„თავისუფალი ზონები“ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისათვის

Posted October 30th, 2011 at 6:49 am (UTC+4)
Leave a comment

ეს ამბავი ავტობუსით მგზავრობისას მოვისმინე და დაუყონებლივ მისი გადამოწმება გადავწყვიტე. შედეგმაც არ დააყოვნა და აი ფაქტის წინაშეც დავდექი.

თავდაპირველად, მცირეოდენი პროლოგის სანაცვლოდ:

ამერიკაში პროსტიტუცია დიდი ხნის წინ აკრძალეს. თავის დროზე, ერთ-ერთი ცნობილი
საროსკიპო,  ნიუ-იორკში, „პარკ ავენიუს 79“ ნომერში მდებარეობდა. თუმცა, მოგვიანებით, ამ ადგილს, პაექრობა, მანჰეტენის 42-ე ქუჩამაც გაუწია. ჯერ კიდევ 1933 წელს გადაღებულ მუსიკალურ ფილმში, სახელწოდებით – „42-ე ქუჩა, “ ოსტატურადაა აღწერილი მე-20 საუკუნის დასწაყისში გამეფებული პროსტიტუციისა და ბროდვეი შოუს უხამსი ნარევი. მოკლედ, ისტორიის მიმოხილვა იქით იყოს და როგორც ჩანს, წარსულის ნოსტალგია, არც ახალ ეპოქაში აღმოჩნდა უცხო… მერილენდის შტატში, „პრინც ჯორჯის“ ოლქის საბჭო კანონპროექტს იხილავს, რომელიც, ოლქის ტერიტორიაზე, პროსტიტუციისათვის „თავისუფალი ზონების“ შექმნას ითვალიწინებს. როგორც ამბობენ, ყოველივე ეს,  ხელს შეუწყობს პროსტიტუციის „გაფანტული“ ფაქტების აღმოფხვრას ოლქის მთელს ტერიტორიაზე. პარალელურად, საბჭოში,  ნარკოტიკების მომხმარებელთათვის,
ანალოგიური შინაარსის კანონპროექტიცაა წარდგენილი, რაც სკოლის ტერიტორიებიდან და
სათამაშო მოედნებიდან მოშორებით, მათთვის, ასევე „თავისუფალი ადგილების“ შექმნას
გულისხმობს. თუ ეს ყველაფერი განხორციელდა, მაშინ, ისტერნ ავენიუსა და ვაშინგტონის, კოლუმბიის ოლქის საზღვრის გასაყარზე მყოფი ფეარმაუნტ ჰაიტის მოსახლეობა  შვებით ამოისუნთქებს და ტროტუარზე მომობნეულ ნახმარ დამცავ საშუალებებსა და შპრიცებს ფეხს აღარ წამოკრავს. დღემდე არსებული სურათი კი მომძლავრებული „პირადი გრძნობების დაკმაყოფილების“ პროცესს ასე აღწერს: აქ არც თივის ზვინს ნახავთ და არც „ყარაულაშვილ ქეთოს“ შეხვდებით. ბოლო მოდელის ნაირ-ნაირი მანქანებით, „მომხმარებელი“ ისტერნ ავენიუდან,  ფეარმაუნტ ჰაიტს გაივლის და   მყუდრო შესახვევის ანდა მანქანის დასაყენებელი თავისუფალი ადგილის ძებნას გამალებით იწყებს. ცდილობს სწრაფად იმოქმედოს, რათა მოძალებულ ემოციას სათანადო მიმართულება დროულად მისცეს რომ ადრიანო ჩელენტანოს მსგავსად, ფილმ „ჭირვეულის მორჯულებაში,“ შეშის ჩეხვა არ დაჭირდეს. ყოველ დილით, ნახევრად შიშველი მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ყურება არც თუ ისე სახარბიელოა.
-„ჩვენ შვილების პატრონები ვართ, ოჯახები გვყვავს და არ გვინდა ამ საზარლობის ყურება,-“ მიხსნის ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც აღნიშნულ სანახაობას იმდენად შეუწუხებია რომ ქალის გაჩენის დღეს წყველის.

