ვისია, ვისი ქალი ლამაზი? ანუ როგორ შეიძლება ამერიკის ცის ქვეშ რუსულ-ქართული ურთიერთობის გამოსწორება

Posted November 16th, 2011 at 8:22 pm (UTC+4)
3 comments

მას შემდეგ რაც საქართველომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობაზე თანხმობა განაცხადა, ვაშინგტონში, „ამერიკის ხმის“ ქართულმა და რუსულმა განყოფილებებმა დამოყვრება გადაწყვიტეს…

საქართველოს ისტორიაში მრვალადაა შემორჩენილი ქართულ-რუსული ცოლ-ქმრული თანაცხოვრების მაგალითები; აი რამდენიმე მათგანიც, თამარ მეფე და იური ბოგოლიუბსკი, აკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია, ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე, რომელზეც მოგვიანებით ქართული სილამაზით გულასუყებული ბატონიშვილი, არც აციებს და არც აცხელებს, ისე იტყვის თავადის ასულ ჭავჭავაძეზე, „ნადაელა ეტო გრუზინსკაია კავკაზკა…“

ეს აბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით არც „ქორწინებას იტალიურად“ და არც ქართული ქორწილის ტრადიციებს  მოგაგონებთ; მსგავსებას მხოლოდ „რუსულ გორკასა“ და „ფრანგულ კოცნაში“ თუ დაინახავთ. აღსანიშნავია ისიც რომ ამ ქორწინებას წინაპირობად, რამდენიმე წლის წინ, თბილისში დაწყებული სიყვარული უდევს საფუძვლად.

მაშ ასე, „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის თანამშომელმა იგორმა ქართული რედაქციის თანამშრომელს ეკატერინეს ცოლად გაყოლა  სთხოვა და თანაც დააყოლა, „უარს ნუ მეტყვი, რადგან უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო“… ეკატერინემაც ბევრი ფიქრისა თუ ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ თანხმობა განუცხადა და აი შედეგიც: 2011 წლის 10 ნომბერს „ამერიკის ხმის“ ოფისში თამარ გვერდწითელის რუსული სიმღერების ფონზე ეკატერინემ და იგორმა თავის ცოლ-ქმრობას ოფიციალური სახე მისცეს.

პატარძლის მიერ მომზადებულმა ქართულმა საჭმელებმა – საცივმა, ნიგვზიანმა ბადრიჯანმა, იმერულმა ხაჭაპურმა, მჭადმა და სუნელებში გემოვნებით შეზავებულმა შემწვარმა წიწილამ, რუსი მოყვრები არა მარტო გააოცა, არამედ წარსული დროც გაახსენა, როცა „სოვეტსკაია გრუზია“ დიადი საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა:

-„გრუზინი ვსოტაკი ტეჯე ოსტალის, ჩტო ბილი რანშე… უჰ, კაკ ვკუსნა გატოვიტე, უჰ, კაკ ხოროშო სვამი…“ ამბობდა ერთ-ერთი ჩემი რუსი კოლეგა…

-„მი ლუბიმ ვას, ი სკუჩაემ ბეზ ვას, ვედ რასია ბეზ გრუზინავ ნეჩევო… “ – ხმამაღლა აღნიშნა მეორე  კოლეგამაც…

მოკლედ ამის გამგონეს, გული სიხარულით ამევსო. გავიფიქრე კიდეც, თუ პოლიტიკოსებს არ ძალუძთ ერთმანეთთან საუბარი, მაშინ იქნებ, მსგავსმა რიტუალმა მაინც შეძლოს რუსულ-ქართული დაძაბული ურთიერთობის დარეგულირება…  ამ ფიქრებში ჩაფლული უეცრად შეძახილმა „გორკა, გორკა, გორკა“ გამომაფხიზლა…. იგორმაც და ეკატერინემაც „ერთ სულ და ერთ ხორც“ ბაგე ბაგეს შეახეს და გემრიელი კოცნა უბოძეს ერთმანეთს…  ის-ის იყო საზოგადოებას მეფე-დედოფლის მორიგი სადღეგრძელო უნდა შეესვა, როდესაც უეცრად ერთ-ერთმა  სტუმართაგანმა დაიყვირა, „ნუ ტანეც სიჩას, ჩტო ნიბუდ გრუზინსკი…“

მოთხოვნამ ქართული რედაქციის წარმომადგენლებს თავსატეხი ნამდვილად გაუჩინა და ერთგვარ დეპრესიაშიც დაუპირა ჩაგდება  რომ არა ჩვენი ღირსეული თანამშრომლის – ლევან „დიდის“ გამბედაობა და შეძახილმა – „შენ დაუკარო…“

პატარძალმა და ლევან „დიდმა“ აჭარული ისე ლამაზად შეასრულეს რომ რუს მოყვრებს თვალზე კურცხალიც კი მაოდინეს….

ქართულ  ცეკვას  რუსული „კალინ-კამალინიც“ უმალვე მოჰყვა და ასე, რიგ-რიგობით, ყოველგვარი კონფლიქტისა და დაპირისპირების გარეშე  ერთამნეთს  ენაცვლებოდა პატარა საქართველოსა და დიდი იმპერიის კულტურული სანახაობა…. ერთადერთი რასაც ცოტაოდენი ჩოჩქოლი მოჰყვებოდა ხოლმე ქართულ ღვინოზე დაყოლებული შეზახილი -„პეი დოდნა, პეი დოდნა“ იყო…

მთლიანობაში, ქორწილმა, საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და საუკეთესო სურვილებით გაჯერებულმა ბედნიერმა წყვილმაც თაფლობის თვის გასატარებლად გეზი მაიამისაკენ აიღო.

 

 

3 responses to “ვისია, ვისი ქალი ლამაზი? ანუ როგორ შეიძლება ამერიკის ცის ქვეშ რუსულ-ქართული ურთიერთობის გამოსწორება”

  1. Giotto Di Bondone says:

    საიდუმლოებას არ წარმოადგენს, თუ როგორ მეგობრობდა ორი მართლმადიდებელი ერი ერთად, მრავალი საუკუნის განმავლობაში. ქალბატონმა რუსუდანმა გენიალურად წარმოგვიჩინა ის ლამაზი, მომხიბვლელი და საზეიმო პერიპეტიები, რომლებიც “ამერიკის ხმის” ოფისში მიმდინარეობდა. ნათელ მომავალზე ზრუნავენ პოლიტიკოსები, ნათელ წარსულზე – ისტორიკოსები, ნათელ ახლანდელზე – ჟურნალისტები. საბედნიეროდ ქალბატონო რუსუდან მე ვკითხულობ თქვენს სტატიებს ვინაიდან, რომ ვიცოდე თუ რას ვფიქრობ მე. უღრმესი მადლობა მკითხველზე ზრუნვისათვის.

    • Vens says:

      კი, ნამდვილად, საიდუმლოებას არ წარმოადგენს რუსებისგან ასპინძის ომში მიტოვებული ერეკლე II, არც ის როგორ გადაგვახიეს თავზე ტრაქტატი, არც გაუქმებული სამეფო და საპარტიარქო ტახტი, არც სისხლში ჩახშობილი აჯანყებები, არც შებათქაშებულ – შეთეთრებული ქართული ტაძრები, გაგრძელება ნამდვილად აღარ ღირს, მეგობრობის შესანიშნავი მაგალითებია.

  2. გარსევან ჭავჭანიძე says:

    ხოდა ჭიანაჭამი გეორგიევსკის ტრაქტატის ნაცვლად მაიამის ტრაქტატსაც მააწერონ ბარემ ხელი და ყველაფერი ოკ იქნება…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.