“Yesterday all my troubles seemed so far away now it looks as though they’re here to stay, Oh I believe in yesterday…”
“Hava nagila, Hava nagila, Hava nagila, Ve nismecha…”
„I lose sleep just to daydream about you babyyyyy, I’m going crazy, crazy, crazy, just to think it about lately…..“ეს ნაწყვეტები იმ სიმღერებიდანაა, რომელსაც ნიუ-იორკის მეტროს ჩასასვლელებში ცოცხალი შესრულებით მოისმენთ…
ამისათვის არც ბილეთი გჭირდებათ და არც ჭოგრიტის საგანგებოდ შეძენა. უფასო მუსიკალური სანახობა წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. თქვენგან მხოლოდ მცირედი დახმარების გაღებაა საჭირო, ისიც თუ მოგესურვებათ….
მანჰეტენის 42 ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშაში ჩასულს, სასიამოვნო მუსიკამ იმდენად გამიტაცა, რომ სხვა საქმეზე გამოსულს გეგმა შემაცვლევინა და შემსრულებლებთან დიალოგი გადამაწყვეტინა.
როლ მიჩელიც ჩემთან საუბარზე ადვილად დათანხმდა; ტრინიდადი და ტაბაგოდან ჩამოსული ემიგრანტი 1990 წლიდან ნიუ-იორკის მეტროში დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავს.
-მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
-მეტროში რატომ უკრავ? სხვაგან, არ გინდა გამოხვიდე?
-სხვაგან? – ბევრი ფული უნდა, აქ კი არავინ არაფერს მთხოვს; პირიქით იქით მჩუქნიან ფულს…
-და შენს შემოსავალს მხოლოდ ეს შემოწირულობა წარმოადგენს?
-ძირითადად კი… მთავარი ისაა რომ ხალხს მოსწონს ჩემი მუსიკა, ისინი ჩემს გარშემო საათობით დგანან და მისმენენ, ტაშს მიკრავენ…ამ ლაპარაკში გართულს უცნობი გამვლელი მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და თავაზიანად მომესალა:
–თქვენს წინაშეა პუერტო-რიკოელი მუსიკოსი და კომპოზიტორი როსატერეზა… ჩემი სიმღერები ბულბულის სტვენის მსგავსია, რომელიც დილაობით თავად მზესაც კი აღვიძებს…
– ეგ როგორ?
– ძალიან მარტივად, ისეთი გრძნობით ვმღერი რომ მარტო დედამიწას კი არა ზეცასაც ესმის…ის-ის იყო წამოსვლას ვაპირებდი, რომ შორიახლოდან ოპერის ჰანგები შემომესმა… მოკლედ სულ, რაღაც რამდენიმე საათში, ჩემს წინაშე, მუსიკის ყველა ჟანრი ერთდროულად აჟღერდა…
-მარტო ფულის შესაგროვებლად არ ვმღერი… მინდა ოპერის უნიკალურობა ყველამ შეიცნოს,- მეუბნება ოპერის მომღერალი ტომ მჩიქოლსი.
-მეტროპოლიტენში არ გიცდია ბედი?
-ზღაპრების დიდი ხანია აღარ მჯერა… რეალობა უფრო მიტაცებს. ტომისგან განსხვავებით ფოლკლორის მომღერალს – ვენდი ზაივეთს, რომელიც 22 წელი მეტროს ქვეშ მღერის, დღემდე სჯერა რომ ოდესღაც კეთილი „ბიძია სემი“ მის ნიჭიერებას სათანადოდ შეაფასებს და კარნეგი ჰოლიდან დაწყებული ბროდვეის სცენასაც დააპყრობინებს.
-მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო და აიტანო… დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შრომა დაფასდება და მეტროდან დიდ სცენაზე გადავინაცვლებ… ამ ადამიანის ოპტიმიზმა ქართული კინოფილმიდან „ნატრვის ხე,“ ელიოზი გამახსენა, რომელმაც მთელი ცხოვრება ნატვრის თვალის ძებნას შეალია…
არ ვიცი კიდევ ვინ რას ელოდება და ვის როდის გაუმართლებს, ერთი კი უდავოა, რომ ნიუ-იორკის ტრანსპორტის სამსახურმა სპეციალურად შექმნილი პროგრამის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაა – „მუსიკა ნიუ-იორკის მიწის ქვეშ“ ყოველკვირეული 150 წარმოდგენის დაფინასება უკვე შეძლო.
დასარულს, მეც რაღაც სიმღერის ხასიათზე მოვედი, ოღონდ, ამჯერად, ქართულის და ოღონდ, ამჯერად, ჩემთვის – „ბედს ვეძებდი, ვაი სად არ ვიარე, დრო და ჟამი მიმატებდა სევდას, რაც ამქვეყნად ცოდვა-მადლი ტრიალებს, ზეცა როგორ არ შავდება ნეტა? ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს, დრო მიდის, დრო მიდის, დრო უცებ გაგვატიალებს….”
Older: ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი ბადალი… | Newer: სანდრა ბალოკი, რიკ პერი და მე |
მიწისქვეშა მუსიკა
Posted January 31st, 2012 at 9:15 pm (UTC+4)
Leave a comment
Older: ქვეყანა შემოვიარე, ვერ ვნახე შენი ბადალი… | Newer: სანდრა ბალოკი, რიკ პერი და მე |