თბილისში ამერიკული ტიპის ფსიქიატრიული ცენტრი იხსნება

Posted December 18th, 2011 at 10:26 pm (UTC+0)
1 comment

„მხოლოდ იმას მივწვდები, სადამდეც ზრდას მოვახერხებ. მხოლოდ იქამდე მივალ, სადამდეც ძებნას მოვინდომებ. მხოლოდ იმ სიღრმეზე დავინახავ, სადამდეც ჩახედვას შევძლებ. მხოლოდ ის ვიქნები, რაზეც ვიოცნებებ”. ალბერტ აინშტაინი

ყველაფერი სამშობლოზე გულისტკივილით და პატარა ოცნებით დაიწყო, რომელიც ერთი შეხედვით მაშინ განუხორციელებელიც კი ჩანდა. მერილენდის შტატში მცხოვრებმა ქართველმა ფსიქიატრმა, არჩილ აბაშიძემ, და მისმა მეუღლემ, ფსიქოლოგმა – ნინო აბდუშელიშვილმა საქართველოში თემზე დაფუძნებული მობილური ფსიქიატრიული სამსახურის დაარსება მოინდომეს. ზუსტად ისეთივე ორგანიზაციის, როგორსაც ისინი აქ, ამერიკაში ემსახურებიან. შემდეგ საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და დახმარებისთვის მშობლიურ კომპანია „ფი-ი-ფის“ და ბატონ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდს“ მიმართეს.

უამრავი წინააღმდეგობა, „ვერ“,  „თუ“  და  „მაგრამ“ მოკლე ხანში დავიწყებას მიეცა და 2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში პროექტზე მუშაობამ უკვე რეალური სახე მიიღო: 4 ქართველი სპეციალისტი ამერიკაში პირველი თრეინინგისთვის ჩამოვიდა. სასწავლო ბაზა „ფი-ი-ფი“ გახლდათ, სადაც ორი ფსიქიატრის, ოფისის მმართველის და სოციალური მუშაკისგან შემდგარი ქართული ჯგუფი ერთი თვის მანძილზე ამერიკელ კოლეგებთან ერთად ყოველდღიურ საქმიანობაში იყო  ჩართული.  თბილისელი სტუმრები გუნდური მუშაობის დინამიკას და სხვადასხვა დისციპლინის შერწყმის ტექნოლოგიასაც ეცნობოდნენ.

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი გელეიშვილი, რედაქციაში გვესტუმრა და პროექტის შესახებ ისაუბრა.  მისი თქმით პროგრამა საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს მოიცავს. „გაზაფხულზე ამერიკელი სპეციალისტები თბილისში ჩამოვლენ, დამატებით ლიტერატურას ჩამოიტანენ და იქ დარჩენილ გუნდსაც თრეინინგს ადგილზე ჩაუტარებენ. სავარაუდოდ ზაფხულში პირველ იფისს გავხსნით. თავიდან მხოლოდ 6-კაციანი ჯგუფით დავიწყებთ და 50-მდე ავადმყოფს მოვემსახურებით, შემდეგ – გავიზრდებით“, ამბობს ის.

ფსიქიატრიული მომსახურების ცენტრი პაციენტებს არამარტო სამედიცინო სერვისს შესთავაზებს,  არამედ შეეცდება მათ სოციალური პრობლემებიც შეძლებისდაგვარად მოუგვაროს. კომპლექსური მეთოდოლოგიის საშუალებით  პაციენტი ძირითადად შინ დარჩება და ჩვეულ ცხოვრებას გააგრძელებს. ცენტრი მას ბინაზე მომსახურებით ან ოფისში ვიზიტის მეშვეობით მკურნალობის და რეაბილიტაციის საშუალებას მისცემს. პროექტის მიზანია ავადმყოფი მაქსიმალურად საზოგადოებაში ინტეგრირებული იყოს და შესაბამისად საავადმყოფოში მისი აღრიცხვა მინიმუმზე დავიდეს. სამეცნიერო კვლევების მიხედვით ეს ფაქტორი ქცევითი თერაპიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ექსპერტების აზრით თემზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდოლოგია ფსიქიატრიაში ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სიმპტომების კლება, ჰოსპიტალიზაციის თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოხვედრის შანსის შემცირება, ავადმყოფების სოციალური აქტივობის და საზოგადოებრივ საქმიანობაში  ჩართულობის ზრდა სერვისის წარმატების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორებად მიიჩნევა.

გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი სერვისი ამართლებს არამარტო ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გუმჯობესების თვალსაზრისით, არამედ ის ხარჯეფექტურიცაა და ჰოსპიტალიზაციასთან და პატიმრობასთან შედარებით სახელმწიფოს ბევრად იაფი უჯდება.

კომპანია „ფი-ი-ფის“ პრეზიდენტი, ქალბატონი დეილ მაიერი, აღნიშნავს, რომ ეს მათი პირველი საერთაშორისო პროექტია და ისინი ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ ის წარმატებით განხორციელდეს. „როცა ეს იდეა გაჩნდა, მაშინათვე დავთანხმდი. ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქიატრი, არჩილ აბაშიძე, საქართველოდანაა. ასე რომ ყველაფერი მას და მის ასევე არაჩვეულებრივ მეუღლეს, ფსიქოლოგ ნინო აბდუშელიშვილს, უკავშირდება. მინდა აქვე ისიც ავღნიშნო, რომ პროექტი საქართველოს მიმართ მხოლოდ ცალმხრივ დახმარებას არ გულისხმობს. ქართველი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებით და მათთან ურთიერთობით ჩვენც უნიკალურ გამოცდილებას ვიძენთ“ – ამბობს ის და დასძენს, რომ პროექტს საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც საგულისხმო მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს.

ასე რომ საქართველოში ზაფხულის მიწურულს დასავლური ტიპის მობილური ფსიქიატრიული ცენტრი კარს პირველ პაციენტებს გაუღებს. შემდეგი ეტაპი კი უკვე  რეგიონალური ოფისების გახსნა იქნება.

გიორგი გელეიშვილის ინტერვიუ პროგრამაში \”ვაშინგტონი დღეს\”

 

 


One response to “თბილისში ამერიკული ტიპის ფსიქიატრიული ცენტრი იხსნება”

  1. გარსევან ჭავჭანიძე says:

    შესანიშნავია. სიგიჟის არც ისე მსუბუქი ფორმა პოსტ-ტრავმატული სინდრომი მთელ საქართველოს დამართეს და თუ 5 მილიონი ქართველი//თუ კიდევაა მაგდენი// დაეტევა კარგია…მართვა პაციენტთა გამოჯანმრთელებამდე დროებით გაეროში დამტკიცებულ სიებში შეყვანილ დემოკრატებს გადაეცეს.

Leave a Reply to გარსევან ჭავჭანიძე Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.