თუმცა, წყევლა, მარტო ამაზე უდავოდ გაჭრიდა რომ არა ტრანსექსუალი მამაკაცების
მიდი-მოდი…

-„ჯერ ეს გზაბნეული ქალები არ გვეყოფოდა ახლა ამათ „სიყვარილობანას“ რომ არ ვუყუროთ?! -“ მეუბნება, ხანში შესული  მეორე ფერადკანიანი ქალბატონი და თან სახით იმ მხარეს მიმანიშნებს, სადაც ქართული მულტფილმის „ზაქროსა და შაქროს“ მანქანების მსგავსად, ორი ახოვანი ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთის ალერსით გულს იჯერებს.

ახლა საშველი უდავოდ კანონპროექტის მიღებაშია… და, აი, ამის მერეც, თუ „მავანთა და
მავანთა“ „სიყვარული“ დაწესებული ტერიტორიის საზღვრებს გადასცდა, მაშინ 1000
დოლარიანი ჯარიმა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა არ ასცდებათ.

ეპილოგის მაგიერ:

ჩემმა დაუშრეტელმა ფანტაზიამ,  წამიერად თბილისის ცირკის მიმდებარე ტერიტორია გამახსენა. წარმოვიდგინე ანალოგიური კანონპროექტის განხორციელების შედეგი: „BMW-სა“ და C -კლასის მერსედესის უახლესი მარკის მანქანებით მისული  კლიენტურა  ქართულ მოუთმენლობას არ ეპუება და რიგს არღვევს. აღნიშნული ვითარება, არა-მარტო სამანქანო გზაზე ქმნის საშინელ საცობს  არამედ „თავისუფალი ზონის“ ტერიტორიაზეც, სადაც „ლამაზმან სუბიექტებს,“ თავი პატრულის დასაცავი უხდებათ.  და აი, სწორედ ამაზე ამბობენ ალბათ -„შარი ხეირად მექცაო…“ ოფლმოდენილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, „ლამაზმანების“ შეძახილს – „მე მიცავს ჩემი პატრული“ თავგანწირვით პასუხობენ: კიდევ ერთხელ, „მრეკეთ თავში  ქალბატონო მარგარიტა… “

 

 

 

 

 

„ტუტუც, ნიახური ხომ არა ხარ, ამ ქვეყანაზე მეორედ მოხვიდე?!..”

Posted October 30th, 2011 at 6:34 am (UTC+4)
Leave a comment

თავის დროზე, ცნობილმა ტელე-წამყვანმა და მედია მაგნატმა ოპრა უინფრიმ ერთ-ერთი შოუ მთლიანად იმ  საკითხს მიუძღვნა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის ერთობ მნიშვნელოვანია. კერძოდ, შოუს წამყვანი, მთელი ამერიკის მასშტაბით, ყველას მოუწოდებდა რომ არ გამოეყენებინათ მობილური ტექსტური გზავნილებისათვის მაშინ, როცა ისინი მანქანას მართავდნენ….

ოპრა უინფრის მიერ შემოთავაზებულ ფიცს სახელწოდებით – “No Phone Zone,“
(არასატელეფონო ზონა), 2009 წლის 18 იანვარს, 423330 ელექტრონული ხელმომწერი მოუგროვდა. მაგრამ პრობლემის გადაჭრა ამგვარი კამპანიითაც  ვერ მოხერხდა.

ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ყოველწლიურად, მილიონზე მეტი მძღოლი მანქანის ტარებისას  მობილური ტელეფონით მაინც სარგებლობს. ამის შედეგად, წლის პირველ ნახევარში 10,800 მათგანი კიდევაც დაჯარმიდა, რაც დაახლოებით, დღეში, 33 ცალი საჯარიმო ფურცლის  გამოწერის ტოლფასია.    ამგვარი ჯარიმის მეშვეობით,  ადგილობრივი პოლიცია, ცდილობს, მძღოლებს, საჭესთან ყოფნის დროს მობილურის გამოყენება გადააჩვიოს, თუმცა ამაოდ.

2004 წელს, დედაქალაქში, მანქანის ტარების დროს, მობილურზე საუბარი მხოლოდ   ყურსასმენის მეშვეობით გახდა დასაშვები. აღნიშნული კანონი თავდაპირველად 2001 წელს ნიუ-იორკში შემოიღეს. მიუხედავად ამისა, სკოლის ავტობუსის მძღოლებსა და მანქანის
მართვის სასწავლო მოწმობის  დროებით ფლობელებს, ყოველგვარი ყურსასმენის გამოყენებით,  მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება მაინც არ ეძლეოდათ.  აღნიშნულმა საკითხმა მძღოლების  უხასიათობა განაპირობა….

