უკრაინის სათანადოდ ვერშეფასებას არ გირჩევთ

Posted February 11th, 2014 at 1:49 pm (UTC-5)
Leave a comment

საღამოობით ტემპერატურა -20 გრადუსამდე ეცემა. მომიტინგეები გასათბობად ხშირად ცეცხლს ანთებენ. ჯიმ ბრუკის ფოტო

საღამოობით ტემპერატურა -20 გრადუსამდე ეცემა. მომიტინგეები გასათბობად ხშირად ცეცხლს ანთებენ. ჯიმ ბრუკის ფოტო

საბჭოთა არმიამ 40-იანი წლების ბოლოს, უკრაინელ ამბოხებულებთან გამართულ ბრძოლებში, ბევრად მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე 80-იან წლებში ავღანეთის ოკუპაციის პერიოდში.

ბევრისთვის ეს ნაკლებად ცნობილი ამბავია, რომელსაც საბჭოთა ცენზურა დიდი ხნის მანძილზე მალავდა. თუმცა, ეს გარემოება ალბათ  დაგვეხმარება იმ ფაქტის ახსნაში, თუ რატომ დგანან უკრაინელები ისევ ქუჩაში, ასე  მტკიცედ. არად აგდებენ უმკაცრეს, გაუსაძლის, ხანგრძლივ ყინვას და მთავრობის წინააღმდეგ აღმართულ ბარიკადებს იცავენ.

უკრაინელთა დიდი ნაწილის, ერთი შეხედვით სანდომიანი, ხშირად გულღია გარეგნობის მიღმა, რკინის ნერვები, თვითდისციპლინა და საერთო მიზნისთვის თანამშრომლობის ძალზე შთამბეჭდავი უნარი იმალება.

ბევრი დასავლელი, ჩემი ჩათვლით, მიიჩნევდა, რომ პროდასავლური საპროტესტო დემონსტრაციები, რომელიც ნოემბრის ბოლოსკენ დაიწყო, მაქსიმუმ ერთი, ან ორი კვირა გასტანდა. დემონსტრანტები აალაგებდნენ თავიანთ კარვებს და საკუთარ პოლიტიკურ ენერგიას 2015 წლის მარტში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიმართავდნენ.

თუმცა, მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა.  სამართალდამცავთა სიმრავლის მიუხედავად, სახურავებზე განლაგებული სნაიპრების სროლების პირისპირ, არქტიკულ ყინვაში სახანძრო მანქანებიდან წამოსული წყლის ნიაღვრის წინაშე, უკრაინელები ისევ ისე, მტკიცედ დგანან. კიდევ უფრო ბევრი არიან, ვიდრე როდესმე. პრეზიდენტი იანუკოვიჩი მომიტინგეებს ხან ერთ დათმობას მიუგდებს, ხან -მეორეს. იმედი აქვს პოსტის დატოვება სამხრეთ ამერიკული სტილით, საპრეზიდენტო სასახლის სათადარიგო კარით არ მოუწევს.

მოხალისე „მებრძოლები“ მეიდანის გარკვეული მისიით დატოვებისთვის ემზადებიან. ჯიმ ბრუკის ფოტო

მოხალისე „მებრძოლები“ მეიდანის გარკვეული მისიით დატოვებისთვის ემზადებიან. ჯიმ ბრუკის ფოტო

იანუკოვიჩის, 63 წლის საბჭოთა ტრადიციებზე აღზრდილი ლიდერის წინაშე პოსტსაბჭოთა უკრაინელთა ახალგაზრდა თაობა დგას. ისინი თავს ევროპელებად მიიჩნევენ. უკრაინის გარეთ მათი ხშირად არ ესმით, რადგან ამ თაობის უდიდესი ნაწილი უკრაინის ამბოხებულთა არმიის (Українська Повстанська Армія -УПА) იდეების პატივისცემით აღიზარდა. კარგად თუ დააკვირდებით დემონსტრანტთა ფოტოებს, თანდათან უფრო შენიშნავთ ისტორიული დროშის წითელ და შავ ფერებს. რიტუალურ შემოძახილსაც დააკვირდით: „დიდება უკრაინას – დიდება მის გმირებს“. ეს 40-იან წლებში უკრაინის ამბოხებულთა ძველი არმიელების ტრადიციული მისალმება იყო.

კიდევ რა ამოძრავებს დემონსტრანტებს? ეს არის სამეზობლოს კარგი ცოდნა. ჩრდილოეთით ბელორუსი აკრავთ, აღმოსავლეთით კი – რუსეთი. ბელორუსის ლიდერი ჯანმრთელი, 59 წლის დიქტატორი, ალექსანდრე ლუკაშენკოა. რუსეთს კი ასევე ჯანმრთელი, 61 წლის ავტორიტარი, ვლადიმირ პუტინი მართავს. მხოლოდ რაიმე მოულოდნელმა ბიოლოგიურმა სიურპრიზმა თუ შეიძლება ამ ორ ლიდერს ხელი შეუშალოს საკუთარი ქვეყნების მომდევნო 15 წლის მანძილზე მართვაში. ორივე ქვეყანა პოლიტიკური გამყინვარების ეპოქაშია. ამიტომაც უკრაინელები ძალზე ნათლად ხედავენ საკუთარ მომავალს ამ ე.წ. სლავურ „ტროიკაში“ და ამის წინააღმდეგი არიან.

