რუსეთის არჩევანი: ძალთა დაბალანსება თუ ჩინეთის კანადა?

Posted August 28th, 2013 at 10:17 am (UTC-5)
Leave a comment

კრემლს და თეთრ სახლს შორის ე.წ. გადატვირთვა დამთავრდა.

მოსკოვისთვის გაურკვეველი რჩება, თუ რით შეიცვლება ის.

პრეზიდენტ ობამას აღარ სურს ამ გზის თავიდან გავლა.
როიტერსის ფოტო ირლანდიაში ივნისის თვეში გამართული დიდი რვიანის შეხვედრიდან

ობამას მოსკოვში ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ისე ჩანს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს პუტინისთვის მეორე ვადაში დიდი დროს დათმობა აღარ უნდა. თეთრმა სახლმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მეორე რანგს გადაულოცა. ამას ვაშინგტონში რუსეთის და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის ახლახანს გამართული შეხვედრებიც ადასტურებს.

ობამა დროს აღარ დაკარგავს პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე და კეთილი განწყობის შექმნაზე. 9 აგვისტოს პრესკონფერენციაზე ამერიკის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტზე ასეთი რამ თქვა: „ვიცი, რომ პრესას ყურადღების გამახვილება სხეულის ენაზე უყვარს. მას მართლა ჰქონდა ისეთი ჯდომის მანერა, თითქოს ის საკლასო ოთახში უკანა მერხზე მჯდარი მოწყენილი ბავშვი იყო“.

ურთიერთობები აწი საქმიანი გახდება და ძირითადად დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ამერიკელი ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვაშინგტონს მოსკოვი რამდენიმე ფრონტზე ნაკლებად გამოადგება. და თან რამდენიმე ფრონტზე: დაწყებული ავღანეთის საკითხით, რომელიც ამერიკის ჯარების გაყვანის შემდეგ უფრო რუსეთის თავისტკივილი გახდება. ირანის ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა ბირთვული პროგრამები გაყინოს, რაც მხოლოდ საკუთარი მოსაზრებით და არა რუსეთის გავლენით იქნება ნაკარნახევი. სირიაში ხომ რუსეთი ამერიკასთან თანამშრომლობის ძალიან უმნიშვნელო სურვილს ავლენს.

ამ რეალობების გათვალისწინებით, პუტინმა კი შეიძლება, რომ რუსეთი მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში მართოს, მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევს:

გააგრძელოს ანტიამერიკული კამპანია, თუ რუსეთი ჩინეთს მიაწებოს?

ჩინეთის ახალი პრეზიდენტი სი ძინ-პინი პირველი ვიზიტისთვის მოსკოვს ირჩევს. თუმცა, ჩინეთთან კავშირი რუსეთისთვის შეიძლება დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი იყოს. როიტერსის ფოტო

კიდევ არის ერთგვარი სამკუთხა პოლიტიკა, რომელსაც ის 70-იან წლებში აწარმოებდა, როცა მოსკოვი პეკინს და ვაშინგტონს შორის დაბალანსების პოლიტიკას თამაშობდა.

„გადატვირთვა“ უკვე კეთილგანწყობის განვლილი ეტაპია, რომელიც ახლადარჩეული ობამას ადმინისტრაციის და დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის ხანის პროდუქტი იყო. 15 თვის წინ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ კი რუსეთმა მარჯვნივ მკვეთრი მოხვევა გააკეთა:  დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები, დაასუსტა სამოქალაქო საზოგადოება, დახურა უფლებადამცველი ორგანიზაციები, დუმას ანონიმური უფლებებით კენჭისყრის უფლება დაუბრუნა, ისევე როგორც ძველ დროს, საბჭოთა კავშირის პერიოდში.

საზოგადოებრივი აზრის მომზადებისთვის პუტინის მთავრობამ ანტიამერიკული კამპანია გააჩაღა: სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციის მიტინგების დაფინანსებაში დაადანაშაულა, დახურა შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო USAID და სხვა დახმარების პროგრამები, ამერიკელ მშობლებზე რუსი ბავშვების გაშვილება აკრძალა და ბოლოს, თავშესაფარი მიანიჭა ედუარდ სნოუდენს, რომელსაც ამერიკა სადაზვერვო პროგრამების გასაჯაროებისთვის ეძებს.

შეერთებული შტატებისგან მტრის ხატის შექმნას კიდევ ერთი მომგებიანი მხარე ჰქონდა. ამით კრემლის 700-მილიარდიანი შეიარაღების პროგრამის ლეგიტიმაცია ხდებოდა. ანტიამერიკულმა კამპანიამ ხელახალი ბიძგი მისცა პუტინის კონსერვატიულ, უმეტესად ტელევიზიას მიჯაჭვულ ადგილობრივ აუდიტორიას. ოღონდ აქ უცნაური რამ მოხდა.

აღმოჩნდა, რომ პუტინი არასწორ აუდიტორიაზე მუშაობდა.

ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, იმ რუსების რაოდენობა, რომელიც თვლის, რომ ამერიკა საერთაშორისო მოვლენებზე უარყოფით გავლენას ახდენს, ბოლო 4 წლის მანძილზე 65 პროცენტიდან 53-ზე დაეცა. გათვლების მიხედვით, წელს საშუალოდ 20 მილიონი ამერიკელი დასავლეთში სამოგზაუროდ დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ისე გამოდის, რომ ახალ რუსებს აზრი ამერიკაზე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უყალიბდებათ და არა ანტიდასავლური კამპანიის მიხედვით.

ამერიკაში პირიქით ხდება: თითქმის იმავე პერიოდში იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომელიც რუსეთის მიერ მსოფლიო პოლიტიკაში შესრულებულ როლს „უმეტესად პოზიტიურად“ მიიჩნევს, თითქმის განახევრდა და 45 პროცენტიდან 23-მდე შემცირდა. პუტინის კამპანიამ მოახერხა ის, რომ ამერიკული მედიის სრულიად სხვადასხვა მიმართულების მქონე სარედაქციო საბჭოები გაერთიანდნენ. მაგალითად, დღეისათვის კონსერვატიული „უოლ სტრიტ ჯორნალი“ (Wall Street Journal) და ლიბერალური „ნიუ იორკ თაიმსი“ (New York Times) ერთნაირ, პუტინის საწინააღმდეგო სარედაქციო წერილებს, აქვეყნებენ. სნოუდენის ფაქტმაც დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები ზუსტად ერთნაირად აღაშფოთა და გააერთიანა.

გეების წინააღმდეგ მიმართული რუსული მუშტი რუსეთის დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტ იზოლირებას იწვევს. როიტერსის ფოტო

პუტინის გეების წინააღმდეგ მიმართულმა კანონმდებლობამ კრაზანების ბუდის აფორიაქება გამოიწვია. ბლოგერები და პეტიციონერები მომავალ თებერვალში სოჭის ოლიმპიადისთვის პროტესტის გამოცხადებას უკვე მასიურად ითხოვენ.

ობამა-პუტინის სამიტის გაუქმების შემდეგ, კრემლის ანალიტიკოსები შესაძლოა ხვდებიან, რომ ზედმეტი მოუვიდათ. ობამას ადმინისტრაციამ გაწვდილი ხელი უკან წაიღო. თუკი კრემლის სტრატეგები წინ, გრძელვადიან პერსპექტივას უყურებენ, მაშინ, იმის რეალიზებასაც უნდა ახერხებდნენ, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსწორება აუცილებელია. თუმცა, ამისთვის ეკონომიკური და დემოგრაფიული რეალობებისთვის თვალში ჩახედვაა საჭირო.

გამოფხიზლების შემთხვევაში, რუსეთს ამერიკასთან და ჩინეთთან ურთიერთობის დაბალანსების საკმაოდ ვიწრო ბილიკი რჩება. შეერთებული შტატების 16-ტრილიონიანი ეკონომიკა ჩინეთის 8-ტრილიონიანს ზუსტად 2-ჯერ აღემატება. ჩინეთის ეკონომიკა რუსეთის 2-ტრილიონიან ეკონომიკაზე 4-ჯერ დიდია. რაც შეეხება ზრდის ტემპებს, ჩინური ეკონომიკის მცირედი „შენელების“ მიუხედავად, მეორე კვარტალში რუსეთის 1.2-პროცენტიანი ზრდა ჩინეთის 7.5-პროცენტიან  ზრდასთან ახლოსაც ვერ მივა.

ყველაზე კონსერვატიული ეკონომიკური გათვლებითაც კი,  შეერთებული შტატების და ჩინეთის ეკონომიკა დაახლოებით 10 წელიწადში გათანაბრდება და საშუალოდ 18 ტრილიონს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინეთს რუსეთზე, თავის ჩრდილოელ მეზობელზე 9-ჯერ დიდი ზომის ეკონომიკა ექნება. დაახლოებით იგივე პროპორციაა დღეს შეერთებულ შტატებს და მის ჩრდილოელ მეზობელს, კანადას შორის. ამერიკის მოსახლეობაც 9-ჯერ დიდია კანადისაზე, ისევე როგორც ჩინეთის მოსახლეობა – რუსეთისაზე. სწორედ ამიტომ, რუსეთის ამბიციის შენარჩუნება, როგორც დამოუკიდებელი ძალის, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

5 სექტემბერს პრეზიდენტი ობამა რუსეთში გაემგზავრება და სანკტ პეტერბურგში დიდი ოცეულის შეხვედრას დაესწრება. კრემლოლოგები კიდევ ერთხელ შემოგვთავაზებენ პუტინის სხეულის ენის ინტერპრეტაციებს და მათი ახსნის საჯარო სესიებს მოაწყობენ. ოღონდ ახლა არა ობამასთან, არამედ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.