ისე, კაცმა რომ თქვას, ადამიანს ყველაზე დიდი მტერი  თავის თავის გარდა არავინ ჰყავს. რა გინდა შე დალოცვილო, შენს თავს ხომ იგდებ საფრთხეში და ახლა მეც გინდა დამაზარალო? –„ტუტუც, ნიახური ხომ არა ხარ, ამ ქვეყანაზე მეორედ მოხვიდე?!… “

ჰოდა, ასე მოხდა ამ რამდენიმე დღის წინათაც… ტაქსით 35 წუთიანი მგზავრობის დროს,  მძღოლს „სამსუნგის“ მობილური ტელეფონი ხელიდან არ გაუშვია და მესიჯს მესიჯზე აგზავნიდა. რა არ ვცდე, როგორი ქვეტექსტებით არ დავიწყე საუბარი რომ ტელეფონი როგორმე გვერდზე გადაედო და  კონცენტრირება სამანქანო გზაზე მოეხდინა,
მაგრამ ამაოდ….  მძღოლის სატელეფონო გზავნილებით გატაცებამ რამდენჯერმე საავარიო სიტუაციაც შექმნა… შიშისაგან არ ვიცოდი რა მექნა…. და როცა საშინელი დამუხრუჭების ძალამ და ხმამ მძღოლს ტელეფონი ხელიდან ისე გააგდებინა რომ საქარე მინა დაუზიანა, მაშინ ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა….

-„ხომ გეუბნებოდი , დაანებე მაგ ტელეფონს თავი მეთქი… რა იყო ამისთანა მნიშვნელოვანი რომ შეტყობინებას შეტყობინებაზე აგზავნიდი?….“
ხმამხაღლა ვეუბნებოდი მძღოლს, რაზეც მან ოლიმიური სიმშვიდითა და ამერიკული ღიმილით მიპასუხა: – „I am sorry, I am sorry…“ (მაპატიე,მაპატიე); ამგვარმა დამოკიდებულებამ სულ გადამრია და „ოთარაანთ ქვრივის“ მსაგვსად წყევლა-კრულვა დამაწყებინა ლამის…. მოკლედ, სახლში მისვლამდე სულ რაღაც ათიოდე წუთი მქონდა დარჩენილი, როცა მძღოლმა უეცრად შემდეგი  გამიმხილა:

-„გასულ წელს ავტოავარიაში ორჯერ მოვხვდი,   მობილურზე ვთამაშობდი…  შემდეგ, იმავე წელს ტრასაზე მაღალი სიჩქარით მიმავალ მანქანას საბურავი ღერძიდან გამოძვრა, მაგრამ მაინც არაფერი მომივიდა…“

ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი იყო, რომლის მასშტაბმა თავად  მანქანის ძრავაც კი გამორთო მოულოდნელად.  კარები  დაუყონებლივ გავაღე და ტაქსიდან კი არ გადმოვედი, არამედ – გადმოვხტი… სახლის სადარბაზოსკენ ისეთი სწრაფი ნაბიჯებით გავაჭერი რომ გეგონებოდათ ვინმე მომსდევდა… და აი, მაშინ, კი გარკვეული ნოსტალგია შემომაწვა   ყვითელი „საბჭოთა ტაქსის“ მიმართ, რომლის მრიცხველის ჭრიალის ხმა გუთნის ხნულში მუშაობის მსგავსი იყო… ეჰ, ამოვიოხრე ჩემთვის და ჩავილაპარაკე: – „რას იზამ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, –   „ჩვეულება ხომ რჯულზე უარესიაო….“

„დაიპყარი მაგრად“ თუ „შემოარტყი ალყა“ ანუ რა მიზანი აქვს კარვებში დაბანაკებულ პროტესტს

Posted October 27th, 2011 at 6:10 am (UTC+4)
Leave a comment

არა, არ გეგონოთ რაიმე ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ, უბრალოდ ჩემი ამერიკული „მიტინგების ვოიაჟი“ მინდა გაგიზაროთ…

