რწმენა იმისა, რომ არსებობს რაღაც უდიდესი, უგონიერესი, რომელიც შემომქმედია სამყაროსი, ჩემში არსებობს. მჯერა, რომ შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ არსებობდეს. ისევე როგორც რადიოტალღები, მაგალითად, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად მაინც ვუყურებთ ტელევიზორს, ვსაუბრობთ მობილური ტელეფონით, ვსარგებლობთ ინტერნეტით და სულ ამ უხილავი რადიოტალღების არსებობის გამო. სხვა საკითხია, რა უნდა ვუყო მე ამ რწმენას? ვინ არის ღმერთი: ჩემი მეგობარი, რომელმაც კეთილი რჩევები უნდა მომცეს, გასაჭირსა და მხიარულებაში გვერდით დამიდგეს, თუ ჩემი მბრძანებელი და ბატონი, რომელსაც გამუდმებით უნდა თაყვანი ვცე, წყალობა ვთხოვო და რომლისაც უნდა მეშინოდეს. პირადად მე, რა თქმა უნდა, მეგობრობაზე დამყარებული ურთიერთობა მირჩევნია, რადგან ეს შესაძლებლობას მაძლევს უფრო გახსნილი ვიყო, უფრო მეტად დაინტერესებული სიახლეების შემეცნებით, სწავლით, კრეატიულობისადმი მისწრაფებით. მეგობრულ ურთიერთოებებში ხომ უფრო მეტია მხიარულებაც და სარგებელიც. ჩემი რელიგია ღმერთის მიმართ სხვაგვარ ურთიერთობას მთავაზობს და თან მეუბნება, რომ თუ ზუსტად არ დავიცავ მის მითითებებს, ვერ მივიღებ სიკეთეს ვერც სიცოცხლეში და ვერც სიკვდილის შემდეგ.
ის წინააღმდეგობები, კითხვები, რაც მე რელიგიურობის ამგვარ გამოვლინებასთან მაქვს, დაახლოებით, ასეთია: თუ ყველა ადამიანი ერთნაირად ღირებულია, რატომ ახდნენ მათ დიფერენციაციას სასულიერო პირები, ეთნიკურობიდან გამომდინარე? http://news.ge/ge/news/story/
შესაძლებელია რელიგიური ადამიანი იყოს დემოკრატიც ამავდროულად, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით? შესაძლებელია ამ ორი ბატონის მსახურება ერთდროულად, თუ უნდა დარჩე ერთ მხარეს და მეორეზე პრეტენზია არ განაცხადო, იცხოვრო მხოლოდ ერთი მათგანის წესების მიხედვით.
მუდმივობა არც ერთს არ ახასიათებს, არც დემოკრატიას, არც რელიგიას. ორივე მათგანი განიცდის ცვლილებას დროთა განმავლობაში. დემოკრატიის ფორმები სულ უფრო და უფრო იხვეწება და ის დღეს სულაც აღარაა ძველბერძნული „ხალხის მმართველობა“, რადგან დროთა მანძილზე მან უმრავლესობის მმართველობის, შემდეგ კი უმრავლესობის ტირანიის სახე მიიღო. დღეს–დღეობით დემოკრატიის ყველაზე წმინდა გაგება გულისხმობს მმართველობის ფორმას, რა დროსაც გარანტირებულად დაცულია ყველა ადამიანის უფლება მიუხედავად მისი რელიგიური, სოციალური, სექსუალური, პოლიტიკური, სქესობრივი, რასობრივი, ეთნიკური და სხვა ნებისმიერი განსხვავებულობისა.
რელიგიის ცვლილებას რაც შეეხება, მისი ტრანსფორმაცია უფრო მეტად კონსერვატიულობაზე პრეტენზიის თანხლებით მიმდინარეობს, რომელიც დროის მსვლელობასთან ერთად, უფრო და უფრო მძაფრდება. ზოგჯერ ღრმავდება იმდენადაც კი, რომ იკარგება, აღარ ჩანს ის პირველყოფილი საწყისი, უჩინარდება, სხვა თემებით გადაიფარება ის ბიძგი, ის მიზეზი, რამაც მისი ჩასახვა გამოიწვია. დროთა მანძილზე რელიგია იხუნძლება ათასი წესით, რომელსაც რელიგიის რიგითი მსახურები ქმნიან, ათასი დოგმით, რომლითაც, საბოლოო ჯამში ისეთი აბლაბუდა წარმოიქმნება, სადაც მოძრაობაც და აზროვნებაც შეუძლებელია. გადაადგილების, ქმნის, შემოქმედების უფლებაც კი რელიგიის მსახურის თანხმობითა და მისი ხელდასხმით უნდა გაიცეს.რელიგია ყველა წესს თავად გთავაზობს, განსხვავებით დემოკრატიისგან, რომელიც ადამიანს არ უზღუდავს არჩევანის თავისუფლებას.
დღევანდელ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ეკლესია, შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც წინააღმდეგობას უწევს. წინააღმდეგობას წარმოადგენს მისი უძრაობა, უინიციატივობა, განსჯისა და მჯელობების არარსებობა, თუნდაც იმის შესახებ, თუ, რას წარმოადგენს დემოკრატია, გვჭირდება თუ არა ის და გადის თუ არა გამყოფი ხაზი რელიგიურ და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის.