არ გემშვიდობები, უბრალოდ – დროებით!

Posted February 21st, 2012 at 6:03 am (UTC+4)
1 comment


არ მეგონა თუ მასზე ვიტირებდი… საერთოდ მსახიობისა თუ მომღერლის მოწონებას, ფანატიკურ თავდავიწყებამდე არასდროს მივუყვანივარ; ამჯერად სულ სხვანაირად მოხდა. უიტნი ჰიუსტონის სიკვდილმა ამ ერთი კვრის განმავლობაში მრავალჯერ ამატირა.
მიჭირს მასზე წარსულში საუბარი და ვითრგუნები, რადგან მისი ენერგია, ნიჭი და ზებუნებრივი ხმის ტემბრი არ მემეტება მარადისობაში უდროოდ გადასასვლელად.
„საკუთარი თავის ყველაზე დიდი ეშმაკი მე ვარ-“ ეს მაშინ თქვა ლეგენდარულმა მომღერალმა, როცა ცდუნებას ვერ გაუძლო და ბედნიერებას, წარმატებას და მწვერვალზე ყოფნას ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი ამჯობინა. იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ ვერ შეელია.
ახლა დღის 2 საათია. „ნიუ ჰოუფის“ სახელობის ბაფტისტურ ეკლესიაში, იქ, სადაც მუსიკის მაგიის ცხედარი ასვენია, სახელოვანი ადამიანები განუმეორებელ მომღერალს ეთხოვებიან.
ემოციას ვერ ვთოკავ, მეც მინდა რაიმე ვთქვა…
და, აი, ვბედავ, ჩემთვის უხმოდ ვჩურჩულებ:
დღეს შენ მთელი მსოფლიო გეთხოვება. დედამიწა ასე ერთიანი არასდროს ყოფილა ალბათ, როგორც ახლა. ვინ იცის, იქნებ წამით სროლაც კი შეჩერდა ბრძოლის ველზე და ალბათ, ცრემლიც კი ჩამოუვარდათ მსოფლიოს ტირანებს.
მიჭირს გითხრა მშვიდობით, ამიტომ გეუბნები – დროებით, რადგან უკვდავებაში გარდასულ სიცოცხლეს დავიწყება არ უწერია.
ვუსმენ შენს სიმღერებს და თავში ყველა გრძნობა – სიმშვიდის, სიხარულის, მწუხარების თუ ნუგეშის ერთად მიტრიალებს. ვინ იცის, იქნებ, „პირადი მცველი“ სიცოცხლეშიც გჭირდებოდა.
სულში სიცარიელეა, „ზარები გრიგალში“ რეკენ, ცა ჩამოურეცხავს ცრემლის ნამქერს, შფოთავენ წარსულის უსულო ფრაგმენტები, ფერი დაუკარგავს თავად ოკეანეს; აი, ანგელოზიც მოფრინდა ეულად, დაგხედა, გიგალობა და აგწია უეცრად.
-„რა მუსუბუქი ყოფილაო,“- ჩურჩული გაისმა. პაექრობს დემონი და ცეცხლს ენავარდება. სათქმელი აღარ მაქვს, გამოვშრი საერთოდ – ერთიღა დამრჩა რომ დავიყვირო: „ასწიეთ ადამიანი მაღლა, სულ მაღლა,“ ისე მაღლა რომ სიცოცხლეში დაბრმავებულმა ახლა მაინც იგრძნოს აღტაცება; მე ახლა ვმღერი „ექსტაზში დაღუპულთათვის“, აწვიმდა ქალაქს და აწვიმდა მას – არ ყოფნის გზა…
მაშ, გაიწიეთ დროულად, ყველამ, პაემანზე მიბრძანდება, მიეცით გზა!

18 თებერვალი, 2012 წელი,
ნიუვარკი, ნიუჯერსის შტატი.

One response to “არ გემშვიდობები, უბრალოდ – დროებით!”

  1. nino says:

    chemi usayvarlesiii momgeraliaaaa.zalian ganvicadee misi gardacvalebaa.zalian didii madloba rom kidev ertxel gagvaxsenee.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.