მონსტერა და 2008 წლის აგვისტო გორში

Posted August 9th, 2013 at 3:45 pm (UTC+0)
Leave a comment

11 აგვისტოა, მეოთხე დღე ომის დაწყებიდან. გორში, ჩვენს სახლში მხოლოდ მამა და მე ვართ. ყველა დანარჩენი, ჩვენი ოჯახიდან, თბილისში არიან გახიზნულები ჩემი რძლის ნათესავების ოჯახებში გადანაწილდნენ. დედაჩემი, ჩემი შვილები, ჩემი ძმა, რძალი, ბავშვები. მამა და მეც წესით, მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავით, რომ არა ჩემი დაჟინებული სურვილი-მემუშავა, მეკეთებინა რეპორტაჟები ცხელი ადგილიდან.

დღეს რომ ვფიქრობ, რა იყო ამგვარი სურვილის მიზეზი, მივედი დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ წარმოადგენდა საბაბს იმისა, როგორმე არ მიმეტოვებინა ჩემი სახლი, რომლის გარეშე დარჩენის ალბათობა იმ დღეებში უცხადესად იგრძნობოდა.  არაფერი იძლეოდა მინიშნებას გვეფიქრა, რომ ჩვენც არ ვიქცეოდით დევნილებად ჩვენი სახლებიდან, ჩვენი ქალაქიდან, ისევე, როგორც ასობით ათასი სხვა ადამიანი, საქართველოს მოქალაქეები. ამიტომაც, თუნდაც მუშაობის საბაბით ვეჭიდებოდი იქ ყოფნის შესაძლებლობის ყოველ წუთს, ყოველ წამს.

ჩემი, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა და ყველაზე მიხვედრილმა მამამ, მარტო რომ არ დამტოვდა, ამას ბევრი ფიქრი, ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ ჭირდებოდა.  ჩემს გამო დარჩა გორში. იქ, სადაც ბომბები ცვიოდა და სადაც წინა დღეს პირდაპირ ქუჩაში, დაბომბვის გამო დანგრეულ სახლებს შორის გარდაცვლილი ადამიანების ფოტოები ჩემი საკუთარი ხელებით გადავიღე.

11 აგვისტოს, დილით სახლიდან ფეხით გავედი. მივედი მედია ცენტრში, რაც ადგილობრივი ტელეკომპანიის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც შევიტყვე, რომ მედია-ცენტრი დაიხურა. უფრო სწორად, აღარ განუახლებია მუშაობა წინა საღამოს შემდეგ. აქ აღშფოთებული შემოვიდა გიორგი კარბელაშვილი, მაშინდელი საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ხელმძღვანელი და ხმამაღლა, დიდი ემოციებით მედია ცენტრში მყოფ ადამიანებს მოუწოდა: „აქ რას აკეთებთ, ყველანი ქვემოთ, სარდაფში ჩადით, ჩვენს ზემოთ 8 თვითმფრინავი ტრიალებს და არ ვიცით ბომბებს როდის ჩამოყრიანო“. მის მოწოდებებს ყველა დაემორჩილა. გოკა გაბაშვილი და მაშინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, რომლებიც მედია ცენტრში იმყოფებოდნენ, ასევე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები, ქვემოთ ჩავედით. ტელევიზიის ეზოში შევიტყვეთ, რომ სარდაფი გაუმართავი იყო, ამდენად თავის იქ შეფარებაც – შეუძლებელი. ამ დროსვე დაიწყეს მედია ცენტრიდან აპარატურის გამოტანა. ცოტა ხანში ტელევიზიის ეზოში მყოფმა ადამიანებმა მსჯელობა დაასრულეს. გოკა გაბაშვილი და ლადო ვარძელაშვილი თბილისში გაემგზავრნენ. ამიტომაც მეორე დღეს, 11 აგვისტოს დილით, ვეღარავინ ვნახე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში,  სადაც ტელევიზიიდან მივედი. მუნიციპალიტეტის სამივე სართული მოვიარე. მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე, ისიც ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი, რომელსაც კომპიუტერის მონიტორები სადღაც მიჰქონდა. ყველა ოთახი ცარიელი იყო. აქ ვერ ნახავდით ვერც ერთ ოფიციალურ პირს, ვისგან ინტერვიუს ჩაწერაც იქნებოდა შესაძლებელი.

