ ძალებზე ამერიკული გამარჯვების კადრებმა სწრაფად დაჩრდილა 220 დაღუპული ამერიკელი მეზღვაურის იმიჯი.

კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებას რუსეთი უსაფრთხოების გარანტად თვლიდა

რუსული რეალობის გათვალისწინებით, კრემლისთვის კვიპროსის წაგება ევროპაზე გავლენის რეალური ბერკეტების მოშლის ფაქტის სრულ გაშიშვლებას უდრის.

პუტინს, ადრეული მმართველობის წლებში, მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის მაშინდელ ლიდერებთან, შროდერთან, ბერლუსკონისთან და შირაკთან. მაგრამ რეალურად დემოკრატიულ ქვეყნებში ლიდერები იცვლებიან. 2000 წლის დიდი რვიანიდან მხოლოდ პუტინია შემორჩენილი, რომელიც მესამე ვადით პრეზიდენტობს და ეს შესაძლოა 2018 წლამდე გაიწელოს. პერსონიფიცირებულ დიპლომატიას მიჩვეულ პუტინს ევროპაში გავლენიანი მეგობარი აღარ ჰყავდა, რომ დაერეკა და ევროკავშირის ქმედება შეეყოვნებინა.

სცენარი კი დრამატულად ვითარდებოდა. მოსკოველმა იურისტმა, დმიტრი აფანასიევმა, გაზეთში „ვედომოსტი“ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კრემლს მოქმედებისკენ მოუწოდებდა. პუბლიკაციის პათოსის მიხედვით, რუსულ ბიზნესებს ერთი ამბავი უნდა აეტეხათ და კვიპროსის ბანკებისთვის ეჩივლათ. თუმცა აფანასიევს ერთი საინტერესო, საკმაოდ ტრივიალური ჭეშმარიტება გამორჩა: რუსეთის ერთადერთი ნამდვილი მეგობარი ევროკავშირში კვიპროსი იყო და იმასაც კარგავდა. რუსული დიპლომატიისთვის საკმაოდ დეპრესიული პერიოდი დადგა. ჩვენ ამერიკელებს კი, გვეგონა, რომ კრემლი მხოლოდ ჩვენ გვიპირისპირდებოდა, მაგრამ ევროპაც ამასობაში თურე იმავე ქვაბში ჩუმად და ნელა იხარშებოდა.

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიები რუსებს კვიპროსში განსაკუთრებულ კომფორტს უქმნიდა

რუსეთს არასოდეს დაუმალავს, რომ ბენზინის და ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპაზე ზეწოლისთვის იყენებს. რუსული პოლიტიკური კომბალი ევროპელებს საკმაოდ აფრთხობს და ხელს უშლის მათ ირანული საწვავის ტერმინალები და მილსადენები ააგონ და საწვავის იმპორტის დივერსიფიცირება მოახდინონ. რუსული ანტიდემოკრატიული კანონები, თუნდაც სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ, დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას შეურაცხყოფს. კრემლის საწინააღმდეგო გამოსვლები ევროპაში არ წყდება. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კრემლის გალაშქრებები რუსეთს ევროპისთვის სულ უფრო და უფრო უცხოს ხდის. პოლიციამ ახლახან  მოსკოვში და პეტერბურგში მდებარე გერმანიის პოლიტიკური პარტიის  ფონდი დაარბია, რაც გერმანიის მედიის მთავარი ახალი ამბავი გახდა. ეს ზუსტად იმ დღეს მოხდა, როცა კრემლს დახმარებისთვის ბერლინში დარეკვა დასჭირდა.

პოლიტიკური სტრატეგი იტყოდა, „კეთილ ნებას“ საერთაშორისო ურთიერთობებში მაინც და მაინც დიდი წონა არ აქვსო. მაგრამ ალბათ პუტინიც გაიხსენებდა იმ დღეებში ამ მარტივ ჭეშმარიტებას: რასაც დასთეს, იმას მოიმკი (что посеешь то и пожнешь). დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე კრემლს დღეს 1880 წლის რუს იმპერატორ, ალექსანდრე მესამესთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე დღევანდელ ევროპასთან, რომელიც ამბობდა, „რუსეთს მხოლოდ ორი მეგობარი ჰყავს: მისი არმია და საზღვაო ფლოტიო“.

რუსების ერთ-ერთი საყვარელი სანაპირო კვიპროსში-ანგია ნაპა

კვიპროსის შემთხვევა არამარტო იმის ილუსტრაციაა, თუ თანდათონ როგორ უცხოვდება კრემლი ევროპაში, არამედ იმასაც კარგად წარმოაჩენს, რომ კრემლის რიტორიკა ხშირად უმოქმედობის შენიღბვის მცდელობაც არის. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა ევროკავშირის მიერ კვიპროსისთვის ფინანსური სტიმულირების პაკეტის გამოყოფის გეგმა  შეაფასა, როგორც „უსამართლო, არაპროფესიონალური და საშიში“. პრემიერმა მედვედევმა ევროკავშირს ბრალი დასდო იმაში, რომ ის ისე იქცევა, როგორც „სპილო ჩინურ მაღაზიაში“. და თან გააფრთხილა ევროკავშირი, რომ მისი მხრიდან შემდგომმა სავალუტო კონტროლმა „შეიძლება კვიპროსში მთელი საბანკო სისტემა დაასამაროს. ის არსებობას შეწყვეტს“.

