ვაშინგტონის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში ივლისის ბოლო დღეებში მანქანით მოძრაობა თითქმის შეუძლებელი გახდა. ამერიკის დედაქალაქმა 22-წლიანი შესვენების შემდეგ შიდსის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. 600-ათასზე ოდნავ მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქისთვის 23 ათასი სტუმრის მიღება არც ისე იოლი აღმოჩნდა. კონფერენციას საპროტესტო დემონსტრაციებიც კი მოჰყვა, რამაც დამატებით არაერთი ქუჩის გადაკეტვა გამოიწვია. პროტესტის ერთი ტალღა ფარმაკოლოგიური კომპანიების პოლიტიკას აპროტესტებდა, მეორე ნაწილი კი – რესპუბლიკელი სენატორების ქმედებებს. საკმაოდ გაურკვეველი მოთხოვნების მქონე მომიტინგეებიც გამოჩნდნენ, ისეთები, როგორიცაა ვესტბოროს ბაპტისტური ეკლესია. თუმცა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ერთკვირიანი კონფერენციის მუშაობაც წარმატებით დასრულდა.
მომხსენებელთა შორის ქართველი ქალბატონი, ანი შაქარიშვილიც იყო. ანი უკრაინაში გაეროს შიდსის პროგრამების ხელმძღვანელია და მოხსენების გარდა, კონფერენციაზე მრავალ სხვა ფუნქციას ასრულებდა. „დღეს, მაგალითად, ძალიან საინტერესო სესიას ვთამჯდომარეობდი, რომელიც იმ ადამიანთა დახმარებას ეძღვნება, ვინც ნარკოტიკებს ინექციის საშუალებით მოიხმარს. რამდენიმე დღის წინ კი მომიწია თავმჯდომარეობა სესიის, რომელიც სამეცნიერო კვლევების გაგრძელების აუცილებლობას და მეცნიერული მიღწევების შიდსის პროგრამებში დანერგვის საკითხებს ეძღვნებოდა“ – ამბობს ის.
ანის თქმით, მოხსენებით გამოსვლა ძალიან დიდი პატივი იყო მისთვის, ვინაიდან კონფერენციას ათეულ ათასობით დამსწრის გარდა, თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებით უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს.
„ჩემი მოხსენების თემა კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ სამუშაო საკითხს, ქვეყნების შიდსზე რეაგირების ფინანსურ მდგრადობას შეეხებოდა. ანუ, რამდენად შეძლებენ ქვეყნები თავისი პროფილაქტიკური და შიდსის მკურნალობის პროგრამების შენარჩუნებას და მათ დაფინანსებას. გაერო ყველანაირად ცდილობს გლობალურ პანდემიასთან თავად ქვეყნების ინდივიდუალური ბრძოლაც გაამყაროს. სწორედ ამ მდგომარეობის უკრაინის მაგალითზე შეჯამება იყო ჩემი მოხსენების მთავარი ფოკუსი“ – აღნიშნავს ანი და საინტერესო საუბარში მსოფლიოში, უკრაინაში და საქართველოში ამ მხრივ შექმნილ მდგომარეობაზე მოგვითხრობს. ქვემოთ მოთავსებულ ვიდეოჩანაწერში შეგიძლიათ ინტერვიუს სრული ვერსია იხილოთ.
ანი შაქარიშვილი შეერთებულ შტატებში 1993 წელს ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მოწვევით ჩამოვიდა. ის ჟორდანიის ინსტიტუტის დირექტორ, არჩილ ხომასურიძესთან და პროფესორ რობერტ ჰეტჩერთან ერთად წიგნის -„კონტრაცეფციის მეთოდოლოგია“- ავტორად გვევლინება. სტაჟირება შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში გაიარა და მუშაობაც იქვე გააგრძელა. ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მდებარე ცენტრში ანი 2005 წლამდე მუშაობდა და ბოლო წლებში შიდსის გლობალურ პროგრამების დირექტორი გახლდათ. შემდეგ ის 7 წლის მანძილზე უკრაინაში გაეროს შიდსის პროგრამებს ხელმძღვანელობდა და 2013 წლიდან კვლავ შეერთებულ შტატებში ბრუნდება.