სახლში დაბრუნებულს მამაჩემი მტკიცე გადაწყვეტილებით დამხვდა გორიდან წასვლის აუცილებლობის შესახებ.

მანქანა, რომლისთვის ბენზინიც წინა დღესვე მოიმარაგა, ეზოში იდგა. ეს ის ერთადერთი საშუალება იყო, რითაც გორიდან წავიდოდით და რითაც შეგვეძლო წაგვეღო იმდენი რამ, რამდენიც დაეტეოდა. შეიძლებოდა სახლი ვეღარც გვენახა ვერასდროს. ვეღარ გვენახა ჩვენი ნივთები, საგნები, რასთანაც მთელი ცხოვრება გვაკავშირებდა. პირველ რიგში რაც მანქანაში ჩავდე, ეს ფოტოალბომები იყო.  უკლებლივ ყველა ფოტო, რაც კი ჩვენს ოჯახში მოიპოვებოდა, რადგან ერთია, როდესაც ფიქრობ სახლის დაკარგვის შესაძლებლობაზე, მეორე და ამაზე გაცილებით უარესი კი ფოტოების გარეშე დარჩენის ალბათობაა. ეს იგივეა, აღმოჩნდე მოგონებების გარეშე, წარსულის გარეშე. მივხვდი, რომ ფოტოები იყო ყველაზე ძვირფასი, რაც სახლიდან უნდა წამეღო.

თუმცა ყველაზე მთავარის წერას ახლა ვიწყებ. წერას იმისა, რის შესახებაც ომიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ ვახერხებ საუბარს და ისიც ჩემი ქვეყნიდან შორს.

ეს ჩვენს ოჯახში მცხოვრებ მონსტერას ეხება, რომელიც მშვენივრად გამოიყურება და თავს ჯანმრთელად გრძნობს.

მონსტერა მცენარეა, დიდი, ლამაზი, მწვანე, დაჭრილი ფოთლებით და საჰაერო ფესვებით. დედაჩემი ბევრს ეცადა მის გახარებას და ბოლოს და ბოლოს გამოუვიდა. მონსტერამ ჩვენს ოჯახში იხარა და  გაიზარდა. ქოთანი, რომელშიც ახლა ცხოვრობს, დედაჩემის მოპირკეთებულია. დიდი ხნის მანძლზე დამტვეული ჭურჭლის გადაყრა ჩვენს ოჯახში აკრძალული იყო. აკრძალვა უმეტესწილად გერმანულ და იაპონურ, ხარისხიან ფაიფურზე ვრცელდებოდა. დედაჩემი ნამტვრევებს აგროვებდა ქოთნისთვის, რომელიც მონსტერას საცხოვრებლად იქცა. ამ მცენარის თავისებურება იმაშიც მდომარეობს, რომ შეგიძლია აკონტროლო, ფორმა მისცე. ჩვენ გვინდოდა მონსტერას მაღალი ყოფილიყო, ამიტომ სპეციალური საყრდენები დასჭირდა, რომელიც თანდათან, ზრდის პროცესში უნდა შეაშველო, რომ დაეყრდნოს და მას აჰყვეს. სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც მონსტერა საყრდენის მორიგ შეცვლას საჭიროებდა. დედაჩემმა მანამდე რამდენჯერმე დაიწუწუნა, რომ საყრდენი გაახლებას საჭიროებდა.