ქართველკაცს რომ მიტინგებით  ვერ გააკვირვებ ეს უდავოა. ვერც მწვანე ბალახზე, ვაშინგტონის შუაგულში, სოკოებივით მომრავლებული კარვებით გაოცდება, რადგან ეს იმდენად ახლობელია მისთვის, რომ უკვე მნიშვნელობა არ ააქვს, თუ სად ნახავს მას, თავის სამშობლოში თუ სამშობლოს გარეთ. ჰოდა, მეც ასე დამემრთა, ნიუ-იორკში „უოლ სტრიტზე“ და ვაშინგტონში „თავისუფლების მოედანზე“ მისულს ნაცნობი ვითარების დანახვისას გული ამიჩუყდა და თავი ისე ვიგრძენი როგორც თევზი წყალში…

2011 წლის 14 ოქტომბერი, ნიუ-იორკი, „უოლ სტრიტი“,
დღის 13 საათი და 20 წუთი

 

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას რკინის ბარიკადები იცავს.   ქვეითი თუ ცხენოსანი შეიარაღებული  პოლიციელები საპროტესტო აქციის სანახავდ  ხალხის მისულ ნაკადს გამჭოლი მზერით აკვირდებიან.  ტრასფარანტები და შეძახილები ერთმანეთს რიტმში ენაცვლება. ერთი სიტყვით, მიტინგს ორგანიზება და წესრიგი ეტყობა. ახალი აქ არაფერია – ეს ხომ ამერიკაა…

მას შემდეგ რაც ნიუ-ორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქციის
მონაწილეებს  „ზუკოტის პარკში“ დარჩენის  პირობა მისაცა, მომიტინგეებმაც არ დააყოვნეს და პარკის ტერიტორიაზე ისე მოკალათდნენ როგორც მასწავლებლის მოლოდინში მყოფი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები…

ახალგაზრდა მამაკაცი,  ნაპოლეონის მსგავსად ჩაცმული,  რეპორტიორების შუაგულში მოხვედრილა და   საკუთარ გულის ტკივილს ყველას გასაგონად ამბობს:

„ჩვენ, აქციის მონაწილეები, დიახაც რომ ვიმსახურებთ განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან  ჩვენს მოთხოვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკის პოლიტიკაში… ჩვენ არსებობა გვინდა, მუშაობა გვწადია და იმ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა რომელსაც გამართული ეკონომიკა ექნება….   თავისუფლება უბრალო ხალხისათვის იგივე არ არის, რაც პოლიტიკოსებისათვის…“

პერმანენტულ აქციაზე მიღებული სამი ძირითადი  დოკუმენტი – მოთხოვნათა დეკლარაცია, სოლიდარობის პრინციპები და სამოქმედო გეგმა, აქციაზე მისულ სტუმრებს ხელში ძალაუნებურად უვარდებათ.

ფრაგმენტი დეკლარაციიდან:

„დღეს, ჩვენ,  სოლიდარობის პრინციპით შევიკრიბეთ, რათა მასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ. ჩვენ, აქ, იმისათვის მოვედით რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც საფინანსო კორპორაციებმა შეურაცყოფა მიაყენეს თანადგომა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ რომ ჩვენ თქვენი მოკავშირენი ვართ… ჩვენ ხმას ვიმაღლებთ სწორედ მაშინ, როცა კორპორაციები ხალხისგან წართმეულის მეშვეობით ღებულობენ მოგებას და სამართლიანობაზე წინ საკუთარ ინტერესს აყენებენ…“

აქციის ზოგიერთი მონაწილე თავს „ბურგერკინგის“ ჭამით შეიქცევს, ზოგიერთს კი ერთანეთში სასიამოვნო დიალოგის მეშვეობით საქმე იქამდეც მიუყვანია რომ უკვე
საკონტაქტო  ინფორმაციების გაცვლით არიან დაკავებულები….

