ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი ბადალი…

Posted January 25th, 2012 at 6:56 am (UTC+4)
Leave a comment

არ მეგონა ეს სიმღერა თუ აქ, შუაგულ ამერიკაშიც, გამახსენდებოდა… მაგრამ როცა ჩემმა რედაქტორმა, ამერიკის ისტორიული ძეგლების შესახებ მასალის მომზადება დამავალა, ჩემდაუნებურად ამომიტივტივდა….
ვიცი, ამ ჩემს თავისუფალ ასოციაციას, შესაძლოა, ოპონენტთა დამახასიათებელი „შექებაც“ მოჰყვეს; თუმცა, აბა, ისეთი ნათქვამი ან დაწერილი რად მინდა, რასაც რექაცია არ მოჰყვება… მაშ ასე, ნება მიბოძეთ, აზრის გამოსახატავად თავისუფალ დროსა და სივრცეში რამდენიმე წუთით დაგტოვოთ, მანამდე კი, ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოგზაურობას გთავაზობთ…
შესაშურად გამართულმა საავტომობილო გზამ სამხრეთ დაკოტაში მიმიყვანა. მანქანის ფანჯრიდან დანახული ქალაქი არარეალურ სამყაროს მაგონებს. ავტომობილის ძრავის მსგავსი მოტელების, გველის ფერმების, ოჯახური ზოოპარკების, ძვირფასი თველბითა და დინოზავრის ძვლის კოლექციების გავლით „იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში“ შესულს გაოცებისაგან თავბრუ დამეხვა… თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიმინდის მარცვლის სასახლე? – ალბათ, ძნელია. ყოველ შემთხვევაში, მე მარტო წარმოდგენა კი არა, საკუთარი თვალით დანახულის დაჯერებაც გამიჭირდა; ქალაქ მიჩელში, ერთ-ერთი შენობა, მთლიანად, 275-ათასწლიანი სიმინდის მარცვლითაა დაფარული. იქვე, შორიახლოს, ქალაქ ლემონში, ხის გამოქვაბულის პარკია, რომელსაც იქაურები მეორენაირად „ტყის გაყინულ წიაღისეულს“ უწოდებენ.
რეფიდ სითიში ბეტონის დინოზავრებთან ერთად, საცირკო სპილოების თავის ქალასა და ძვლების ნაირსახეობასაც შეხვდებით.
ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი კი „მაუნთ რაშმორის“ ეროვნული მემორიალი და „ქრეიზი ჰორსის“ („გადარეული ცხენის“) სახელით ცნობილი ძეგლია.
ბლეკ ჰილის მთებში გამოსახული ამერიკის ყოფილი ოთხი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის ანფასი წამირად ისეთ ზებუნებრივ ძალას გმატებთ, რომ დედამიწაზე თქვენზე ძლიერი არავინ გგონიათ; პარალელურად კი სიმამაცის, თავდაჯერებულობის, მტკიცე ნებისყოფისა და პატრიოტიზმის მღვრიე გრძნობით „გადარეული ცხენის“ ისტორიას ეცნობით, რომელიც ოგლალა ლაკოტაში, ამერიკელი ინდიელების, ერთ-ერთი ბელადი ყოფილა. მან საკუთარი წარმომავლობისა და მიწა-წყლის დასაცავად, ამერიკის ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ გაილაშქრა.
ჰოდა, ალბათ, ახლა მაინც მიხვდებით თუ რატომ გამახსენდა სიმღერა – „ქვეყანა შემოვიარე,“ რომლის სრულ ვერსიას სამხრეთ დაკოტაში ნანახის ფონზე ამ ბლოგის დასასრულს გთავაზობთ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.