კვიპროსიდან განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ 18 თვის წინ გარკვევით ისმოდა. კვიპროსის ბანკები საბერძნეთის ფასიან ქაღალდებში დიდ ინვესტიციებს აკეთებდნენ. კვიპროსი არა ხმელთაშუა ზღვის ჰონგკონგს, არამედ საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლურ გაგრძელებას ემსგავსებოდა. კრემლს მაშინ პროაქტიული ქმედების თითქმის წელიწადნახევრიანი ნიშა გამორჩა.

მოსკოვური გაზაფხული. 31 მარტს ისევ თოვს

მოსკოვს კვიპროსის თამაშის წაგების მომენტში თემის შეცვლის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი ჰქონდა. პუტინმა რამდენიმე თვის წინ ხალხის დასანახად ანტი-კორუფციული კამპანია წამოიწყო. მისი ერთ-ერთი ელემენტი ოფშორული ზონების ტრადიციისთვის ხელის შეშლა, ქვეყნის გარეთ ფულის დაბინავების მავნე ჩვევის მოშლა უნდა უნდა ყოფილიყო. ამ სცენარში კვიპროსი არ ჯდებოდა. იქ რუსული დეპოზიტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდებოდა. მათ კორუფციულ წარმომავლობაში კი ეჭვი არავის ეპარებოდა. ამავე დროს იქ ისეთი ფულიც იყრიდა თავს, რომელიც პირიქით, კორუფციას გაურბოდა და გამოსავალს ეძებდა. აქედან გამომდინარე, პუტინი ღიად კვიპროსის დახმარებას ვერ შეძლებდა, რადგან ეს კორუფციის ხელშეწყობად ჩაეთვლებოდა და მისი რეიტინგები მკვეთრად დავარდებოდა.

კრემლი რომ უფრო მოქნილი და გაბედული ყოფილიყო, ის დიდძალ ფულს დროულად ამოიღებდა. კრემლს 460 მილიარდიანი სავალუტო რეზერვი აქვს. მას თავისუფლად შეეძლო მასტიმულირებელი პაკეტის მოფიქრება, რომელიც გაზპრომს კვიპროსის განვითარებაში და ოფშორული საწვავის რეზერვების შექმნაში დაეხმარებოდა. პარალელურად სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზის მომავალსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. რუსეთს ისიც შეეძლო კვიპროსთან გარიგებაში საზღვაო ფლოტის იქ ბაზირებაც ერთ-ერთ პირობად დაეყენებინა.

სანაცვლოდ კრემლი თავად გაება მახეში. პოლიტიკის სახელმძღვანელოების ანბანური ფანდი ჩაუტარეს: რუსები  პატარა ქვეყნის ლიდერმა მოატყუა, რომელიც არაჩვეულებრივად ფლობდა დიდი ქვეყნის ენას. ამ შემთხვევაში ეს დიმიტრის კრისტოფიასი იყო, კვიპროსის პრეზიდენტი 2008 წლიდან 2013-ის 28 თებერვლამდე. კვიპროსის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით 70-იანი წლების ყოფილ საბჭოთა კავშირში დაამთავრა. კრემლის ლიდერებთან შეხვედრებზე კრისტოფიასი ალბათ მშობლიური, ლამაზი რუსული ფრაზებით ხიბლავდა რუს კოლეგებს. კვიპროსის პრეზიდენტმა კარგი რუსული კი იცოდა, მაგრამ ფინანსები მას აშკარად ცუდად ესმოდა.

კვიპროსში რუსული კაპიტალის მზე ჩაესვენა

ასე დაიკარგა რუსეთისთვის კვიპროსი –  რუსეთის მოყვარული მეგობრული კუნძული, რუსულის მცოდნე და მოსკოვზე შეყვარებული პრეზიდენტით, მართლმადიდებლური ეკლესიებით, ევროკავშირის უსაფრთხოებით, ბრიტანულაქცენტიანი ბანკირებით და იურისტებით, რუსულენოვანი ოფიციანტებით და უძრავი ქონების აგენტებით. როგორც ჩანს რუსები შავით თეთრზე ნაწერის კითხვით თავს დიდად არ იწუხებდნენ, თორემ დროზე გაარკვევდნენ, რომ საბანკო დეპოზიტები, ისევე როგორც უმეტეს ევროკავშირის ქვეყნებში, მხოლოდ 100 ათას დოლარამდე იყო დაზღვეული და მხოლოდ 130 ათასით. და ვისაც კვიპროსის ბანკში 10 მილიონის კაპიტალი გააჩნდა, მხოლოდ ახლა შეიტყო, რომ დაზღვევა აქედან 9 მილიონ 870 ათასს სულაც არ ფარავდა. ეს თანხა  ბანკის რეორგანიზაციის პერიოდში წლობით იყინება და არავინ იცის, თუ როდის მოხდება მისი დაბრუნება.

სარაკეტო კრეისერებმა კი გადასერეს იმ დღეებში შავი ზღვის წყლები, თუმცა ამით ხმელთაშუა ზღვის წყლებში კვიპროსის ხელიდან გამოცლას ვერაფერი უშველეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.