„ყოლიფერი კარგად იქნება“

Posted January 4th, 2012 at 7:33 am (UTC+4)
2 comments

უამრავი საახალწლო მილოცვებისაგან გაბრუებულს მოულოდნელად კომპიუტერში სკაიპით მოწერილმა შეტყობინებამ გამომაფხიზლა. ერთი მშრომელი, ალალ-მართალი, და პატიოსანი გურული გლეხი ბაჩი პაიჭაძე სკაიპის საშუალებით ჩემთან საუბარს ითხოვდა. რა თქმა უნდა, მეც არ დავაყოვნე და ღილაკის მარტივი დაჭერით ვირტუალური კონტაქტი დავამყარე. საახალწლოდ, თბილისში, შვილებთან სტუმრად ჩამოსულ ბატონ ბაჩისა და ჩემს შორის გულღია საუბარი შედგა…

-რა ხდება ბიძიკო მაქით?- ცნობისმოყვარედ მკითხა მან.
-არაფერი, განსაკუთრებული, ყველაფერი ძველებურადაა, ვმუშაობთ და ვართ ასე…
-მუშაობა ნამეტნავად კაია მარა პაწა თავსაც უნდა მიხედოთ…
-ვცდილობთ, ბაჩი ბიძია, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ…
-რაია იცი ბიძიკო, მამა-შვილობის მადლს გაფიცებ, გული არაფერზე არ უნდა გაიტეხო, მთავარია მომავლის გჯეროდეს და მაშინ ყოლიფერი კარგად იქნება…
-ბაჩი ბიძია, როგორ შეხვდით ახალ წელს?
-ძალიან კარგად, გავიხარე შვილებსა და შვილიშვილებში, თუმცა ამ ჩემს სიხარულს პატარა ნაღველი მაინც ახლდა; ჩემი მესამე შვილი, რომელიც მაქეთაა ამერიკაში ნამეტნავად მაკლია და მენატრება. აგერ უკვე მეათე წელია რაც არ მინახავს ახლოდან და არ მოვფერებივარ… მარა რას ვიზამ, იმედით ვცოცხლობ და ვიცი რომ ყოლიფერი კარგად იქნება სულ მალე.
-სხვა? სხვა რას მეტყვით ბაჩი ბიძია?
-შვილო, სულ მაინტერსებს, აი ქვეყანა რაფერაა ასე მაგარი? ძალიან მინდა სიბერეში მაინც ჩამოვიდე და ჩემი თვალით დავინახო თუ რა თაფლი სცხია ასეთი ყველას რომ იზიდავს… ისე მიკვირს, რეიზაა ამდენი ჩინელი მანდეთ და ახლა აქეთაც რომ მომრავლდა? ამას წინათ რაიონში ჩასულს ყაბალახწამოსხმული ჩინელები ვნახე…გადვირიე კაცი… მარა, მერე დავწყნარდი, ვიფიქრე ასეა საჭირო იმისათვის რომ ყოლიფერი კარგად იყოს…
-ბაჩი ბიძია, აქ რომ ჩამოხვიდეთ რას გააკეთებდით?
-ვიმუშავებდი შვილო, რავა ერთ ასლარიან სამუშაოს მაინც ვერ ვიშოვიდი? მერე რა არ ეხერხება ჩემს ხელებს, ვერავინ მაჯობებს…
– მუშაობა რად გინდათ ბაჩი ბიძია?
– რავა, აბა, შვილის ხარჯზე ხომ ვერ ვიქნები… მართალია წელიწადნახევრაში 80-ს მივუკაკუნებ, მარა თავს მაინც მაგრად ვგრძნობ ისე მაგრად რომ ჩემს ცოლს ნება რომ მისცე მეორედ მომიტაცებს…
-პირველად როდის მოგიტაცათ ბაჩი ბიძია?
-50 წლის წინ… იცი რა ბიჭი ვიყავი… ჰოდა, ჩემო ბატონო, დამადგა თვალი ფოთში ჩემმა დედოფალმა მზიამ და ქე ჩამიგდო ხელში… – მეუბნება გურული იუმორით ბატონი ბაჩი…
– ამ საახლწოდ რა სურვილი ჩაიფიქრეთ ბაჩი ბიძია?
– ჩემს შვილს მინდა მალე ჩევეხუტო, ჩემს ნაბოლარას, ავ-კარგიან გოგოს… ძალიან ძნელია მშობლისთვის ასე ყოფნა… რამდენი თვითმფრინავი გადეიფრენს, იმდენი მგონია ჩემი გოგო მოდის…
მალე მინდა ჩამოვიდეს, რომ კიდევ ერთხელ ამ სიბერეში მასთან ერთად გურული კრიმანჭული ისე ვიმღერო რომ მთელ ამერიკას მისწვდეს… ყველას გავაგებინო, რომ უსამშობლოდ ყოფნა იგივეა რაც უღმერთოდ ცხოვრება და უზიარებლად სიკვდილი… ყოველ დილას ხატის წინ პირჯვარს ვიწერ და უფალს ყველა ქართველის სამშობლოში მალე დაბრუნებას ვავედრებ… ვიცი, ბიძიკო, ღმერთი მოწყალეა, ჩემს თხოვნას შეისმენს და ყოლიფერი კარგად იქნება….

ალბათ, ოდესმე, მართლაც რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩემო თმაშევერცხლილო, ტკბილო გურულო ვაჟკაცო… მჯერა რომ „კრიმანჭულთან“ ერთად „ალილოსაც“ სულ მალე იმღერებთ თქვენს დიდი ხნის მონატრებულ შვილთან ერთად… ისიც ვიცი რომ, ამ გაუსაძლის, ბევრჯერ გაუტანელ და დაუნდობელ ემიგრაციულ ცხოვრებას თავისი წილი სიკეთის მოტანა მაინც შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოობაში გადახვეწილი ღვთისა და საკუთარი თავის იმედად მარტო დარჩენილი ყველაფერს იმისათვის აკეთებ რომ ფეხზე მყარად დადგე და წარმატებას მიაღწიო, თანაც ისე რომ ამ წარმატების სანთელ-საკმეველმა ისევ შენს ქვეყანას გაუნათოს გზა…

მანამდე კი მოახლოებული შობის მადლით ამერიკაში მცხოვრები გულანთებული ქართველები სიყვარულისა და მშვიდობისათვის კიდევ ერთხელ ილოცებენ და წინამძღვრის სიტყვებს „მიყვარხართ ქრისტეში“ – „უფალო შემიწყალეს“ შეძახილით უპასუხებენ.

ქრისტე-შობას გილოცავთ! გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ უფალმა!

2 responses to “„ყოლიფერი კარგად იქნება“”

  1. გარსევან ჭავჭანიძე says:

    საქართველოს თავზე ქურდული დემოკრატიის წამომსმელები ეხლა აშაყირებენ საწყალ ბაჩის.თქვენს ჯინაზე აქანა თუ არა იქანა ყოლიფერი კარგად იქნება.

  2. ხათუნა says:

    ჩემო კარგო ადამიანო,მერწმუნეთ ეს შაყირი არ არის,პირიქით ეს დიდი სიყვარული და მონატრებაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.