მშოთვარე ოციანი წლების დასაწყისი, ამერიკული ჯაზი, მშრალი კანონი, არალეგალური ალკოჰოლის, სიგარეტისა და ნარკოტიკების ბიზნესი – ეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში, ბრუკლინში მდებარე ბორო პარკის ისტორიაა.
სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრირებული ებრაელობა ამერიკული წესების მორგებას სათავისოდ ცდილობს. მათ ჩარჩოებში ცხოვრება არ უყვართ. თავიანთ თავს რჩეული ერის შვილებად მიიჩნევენ და იმდენად, რამდენადაც უამრავი განსაცდელი გამოუვლიათ, საკუთარი თავის გადარჩენისა და თვითდამკიდრების საოცარი იმუნიტეტი გამომუშავდათ.
მართლმადიდებელი ებრალობის უმეტესი ნაწილი სწორედ ბორო პარკის მაცხოვრებელთა რიცხვის შემადგენლობას ეკუთვნის.
სტატიკის თანახმად დაახლოებით 76,000 ებრაელი ამჟამად ბორო პარკის მკვიდრია.
ალბათ, დაგებადებათ კითხვა, თუ რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება ამ ტერიტორიამ? ამას წინათ, იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ყველასთვის კარგად ნაცნობ ფილმს – „ერთხელ ამერიკაში“, რომ არ მოგატყუოთ, ალბათ, უკვე მეათედ ვუყურე. მისი ყოველი ნახვისას კი რაღაც ახალი რომ არ აღმოვაჩინო არ შეიძლება. ჰოდა, ასე იყო ამჯერადაც: ენიო მორიკონეს შეუდარებელი მუსიკით გაფორმებული ფილმის ეპიზოდებმა იმ ადგილების მონახულება გადამაწყვეტინა, სადაც ფილმის უმეტესი ნაწილია გადაღებული. ეს ადგილი კი სწორედ რომ ბორო პარკია.
პარკის ტერიტორიაზე დაუსრულებელი ხეტიალის დროს ათასი აზრი მომდიოდა თავში… მაინც რა შარმი აქვს ფილმში „დასავლური სპაგეტის“ გემოს ანდა რატომაა გაიგივებული სექსი ძალაუფლებასთან, რომლესაც ფილოსოფიურ ენაზე ფსიქოსექსუალურ ძალაუფლებას უწოდებენ, რაზეც მოგვიანებით ერთ-ერთი ფსიქოლოგი იტყვის კიდეც: „სექსი და ძალაუფლება მუდმივად ერთმანეთთანაა დაკავშირებული… სექსს არა მხოლოდ შეუძლა იყოს ძალაუფლების წყარო, არამედ თვითონაა ძალაუფლება.“
არ მინდა, ჩემი თქვენდამი თავისუფალად მოტანილი ნაფიქრი, მარტივ „კეკლუცობად“ ჩამითვალოთ. მე, უბრალოდ, იმ ემოციის გაზიარება მსურს, რომელიც იმ წუთებში დამეუფლა. და აი, კიდევ, ამ მეტად უცნაური განცდის ერთი ფრაგმენტიც:
ბორო პარკში იმ შენობას მივადექი სადაც ახალგაზრდა „ლაფშა“ თავის ბავშვობის შეყვარებულ დებორას დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად შეხვდება. მომენტალურად ძალაუფლების ნების მტკიცებულება გონებას მიმღვრევს; დიახ, მე იმ ძალაუფლების ნებაზე ვსაუბრობ, რომელიც სრულყოფილი ადამიანის ცხოვრების მთავარი მოტივია და რაც ასევე ადამიანთმცოდნეობაში ნებისმიერ ქცევას განსაზღვრავს. შოპენჰაუერი წერდა: „ნება – ბატონია, გონება მსახური.“ სწორედ ეს თეზისი ადასტურებს რომ ძლიერი ნებისყოფის პიროვნება იოლად იძენს ცოდნასაც, ფულსაც და ძალაუფლებასაც.
ეს ყველაფერი კი ფილმშიც კარგად ჩანს. ნაფიქრი რომ არ გამიგრძელდეს და თავი რომ არ შეგაწყინოთ, მხოლოდ ერთს დავძენ: არსებობენ ფიზიკური ძალაუფლებით დაცული ადამიანები, მაგრამ ასევე არსებობენ ისეთებიც, რომლებასაც მხოლოდ გონებრივი ძალაუფლება გააჩნიათ. ეს უკანსკნელი კი პირველზე ძლიერია; სწორედ მას შეძლია შვას გენიოსი, რომელიც ნებისმიერ ძალაუფლებას დაამსხვრევს….