რატომ უღიმოდა პუტინი კერის?

Posted May 8th, 2013 at 12:11 pm (UTC-5)
Leave a comment

კერისთან შეხვედრისთვის ნავარჯიშევი ღიმილი პუტინს კარგად გამოუვიდა. ლავროვი კი ტრადიციულ პირქუშ მიმიკას ინარჩუნებს, რომელიც დიდი პედაგოგის, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრეი გრომიკოსგან ისწავლა

 

როცა პუტინი იღიმება, ამას ყურადღება უნდა მიექცეს.

რუსმა მეგობარმა ქალმა ერთხელ მითხრა, რომ ერთი რამ, რაც მოსწონს პრეზიდენტის ხასიათში, არის ის, რომ ის სახალხოდ არ იღიმის.

7 მაისს მთელი დღის განმავლობაში ვლადიმირ პუტინის სახის გამომეტყველებას უფრო ტუჩის ამრეზვას თუ დაარქმევდით. ამ მიმიკას (ზედა ტუჩის ცალ მხარეს აზიდვა) ის მაშინ იყენებს, როცა კარგ მეფეს თამაშობს, რომელიც უღირს თავადებს უწყრება. კრემლში დაბრუნების პირველი წლისთავი პრეზიდენტმა ძირითადად კაბინეტის კრიტიკაში გაატარა, რომელმაც ვერ შეძლო მისი დავალებების შესრულება. მკაცრი საყვედური პირველ რიგში ვლადისლავ სურკოვმა მიიღო. პრემიერის თანაშემწემ და როგორც მას უწოდებდნენ, რუსეთის „სუვერენული დემოკრატიის“ არქიტექტორმა, თანამდებობა დატოვა.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მზადებას დაემთხვა. კერის კორტეჟს ტანკების და სარაკეტო დანადგარების წითელ მოედანზე მიმდინარე სარეპეტიციო მანევრების გამო ნახევარი საათით დააგვიანდა.

იმავე 7 მაისს საღამოსკენ რუსეთის მკაცრი ლიდერის მიმიკა განსხვავებული იყო და ამის მიზეზი ამჯერად ჯონ კერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გახლდათ.

სულ რაღაც ერთი წლის წლის წინ, საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას, რუსეთის ჯერ კიდევ პრემიერი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ოპოზიციური მიტინგების დაფინანსებაში დებდა ბრალს. დემონსტრანტთა მაშინდელი  ერთ-ერთი საყვარელი ლოზუნგი იყო „რუსეთი პუტინის გარეშე“.

კრემლში დაბრუნების დღიდან, პუტინი რუსეთში შეერთებული შტატების გავლენის შეზღუდვას შეუდგა. ქვეყნიდან გააძევა USAID, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციები. პრეზიდენტის დუმაზე ზეწოლის შედეგად, ყველას, ვინც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებდა, „უცხოეტის აგენტებად“ დარეგისტრირება მოეთხოვა, რაც ფაქტიურად მათი დევნის ტოლფასია.

თუმცა, რუსეთში პროტესტს ამ ყველაფერმა ბოლო ვერ მოუღო. პუტინის და კერის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კრემლის მოპირდაპირე მხარეს 15 ათასზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა. მათი ლოზუნგი არ შეცვლილა. „რუსეთი პუტინის გარეშე“ – გაიძახოდნენ ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები. პუტინმა კარგად იცოდა, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ კერი მეორე დღეს სწორედ იმ რეპრესირებული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს ხვდებოდა.

ამ ფონზე 7 მაისს კრემლში ვიდეოკამერით დაფიქსირებული პუტინის მიმიკის ცვალებადობა ტუჩების ძალადობრივი მოძრაობებით ხან ზევით, ხან ქვევით და ხან გვერდზე, სიურპრიზებით სავსე გამოდგა.

ქვეყნებს მეგობრები არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ ინტერესები აქვთ.

არც პრეზიდენტებს ჰყავთ ზოგჯერ მეგობრები. პრეზიდენტმა ტრუმენმა ერთხელ ასეთი რამ თქვა, მეგობარი თუ გინდა ვაშინგტონში, ძაღლი უნდა გაიჩინოო.

პუტინის ჩვეული მიმიკა და სახის გამომეტყველება. რუსეთის პრეზიდენტის გამომცდელი მზერა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

თამაშის ეს წესები პუტინმა ლიდერების უმეტესობაზე უკეთ იცის. ის ხომ ერთადერთია 2000 წლის დიდი რვიანის სამიტის ლიდერებიდან, რომელიც 13 წლის შემდეგ ისევ ხელისუფლებაშია.

