ინტერნეტის როლი მსოფლიო პოლიტიკაში და საქართველო

Posted December 9th, 2011 at 6:02 pm (UTC+0)
Leave a comment

არჩევნებზე მასობრივი გაყალბების მიუხედავად ვლადიმერ პუტინის პარტიამ მოულოდნელად დუმის მანდატების ერთი მეოთხედი დაკარგა.

რა ხდება რუსეთში? თუკი პრემიერი პუტინი რეიტინგებს ძველებურად ლიდერობს, მაშინ  რატომ აღარ ენდობიან მის პარტიას? სულ რამდენიმე თვის წინ ექსპერტებისთვის არჩევნების შედეგები თითქოს იოლად პროგნოზირებადი იყო. დღეს კი ათასობით დემონსტრანტი მოსკოვის მეტროს სადგურთან სკანდირებს: „რუსეთი პუტინის გარეშე“!  „ახალ არჩევნებს მოვითხოვთ“! რამდენი წელია რუსეთს ამ მასშტაბის ანტი-სამთავრობო მიტინგი აღარ უნახავს. ხომ არ მოჰყვება არაბულ გაზაფხულს რუსული გაზაფხული?

დუმის წევრის, ოპოზიციონერი ვლადიმერ რიჟკოვის, აზრით საქმე საკმაოდ მარტივადაა. „გუშინ რუსეთში ისტორიული დღე იყო. არჩევნები ინტერნეტის პარტიამ მოიგო, ტელევიზიის პარტიამ კი წააგო“ – განაცხადა მან არჩევნების შემდეგ. ძნელია არ დაეთანხმო ეკონომიკის პროფესორს.  რუსეთის პოლიტიკურ არენაზე ინტერნეტის სახით აშკარად ახალი, ძლიერი მედია-მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ინტერნეტის მზარდი ძალაუფლების შესახებ რუსეთის მმართველმა პარტიამ კარგად უწყოდა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ არჩევნების დღეს ჰაკერების ინტენსიური შეტევის შედეგად ოპოზიციური ვებ-გვერდების უმრავლესობა გამორთული იყო.

რუსეთში ინტერნეტის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით რუსეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა დღეს ორმოცდაათ მილიონს აღწევს და ის მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-10 ადგილზეა. ხელისუფლების მხრიდან ვირტუალური სივრცის სრული კონტროლი პრაქტიკულად გამორიცხულია და საფიქრებელია, რომ სწორედ ამიტომ რუსულ პოლიტიკაში მინიმალური, მაგრამ მაინც, ცვლილებები ხდება.

* * *

ამერიკაშიც ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ინტერნეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და პრეზიდენტი ობამა გამარჯვებას გარკვეულწილად მას უნდა უმადლოდეს.

„ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ობამა არათუ პრეზიდენტი, არამედ დემოკრატიული პარტიის ნომინანტიც კი ვერ იქნებოდა“, ამბობს არიანა ჰაფინგტონი, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-მედიის „ჰაფინგტონ პოსტის“ რედაქტორი. ახლადარჩეულ პრეზიდენტს მაშინ ხშირად ადარებდნენ პრეზიდენტ ჯონ კენედის, რომელმაც ტელევიზია არჩევნებში გამარჯვების ახალ სტრატეგიულ მედია-საშუალებად გამოიყენა და ამით საარჩევნო კამპანიის წარმოების ისტორიაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა.

პოლიტოლოგი ჯო ტრიპი „ნიუ იორკ თაიმსში“ წერდა: „ობამამ ძირფესვიანად შეცვალა საარჩევნო კამპანიის წარმოების ტრადიციული წესები. პრინციპში მან მხარდამჭერთა მობილიზების, განცხადებების გამოქვეყნების, მოწინააღმდეგე პარტიის თავდასხმის მოგერიების და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის პრაქტიკაში სრული გადატრიალება მოახდინა“. მოხალისეთა მრავალათასიანი არმია არ ეყოფოდა იმ საქმეს, რასაც ის რამდენიმე წუთის განმავლობაში მინიმალური რესურსით ახერხებდა. „იუ-თუბის“ როლის გადაჭარბება ხომ სრულიად გამორიცხულია, აღნიშნავს ექსპერტი, იმდენად  მნიშვნელოვანი იყო იქ ვიდეო-მესიჯების განთავსება და რესპუბლიკელ ლიდერთა დისკრედიტაციისთვის შერჩეული ვიდეომასალების გამოქვეყნება. რომ აღარაფერი ვთქვათ ვებ-გვერდზე კამპანიისთვის სასოცოცხლო სუბსიდირების მოზიდვაზე – დასძენს პოლიტოლოგი.