სწორედ იმ დღეს, ომიდან მეოთხე და ჩვენი გაქცევის დღეს, როდესაც სახლსა და მანქანას შორის დავრბოდი და შეძლებისდაგვარად ვტვირთავდი საჭირო და ძნელადშესალევი ნივთებით, მამაჩემი ხის ნაჭრიდან რაღაცას თლიდა, რაც შემდეგ მიალურს-მოალურსმა. როდესაც ამ მდგომარეობაში დავინახე წასვლის წინ, გავოცდი, ვერ მივხვდი რას აკეთებდა. ცოტა ხანში სახლში ამოიტანა, ქოთანში ჩაარჭო და მონსტერას მიმაგრებას შეუდგა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა გააკეთა. სახლში, სადაც შეიძლებოდა ვერასდროს დავბრუნებულიყავით, მონსტერას ცხოვრების უკეთეს პირობებს უქმნიდა. ზუსტად ჩვენი გაქცევის წინ.

თბილისისკენ  გზაზე იმდენი არაფერი გვისაუბრია, ძირითადად იმის შესახებ გავცვალეთ ინფორმაცია, რა წამოვიღეთ და რა დავტოვეთ. თბილი ტანსაცმელი, პლედები, წიგნები, ჯამ-ჭურჭელი…

აბსოლუტურად ცარიელ გზაზე მოვდიოდით. ყელში იყო ის გრძნობა, უსაშინლესი, საკუთარი სახლიდან გამოგდებული რომ ხარ, მაგრამ ამ დროს რომ არც არავის გამოუგდიხარ, არ უთქვამს წადიო. გამოგდებულად ყოფნის გადაწყვეტილება რომ თავად მიიღე, პრაგმატულობის გამო, უძლურობის გამო,  შენი ცხოვრების განკარგვის შეუძლებლობის გამო.

პომიდორი და ქათმები

ჩემი რძლის ოჯახი ომის მსხვერპლი გახდა. სოფელი ძარწემი მათთვის დღესაც მიუწვდომელია. ომის დღეებში სახლი ყველამ დატოვა ოჯახის უხუცესი წევრის გარდა. მისი მტკიცე გადაწყვეტილება იყო არც ერთ შემთხვევაში არ წამოსულიყო ადგილიდან, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მთელი ცხოვრება გაატარა.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ძარწემის გადაწვის შესახებ, ოჯახმა  სოფელში მარტო დარჩენილ წევრს ვერაფრით მიაკვლია. საომარი მოქემებების დასრულებიდან ოცი დღის შემდეგაც არავინ იცოდა ცოცხალი იყო თუ არა, ან სად იმყოფებოდა ჩემი რძლის პაპა. მათი სახლის დაწვის შესახებ ცნობებმა ჩამოაღწია, ინფორმაცია კი თავად მესაკუთრის შესახებ არავინ იცოდა. ნათესავების დახმარებით, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა მის კვალს მიაგნეს. საკუთარი სახლის დაწვას თავად უყურა მოშორებით, ბაღში მდგარმა. შემდეგ იქვე იმალებოდა რამდენიმე დღის მანძილზე. ნაცნობების დახმარებით რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაპარეს მოგვიანებით და ფულის სანაცვლოდ მისი სამშვიდობოს გამოყვანა მოხერხდა.

ჩემი რძლის ბებია ეთნიკურად ოსია. ქალი ოც ცეცხლს შუა იყო. არ იცოდა, ვისზე უნდა ეთქვა ცუდი, ვინ უნდა დაეწყევლა, ოსები, როგორც თვითონ იყო, თუ ქართველები, როგორი ოჯახიც ჰყავდა. შევესწარი ამ მოხუცი ცოლ-ქმრის შეხვედრას თბილისში. ჩემი რძლის პაპა ჩამოიყვანეს. ბებიამ პირველ რიგში ის ჰკითხა, უჩემოდ როგორ იყავიო შე უბედუროო. მერე და მერე გადავიდნენ სახლისა და ბაღის, საქონლისა და ფრინველების ამბების მოკითხვაზე. ძროხა წაიყვანესო. ქათმებიო?- ბებიამ ჰკითხა. ქათმებს ბოლო დღემდე ვუვლიდი და წამოსვლის წინ პომიდვის ბაღში შევუშვიო. არ მავიწყდება ჩემი რძლის ბებიის რეაქცია და მისი უგულწრფელესი და უზომო დარდი პომიდვის ბაღის გაფუჭებაზე ქათმებისგან. ვაიმე ეს რა გიქნია, ეს როგორ გააკეთე, პომიდვრის ბაღში რამ შეგაშვებინა ქათმები, ხომ სულ გააფუჭებდნენ პომიდორსო. იქ მყოფი მისი შვილი და სხვა ნათესავები აწყნარებდნენ, იქ არა მარტო პომიდვრის ბაღი, სხვაც არაფერი დარჩა ჩვენი, ყველაფერი გადამწვარიაო, მაგრამ ბებია მაინც იმას ჩიოდა, რატომ უნდა გააფუჭონ ქათმებმა პომიდორიო.

