შობა-ახალიწლის საზეიმო განწყობის შესაქმნელად ამერიკელები არც დროს, არც ენერგიას და არც ფინანსებს ზოგავენ.
საახალწლო დეკორაციებით მორთულ ქუჩებსა თუ შენობებს ზღაპრულ სამყაროში შევყავართ. განსაკუთრებით თვალწარმტაცი კი ნაძვის ხეზე ფერად-ფერადი სანთლების ნაირსახეობა წარმოადგენს…
სწორედ ამ სილამაზის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ თურმე, ამერიკაში საახალწლო ნაძვის ხის სანთლების გამომგონებელი ჩემი წინაპარი, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაბადებული და გაზრდილი გრიგოლ კობახიძე – იგივე ჯორჯ კობი გახლდათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ეტაპის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა არც თუ ისე მრავალრიცხოვნამა დიასპორამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო სფეროს განვითარებაზე. შეერთებული შტატების საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებით იმ ქართველების გვარები და სახელები გამოირჩევა, რომლებმაც ამერიკას ხუთი დარგი შეუქმნეს:
გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) – მინის მრეწველობა და ნაძვის ხის მინის სანთლები; ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდერ ქართველი) – სამხედრო ავიაცია; გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) – ბალეტი და გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი) – პარფიუმერია. ამ უკანსაკნელის სუნამო ამერიკულ სავაჭრო ცენტრ „თარგეთსა“ და ინტერნეტ სავაჭრო ქსელში „ამაზონი“ დღემდე იყიდება.
1883 წელს რაჭველი გლეხის დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულმა გრიგოლმა, განთლება ჯერ ოჯახში, შემდეგ კი სოფლის მღვდლის მეშვეობით მიიღო, – ვკითხულობ ერთ-ერთ საარქივო ამონარიდში, რომელიც ხელში სრულიად შემთხვევით ჩამივარდა.
ჩემი დიდი წინაპრის შესახებ მოგროვებული ისტორიული ფაქტები, ამ საახალწლო დღეებში ბევრ რამეზე მაფიქრებს. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს როცა გრიგოლ კობახიძის ამერიკაში განვლილ გზას ვაანალიზებ.
„ჯენერალ ელექტრიკის“ საზოგადოებაში მისი ცხრაწლიანი მუშაობით მოგროვებულმა დანაზოგმა, საფუძველი საკუთარი ბიზნესის „The Cobi Glass Products Company-ის“ შექმნას დაუდო, რომლის საქონელბრუნვა, იმდროისათვის 15 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მიუხედავად უცხო ქვეყანაში ათასი საზრუნავითა თუ წარმატებით ყოველთვის მოუცლელი და დაღლილი იყო ჩემი დიდი წინაპარი, საკუთარ სამშობლო-საქართველოს არადროს ივიწყებდა.. ოთხ წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა თავის კუთხეს, მრავალ გაჭირვებულს დაეხმარა, სოფელს სკოლა და აფთიაქი აუშენა, ეკლესია შეაკეთა…
მაგრამ სამწუხაროდ, ქართველს საოცრად უჭირს საკუთარი თანამემამულის წარმატების აღიარება და მის მიერ გაწეული სიკეთის დაფასება. ქართული მაქსიმალისტური ბუნება ხშირად ზღვარს სიყვარულსა და სიძულვილს შორის ძნელად ავლებს…. 1928 წელს საქართველოში ჩასულ გრიგოლ კობახიძესაც მადლობის სანაცვლოდ დაჭერა დაუპირეს, რის გამოც მან ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.
თუმცა ამ ყველაფერს მაინც არ გაუბოროტებია ჩემი წინაპარი. უშვილო გრიგოლი, მეუღლესთან ერთად უშედეგოდ ცდილობდა მინის წარმოების მცოდნე ქართველის მოძებნას, რომელსაც შემდგომ თავის ბიზნეს გადააბარებდა. არც ამაში გაუმართლდა ქართველ მეცენატს. რაკი ქართველი ვერავინ დააინტერესა წარმოებით, გრიგოლმა კომპანიონად იტალიელი ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა. სწორედ ისინი გახდნენ გრიგოლ კობახიძის საქმის გამგრძელებლები მისი გარდაცვალების შემდეგ.
ეპილოგის სანაცლოდ:
ახლა 2011 წლის 31 დეკემბრის ღამეა. ვაშინგტონის ცაზე ამერიკული მთვარის მკაფიო შუქი ჩემს ფანჯრებში ანათებს… არ ვიცი, ოღონდ თუ, ეს იგივე მთვარეა, რომელიც ჩემი სამშობლოს ცაზეც ჩნდება ხოლმე…. გარეთ ზამთრის სუსხი საკუთარი მიწა-წყლის მონატრებით შეციებულ სულს კიდევ უფრო მიციებს…. ახლა ბევრი რამ მენატრება, მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვობა, სადაც ბებოს კოჟრიანი ხელებით კახური წესით დამზადებული ჩურჩხელები ახალი წლის დადგომას მილოცავდნენ და პაპის მიერ დაწურული ღვინო მლოცადა. ახლა ჩემი ეზო მახსენდება, სადაც ვთამაშობდი და დედის თხოვნას თამაშის შეწყვეტის შესახებ ბავშვური სიუჯიუტით არ ვეპუებოდი… ახლა ის სიმღერაც მესმის, რომელსაც დედა ახალი წლის მოახლოების დროს მიმღერებდა ხოლმე: „წუხელ თოვდა, ჩამეძინა შენზე ფიქრში და თვალებზე ცრემლი ობლად დამდენია, გამეღვიძა ვთქვი ბავშვური გაოცებით, ფანტელები რამდენია….“
ახლა ის ნატვრით ნათქვამიც მახსენედება, როცა ამბობდნენ – „მოვედინ, დღეო სიხარულისაო!…“ რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“… და მაინც – „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი…“ ახალ, 2012 წელს გილოცავ საქართველო!!!!!