სანდრა ბალოკი, რიკ პერი და მე

Posted February 13th, 2012 at 8:18 pm (UTC+4)
2 comments

არ გეგონოთ წინასაარჩევნო ქრონიკის მიმოხილვას ვიწყებდე ანდა მოახლოებული ოსკარის ცერემონიისათვის მავანთათვის სათანადო ყურადღებას ვითხოვდე; ამჯერად, უბარლოდ, ჩემი ტეხასური თავგადასავლის შესახებ მინდა მოგიყვეთ.
ტეხასის შტატის ქალაქი ოსტინი მსოფლიოს ცოცხალი მუსიკის დედაქალაქადაა ცნობილი. უკიდეგანოდ გადაშლილ ქალაქს თიხისფრად შეფერილი მიწა თავისებურ ელ-ფერს მატებს. მდიდრულ დასახლებაში რანჩოების დაუსრულებელი კოლონა მოჩანს.
ოსტინში გატარებული 5 დღე იმ დაუვიწყარ სანახაობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ჩემს ქართულ მეხსიერებაში უკვე, სამუდამოდ დაილექა.
უცნაური კლიმატის მქონე ქალაქს, საღამოთი ბარებსა და რესტორნებში გამართული მუსიკალური სანახაობა ამდიდრებს. სან-ანტონიოს ქუჩაზე მდებარე ჰოლივუდის კინოვარსკვლავის სანდრა ბალოკის ცნობილ რესტორანში კი ხალხის ნაკადი არ წყდება. მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოსული მსახიობის მონატრების ჟინს, მისი თანაქალაქელები ახლა მხოლოდ ე.წ „ბალოკის რესტორანში“ სიარულით თუ იკლავენ. რესპუბლიკელი გუბერნატორის რიკ პერის წარუმატებელ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაზე კი ოსტინელები არც თუ გულდაწყვეტილნი არიან:
-„დაკარგვით არაფერი დაგვიკარგავს, რადგან არც მის მონაწილეობასა და არც მის გამოთიშვას წინასაარჩევნო კამპანიიდან დიდი მნიშვნელობა არ ქონდა,“- მითხრა ერთ-ერთი გამვლელმა.
ჩემს ჩასვლას ოსტინში მზიანი ამინდები დაემთხვა. დღე 20 გრადუსი ცელსიუსით იწყებოდა, რომელიც შუადღისათვის 13 გრადუსამდე ჩამოდიოდა, ხოლო საღამოსთვის ტემპერატურა უკვე 5-6 გრადუსს უახლოვდებოდა. ასე რომ, მეც, ოსტინელების მსგავსად, სამი ხელი ტანსაცმლით მიხდებოდა ქუჩაში გადაადგილება.
ოსტინში ყოფნისას თავი არა ამერიკაში, არამედ მექსიკაში უფრო მეგონა. ერთადერთი რაც კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწის ნაკვალევის ჭეშმარიტებას მიმანიშნებდა სოკოებივით მომრავლებული „სტარბაქსის“ ყავის მაღაზიები იყო. ხუთი დღის განმავლობაში, პირადად, მე, იმდენი „სტარბაქსის“ ყავის მაღაზია ვნახე, რაც ვაშინგტონში, თითქმის, ჩემი ერთი წლის ყოფნისას არ მინახავს.
ამერიკის სხვა შტატებისაგან განსხვავებით ტეხასში ცხოვრების დონე გაცილებით იაფია. აქ არც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და უძრავ-მოძრავ ქონებაზეც ფასებიც შედარებით დაბალია. ერთი ოჯახისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც სამი საძინებელი, ორი აბაზანა, ერთი დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, ავტოფარეხი და პატარა ეზო შედის, დაახლოებით 160,000 დოლარი ღირს. ტეხასური კულინარიის ძირითად ნაწილს კი საშინლად ცხარე მექსიკური სამზარეულო შეადგენს. სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ ნიჟარაში მოთავსებული ყველანაირი ბოსტნეულისაგან დამზადებული სალათა იმდენად გემრიელი იყო, რომ თეფშზე ერთი ნარჩენიც კი არ დავტოვე. ალკოჰოლურ სასმელებში მეფეთ-მეფედ წოდებული „ტეკილა“ ადგილობრივებსა და ტურისტებს ბოლოს ერთნაირად უღებს.
მოკლედ, ჩემი ტეხასური მოგზაურობა ის-ის იყო მშვიდობიანად სრულდებოდა რომ ერთი პატარა ინციდენტი არ მომხდარიყო, რომელსაც რეალური ცხოვრების გარდა, ფილმში უფრო თუ შეხვდებით; თუმცა ეს ყველაფერი, ამერიკული კინოს მსგავსი “Happy End-ით” დასრულდა: ოსტინიდან გამოფრენის თვითმფრინავის ბილეთი შემდეგ მარშრუტს ითვალისწინებდა: ოსტინი-მილუაკი-ნიუ-იორკი. რეგისტრაციის გავლისას, „ფრანტია ეარლაინის“ წარმომადგენელს თავაზიანად შევახსენე მარშრუტის დანიშნულება და გადაჯდომის ადგილი – მილუაკი, რამდენჯერმე დავუკონკრეტე კიდეც. მანაც გულმოდგინედ დამიდასტურა ყველაფერი. ასაფრენ ზოლზე გამზადებულ თვითმრინავში მშვიდობიანად შევედი. საათი და 20 წუთიანი ფრენის შემდეგ პილოტის ბრძანებას უსაფრთხოების ღვედის შეკვრის შესახებ იმ ადგილის გამოცხადება მოჰყვა, სადაც თვითმრინავი უნდა დამჯდარიყო; ჰოდა, აი საოცრებაც – მილუაკის ნაცვლად თავი კანზას-სიტიში ამოვყავი. აღშფოთებულმა „ფრანტია ეარლაინის“ წარდმომადგენლობას, ამჯერად უკვე კანზას-სიტიში მივაკითხე და როცა ბილეთი წარვუდგინე გაოცება თავად მათაც ვერ დაფარეს:
-„არ ინერვიულოთ, ეს ჩვენი შეცდომაა და უმალვე გაოვსწორებთ. ბარგსაც გადმოვიტანთ და ნიუ-იორკში აქედან გაგიშვებთ,-“ ღიმილიანი სახით მომიგო ავიახაზების წარმომადგენელმა, რომელიც თან შელოცვასავით ბუტბუტებდა – „ასეთი რამ ჯერ არ მინახავს, ღმერთო შენ მიშველე…“
ასე რომ, კანზა-სიტის წამიერი მოკითხვის შემდეგ ნიუ-იორკში, როგორც იქნა უვნებლად ჩამოვფრინდი…

2 responses to “სანდრა ბალოკი, რიკ პერი და მე”

  1. nino says:

    qalbatono rusudan agprtovanebuli var tqveni mogzaurobit texasshi.momanichet arachveulebrivi siamovneba.yoveli tqveni statia metyvelebs tqvens magal peofesionalizmze.tqveni shemoqmedebis ert-erti tayvanismcemeli vaaar saqartvelodaan

  2. xatuna says:

    getanxmebit qalbatono nino, mec agprtovanebuli vaar am adamianis nichierebiit.rogorc tqven mec agretve didi tayvanismcemeli var rusudanis shemoqmedebiit.

Leave a Reply to xatuna Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.