ისევ პომიდორი

პომიდვრის თემა ომის საერთო სურათში მნიშვნელოვან ადგილს მართლაც იკავებს, მე თუ მკითხავთ. პომიდორი ზოგადად ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც საკუთარი ხელით მოგვყავს და რაც ამის გამო ძალიან ძვირფასდება. ამ ძვირფასის დაკარგვა ან მისი დაკარგვის შიში ზოგჯერ აგრესიული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს ადამიანს.

ომიდან ოთხი წელი იყო გასული, როდესაც ჩემმა მეგობარმა მთხოვა რუსი ჟურნალისტებისთვის გამეწია მეგზურობა გორში. ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს, არ აქვს აკრძალვებიც არაეთიკურობის მიჯნამდე. ამიტომაც ურთიერთობები ჟურნალისტებს შორის, ჩემი გამოცდილებით, ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო შესაძლებლობებია, ჩემი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის.

ჩემი სტუმარი რუსი ჟურნალსიტები რამდენიმე ოს კოლეგას იცნობდნენ. ჟურნალისტების პირადი შეფასებები და დაკვირვებებიც ძალიან საინტერესო მოსასმენია, ზოგადად.  ეს ამბავიც პომიდორს ეხება. მაშინ, ჩემს სტუმარს დავპირდი, რომ ოდესმე მისი პომიდვრისა და ჩემი პომიდვის ისტორიას ერთად მოვყვებოდი.

ამბავი ასეთია: ერთი ცხინვალელი ჟურნალისტი, რომელთანაც ჩემი სტუმარი ასევე სტუმრობდა, 90-იან წლებში თავად იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში და ეს გადაწყვეტილება პომიდვრების გამო მიიღო. „რაა? რა პომიდვირები?“- ვეკითხები ჩემ რუს სტუმარს, რომელიც ცხინვალელი ჟურნალისტის პომიდვრების ამბავს მიყვება: 90-იან წლებში, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა და ფინანსური მდგომარეობაც გაუარესდა, ცხინვალის ერთმა მცხოვრებმა სახლთან პატარა სათბური მოაწყო და პომიდვრები დარგო. მისთვის აღმოჩენა იყო დაკვირვება იმაზე, ყოველდღიურად როგორ იზრდებოდა და ნაყოფის მოსხმისკენ მიდიოდა მისი პომიდორი და სწორედ ამ დროს, საქართველოს მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ცხინვალს. მესათბურის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. მისი წვალება წყალში იყრებოდა და ამას საკუთარი თვალით ხედავდა (შესაძლოა მან არც იცოდა იმის თაობაზე, რომ ამ დროს ბუნებრივი აირი საქართველოში საერთოდ გაითიშა, რადგან რუსეთიდან მისი მოწოდება შეწყდა). სრულიად აღფოთებულმა ცხინვალელმა პომიდვრის მოყვანა სოფლად გადაწყვიტა, ყველა პოლიტიკოსის ჯინაზე. იყიდა ნაკვეთი, მოაწყო, როგორც საჭირო იყო და იქ უკვე ომმა მიუსწრო ჯერ კიდევ მოუწეველ მოსავალს. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა მისი მოთმინების ჭიქისთვის და სწორედ ამის შემდეგ ცხინვალელმა მესათბურემ ხელში იარაღი აიღო და არაფორმალურ შეიარაღებულ რაზმში ჩაეწერა, რომელიც შემდგომ ოსებსა და ქართველებს შორის გამართულ შეიარაღებულ დაპირისპირებებში იღებდა მონაწილეობას. ცხინვალელმა მესათბურემ ჩემ რუს სტუმარს თავად მოუყვა ეს ამბავი იმის დასამტკიცებლად, რომ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში პომიდვრების სათბურის გაფუჭების გამო მიიღო.