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: როგორც ირკვევა, უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე  ამერიკელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე ტელევიზიაზე მეტად სწორედ ინტერნეტმა იმოქმედა. კვლევები ადასტურებს, რომ „2008 წლის არჩევნებზე ამერიკელ ამომრჩეველთა სამი მეოთხედი ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებისთვის მთავარ წყაროდ იყენებდა. ეს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტია“ – ამბობს მეცნიერი არონ სმითი.

* * *

სულ რაღაც სამ თვეში, 2012 წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. იმავე წლის ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტსაც აირჩევენ. წესით ამ ორ თარიღს შორის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კიდევ ერთი წლის ინტერვალით კი საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

შემდეგი ორი წლის განმავლობაში ქართული დემოკრატიის მშენებლობას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. საინტერესო იქნება დაკვირვება ქართულენოვან ინტერნეტ-მედიაზე, თუ რა როლს შეასრულებს ის ჯერ საპარლამენტო,  შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვის აუზების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი -მამუკა წერეთელი- საუბრობს რა ინტერნეტის მზარდ როლზე თანამედროვე კომუნიკაციის და ინფორმაციის მოპოვების საქმეში,  აღნიშნავს, რომ ინტერნეტის და სოციალური მედიის გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარდაუვალია:

„რამდენადაც ვიცი, საქართველოში უფრო მაღალი გამტარუნარიანობის ქსელების დანერგვა ხდება. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს შედარებით დიდი მოცულობის ინფორმაცია კიდევ უფრო სწრაფად მიიღოს. შესაბამისად გაიზრდება ინფორმაციის მეშვეობით ადამიანებზე ზემოქმედების უნარიც. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკაში ეს ინსტრუმენტი გაცილებით დიდ როლს ითამაშებს საქართველოს მომავალ საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე“ – აცხადებს ის.

„ევრაზია-ნეტის“ მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით ინტერნეტზე საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ 37 პროცენტს მიუწვდება ხელი. უკანასკნელი 6 თვის მანძილზე სოციალური მედიის მხოლოდ ერთ სახეს „ფეისფუქს“ 675 540 ადამიანი, ანუ საქართველოს მოსახლეობის მეხუთედი შეუერთდა. კავკასიის რესურსების კვლევითი ცენტრის (CRRC) დირექტორი, ჰანს გუტბროდი, თვლის, რომ სოციალურ მედიას საქართველოში ტელევიზიისთვის კონკურენციის გაწევის პოტენციალი გააჩნია და ის პოლიტიკოსებისგან ამ პოტენციალის მაქსიმალიზებისთვის ძალზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსაც ანალოგიური მონაცემები აქვს. საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სულ ცოტა მილიონ სამასი ათასს შეადგენს. თუკი მსოფლიოს იმ ქვეყნების პოლიტიკური პროცესების დინამიკას გავითვალისწინებთ, სადაც ინტერნეტი პოპულარულია, ქართველი ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა ტელევიზიას ინფორმაციის მოპოვების ერთადერთ და მთავარ წყაროდ უკვე აღარ აღიქვამს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევე როგორც ამერიკაში, რუსეთში, თუ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, ინტერნეტი და კერძოდ, სოციალური მედია,  საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ნების გამოხატვაზე უდიდეს გავლენას იქონიებს. პოლიტიკოსებს მოუწევთ მისთვის ანგარიშის გაწევა და საარჩევნო სტრატეგიის შესაბამისად დასახვა.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.