„უკვე დაღამდა, წავიდეთ…“ – უეცრად ვიღაცამ შეყვირა და  პასუხმაც არ დააყოვნა

„გვიანია, მაგრამ  უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის
ყოველთვის დროა“

საღამოს მოახლოებამ  წვიმის გამალებული წვეთების თანმხლებით მომიტინგეები გაშლილი ცელოფნის კარვებისა ქვეშ აიძულა მოქცეულიყვნენ… ხოლო სანახაობის საყურებლად მისულ ხალხს კი  ქოლგების გაშლას ვერავინ ასწრებდა…  ასე იყო თუ ისე, „ვოლ სტრიტს“ დავემშვიდობე და გეზი ვაშინგტონისაკენ ავიღე…

2011 წლის 16 ოქტომბერი, ვაშინგტონი, კოლუმბიის   ოლქი,
„თავისუფლების სკვერი,“  დღის 14 საათი

ნიუ-ორკისაგან განსხვავებით აქ სულ სხვა სურათია.წამიერად თავი დასასვენებლ ადგილას მეგონა… გაშლილმა კარვებმა ჩემი თბილისიც გამახსენა მაგრამ ერთის განსხვავებით – აქ პოლიციელების რეზინის ხელ-კეტები ვერსად დავინახე და ვერც სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ე.წ ამერიკული „კუდისა“ თუ „სოდის“ თანამშრომლები შევნიშნე… ამ დემოკრატიულ რეალობაში გასაოცარი მხოლოდ ის აღმოვაჩინე რომ დარია თუ ავდარია, მიტინგია თუ აღლუმი, ქორწილია თუ დაკრძალვა, საჭმელი ამრიკელისთვის უმთავრესია. და აი ისიც, უამრავი სასმელი წყლის ბოთლები, ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილი სამზარეულო „ჰოთ-დოგებისა“ და „ჰამბურგერების“ მოხარშვას ვერ აუდის. შორიახლოს სამედიცინო პუნქტიც განუთავსებიათ. ხოლო აქციის მონაწილეთა ერთ ნაწილს კი გაშლილი ცელოფნის ფარდაგზე ისე ღრმად სძინავს, როგორც ქალაქიდან სოფლად ჩასულ დამსვენებელს.

ზოგიერთი ადამიანი კი შემოქმედებით წვაშია და  სამიტინგო განწყობილების ფურცელზე  გადატანას ცდილობს. შთაბეჭდილების გაზიარების დროს, არც ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილს დავიწყებიათ ერთმანეთის მოსიყვარულება. გაფიცულთა მყუდროება მხოლოდ უეცრად ამოვარდნილმა ქარმა დაარღვია…

„დედა-ბუნებაც მკაცრია ჩვენს მიმართ,-“ ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა ნონაწილემ…

„ყველანი კარვებში,-“ დაიძახა უეცრად საპროტესტო აქციის  მოხალისე-ორგანიზატორმა. შედეგმაც არ დააყოვნა და რამდენიმე წუთში ყველა კარვის შიგნით აღმოჩნდა. მხოლოდ მე, მარტინ ლუთერ კინგის პორტრეტი და ხის სკამზე, „სხვისი შვილივით,“  მიძინებული ფერადკანიანი მამაკაციღა შემოვრჩით….
სიმართლე გითხრათ, იმ დღეს ბევრი ვერაფერით მოვიხიბლე, რადგან მე ხომ იმ ქვეყნის შვილი ვარ სადაც მიტინგების მოწყობასა და „კარვობანას თამასში“ ბადალი,  რომ უეჭველად
არ გვყვავს… აი, ახლა მაინც ხომ თამამად შემიძლია განვაცხადო: „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!…..“

ქართული რჩევები ამერიკულ ფოსტა-ტელეგრაფს

Posted October 27th, 2011 at 5:25 am (UTC+4)
Leave a comment

ამ რამდენიმე დღის წინ რედაქციაში მისულს ჩემი კოლეგის მაია ქვარცხავას  სინანულით მონათხრობმა, ამერიკის საფოსტო სისტემაში
უმუშევრობის დაწყების თაობაზე, ცოტა არ იყოს მეც საგრძნობლად ჩამაფიქრა…

მოულოდნელად ჩანთაში ჩავიხედე და გასაგზავნ კონვერტს მოვკარი თვალი… სამსახურთან, შორიახლოს მდებარე ფოსტის შენობისაკენ, მეც დინჯად გავეშურე და თან ამერიკული ფოსტის ბედ-იღბლით შეწუხებულმა გამოსავლის ძებნა დავიწყე:

