კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი

Posted February 14th, 2012 at 9:29 pm (UTC+0)
3 comments

როდესაც „ქართული ამერიკის“ ბლოგზე მუშაობა დავიწყე, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ნეკროლოგების წერაც მომიწევდა.  შემდეგ რედაქციაში კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ და მივხვდით, რომ ეს აუცილებელია. ოღონდ არა ტრადიციული ნეკროლოგის სახით, არამედ მცირე მოგონებით, რომელიც ბატონ კონსტანტინეზე, ან როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, კონი ერისთავზე მცირეოდენ შთაბეჭდილებას მაინც შეგიქმნით.

„ნიუ იორკ თაიმსში“ ვკითხულობთ: „ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც. ღირსეული ადამიანი, უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი“ (New York Times 12.30.11).

ეს სიტყვები შეერთებული შტატების გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს, უილიამ რაილის ეკუთვნის. სწორედ მისი ქვეშევრდომი იყო კონი ერისთავი, რომელიც ოთხმოცდაათიან წლებში ნიუ იორკის რეგიონის (მოიცავდა ნიუ იორკს, ნიუ ჯერსის, პუერტო რიკოს და ვირჯინიის კუნძულებს) გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ქალაქ ნიუ იორკის ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდათ.

ნიუ იორკის სამსახურს კონი ერისთავმა რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ცნობილი იყო, როგორც გარემოს დაცვის ადვოკატი, რომლის პატრონაჟით დამტკიცებული პროექტები ქალაქში ჯერ კიდევ მუშაობს. ბატონი რაილის თქმით სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია.

ქართული არისტოკრატული ოჯახის შთამომავალი მანჰეტენში პირველი თაობის ემიგრანტი მამის და ამერიკელი დედის ოჯახში დაიბადა. მამა, სიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი, დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცერი, ბოლშევიკურ რევოლუციას 1921 წელს ამერიკაში გამოექცა და ქართულ საქმეს ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი მიუძღვნა.

არც თუ ისე ბევრმა ქართველმა იცის, რომ სწორედ კონი ერისთავის ინიციატივით დაარსდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“, რომლის დირექტორთა საბჭოს ის სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა. სისტემატურად წირავდა მნიშვნელოვან თანხებს და ბოლომდე ჩართული იყო მის ყველა საგანმანათლებლო, სამედიცინო, თუ სოციალური დახმარების  პროექტში. დღეს ორგანიზაციას კონის უფროსი ვაჟი, ვაშინგტონელი ადვოკატი, ბაბუის მოსახელე და ქართული საქმის ასევე დიდი მოამაგე საიმონ სიდამონ-ერისთავი ხელმძღვანელობს.

როგორ არის? „ვითარცა ღვინო, ქვევრიდან ხაპში, ხაპიდან დოქში, დოქიდან ჯამში…“

არა, პათეტიკით თავს არ შეგაწყენთ. ორგანიზაციის „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ შესახებ კი ჩემზე უკეთ მისი აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი მარუსია ჭავჭავაძე მოგითხრობთ.

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ (http://afgeorgia.org/) კონი ერისთავის შვილობილია“ – ამბობს ქალბატონი მარუსია. ორგანიზაცია 1994 წელს სწორედ მისი ინიციატივით და დიდი ძალისხმევით დაარსდა. არსებობის მანძილზე „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ მეშვეობით უამრავი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროგრამა დაფინანსდა. ამასთან ერთად ორგანიზაცია ქართველებში დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოების მშენებლობის გზაზე ეროვნული სიამაყის აღდგენას და თვითდამკვიდრების სურვილის განმტკიცებასაც ისახავს მიზნად.

„17 წელი ვიმუშავეთ ერთად. ენთუზიაზმით სავსე, ოპტიმისტი და სიკეთის კეთებისთვის მოწადინებული ადამიანი იყო. რომ დავურეკავდი, ყოველთვის მამხნევებდა და პრობლემას თითქმის ყოველთვის დადებითად წყვეტდა. ჩემს დანახვაზე თვალი სიხარულით უბრწყინდებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად ვემსახურებოდით იმ საქმეს, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა“ – იგონებს ის.

ქალბატონი მარუსიას თქმით, კონის ჰუმანიტარული დახმარების ტრადიციული გზები არ აინტერესებდა. არ ელოდებოდა საქართველოდან დახმარების ან გრანტის მოთხოვნას, და დაფინანსებისთვის USAID-ს მაგვარი ორგანიზაციებისთვის მიმართვას.

„უფლებას მაძლევდა წავსულიყავი და ადგილზე გამერკვია, თუ რა ჭირდებოდა საქართველოს და ქართველებს და რით შეგვეძლო დახმარება. ახლა უკვე თბილისში წარმომადგენელიც გვყავს, რომელიც ამ საკითხებს ადგილზე აგვარებს“- აღნიშნავს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

კონის ვაჟი, სიმონ ერისთავი ამბობს, რომ ორგანიზაცია ძირითადად ქართველთა შედარებით დაუცველ ფენას ეხმარება. ჩააქვთ  მედიკამენტები, მკურნალობენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს, ასევე მაქსიმალურად ეხმარებიან ხანდაზმულებს. რამდენიმე ხნის წინ უსახლკარო ბავშვებისთვის თავშესაფარიც ააშენეს. „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ ხშირად საკუთარი აღზრდილების განათლების ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებს.

