„ტუტუც, ნიახური ხომ არა ხარ, ამ ქვეყანაზე მეორედ მოხვიდე?!..”

Posted October 30th, 2011 at 6:34 am (UTC+4)
Leave a comment

თავის დროზე, ცნობილმა ტელე-წამყვანმა და მედია მაგნატმა ოპრა უინფრიმ ერთ-ერთი შოუ მთლიანად იმ  საკითხს მიუძღვნა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის ერთობ მნიშვნელოვანია. კერძოდ, შოუს წამყვანი, მთელი ამერიკის მასშტაბით, ყველას მოუწოდებდა რომ არ გამოეყენებინათ მობილური ტექსტური გზავნილებისათვის მაშინ, როცა ისინი მანქანას მართავდნენ….

ოპრა უინფრის მიერ შემოთავაზებულ ფიცს სახელწოდებით – “No Phone Zone,“
(არასატელეფონო ზონა), 2009 წლის 18 იანვარს, 423330 ელექტრონული ხელმომწერი მოუგროვდა. მაგრამ პრობლემის გადაჭრა ამგვარი კამპანიითაც  ვერ მოხერხდა.

ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ყოველწლიურად, მილიონზე მეტი მძღოლი მანქანის ტარებისას  მობილური ტელეფონით მაინც სარგებლობს. ამის შედეგად, წლის პირველ ნახევარში 10,800 მათგანი კიდევაც დაჯარმიდა, რაც დაახლოებით, დღეში, 33 ცალი საჯარიმო ფურცლის  გამოწერის ტოლფასია.    ამგვარი ჯარიმის მეშვეობით,  ადგილობრივი პოლიცია, ცდილობს, მძღოლებს, საჭესთან ყოფნის დროს მობილურის გამოყენება გადააჩვიოს, თუმცა ამაოდ.

2004 წელს, დედაქალაქში, მანქანის ტარების დროს, მობილურზე საუბარი მხოლოდ   ყურსასმენის მეშვეობით გახდა დასაშვები. აღნიშნული კანონი თავდაპირველად 2001 წელს ნიუ-იორკში შემოიღეს. მიუხედავად ამისა, სკოლის ავტობუსის მძღოლებსა და მანქანის
მართვის სასწავლო მოწმობის  დროებით ფლობელებს, ყოველგვარი ყურსასმენის გამოყენებით,  მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება მაინც არ ეძლეოდათ.  აღნიშნულმა საკითხმა მძღოლების  უხასიათობა განაპირობა….

ისე, კაცმა რომ თქვას, ადამიანს ყველაზე დიდი მტერი  თავის თავის გარდა არავინ ჰყავს. რა გინდა შე დალოცვილო, შენს თავს ხომ იგდებ საფრთხეში და ახლა მეც გინდა დამაზარალო? –„ტუტუც, ნიახური ხომ არა ხარ, ამ ქვეყანაზე მეორედ მოხვიდე?!… “

ჰოდა, ასე მოხდა ამ რამდენიმე დღის წინათაც… ტაქსით 35 წუთიანი მგზავრობის დროს,  მძღოლს „სამსუნგის“ მობილური ტელეფონი ხელიდან არ გაუშვია და მესიჯს მესიჯზე აგზავნიდა. რა არ ვცდე, როგორი ქვეტექსტებით არ დავიწყე საუბარი რომ ტელეფონი როგორმე გვერდზე გადაედო და  კონცენტრირება სამანქანო გზაზე მოეხდინა,
მაგრამ ამაოდ….  მძღოლის სატელეფონო გზავნილებით გატაცებამ რამდენჯერმე საავარიო სიტუაციაც შექმნა… შიშისაგან არ ვიცოდი რა მექნა…. და როცა საშინელი დამუხრუჭების ძალამ და ხმამ მძღოლს ტელეფონი ხელიდან ისე გააგდებინა რომ საქარე მინა დაუზიანა, მაშინ ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა….

-„ხომ გეუბნებოდი , დაანებე მაგ ტელეფონს თავი მეთქი… რა იყო ამისთანა მნიშვნელოვანი რომ შეტყობინებას შეტყობინებაზე აგზავნიდი?….“
ხმამხაღლა ვეუბნებოდი მძღოლს, რაზეც მან ოლიმიური სიმშვიდითა და ამერიკული ღიმილით მიპასუხა: – „I am sorry, I am sorry…“ (მაპატიე,მაპატიე); ამგვარმა დამოკიდებულებამ სულ გადამრია და „ოთარაანთ ქვრივის“ მსაგვსად წყევლა-კრულვა დამაწყებინა ლამის…. მოკლედ, სახლში მისვლამდე სულ რაღაც ათიოდე წუთი მქონდა დარჩენილი, როცა მძღოლმა უეცრად შემდეგი  გამიმხილა:

-„გასულ წელს ავტოავარიაში ორჯერ მოვხვდი,   მობილურზე ვთამაშობდი…  შემდეგ, იმავე წელს ტრასაზე მაღალი სიჩქარით მიმავალ მანქანას საბურავი ღერძიდან გამოძვრა, მაგრამ მაინც არაფერი მომივიდა…“

ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი იყო, რომლის მასშტაბმა თავად  მანქანის ძრავაც კი გამორთო მოულოდნელად.  კარები  დაუყონებლივ გავაღე და ტაქსიდან კი არ გადმოვედი, არამედ – გადმოვხტი… სახლის სადარბაზოსკენ ისეთი სწრაფი ნაბიჯებით გავაჭერი რომ გეგონებოდათ ვინმე მომსდევდა… და აი, მაშინ, კი გარკვეული ნოსტალგია შემომაწვა   ყვითელი „საბჭოთა ტაქსის“ მიმართ, რომლის მრიცხველის ჭრიალის ხმა გუთნის ხნულში მუშაობის მსგავსი იყო… ეჰ, ამოვიოხრე ჩემთვის და ჩავილაპარაკე: – „რას იზამ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, –   „ჩვეულება ხომ რჯულზე უარესიაო….“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.