ამერიკაში საფოსტო სისტემის ისტორია სათავეს 1775 წლიდან იღებს; მოგვიანებით, 1975 წელს ფოსტა ფედერალური სააგენტო ხდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ნაწილობრივ ფინანსდება.თუმცა დღეს, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამერიკული ფოსტაგაკოტრების პირასაა. 10 მილიარდი დოლარის დანაკარგი, სასაწორკვეთილებაში მყოფითანამშრომლები და   ფოსტაში არსებული კრიზის აღმოსაფხვრელად, ფოსტის
გენერალური  ხელმძღვანელის  პატრიკ დონაჰიუს სენატში გაკეთებული განცახდება,
უიმედობის ნაპერწკალს უფრო აღვივივებს. თუმცა,  შემცირება პრობლემას არ ხსნის, არამედ პირიქით, ახალ თავსატეხს აჩენს; სრულ განაკვეთზე მომუშავე დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ფოსტის თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა, მათთვის, ხანგრძლივი დროით, უმუშევრობის  დახმარების დანიშვნას ითვალისწინებს, რაც ასევე დიდი
ფინანსებთანაა დაკავშირებული. ერთი სიტყვით, „ვაის გავეყარე“ და „უის შევეყარეო,“ ისეა ახლა ამერიკული ფოსტა-ტელეგრაფისა და სახელმწიფო ბიუჯეტის საქმე.

ხუმრობა იქით იყოს და მე მართლაც რომ მაწუხებს ჩემი საყვარელი მაღაზიების – „ნორდსტორმის“, „ბლუმინგდეილის,“ „მეისისა“ და „ვიქტორია სიკრიტის“ მიერ გამოგზავნილი კატალოგების ბედი იმ შემთხვევაში თუ ფოსტა შეზღუდულ სამუშაო განრიგზე გადავა. ამიტომ, საკუთარი სიამოვნების შენარჩუნების მიზნით, ფოსტის კრიზისიდან გამოსავლის გეგმაზე დავიწყე მუშაობა და აი, ისიც, რამდენიმე მოკრძალებული რჩევა;

გააუმჯობესეთ საფოსტო მარკის დიზაინი, მიანიჭეთ მას მომგებიანი ლატარეის ფუნქცია და პარალელურად გაათამაშეთ პრიზები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლებათ 44 ცენტიანი მარკა 46 ცენტად გაყიდოთ.

საფოსტო ამანათის მიმღებ მომხმარებელს, მომსახურების გაწევის მიზნით, მცირედი მაგრამ ფიქსირებული გადასახადი დაუწესეთ და თუ რამდენი, ეს უკვე ეკონომისთტთა მარიფათისათვის მიმინდვია.

რაც შეიძლება გააფართოვეთ საზოგადოებრივი კავშირები
და გააუმჯობესეთ სარეკლამო საქმიანობა.

შემოიღეთ მოხალისეთა სისტემა, რომელშიც კოლეჯის სტუდენტებს არა მარტო ზაფხულის არდადეგებზე დაასაქმებთ, არამედ წლის განმვავლობაში – პერმანენტულად. ამით კი სტუდენტებს, სწავლის საფასურის გადახდაში, შეღავათების შესაძლებლობა ექნებათ.

ფონდების მოძიების მიზნით, მოაწყვეთ საქველმოქმედო
კონცერტები, ქუჩის შოუები,
ცნობილი მომღერლების მონაწილეობით და შექმენით ლოზუნგები: „ჩემს გვერდით ჩემი ფოსტაა…“  „მე მიყვარს ჩემი ფოსტა…“ „ერთად გადავარჩინოთ ამერიკული ფოსტა…“

სულ ეს არის. რამდენად გასათვალისწინებელია ქართული რჩევის ნუსხა არ ვიცი, ეს
მკითხველისათვის მიმინდვია…

ერთი კი ცხადია, ცნობილი გამონათქვამის თანახმად „როცა ვერ ცვლი რეალობას, შეცვალე
დამოკიდებულება;“ ასე რომ ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამას.

