“თეატრიც არის იქ და სიყვარულიც”!

Posted September 7th, 2012 at 5:31 pm (UTC+0)
Leave a comment

„ბედნიერებაა, როცა ჩვენს ემიგრაციას ისეთი შვილები ყავს, რომლებიც სრულიად უანგაროდ ქართული საქმის კეთებას აგრძელებენ“, თქვა  მსახიობმა კახი კავსაძემ ამერიკაში ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის პირადი ინიციატივით მოწყობილი ქართული ფილმის ჩვენების შემდეგ. ნანა ჯანელიძის რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ბიოგრაფიული ოდისეა „ნეტავი იქ თეატრი არის“ ნიუ იორკის და ფილადელფიის შემდეგ ამერიკის დედაქალაქს ეწვია. ის ავალონის თეატრში პირადად კახი კავსაძემ წარადგინა.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი კახი კავსაძის ოჯახის თავს გადამხდარ რამდენიმე ეპიზოდზეა აგებული. ოჯახის, რომლის თითოეულ თაობაზე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მთავარი მოვლენა აისახა.

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია დათაშკა კავსაძე, ქართველი შინდლერი, როგორც მასზე ერთმა ამერიკელმა მაყურებელმა თქვა. დათაშკას ნაცისტებისგან უამრავი თანამოქალაქე უხსნია, თურმე. ჩვენ მის შესახებ ნანა ჯანელიძის ფილმის შექმნამდე არაფერი ვიცოდით. არც ის გაგვეგო, თუ როგორ ცდილობდა კახი 9 აპრილს საბჭოთა ფუნქციონერების მიერ სასიკვდილოდ განწირული მომიტინგეების გადარჩენას. არადა, ეს ამბავი მაინც ჩვენს თვალწინ ხდებოდა. კახის და ბელას ლეგენდარული ურთიერთობაც სულ სხვა თვალით დავინახეთ. როგორც ჩანს მასზე მშობლების ტრაგიკული სიყვარულის და გასაოცარი ერთგულების ისტორიამაც იმოქმედა.

ფილმი არამარტო ქართული იმიგრაციის, არამედ ამერიკელი მაყურებლისთვისაც საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა.

„ექსტრაორდინალური ფილმია. შეიძლება – ჯადოსნურიც, იმდენად ძალადაუტანებლად შევყავართ საკმაოდ რთულ ეპოქალურ მოვლენებში და ყველაფერს ძალზე ემოციურად გადმოგვცემს. საინტერესო დინამიკა აქვს, რომელიც მოგონებების გულახდილ გადმოცემაში იკვეთება. არასოდეს დამავიწყდება ციმბირის თემაზე ძველი მატარებლის ბორბლების ძლიერი ხმა და ასოციაცია. მუსიკაც ემოციური იყო და საერთოდ, უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა“ – ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანა ჯანელიძეს ასეთი ფილმის შექმნისთვის, რადგან მან მოგვიყვა ეს ისტორია, უნიკალური ისტორია” -აღნიშნავს ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი, რომელიც ახლა თავად იღებს ფილმს კახი კავსაძის მონაწილეობით, სამუშაო სათაურით “პური”.

ქართველთა უმეტესი ნაწილი ფილმს ცრემლმორეული ტოვებდა. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ავალონის თეატრში ყველა თაობის ადამიანს ნახავდით, მოზარდებიდან დაწყებული, იმიგრაციის უხუცესი წარმომადგენლებით დამთავრებული.

„ფილმი მეორედ თუ მესამედ ვნახე და ძალიან მომეწონა“-ამბობს ერთ-ერთი მანდილოსანი. მის გვერდით მდგარი ახალგაზრდა ქალბატონი კი დასძენს:  „ეს ფილმი მართლაც ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო საინტერესო. არამხოლოდ ჩემი თაობის და ჩემზე უფროსებისთვის, არამედ პატარა ბავშვების, თინეიჯერესებისთვისაც კი, რომელთაც საერთოდ არ იციან, რა იყო ჩვენთვის მეორე მსოფლიო ომი, ან კომუნისტური წყობა“.

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას კახი კავსაძემ თავისი მეუღლე, ბელა მირიანაშვილი ახსენა და მისი გარდაცვალების წუთები მოიგონა. 28 აგვისტოა დღესო, თქვა. ბელა ზუსტად 20 წლის წინ გარდაიცვალაო…

* * *

კახი – ქართული თეატრის და კინოს გამორჩეულად კოლორიტული ვარსკვლავი. რამდენიმე თაობისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და დიდი მსახიობი ფილმში საკუთარ კერპებზე, სათაყვანებელ მსახიობებზე გვიყვება. აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე თეატრიდან რომ გაუშვიათ, ხორავას თამაში შეუწყვეტია. ვასაძე თურმე იხტიბარს არ იტეხდა და თეატრიდან თეატრში გადადიოდა. ხორავასთვის უთქვამს, ქუჩაში გავშლი ხალიჩას და მაინც ვითამაშებო. სიკვდილის წინ კი ასე უკითხავს: „ნეტავი იქ თეატრი არის“?

“-არის! არის და სხვანაირად არ შეიძლება. თეატრიც არის, სიყვარულიც არის. სიძულვილი თუა, ალბათ – ნაკლებად. შეიძლება არც არის. იმიტომ რომ უკან დაბრუნებული მე კაცი არ მინახია. ვინც წავიდა, წავიდა. -ერთხელ ჩამოისერინე მაინც კაცო?! არა, გამოხედვაც არ უნდათ. წავიდა და წავიდა…“ – ამბობს კახი და ჩვეული ჟესტიკულაციით აღმართულ ხელს ასევე დრამატულად დაბლა წევს.

ნოემბერში მსახიობი კიდევ ერთხელ გააკვირვებს ქართველ მაყურებელს.

ვაშინგტონის სინეტიკის თეატრთან ერთად ის რუსთაველის სცენაზე „სტუმარ მასპინძელში“ ინგლისურად ითამაშებს. ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობს, არ იცის, როგორ მიიღებს ამ ორიგინალურ სპექტაკლს საქართველო.

„You have gone crazy Joqola, crazy! მოკლედ, გინდა 80 წლის იყავი და გინდა 12-ის, სულ გამოცდის ჩაბარებაში ხარ. სულ გამოცდა შეიძლება კაცო?!“- კითხულობს კახი.

დიდი ხნით ვერ ვაყოვნებთ, როგორც ყოველთვის, კახის კინოთეატრის ფოიეში თაყვანისმცემლები ელოდებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.