გილოცავთ ახალ, 4710 წელს?

Posted January 23rd, 2012 at 9:48 pm (UTC+0)
1 comment

ჩინური კალენდრით დღეს, 23 იანვარს ახალი, 4710 წელი იწყება.

უხსოვარი დროის ჩინური ლეგენდის თანახმად ღმერთებს ცხოველებისთვის მარათონი მოუწყვიათ. მცირე ზომის ვირთხა ლომებს და ვეფხვებს შორისაც ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. გაძვრა, გამოძვრა და ფინიშზე პირველი გამოცხადდა. თორმეტი გამარჯვებული ღმერთებმა თურმე სპეციალურ საპატიო სიაში შეიყვანეს. მოგვიანებით სწორედ ეს 12 ცხოველი იქცა ჩინური ზოდიაქოს სიმბოლოებად.

წელს ჩინური კალენდრით დრაკონის წელიწადია. მათთვის, ვინც ჩინურ კალენდარს მისდევს, დრაკონი ყველაზე ძლიერ, ბედნიერ, იღბლიან და საქმიანობისთვის ხელსაყრელ წლად ითვლება. ჩინეთში ბევრი მშობელი ცდილობს შვილი დრაკონის წელს დააქორწინოს, ჩინელი წყვილები კი „დრაკონის ბავშვებზე“ ზრუნვას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ.

ახალ წელს ჩინელები შინ შეძლებისდაგვარად უხვი სუფრით, ქუჩაში კი აღლუმებით და ფეიერვერკებით ხვდებიან. ტრადიციულად ტანსაცმლის და დეკორაციების ფერი წითელია, ტრადიციული კერძი კი – დიდი, შემწვარი თევზი, რომელიც სიუხვის, ბარაქის და დოვლათის სიმბოლოდ ითვლება.  ასევე მზადდება „დამფლინგები“, რომელიც რაღაცით თითქოს ქართულ ხინკალს ჩამოგავს. „დამგლინგი“ თხელ ცომში გახვეული გატარებული ხორცია. სხვადასხვა რეცეპტის მიხედვით ზოგჯერ  წყალში და ზოგჯერ ორთქლში იხარშება, ხან კი ცხიმში იწვება. დესერტად კი სუფრაზე 12 სახის მრგვალი ხილია მიღებული, რომელიც თითოეულ თვეში ფულის მომტან სიმბოლოს განასახიერებს  და კიდევ ანანასი – კეთილდღეობის სიმბოლო.

ჩინეთის გარდა ახალ წელს დღეს ჰონ კონგი, ინდონეზია, მაკაუ, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაივანი, ტაილანდი და უამრავ სხვა ქვეყანაში მდებარე „ჩაინა-თაუნები“, ანუ ჩინელებით მჭიდროდ დასახლებული უბნები, აღნიშნავენ.

„ჩინური ჰოროსკოპების მემგონი დასავლეთში უფრო სჯერათ, ვიდრე ჩვენთანო“ – ამბობდა ხოლმე ჩემი მეგობარი, ლიჰაის უნივერსიტეტის ჩინური ენის პროფესორი, ლიმეი შანი. იმის მიუხედავად, რომ ასტროლოგია სამეცნიერო ტერმინოლოგიას ხშირად იყენებს, მას მეცნიერულ მტკიცებულებებთან საერთო მაინც არაფერი აქვს.

თუმცა ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ახალი წელი, უფრო სწორად კი როგორც მას ჩინელები უწოდებენ -ახალი სამთვარო წლის დასაწყისი – ოჯახური ერთობის, მეგობრების ერთად შეკრების მხიარულების და ჩინური ხალხური ტრადიციების პატივისცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

One response to “გილოცავთ ახალ, 4710 წელს?”

  1. maiko says:

    სასიხარულოა ისეთი ნიჭიერი ჟურნალისტის გამოჩენა, როგორიც გახლავთ მაია ქვარცხავა.
    წარმატებებს გისურვებ, მაიკო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.