კრემლის აზრით, უკრაინელები რუსეთის საუკუნო მტრის, პოლონეთ-ლიტვა- შვედეთის ანტირუსული ალიანსის მსხვერპლი ხდებიან. რუსეთი თვლის, რომ ისტორიული მტერი მას დარტყმას ისეთ ადგილზე აყენებს, სადაც ალიანსს არაფერი ესაქმება, რითაც რუსეთის მიერ შავი ზღვის სანაპიროს კონტროლს საფრთხის ქვეშ აქცევს.

მეიდანზე გაშლილ კარავზე გამოსახული სიმბოლო „მონობის წინააღმდეგ“ მოსკოვის ბატონობის პროტესტია. მიტინგზე ხშირად გაისმის შეძახილი: „არა - რუსულ იმპერიალიზმს“. ჯიმ ბრუკის ფოტო

მეიდანზე გაშლილ კარავზე გამოსახული სიმბოლო „მონობის წინააღმდეგ“ მოსკოვის ბატონობის პროტესტია. მიტინგზე ხშირად გაისმის შეძახილი: „არა – რუსულ იმპერიალიზმს“. ჯიმ ბრუკის ფოტო

პუტინის მიერ საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელის უკრაინაში ექსპორტირების მცდელობა, როგორც ჩანს, ჩასავარდნად არის განწირული. თუმცა, რუსეთი საუდის არაბეთივით ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოებზე ზის. პუტინს აქვს იმის საშუალება, რომ 50 მილიარდი სოჭის ოლიმპიადაზე დახარჯოს, ამ თანხის ნახევრის მოპარვის საშუალებაც კი მისცეს, და ამაზე დიდი ყურადღება არც გამახვილდება. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის არის თანხა დარჩენილი იმისთვის, რომ ხელფასები და პენსიები დროულად დარიგდეს.

უკრაინა კი ჩვეულებრივი ქვეყანაა. საფრანგეთივით, ან ბრაზილიასავით ის იძულებულია პროდუქცია აწარმოოს, გაყიდოს და ამის ხარჯზე იცხოვროს. რუსული მოდელი უკრაინაში არ იმუშავებს, ეს არის ქვეყანა, რომელიც სიმინდის და ლითონის ექსპორტზეა დამოკიდებული.

ასეთი შემჭიდროვებული ეკონომიკის პირობებში უკონტროლო კორუფცია საპროტესტო მოძრაობების მაპროვოცირებელია. მეიდანზე აუცილებლად მოისმენთ ინფორმაციას, რომელიც პრეზიდენტის შვილს, სტომატოლოგ ალექსანდრე იანუკოვიჩს ეხება. მან დიდი მონდომებით იზრუნა იმაზე, რომ მამის პრეზიდენტობის პირველი 1 000 დღის მანძილზე საკუთარი ბიზნეს იმპერია გაეზარდა. როგორც ამბობენ, მისი ქონება დღეს დაახლოებით ნახევარ მილიარდს შეადგენს.

დემონსტრანტები თვლიან, რომ ბიზნესებს პოლიტიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანები იტაცებენ. მწარმოებლები ფრთხილობენ და ახალი წამოწყებებისგან თავს იკავებენ. ასეთ გარემოში ახალგაზრდებს სხვა არაფერი რჩებათ, თუ არა დასავლეთ ევროპაში ემიგრირება და მეორეხარისხოვან სამუშაოებზე დათანხმება.

„რევოლუცია 2014“ ლოზუნგს ნიღაბი და მოლოტოვის კოქტეილი ახლავს. ჯიმ ბრუკის ფოტო

„რევოლუცია 2014“ ლოზუნგს ნიღაბი და მოლოტოვის კოქტეილი ახლავს. ჯიმ ბრუკის ფოტო

ამით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ ამბობენ უკრაინელი დემონსტრანტები, რომ ისინი „ევროპული ღირებულებებისთვის“ იბრძვიან. ასევე: თუ რატომ სურთ ახალგაზრდა უკრაინელებს კორუფციის დამარცხება და ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსების მიერ ბიზნესების დასაკუთრებაში ხელის შეშლა. ეს ყოველივე თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის კრიტიკული მამოძრავებელი ძალაა.

ეს არის ის, რაც თანამედროვე რუსეთს აკლია. სწორედ ამიტომ დაკარგა პუტინმა უკრაინელთა გულები და გონება. და 15 მილიარდის ოდენობის რუსული კრედიტი მას უკრაინელებს უკან ვეღარ დაუბრუნებს.