 

 

 

 

საბჭოეთიდან – აიფოუნამდე

Posted October 13th, 2011 at 7:20 pm (UTC+4)
1 comment

ოქტომბრის ერთ მშვენიერ დილას, ვაშინგტონიდან ნიუ-ირკში ახლად ჩასულმა, ბრაიტონისაკენ ავიღე გეზი. იმ დღეს გადაწყვეტილი მქონდა ახლობლების მონახულება, ქართული პროდუქტის შეძენა და მანჰეტენზე მალევე  დაბრუნება.

ბროდვეიდან მეტროთი დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ბრაიტონ ბიჩის სადგურს მივადექი. მატარებლის ვაგონიდან ზანტად გამოვედი და ჯერ კიდევ  საბჭოთა ეპოქის შემორჩენილ „რეალობაში“ თავდავიწყებას მივეცი….

ბრაიტონ ბიჩი, ბრუკლინის სამხრეთით მდებარე ტერიტორია, „პატარა ოდესას“ სახელწოდებითაა ცბობილი; ამ ადგილას, დახლოებით 150,000 საბჭოთა ემიგრანტი, უმეტესად ოდესიდან, 70-იანი წლებიდან იწყებს   დასახლებას.

აქ ინგლისურის ცოდნა სავსებით არ გჭირდება… რუსული, ქართული, სომხური და უზბეკური ენები ისე ენაცვლება ერთმანეთს, როგორც ერთ დროს, წითელ მოედანზე, მავზოლეუმის წინ, ვალიდემერ ილიჩის ნეშტის ყარაულში მდგომი საბჭოთა ჯარისკაცის პატრული.

ბრაიტონ ბიჩი თავისი წესებით ცხოვრობს… რას არ ნახავს აქ ადამიანი: რუსული ალადებიდან დაწყებული, სომხური სუჯუხით, ქართული ლავაშით, ტყემლით, ხინკლით, ბორჯომითა თუ გუდის ყველით დამთავრებული. ჰო, მართლა, თუ გულდასმით მოათვალიერებთ სასურსათო მაღაზიის დახლებზე მარტყოფელი ძია მიშას შემწვარ გოჭსაც და აბაშის სულგუნსაც  წააწყდებით.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე კი სოკოებივით მომრავლებულ რუსულ აფთიაქებში, ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს და ნებისმიერი დასახელებსი მედიკამენეტს შიეძენთ; პრეისკურანტი ასეთია: ვალიდოლი – USD 0.99, ანალგინი – USD 1.50, იოდი – USD 1.00, მწვანე ბრილიანტი – USD 1.00, კატაბალახას ნაყენი – USD 2.50, კორვალოლი – USD 2.50, ნოშპა – USD 8.99 და ასე შემდეგ…

ქუჩაში,  სიგარეტის კვამლის გვირაბში მიმავალს, სპირტიანი სასმელის ბოთლები ფეხ-ქვეშ ისე მედება, როგორც  გოლფის ბურთი…. წამიერად  ფიქრებში ჩაფლულს მაიაკოვსკის ლექსიდან შემდეგი ფრაზა მახსენდება – „ვამბობთ ლენინი და ვგულისხმობთ მუდამ პარტიას, ვამბობთ პარტიას და ვგულისხმობთ ვლადიმერ ლენინს,“ რომელსაც პაექრობას შუფუტინსკის სიმღერის ხმა უწევს: „ლუბა, ლუბანკა, ცილუიუ ტიბია ვგუბანკი, ზა ტო ჩტო ტი პაიოშ კაკ სალავეი, სევოდნია ტი ნა ბრაიტონე სიაეშ აზავტრა მოჟნა ვიდიშ ნა ბროდვეი…. “

ამ ყველაფრის შემხედვარე ძნელია წარმოიდგინო რომ ამერიკაში ხარ… მაღაზია „რუსკაია კუხნიაში,“ შესულმა გადავწყვიტე 200 გრამი „სალათ სტალიჩნაია“ მეყიდა. დახლებს შორის არსებული  საშინელი სივოწროვისა  და მყიდველთა უაზრო სიარულის გამო მოულოდნელად პლსატმასის კონტეინერში ჩადებული მაიონეზიანი სალათი იატაკზე გადამივარდა და ისე გაიფანტა როგორც რუსული შეშის ღუმელიდან გამდოვარდნილი ნაკვერჩხალი. სხვა რა გზა მქონდა, იატაკი მოვწმინდე და ნაგავს სათანადო ადგილიც მივუჩინე; ის-ის იყო მაღაზიიდან გამოსვლას ვაპირებდი  წინსაფარაფარებული გამყიდველი ქალი ისე

გამომენთო როგორც ერთ დროს მეფის სასახლეზე თავდასახმელად წამოსული „წითლების“ ლაშქარი.

