ვალერიან ძამია და 50-იანი წლების მეჯლისები ნიუ იორკში

Posted July 20th, 2011 at 7:47 pm (UTC+0)
2 comments

ჩვენი ბლოგის პირველი სტუმარი ვალერიან ძამია გახლავთ.

არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა: გვინდა ერთ-ერთი დიდი ხნის ემიგრანტი წარმოგიდგინოთ, რომელსაც ახლახან 90 წელი შეუსრულდა. ძია ვალიკო  (ასე მიმართავენ მას უმცროსი მეგობრები) შეერთებულ შტატებში ევროპიდან 1956 წელს ჩამოვიდა და ამერიკის ქართულ სათვისტომოს უსასყიდლოდ თითქმის 30 წლის მანძილზე ემსახურა.

ვალერიან ძამიას უშუალო მონაწილეობით 90-იან წლებში რამოდენიმეჯერ დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება  გაიგზავნა საქართველოში.  ის და მისი მეგობრები საკუთარი სახსრებით საკვებ პროდუქტს და მედიკამენტებს იძენდნენ და პერიოდულად სამშობლოს აწვდიდნენ. ამას გარდა ძია ვალიკო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის დაბეჭდვაში, გამოფენის მოწყობაში და მრავალი სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზებაშიც არაერთხელ დახმარებია ქართველებს.

პროფესიით ის გამაგრილებელ სისტემათა ინჟინერ-დამპროექტებელია. ვალერიან ძამიას პროექტით და უშუალო ხელმძღვანელობით ნიუ-იორკის ბევრ დაწესებულებაში დამონტაჟდა ცენტრალური გამაგრილებელი სისტემა. მათ შორის ცნობილი ბანკები, სატელეფონო კომპანიები და კლინიკებია. შეიძლება გსმენიათ კიდეც ფედერალური სარეზერვო ბანკის, ან  ბროდვეიზე მდებარე პრესვიტერიანთა კლინიკის შესახებ.

ძია ვალიკოსთან სახლში უამრავი საინტერესო დოკუმენტი თუ ისტორიული ფოტო მოვიძიეთ. მათ შორის ჩვენი ყურადღება 50-იანი წლების მდიდრული მეჯლისების შავ-თეთრმა ფოტოებმა მიიქცია, რომელშიც ის ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მთიულურს ცეკვავს. ჩვენი თხოვნის შემდეგ, უფრო დაწვრილებით მოეყოლა მეჯლისების და იმ მშვენიერი ქალბატონების შესახებ, რომლებიც ფოტოებში მას პარტნიორობას უწევენ,  ძია ვალიკოს თვალებში ცელქი ვარსკვლავები აუკიაფდა.

„ეს იყო ნიუ იორკში“… დაიწყო მან.

სიკო ერისთავი 50-იანი წლების მიწურულში ყოველწლიურად გრანდიოზულ მეჯლისებს აწყობდა. მის მიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას „ალავერდი“ ერქვა. მდიდრული მეჯლისები ნიუ იორკის საუკეთესო სასტუმროებში იმართებოდა. მათ იმ პერიოდის ისეთი ცნობილი ამერიკული ოჯახები ესწრებოდნენ, როგორიც იყო როკფელერები, ფიბსები, მორგანები და მაღალი საზოგადოების ბევრი სხვა წარმომადგენელი.  სადილი სიკოს ოჯახში იმართებოდა ხოლმე – ისთსაიდზე, 89-ე ქუჩაზე. იქიდან კი ყველანი მანქანებით, ან ავტობუსებით მეჯლისზე მიდიოდნენ.

მეჯლისი ძირითადად ევროპულ ცეკვებს ეთმობოდა. განსაკუთრებული პოპულარობით თურმე ქართული ხალხური ცეკვა „მთიულური“ სარგებლობდა. ძია ვალიკომ ჩოხა წარმოშობით ჩერქეზ მკერავ ქალთან შეიკერა. მასვე დაუკვეთეს ქართული კაბებიც. ქართული ცეკვა კარგად არ ახსოვდა, საქართველოდან დიდი ხნის წამოსული იყო და შემთხვევით რუსულ მაღაზიაში ნაპოვნი დავით ჯავრიშვილის წიგნი დაეხმარა, რომელშიც ნოტებიც იყო და მოძრაობებიც. ჯავრიშვილის წიგნით ძია ვალიკომ ცეკვა ნინო ვაჩნაძეს ასწავლა, ელიზბარ ვაჩნაძის ქალიშვილს. ელიზბარი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი  იყო.

ამ ფოტოზე ძია ვალიკოს პარტნიორი ენ ფიბსია, სიკო ერისთავის რძალი. ძალიან ნიჭიერი ქალბატონი იყო, იგონებს ის. ცეკვა უცებ შეისწავლა და ყველა ქართველზე უკეთ ასრულებდა.

90 წლის იუბილეს გილოცავთ ძია ვალიკო და კიდევ ბევრი საინტერესო მოგონების იმედით გემშვიდობებით.

2 responses to “ვალერიან ძამია და 50-იანი წლების მეჯლისები ნიუ იორკში”

  1. TAMARA BAKRADZE says:

    AMAZING!!!!!VERY PROFESSIONAL!!!!!
    DZALIAN MOMETSONA DA DIDI MADLOBA ASETI PROFESSIONALI DA SAINTERESO STATIISTVIS!!!!

  2. Tinatini says:

    Bednieri var, rom shesadzlebloba momeca misi gacnobis, rodesac tbilisshi chamovida, mis meuglestan- mziastan da chems uaxloes megobartan- tamuna baqradzestan ertad. Is dge dauviwyaria chemtvis.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.