ისევ მოვიდა, ცას ვერცხლისფერის ნაცვლად ლურჯი შერევია, მზეს ძალა მოემატა, მიწაც გათბა… გაზაფხულდა, ამარტდა, დღეს უკვე მარტია! …
უცხოეთის ცის ქვეშ გაზაფხულსაც სხვა ფერი, სურნელი და გემო აქვს… გარშემო მხოლოდ შეცვლილი დეკორაცია და გაფანტული ფრაგმენტებია… ახლა სწორედ ამ ფრაგმენტების შეკოწიწებას ვცდილობ…
ფრაგმენტი #1
ბავშვობაში, სკოლიდან ბებოს გამოვყავდი ხოლმე. ტროტუარზე ჩამწკრივებული მარადმწვანე ბუჩქები ჩემი შეუცვლელი გამცილებელი იყო. ჰოდა, გაკვეთილებისგან თავმობეზრებული ჩემს განწყობას ფოთლების მოწყვეტით ვიოკებდი ხოლმე. ბებო თავდაპირველად არაფერს მეუბნებოდა, თუმცა სახეზე ვატყობდი რომ არ სიამოვნებდა. ერთ დღესაც, ჩვეულებრივ წამოვედით სკოლიდან, ოღონდ იმ განსხვავებით რომ შეუცვლელ გამცილებელზე ჯავრის ყრა აღარ მიცდია და არც ფოთოლი მომიწყვეტია. კარგა ხანს უხმოდ მივდიოდით მე და ბებო, როცა უეცრად მისგან წამოღებული ხელის ინერციამ გამომაფხილზე – ბებომ თმები მომქაჩა; გაკვირვებულმა შევხედე, პასუხად კი მივიღე:
“გეტკინა? – ასე სტიკვათ ბუჩქებსაც როცა მივარდები და ფოთლებს აწყვეტ…” შემრცხვა. თავი დავხარე… მეორე დღეს ბუჩქებთან მივედი და ჩურჩულით პატიება ვთხოვე…
ფრაგმენტი #2
სოფლიდან დიდი ბებიის სტუმრობა ყოველთვის მიხაროდა. ზამთრის დადგომას, სასკოლო არდადაგებსა და საახლწლო საჩუქრებს დიდ ბებისათან ყოფნა მარტივად გადაწონიდა. საინტერესო ქალი იყო დედაჩემის ბებია. ოთხი შვილი ღირსეულად გაზარდა; თუმცა თავისი ამაგი არც შვილიშვილებსა და შვილთაშვილებისთვის მოუკლია. კაცთმოყვარე და მიმტევებლი იყო. ყველა უყვარდა და არავისთვის არასდროს უტკენინებია.
სასწაული დალოცვა იცოდა, მზეს დაინახვდა თუ არა გვეტყოდა: ‘შეგეწიოთ მზე, დედასთან მიმავალიო, ღმერთის კალთა გფარავდეთო…” გაზაფხულის მოსვლა ბავშვივით უხაროდა, რადგან იცოდა რომ სოფელში მალე დაბრუნდებოდა; ასე იტყოდა : “დაილოცოს მადლიანი გაზაფხული.”
-დიდედა, მადლი რა არის?- ერთხელ ვკითხე.
-მადლი უანგაროდ გაღებული სიკეთეა, მიპასუხებდა და იქვე აუცილებლად დააყოლებდა: “მადლს შემწირველი სჭირდება, რომ მადლად იქცეს, სიკეთეს დამნახავი უნდა, მშობლის ზრუნვასა და ამაგსაც მადლიერი და კეთილსინდისიერი შვილიო…”
ფრაგმენტი #3
როგორც კი კალენდრიდან ზამთრის ბოლო დღე გაუჩინარდებოდა, დაბედების დღისთვის მზადებას იმ წუთიდან ვიწყებდი. მეგონა ეს დღე მსოფლიოში ყველამ იცოდა. დედას მოსვენება არ ვაძლევდი და საბავშვო ბაღში წასაღებ ტკბილეულისა და ლიმონათების სიას ორი კვირით ადრე ვაწერინებდი. სანატრელი დღის მოახლოებასთან ერთად, გულის ფეთქვაც თანადათანობით მატულობდა. დღემდე მახსოვს დედაჩემის გაკეთებული ნამცხვრის “იდეალის” განუმეორებელი გემო…. დილიდან დაწყებულ მილოცვებს გვიან ღამემდე ვერ აუდიოდი; მიღებული საჩუქრების ნახვისთვის კი დრო არასდროს მყოფნიდა…. ახლა? – ახლა “გაზაფხულის 37 დღის გაელვებასავით” სულ მალე 37 შემისრულდება, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ჩემს გვერდით არც ბავშვობის ლაღი და უდარდელი წლები იქნება და ვერც იმ იების ნახვას შევძლებ, რომლებიც “დედის ჩაწვეთებული ცრემლის” ფასად უღრან ტყეში ამოდიან…
მხოლოდ “საქართველოს სამანს აქეთ და სამანს იქით” ნაცნობი სამშობლოს უცნობი შვილები სხდასხვა მზერით მისურვებენ მხნეობასა და გამძლეობას; მე კი -”ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტ” დაკარგულს, მოდუდუნე მტკვარი და ქართველი „გულგადაღეღილი“ გლეხის ურმული ისევ მომენატრება; გაცრეცილ სულს კი შვებას მხოლოდ ეს თუ მისცემს:
“მარტის თვეა შენი, შენს ხასიათს შვენის,
აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,
შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშველის,
გაწყენინე და მაინც მეფერები…”
გაზაფხულს გილოცავთ!
3 responses to “მარტის თვეა ჩემი…”
rusudaaan rogorc yoveltvis axlaac didi siamovnebaa momanichaaa shenmaa statiaam.meec zalian miyvars gazapxuli daa didi sixarulit velii chems dabadebis dgees.
ძალიან ნიჩიერი ადამიანი ხაართ და თვენს ყოველ ახალ სტატიას დიდი სიამოვნებით ვეცნობიი
zalian ,zalian kargi chanaceria….. gmertma daglocos da 100 celicads gacocxlos shens ojaxtan ertad