თუმცა მესათბურეს ამბავი ამით არ სრულდება. არამგონია დღეს თავად მას დადებითი შეფასებები ჰქონდეს საომარი მოქმედებების შესახებ. რადგანაც შემდგომ იარაღი გადადო და წერას მიჰყო ხელი, დღესაც ამ განხრით მუშაობს, თანაც დაიფიცა, პომიდვრებს ცხოვრებაში აღარ გავეკარებიო. გავიდა წლები და მესათბურემ საკუთარი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა. სწორედ 2008 წელს, ზაფხულში მესამედ შეუდგა პომიდვრების მოყვანას და ომიც დაიწყო. იარაღი მას მართალია აღარ აუღია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკამ მისი უსაზღვრო მისწრაფება გარდენინგისადმი დაასამარა.

ზოგადი ლაიტმოტივი

11 აგვისტოს შემდგომ, იმ პერიოდში, როდესაც გორის შესასვლელი გადაკეტილი იყო რუსი ჯარისკაცების მიერ და ქალაქში შესვლა შეუძლებლობას წარმოადგენდა, ორჯერ მოვახრხე შეღწევა. ორივე შემთხვევაში უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად. ომის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე ადამიანები (რომელთაგან ყველა მოხუცი იყო), როგორ იდგნენ გორის შესასვლელთან. იქ, სადაც ადრე პატარა მაღაზია იყო. სხვადასხვა სოფლიდან მოსული ადამიანები, ჯიბეში ვაშლისა და ატმის თითო ნაყოფით, რომლებსაც გზა საკუთარი სოფლებიდან ფეხით გამოევლოთ გორამდე, რომლებიც რამდენიმე დღის მანძილზე მოდიოდნენ და თან გზა და გზა ბაღებში იმალებოდნენ, რომლებიც ყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს საკუთარი სახლებისა და სოფლების დაწვის შესახებ.

პროლოგი

აგვისტოს მეორე ნახევარში, როდესაც სახლში დაბრუნება შესაძლებელი გახდა, დედაჩემმა მონსტერას ახალი საყრდენი მაშინვე შენიშნა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაახლოებით 80 ათასი ოჯახი დარჩა საკუთარი სახლის გარეშე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Author: ნინო დალაქიშვილი

ნინო დალაქიშვილი, პროფესიით ჟურნალისტი, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან აქტიურად მუშაობს ჟურნალისტიკაში, 2006 წელს მიღებული აქვს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის რეგიონებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რეგიონულ (ტელეკომპანია "თრიალეთი", საავტორო თოქ შოუს ავტორი და წამყვანი, "ხალხის გაზეთში" სარედაქციო წერილების ავტორი, შიდა ქართლი, გორი) და ცენტრალურ მედიაში (24 საათი, ჟურნალისტი). 2009 წლიდან მუშაობს ამერიკის ხმის კორესპონდენტად. მისი რეპორტაჟების თემატიკა, უმეტესწილად, უკავშირდება კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარების ასახვასა და ანალიზის. მიიჩნევს, რომ ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სინდისის საქმეა და რომ ჯანსაღი საზოგადოება პროფესიონალებისგან სწორედ ამგვარ ჟურნალისტიკას ითხოვს.

Categories

Calendar

August 2013
M T W T F S S
« Jun   Sep »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031