„ამ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ“ – ამბობს სიმონი და მამას დიდი სითბოთი და სიყვარულით იგონებს.

„საქართველოს მამასთან ერთად პირველად „გლასნოსტის“ გამოცხადებისთანავე, 1989 წელს ვეწვიეთ. ბევრი ვიმოგზაურეთ, მთელი საქართველო დავათვალიერეთ, მოვინახულეთ ჩვენი წინაპრების სასახლე ანანურში და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. მამა ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ხუთჯერ დაბრუნდა. ძირითადად იმ პროექტებს ამოწმებდა, რომელზეც მისი ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ მუშაობდა “ – ყვება სიმონ ერისთავი.

როგორც სიმონი ამბობს, კონი ოჯახშიც განსაკუთრებული ტაქტით და სითბოთი გამოირჩეოდა. „მამა საკუთარ რჩევას არასოდეს გვახვევდა თავს, თუმცა დახმარებისთვის ყოველთვის მზად იყო. შვილები რომ მეყოლა, მხოლოდ იმის შემდეგ მივხვდი, თუ რა ძნელია რჩევის მიცემისგან თავის შეკავება“ – ამბობს სიმონი. „რჩევას ყველაზე უფრო მაშინ ითვალისწინებ, როცა თვითონ ითხოვ დახმარებასო“ – ეს კონის სიტყვებია.

ერისთავებმა მამისგან მემკვიდრეობით პროფესია, ინტერესები, ბუნების და სპორტის სიყვარული მიიღეს. სიმონი ვაშინგტონში გარემოს დაცვის ადვოკატია. მისი ძმა, ენდრიუ პოლიტიკოსია. განათლებით ასევე იურისტი, საჯარო მოხელე გახლავთ და სამ წელიწადზე მეტია ნიუ ჯერსის შტატის ხაზინის მდივნის მოვალეობას ასრულებს. მათი და, ელისაბედი მხატვარია. ის საქართველოში გამოფენებს ხშირად აწყობს  და თან იელის უნივერსიტეტის ბიოკონსერვაციის საბჭოს წევრიცაა. სიმონი განსაკუთრებული აღტაცებით ყვება თავის მცირეწლოვან ქალიშვილზე, რომელმაც ზაფხული საქართველოში გაატარა და ბავშვთა სახლში რამდენიმე თვე მოხალისედ იმსახურა.

„მამა ტრადიციული მსოფლმხედველობის ადამიანი იყო, რომელიც  თვლიდა, რომ საქმე მხოლოდ სხვებისთვის უნდა აკეთო. ძალიან მინდა ის ქართველებს ასე დაამახსოვრდეთ“ – ამბობს სიმონი.

გულდასაწყვეტია, რომ კონი ერისთავის გაცნობა და ინტერვიუს აღება სიცოცხლეშივე ვერ მოვახერხეთ. იქნებ ამ მასალის გამოქვეყნებით  მაინც მოვიხადოთ მოწიწებული ქედი მისი დამსახურებების წინაშე.

 

გადაცემის “ვაშინგტონი დღეს” დასაწყისში შეგიძლიათ ნახოთ 6-წუთიანი ინტერვიუ სიმონ ერისთავთან, რომელიც მამის, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის შესახებ საუბრობს.

 

3 responses to “კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი”

  1. გამარჯობათ, გიკავშირდებით ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციიდან, პრეზიდენტი- ნანა ციხისთავი. მომწონს თქვენი ინიციატივა ამ ბლოგის შექმნასთან დაკავშირებით. მინდა შემოგთავაზოთ თანამშრომლობა, ჩვენი ასოციაცია ევროპულ სტრუქტურებშია გაწევრიანებული, ვაკეთებთ ევროპელებთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს. გვინდა მეტი ინფორმაცია და კონტაქტი გვქონდეს შეერთებულ შტატებთან, რა სიახლეებია ისტორიის სწავლებაში, როგორ ცხოვრობს ქართული ემიგრაცია და ა.შ. გთხოვთ შეგვატყობინოთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, პატივისცემით, პროფ. ნ. ციხისთავი( სხვათა შორის ამერიკის ისტორიის სპეციალისტი)

    • გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ახალ, დღევანდელ გამოცემაში (№ 7. გვ. 34) განთავსდა კიდევ ერთი სენსაციური, ჩემი მე-3 სტატია სათაურით „ქართული სივრცის ამოუცნობი ფენომენი“. აღმოჩნდა, ფაქტია, და ამას ორი სწავლული მიდასტურებს, რომ საქართველოს არეალი – ერთადერთი რეგიონია დედამიწის მასშტაბით, სადაც მთებზე შემომდგარი სარელეო ანძებიდან გაშვებული მაღალი სიხშირის საინფორმაციო სიგნალები სამჯერ მეტ მანძილზე ვრცელდება დაშვებულ ნორმებთან შედარებით. რა არის ამის მიზეზი? წაიკითხეთ: http://www.asavali.ge (დაგჭირდებათ პროგრამა Acrobat, იქვეა).

    • mkay says:

      ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. რა თქმა უნდა შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაგეხმარებით. თუკი რაიმე კონკრეტულად გაინტერესებთ, შეგიძლიათ პირად მისამართზე მომწეროთ: mkay@voanews.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.