ნანა ბაღდავაძე და რებეკა კამენი – დიალოგი ხელოვნებას და მეცნიერებას შორის

Posted November 9th, 2011 at 5:40 pm (UTC+0)
1 comment

“Busboys & Poets”… სახელი არაფერს მაძლევს. ვაშინგტონში სულ რამდენიმე თვის გადმოსული ვარ. მითხრეს, რომ საინტერესო ბოჰემური რესტორანია დედაქალაქის ცენტრში. მანქანით ვუახლოვდები. მობილური ჯიპიესი ბრიტანული აქცენტით მეუბნება, რომ უკვე მოვედი. შესასვლელთან უცნაური ავანგარდული ყვითელი ფერის მეტალის ქანდაკება დგას. შორიდან ვერც ვარკვევ, რა არის. ვერც – ახლოდან. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? ქუჩაში ყველანაირი ჯურის და ტიპის ადამიანი დადის. ეს უბანი მაინც და მაინც უსაფრთხო არ უნდა იყოს-თქო, გაფიქრებას ვერ ვასწრებ, რომ  ავტოსადგომის დარაჯი მიახლოვდება და მთხოვს, მანქანის უკანა სავარძელზე დატოვებული სპორტული ჩანთა საბარგულში გადავდო. ასე უფრო მშვიდად იქნებით, მირჩევს ის.

როგორც ყოველთვის, ადრე მოვსულვარ. ოპერატორი ჯერ არ ჩანს. კარის გაღებისთანავე სასიამოვნო ბლუზის ფონზე ყურს საოცრად ხმაურიანი სტუმრების გადაძახილი მჭრის. შიგნით ბევრად უფრო მეგობრულად განწყობილი შინაური ატმოსფერო მხვდება. კედლები ან მოხატულია, ან ფერწერული ტილოებით, ფოტოებით და ჭედური ხელოვნების ნიმუშებით მოფენილი. საინტერესო ქანდაკებებიც დგას. რესტორნის ერთ კუთხეში წიგნების და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაა. ხელით ნაქსოვ შალის ქუდებზე რატომღაც თბილისი მაგონდება. მიმტანებს შავ ფერში აცვიათ და საქმიანად დაფუსფუსებენ. მათი ღიმილი გულიანი და ნაკლებად ხელოვნური მეჩვენება. ვკითხულობ, საით არის სააქტო დარბაზი, სადაც ორ ხელოვანთან შეხვედრა იმართება. – ამ ლამაზ კიბეს შემოუარეთ და შემდეგ მარჯვნივ –  მეუბნება ერთ-ერთი მიმტანი. შევდივარ მყუდრო მართკუთხა ოთახში, სადაც ერთ კედელზე პატარა სცენაა, ოთახში კი მაგიდები და სკამები ერთმანეთთან მიჯრითაა მიწყობილი.

*  *  *

რებეკა კამენი

„ორი შემოქმედი და მათი მეცნიერება“ – ასე ერქვა შეხვედრას, რომელზეც ორი სრულიად განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები: სახვითი ხელოვნების მოყვარულები და მეცნიერები ერთად მოვიდნენ. რესტორანი “Busboys & Poets” ქართველ მხატვარს -ნანა ბაღდავაძეს- და ამერიკელ მოქანდაკეს -რებეკა კამენს- მასპინძლობდა. ორი ქალბატონი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ შემოქმედებაში მეცნიერული იდეების დამკვიდრების შესახებ მოუთხრობდნენ.