და მაინც, რატომ მოუწყო პუტინმა ხაზგასმულად საზეიმო მიღება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს? შემდეგ კი 2 საათნახევარზე მეტი კერისთან დახურულ კარს მიღმა თათბირს დაუთმო. საუბარია ოფიციალურ პირზე, რომელიც პოსტით მხოლოდ მის საგარეო საქმეთა მინისტრს უტოლდება.

კრემლს საკუთარი ინტერესები აქვს და ამისთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია.

კრემლს მიაჩნია, რომ ძალთა განლაგება 90-იანი წლების შემდეგ შეიცვალა. თუ მაშინ რუსეთი ამერიკაზე დამოკიდებული იყო, ახლა პუტინი თვლის, რომ ვაშინგტონს მან თანაბარი სიმაღლიდან უნდა ესაუბროს, პირისპირ, როგორც ესპანელები იტყვიან, mano-a-mano.

კრემლს ბევრი რამ სჭირდება. სია გრძელია – იქნება ეს შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესუსტება, ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გასვლა, თუ სირიაში რუსეთის ინტერესების დაცვა. სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც კერის თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტიდან აფრინდა, პუტინი რუსეთის უშიშროების საბჭოს შეხვდა. მთავარი თემა ცენტრალური აზიის თავდაცვის საკითხებზე მსჯელობა და ავღანეთიდან ამერიკელთა გასვლის შემდეგ სტრატეგიის შემუშავება გახლდათ.

პუტინს ასევე სურს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მისი შეხვედრებისს საერთაშორისო პრესტიჟის და რეზონანსის ამაღლება. მათ შეხვედრა 17-18  ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი რვიანის მომდევნო სამიტზე მოუწევთ. პუტინმა პრეზიდენტი ობამა მოსკოვში სექტემბრის დასაწყისშიც მიიწვია, დიდი ოცეულის სანკტ პეტერბურგში დაგეგმილ სამიტამდე.

თეთრი სახლი ორივე სამიტზე პრეზიდენტ ობამას მონაწილეობას ადასტურებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გასულ წელს კემპ დევიდში გამართულ სამიტზე პრეზიდენტ ობამას მოწვევა უგულვებელყო, კრემლს კარგად უნდა ესმოდეს, რომ გეგმები ზოგჯერ შეიძლება შეიცვალოს.

კერი მოსკოვის მზიანი ამინდით ნასიამოვნები ჩანს. ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს შედარებითი დათბობა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში.

ამერიკული მხრიდან ისე ჩანს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა რუსეთს მიანიშნეს, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გაურკვევლობა ჯერ კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდება. რეალური შედეგი ჰორიზონტზე არც იკვეთება. არავინ იცის დათანხმდება ობამა მოსკოვში შეხვედრას, თუ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის ბედს უფრო დაბალი რანგის ოფიციალურ პირებს გადააბარებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეორე ვადის განმავლობაში ძველებური სიფრთხილით აღარ გამოირჩევა. შეხვედრები მხოლოდ შეხვედრის მიზნით – ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტი ისტორიაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.

მაინც რით აიხსნება პუტინის ღიმილი?

კრემლში ახლა საქმიანი გარიგებების ეტაპი დადგა. პუტინი ცდილობს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით მომგებიანი  გარიგებები განახორციელოს – დაასრულოს ომი სირიაში, უზრუნველყოს საერთაშორისო მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ზამტრის ოლიმპიადაზე, შეაკავოს ირანის ბირთვული ამბიცია ისე, რომ სამხედრო იერიშები არ განხორციელდეს და შეზღუდოს ამერიკის სარაკეტო თავდაცვის პროგრამები.

კრემლმა ფირფიტა შეცვალა. ანტიამერიკული რიტორიკა ჩანაცვლდა საქმიანი ფრაზით – „მოდით, მოვილაპარაკოთ“.

კერის ხანმოკლე ვიზიტი რუსეთში სულ 4-დღიანი გაზაფხულის დასასრულს და 120-დღიანი ცხელი ზაფხულის დასაწყისს დაემთხვა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულის დასასრულს. რას მიაღწევს პუტინი და შეხვდებიან თუ არა პირისპირ პრეზიდენტები სექტემბრის პირველ რიცხვებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.