“ზამთარი იყო, მაგრამ სიცივე არ გვიგრძვნია” – ქართველი კინორეჟისორის გამარჯვება სანდენსზე

Posted January 30th, 2013 at 8:47 pm (UTC+0)
1 comment

– ხომ ვერ დაასახელებდით ფილმს, რომლის გამოტოვებაც არაფრით შეიძლება? ჰკითხეს სანდენსის საერთაშორისო ფესტივალზე 2013 წლის ფესტივალის მთავარ დამპროგრამებელს, კაროლინ ლიბრესკოს.

„უპატიებელი შეცდომა იქნებოდა არ მერჩია წარმოშობით ქართველი დამწყები რეჟისორის მეტად პოეტური, ვიზუალურად დახვეწილი და სრულიად ხალასი დოკუმენტური ფილმის ნახვა, რომელსაც ჰქვია „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ – განაცხადა მან.

თინათინ გურჩიანის ფილმით მხოლოდ კაროლინ ლიბრესკო არ მოხიბლულა. სანდენსის გამორჩეულად კრიტიკულმა ჟიურიმ ის გამარჯვებულებს შორის დაასახელა. სულ რამდენიმე დღის წინ ქართველმა ახალბედა რეჟისორმა სადებიუტო ფილმში საუკეთესო რეჟისორის პრიზი მოიპოვა, კატეგორიაში – საერთაშორისო დოკუმენტური ფილმი.

საქართველოში გადაღებების ორგანიზებას 4 ადამიანი მინიმალური სახსრებით,  სულ 20 დღის მანძილზე აწარმოებდა. შემდეგ, ქართულ-გერმანული ფილმის პოტენციალი ძალიან მალე, ე.წ. შავი მონტაჟის პერიოდში შენიშნეს. ოქტომბრის ბოლოდან კი წარმატებული საფესტივალო კარიერა  დაიწყო. თინათინი სცენარის ავტორიც იყო და რეჟისორიც. მისი ნამუშევრით მონტაჟის პერიოდიდანვე დაინტერესდა განვითარების პროგრამების ახალი ინიციატივა, რომელიც დოკ-ინკუბატორის სახელით არის ცნობილი. ორგანიზაცია შემოქმედებით ჯგუფებს საერთაშორისო პოტენციალის ოპტიმიზირებაში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. დოკ-ინკუბატორი ავტორებს არამარტო საჭირო კონტაქტებით, არამედ ფილმის დასრულების პროცესშიც დაეხმარა.

მოგვიანებით ფილმი ამსტერდამის და ლაიფციგის კინოფესტივალებზე გაიგზავნა. ეს ორი ფესტივალი, თინას თქმით, ევროპაში დოკუმენტური ფილმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“, ორივე ფესტივალის კონკურსში მოხვდა და ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) 10 ათასამდე ფილმიდან 3 საუკეთესოს  შორის იყო ნომინირებული. სწორედ აქედან დაიწყო მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარ ფესტივალზე მიწვევა, მათ შორის შეერთებულ შტატებში გამართულ სანდენსის კინოფესტივალზეც.