რებეკას შეხვედრის დაწყებამდე გავესაუბრე. მოქანდაკე ამბობს, რომ მეცნიერებით ყოველთვის გატაცებული იყო. „ პატარობიდან მაინტერესებდა და მიყვარდა მეცნიერება. ბავშვობაში სახლის სარდაფში ნამდვილი მიკროსკოპი მქონდა, სკოლიდან მოსული შინ ექსპერიმენტებს ვატარებდი. მამასთან ერთად ტელესკოპიც კი მაქვს აწყობილი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… ერთხელ, ლექციების კურსის ჩატარების შემდეგ, სანტიაგოდან სამშობლოში ვბრუნდებოდი. მოულოდნელად მენდელეევის ცხრილის ხელოვნების ენით გადმოცემაზე დავიწყე ფიქრი. თვითონაც გამიკვირდა. ვიფიქრე, ალბათ ხანგრძლივმა ფრენამ დამღალა-მეთქი. მართლაც, რატომ უნდა დაინტერესდეს ხელოვანი მენდელეევის ელემენტებით? რაც უფრო ვფიქრობდი ამაზე, მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ეს შთაგონება შემთხვევითი არ იყო და ის მე ხელოვნების ენით უნდა გადმომეცა” – ჰყვება რებეკა.

შემოქმედს ყველაზე დიდი წარმატება სწორედ მენდელეევის ცხრილის სკულპტურულმა კომპოზიციამ „ელემენტების ბაღმა“ მოუტანა. მასში ელემენტთა მთელი პეროდული სისტემაა წარმოდგენილი. რამდენიმე გამოფენის მოვლის შემდეგ „ელემენტების ბაღი“ ჯორჯ მეისონის  უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის ახალ შენობაში დაიდებს ბინას.

რებეკა კამენი და ნანა ბაღდავაძე შეხვედრაზე მეცნიერმა და პუბლიცისტმა -ივან ამატომ- მოიწვია. საღამოსაც ის უძღვებოდა. ბატონ ამატოს ვაშინგტონელი მეცნიერები კარგად იცნობენ. ის სამეცნიერო პუბლიკაციებს უკვე 20 წელია აქვეყნებს. ამბობს, რომ ნანა ბაღდავაძე და რებეკა კამენი სხვადასხვა დროს მათ გამოფენებზე აღმოაჩინა და მათ შესახებ სამეცნიერო ჟურნალებში სტატიებიც გამოაქვეყნა. “დღევანდელი ღონისძიების მსგავსი შეხვედრები ხელოვანისთვის თუ მაყურებლისთვის ბევრად უფრო საინტერესო და მრავლისმომცემია. აქ მაყურებელთან და მსმენელთან არა მედია-საშუალებებით, არამედ უშუალო კონტაქტი მყარდება. ამიტომ გადავწყვიტე ამ ორი ძალზე არატრადიცული და საკმაოდ რისკიანი ვაშინგტონელი ხელოვანის ერთ ჭერქვეშ მოყვანა და მათი დაინტერესებული აუდიტორიისთვის გაცნობა” – ამბობს ბატონი ამატო და ნანას ხელოვნებასთან პირველ შეხვედრას იგონებს: “მახსოვს,  ნანას ნამუშევრები როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ მას სრულიად განსაკუთრებული სათქმელი აქვს“.

ნანა ბაღდავაძე

ნანა ბაღდავაძის მეცნიერებით, კერძოდ კი -გენეტიკით- დაინტერესებას მართლაც განსაკუთრებული და ძალზე ემოციური ისტორია უკავშირდება. მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნანას უმცროს დას ლეიკემია  აღმოაჩნდა. როგორც ნანა ამბობს, ეს ყველაფერი მისი ამერიკაში დონორად ჩამოსვლით დაიწყო. დისთვის ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დღეს ის ჯანმრთელია და თბილისში ცხოვრობს. ნანა კი მოულოდნელად გამოფენაზე მიიწვიეს, შემდეგ კოლეჯში სწავლება დაიწყო. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ნანა საცხოვრებლად ამერიკაში დარჩა და  90-იანი წლებიდან  მოყოლებული ჯერ სიეტლში ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ კი ვაშინგტონში გადმოვიდა.

დის ოპერაციის შემდეგ გაწაფული ქართველი პორტრეტისტი გენეტიკით, დნმ-ის სტრუქტურით აღფრთოვანდა და ეს ემოცია მის შემოქმედებაში სრულიად ახალ ციკლად გადმოიღვარა.

„როდესაც რაიმეს შეხედავ, მაშინათვე გააზრებას იწყებ. როგორც კი რაიმეს გააზრებას იწყებ, ის უკვე აღარ არის, რაც დაინახე“ – შუნიუ სუძუკი-როშის ამ ციტატით  დაიწყო ნანამ თავისი ნამუშევრების პრეზენტაცია. და მათში მხატვრის  ზოგადად ხელოვნებასთან დამოკიდებულებაც კარგად ჩანს.

„რაც უფრო მეტს ვსწავლობ გენეტიკაში სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ, ვხვდები, რომ მე რაც არ უნდა გავაკეთო, თუ მოვიგონო, ბუნებას ეს უკვე დიდი ხნის წინ აქვს მოფიქრებული. ის უკვე შექმნილია და არსებობს. სწორედ ამიტომ არ მაქვს იმის შიში, რომ რაიმეს მეცნიერულად არასწორად დავხატავ, ან შეცდომას დავუშვებ. ხელოვნება დღეს ერთ-ერთი უნიკალური სფეროა, თუ ერთადერთი არა, სადაც შეცდომა შეგიძლია დაუშვა და ამით არც არავის ავნო და არც  პასუხი აგო. ხელოვნებას უფლება აქვს კითხვა დასვას და ის ღიად დატოვოს, მას პასუხის გაცემას არავინ მოსთხოვს“ – ამბობს ნანა.

მეცნიერებაში ჩაუხედავ დამთვალიერებელში ნანას ნახატები ძალზე მრავალფეროვან ემოციას იწვევს, დაწყებული ყურძნის, ან მარგალიტის მარცვლებით, მუსიკალური რიტმის, თამაშის, თუ სექსუალური ცეკვის ასოციაციით დამთავრებული.

„შთაგონება მხოლოდ მაშინ მომდის, როცა ორგანიზებული და შრომაში ჩაფლული ვარ. თითქოს შთაგონება უნდა დავიმსახურო და მოვიპოვო“, ამბობს ნანა და ალბათ სწორედ ეს არის ის თვისება, რომელიც მას ბევრი სხვა ხელოვანისგან გამოარჩევს და მეცნიერებთან კი თითქოს უფრო აახლოვებს. „დღევანდელ დღეს, გლობალიზაციის და მედიის სრული ხელმისაწვდომობის ეპოქაში, ყველაფერი ისე გაერთიანდა, რომ აღარ შეიძლება ერთი დისციპლინა მეორესთან კავშირების გარეშე არსებობდეს. მეცნიერებას და ხელოვნებას შორის დიალოგის ბუნებრივი, ორგანული მოთხოვნილება გაჩნდა. მე უკვე 23 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და სწორედ ახლა ვიგრძენი ამ დიალოგის აუცილებლობა” – ამბობს ის.

*  *  *

შეხვედრა ინტერაქტივით მთავრდება. შეკითხვებთან ერთად  დარბაზიდან წინადადებები და შემოთავაზებებიც ისმის. ერთ-ერთი ფიზიკოსი ნანას და რებეკას ერთობლივი წიგნის გამოცემას ურჩევს, ნამუშევრების ქვეშ მოთავსებული ვრცელი ანოტაციებით.

რესტორანს ცოტა დაღლილი, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები ვტოვებ. თითქოს წელში ვიმართები,  ვიზრდები და ვძლიერდები კიდეც, როცა ამ უკიდეგანო ქვეყანაში  ქართულ ნიჭს გადავაწყდები.

ხელოვნების და მეცნიერების გზები, როგორც ყოველთვის, კიდევ ბევრჯერ გადაიკვეთება. ქართველებს კი სამართლიანად შეგვიძლია სახვითი ხელოვნების ამ რისკიანი მიმართულების ერთ-ერთი ძალიან საინტერესო  წარმომადგენლით -ნანა ბაღდავაძით- ვიამაყოთ.

 

One response to “ნანა ბაღდავაძე და რებეკა კამენი – დიალოგი ხელოვნებას და მეცნიერებას შორის”

  1. rusudan tsereteli says:

    kargia maia!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.