საპროტესტო აქციები პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ კრიზისული სიტუაციის მართვის სრული უუნარობის გამო კიდევ უფრო ძლიერდება. მან გეოპოლიტიკური თამაში თავიდან შედარებით კარგად წაიყვანა. გასულ ნოემბერს ევროკავშირი ქორწინების აუცილებლობაში დაარწმუნა, ბოლო მომენტში კი ჯვარი პუტინთან დაიწერა. დასავლეთთან ჩატარებული მანევრის ხარჯზე იანუკოვიჩმა შეძლო კრემლი კარგად შეენჯღრია და მისთვის 15 მილიარდის დახმარება დაეტყუა.

თუმცა, საშინაო ფრონტზე ის არც თუ ისე წარმატებულია. უსაფრთხოებამ ძალა ზედიზედ რამოდენიმეჯერ გადაამეტა. რამდენი სამართალდამცავები იერიშის მიტანას შეეცადნენ, იმდენი სატელეფონო ვიდეოკამერები ირთვებოდა და ევრომეიდანზე 2 ათასი ადამიანის ნაცვლად 200 ათასი ჩნდებოდა.

ერთ-ერთ ბოლო ვიდეოფირზე, რომელიც სოციალური ქსელებით ძალიან სწრაფად გავრცელდა, პოლიციელი დემონსტრაციის მონაწილეს აიძულებს კაზაკის ფორმა გაიხადოს. შემდეგ შიშველს თოვლში არბენინებს. პოლიციელები კი მას დასცინიან და ურტყამენ.

პატრიარქმა ფილარეტმა, უკრანის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა თქვა, რომ ეს კაზაკი უკრაინის სიმბოლოა: შიშველი, ნაწამები, მაგრამ მაინც თავაწეული, უდრეკი და უშიშარი.

შიშველი კაზაკისთვის გადაღებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ვიდეოფირის ხარისხის და ობიექტამდე მანძილიდან გამომდინარე, ვიდეოს ავტორი პოლიციელი უნდა ყოფილიყო. ხალხს კი ის მოგვიანებით ჩაუვარდა ხელში.

დემონსტრანტების მიერ დამწვარი საბურავების კვამლმა და პოლიციის მიერ მიშვებულმა წყლის ნაკადმა მეიდანი შავი ყინულით დაფარა. ჯიმ ბრუკის ფოტო

დემონსტრანტების მიერ დამწვარი საბურავების კვამლმა და პოლიციის მიერ მიშვებულმა წყლის ნაკადმა მეიდანი შავი ყინულით დაფარა. ჯიმ ბრუკის ფოტო

რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრობს, რომ იანუკოვიჩი ოპოზიციას იმიტომ ვერ უმკლავდება, რომ სამართალდამცავები არ ჰყოფნის. ასობით პოლიციელი დაშავებულია. ამას გარდა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე ქვედანაყოფი მეამბოხეების მხარეს გადავიდა. უკრაინული არმიის ხელმძღვანელობამ გარკვევით განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილს არ დატოვებს და პოლიტიკურ ორთაბრძოლაში არ ჩაერთვება. არც ის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ იანუკოვიჩის ოლიგარქ მხარდამჭერებს ურჩევნიათ დღეს მცირეოდენ რეფორმებზე წავიდნენ, ვიდრე ხვალ საქმე ახალ, რევოლუციურ მთავრობასთან ჰქონდეთ, რომელიც მათი ქონების ნაციონალიზაციას მოახდენს.

უკრაინაში პროევროპული და ანტიკორუფციული მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლა პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა და მისთვის ეგზისტენციალური გამოწვევა გახდება. ამიტომ, ყირიმში პრორუსული ჯგუფების არსებობის პირობებში, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ცდუნებას აყვეს და უკრაინაში საკუთარი „სამშვიდობოები“ გააგზავნოს, როგორც ეს პრაღაში გააკეთა, 1968 წელს. თუმცა, მანამდე ჯერ პუტინმა სულ ცოტა ერთი თვე უნდა მოიცადოს. ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა საფრთხეს შეუქმნის მისი დიდი ხნის მოლოდინს -50 მილიარდის ღირებულების სოჭის ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც „ახალი რუსეთის“ იმიჯის დამამკვიდრებელ პრეზენტაციად არის ჩაფიქრებული. სოჭი ხომ უკრაინასთან იქვე, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

ასე რომ, კიევში ჯერჯერობით ისევ უკრაინის ამბოხებულთა პარტიის წითელი და შავი ზოლებით დამშვენებული დროშები ფრიალებს. სულ ცოტა ხნის წინ ისინი დაღუპული დემონსტრანტების სასახლეების გვერდით ეჭირათ. უკრაინის ისტორიული დროშა უკომპრომისობას, უკანდახევაზე უარის თქმას განასახიერებს. წითელი ფერი უკრაინელთა სისხლის სიმბოლოა, რომელიც უკრაინულ შავ მიწაზე იღვრება და ამიტომ დროშაზე წითელი შავში გადადის.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უკრაინის ყინულოვანი ბარიკადების გალღობა მხოლოდ მაისში დანიშნული საყოველთაო არჩევნებით გახდება შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.