„-ა კტო ბუდიტ ზა ეტოტ პლოტიტ?

-ზა ჩტო, ზა მუსარ? – ვკითხე წარბაწეულმა

– და ზა მუსარ; ტი დოლჯნა ზნატ  ჩტო სდეს ი ზა მუსარ პლოტიატ ტოჯე…“

რა თქმა უნდა ჩემმა ქართულმა სიხისტემ და თავმყოყვარეობამ მაინც თავისი გაიტანა და დიდი გარჩევ-გამორჩევის მერე ფული მაინც არ გადავიხადე…

იქვე შორიახლოს წიგნის მაღაზიას მოვკარი თვალი და გულის გადაყოლების მიზნით გეზი მისკენ ავიღე და ვაი რომ სულ ტყუილა-უბრალოდ; ლენინის ტომეულებისა და სოციალიზმის თეორიაზე შედგენილ გამოცემებს დახლები ისე დამეძიმებინათ როგორც საბჭოთა ბანაკებს  ყამირის მიწები….

„არა ეს ამერიკა არ არის ჩემთვის ჩავილაპარაკე,“ და ჩემს ქართულ ნათქვმას პასუხიც იმავე ენაზე მოჰყვა…

„-აბა აქამდე გეგონა რომ შენ ამერიკაში იყავი?!“

_ „მე თბილისში დაბადებულ-გაზრდილი სომეხი საპოჟნიკი სირგო ვარ, და აი ახლა ხომ ხედავ ამათი გრუზჩიკი გავხდი…  ჩემს იქ ნასწავლ საპოჟნიკობას არ ენდობიან და მეუბნებიან აქ თუ გინდა იგივე აკეთო წადი ლიცენზია თუ რაღაც ქაღალდი მოიტანეო… ვერ გავაგებინე რომ მე ეგ არ მჭირდება-მეთქი… აფუსუს, ვინ ვის ასწავლის ჭკუას? გორბაჩოვს მიეცა ჩვენი ცოდვა საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის, რას გვერჩოდა, ჰა…“

არ ცხრებოდა ძია „სირგო,“ როდესაც უეცრად მობილურმა დაურეკა… ჯიბიდან „აიფოუნის“ ბოლო მოდელის აპარატი ამოიღო და ისე უპასუხა – „ჰელოუ“ გეგონებოდა კრემლის ყრილობაზე დასაპატიჟებლად ურეკავდნენ….

„-ხო სუსანა, გამოგიგზავნი 500 დოლარს და ქოუჩის სათვალესაც… კარგი აბა.. მერსი, ცავატანე…“ სწრაფად მოახსენა ძია სერგომ ცოლს ინფორმაცია და უმალვე გათიშა მობილური…

კონტრსატებისაგან გადაღლილმა  გადავწყვიტე ტერიტორიას დაუყონებლივ გავცლოდი, როდესაც უეცრად, შავ ლეგინგებში გამოწყობილ, ბოლო მოდაზე ჩაცმულ საქართველოში, ჩემს მეზობელად, მაცხოვრებელ ციალას მოვკარი თვალი…. „მალბორო ლაითის“ ღერის გაბოლებით   ისე თავისუფლად  მიარხევდა თეძოებს ჭიათურელი ციალა,  რომ ალბათ თავის დროზე, თავად, ჯულია რობერტსაც გაუჭირდებოდა ფილმ „ლამაზმანში“ ანალოგიური მოქმედების შესრულება…

ერთი სიტყვით, იმ დღეს, რაც ჩაფიქრებული მქონდა ვერაფერიც ვერ გავაკეთე, სამაგიეროდ, მანჰეტენზე უკან დაბრუნებულმა კარგ ხასიათზე დასადგომად „სტარბაკის კოფიში“  გადავწვიტე ცოტა ხნით შეყოვნება და ცივი კარამელ ფრაფუჩინოს დაჭაშნიკებით თავი რომ მართლაც რომ ბედნიერი ვიგრძენი.

 

 

 

 

 

 

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.