თინათინ გურჩიანი
ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

რეჟისორობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ზუსტად იცოდა, რომ ეს მისი სამომავლო პროფესია იყო. თუმცა, სკოლა რომ დაამთავრა, 17 წლის ასაკში თინა იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ჯერ ფილმის გადაღებისთვის მზად არ იყო. ამიტომ პროფესიისთვის სერიოზული მზადება გადაწყვიტა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ერთხანს ფსიქოლოგადაც იმუშავა. ამასობაში საფუძვლიანად შეისწავლა ფოტოგრაფია, ფერწერა, ქორეოგრაფია, – ყველაფერი ის, რაც მისი აზრით კინორეჟისორობაში დაეხმარებოდა. შემდეგ სწავლობდა ისევ ფსიქოლოგიას გერმანიაში და ავსტრიაში. განათლება გერმანიაში კონრად ვულფის ფილმის და ტელევიზიის უნივერსიტეტში დაასრულა. ბავშვობაში დასახულ მიზანს ზუსტად 40 წლის ასაკში მიაღწია. თინას პირველივე ფილმმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სანდენსის კინოფესტივალზე პრესტიჟული პრიზი მოიპოვა.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ არის მიწვევები უამრავ კინოფესტივალზე, მათ შორის გოტებურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც თინა ამჟამად იმყოფება, ნიუ იორკში ფორთნაითის ფესტივალზე, თესალონიკის, პრაღის, ჰონკონგის და კიდევ ბევრ სხვა კინოფესტივალზე. კომპანია იკარუს-ფილმთან დადებული 10-წლიანი კონტრაქტი არამარტო ფილმის საფესტივალო კარიერას, საგანმანათლებლო ჩვენებებს და კომპაქტური დისკების დაბეჭდვას და გაყიდვას უზრუნველყოფს, არამედ ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში მის გაშვებასაც გეგმავს. თინას დიდი სურვილია  გაზაფხულზე თბილისში მასშტაბური პრემიერაც მოაწყოს, რადგან მისი ნამუშევრისადმი ინტერესი ქართველ მაყურებელში ახლა განსაკუთრებით გაიზარდა. მითუმეტეს, რომ ფილმის გმირებიც ქართველები არიან და ისინი საკუთარი ცხოვრების შესახებ გულახდილად მოგვითხრობენ. ფილმი ქართულ ენაზეა გადაღებული.

„ვფიქრობ, ხალხს ისევე შეუყვარდება ეს ფილმი, როგორც – ჩვენ. ზამთარი იყო, მაგრამ ჩვენ სიცივე არ გვიგრძვნია… ერთი სული გვაქვს, სანამ ამერიკულ აუდიტორიას ამ სითბოს გავუზიარებთ“ – თქვა ფილმის შესახებ იკარუს-ფილმის პრეზიდენტმა ჯონათან მილერმა.

ინტერვიუ თინა გურჩიანთან

P.S.

აქვე მინდა ჩემს ნიუ იორკელ მეგობრებს და იქვე მცხოვრებ ქართველებს ვაუწყო, რომ შეერთებულ შტატებში მორიგი საფესტივალო ჩვენება გაიმართება 23 და 25 თებერვალს „მომაში“, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. დასწრების მსურველები დაწვრილებით ინფორმაციას მუზეიმის ვებგვერდზე ნახავთ.

რაც შეეხება დანარჩენ სამომავლო ჩვენებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, უახლესი ინფორმაციის მოსაპოვებლად ეწვიეთ ფეისბუქზე ფილმის ოფიციალურ გვერდს: http://www.facebook.com/TheMachieWhichMakesEverythingDisappear

 

One response to ““ზამთარი იყო, მაგრამ სიცივე არ გვიგრძვნია” – ქართველი კინორეჟისორის გამარჯვება სანდენსზე”

  1. Kudiani says:

    Niiiiiceeeeee!!!!! Very nice, congretulations. 😀

Leave a Reply to Kudiani Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მაია ქვარცხავა

მადლობა, რომ ჩემს ბლოგს ეწვიეთ. მე ქართულ ამერიკაზე მოგითხრობთ, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში გამართული საინტერესო ღონისძიებების შესახებ, გაგაცნობთ ადგილობრივ თუ ვიზიტით ჩამოსულ ქართველებს. ჩვენთან „მწვანე ბარათის“ გათამაშების წესებს და იმ სანდო ინფორმაციასაც იპოვით, რომელიც ამერიკაში გადმოსვლის მსურველებს დააინტერესებთ. ასე რომ გვეწვიეთ ხშირად და აუცილებლად შემეხმიანეთ ბლოგზე თქვენი კომენტარებით, სურვილებით და წინადადებებით.

ბიოგრაფია

მაია ქვარცხავა პროფესიონალი ჟურნალისტია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე. რეგულარული საავტორო პროგრამები - „საპოვნელა“ და „შავი ყუთი, ანუ ტელევიზია ტელევიზიის შესახებ“ - მისი სიამაყეა. მოგვიანებით მაია ევროკავშირის ტასისის პროგრამაში ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ხელმძღვანელობდა. შეერთებულ შტატებში 7 წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს ლიჰაის და ინტერნეტით -სეტონ ჰილის- უნივერსიტეტებში. 2011 წლიდან მაია აქტიურ ჟურნალისტიკას „ამერიკის ხმის“ ტელე და რადიო ეთერში დაუბრუნდა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია.