მსოფლიო მედიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხსენებული ადამიანი მოსკოვში კვლავ უჩინრად გადაადგილდება. რა ბედი ეწია შეერთებული შტატების მიერ ძებნილად გამოცხადებულ ედუარდ სნოუდენს, რომელსაც რუსეთმა დროებითი თავშესაფარი მიანიჭა?
ედუარდ სნოუდენი თითქმის 6 თვეა რუსეთში იმყოფება. მთელი ამ ხნის მანძილზე ის პირისპირ არც ჟურნალისტებს შეხვედრია და არც სხვა საჯარო თავყრილობაზე გამოჩენილა. გარშემო მყოფებისთვის მხოლოდ 3 დახურული შეხვედრის შესახებ არის ცნობილი. მათ შემდეგ ორი ფერმკრთალი ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც ამერიკის დაზვერვის ინფორმაციის გამჟღავნების მთავარი გმირი მოსკოვის ხიდზე დგას.
მისი ადვოკატი, ანატოლი კუჩერენა ამბობს, რომ სნოუდენმა პირველ ნოემბერს სამსახური დაიწყო. თუმცა არ უთქვამს, სად. თავად კუჩერენა რუსეთის მთავარი სადაზვერვო ორგანოს, ფეესბეს, უშიშროების ფედერალური სამსახურის, საზედამხედველო საბჭოს წევრია. ანდრეი სალდატოვი, რუსული დაზვერვის ექსპერტი ამბობს, რომ სნოუდენის რუსეთში ცხოვრებას უშიშროების ფედერალური სამსახური აკონტროლებდა და აკონტროლებს.
„პრობლემა იმაშია, რომ როცა მხოლოდ ისეთი ხალხით ხარ გარშემორტყმული, როგორიც კუჩერენაა, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ხდები დამოკიდებული“ – ამბობს ანალიტიკოსი.
სნოუდენს თავშესაფარი რუსეთში იმ პირობით მისცეს, რომ ის შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა და მას არ გაამწვავებდა. ის უარს ამბობს პრესკონფერენციებზე და აცხადებს, რომ კომპიუტერის საშუალებით შეერთებული შტატებიდან გატანილი მოპარული ელექტრონული ინფორმაცია ჟურნალისტებს მანამდე გადასცა, ვიდრე რუსეთში გაფრინდებოდა. თუმცა, სალდატოვის თქმით, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ეს ზედაპირზე ჩანს. ახალი მასალების გამოქვეყნებამ რუსეთთან სიტუაცია მართალია არ დაძაბა, მაგრამ მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ვაშინგტონის ურთიერთობებს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. ფრანგები და გერმანელები უკიდურესად აღაშფოთა გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ. სიტუაცია გამწვავდა მექსიკასთან და ბრაზილიასთანაც.
შეერთებული შტატების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვების ხარისხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრის დირექტორი, დმიტრი ტრენინი თვლის, რომ მსოფლიოს ლიდერები ან გულუბრყვილოები არიან, ან კიდევ მათი პროტესტი უბრალო სპექტაკლია. 80-იან წლებში ტრენინი საბჭოთა შეიარაღებულ ძალებთან ერთად აღმოსავლეთ გერმანიაში მსახურებდა და თვალყურს ამერიკელი კოლეგების საქმიანობასაც ადევნებდა.
„გულახდილად რომ გითხრათ, ამ სამყაროში საიდუმლო აგენტი თუ ხარ, არამარტო შენს მეტოქეებზე აგროვებ ინფორმაციას, არამედ შენს მოკავშირეებსაც უთვალთვალებ. ეს თამაშის ერთ-ერთი ყველაზე ძველი წესია. შეერთებული შტატები გერმანიაში 1945 წლის შემდეგ იმყოფება და მას შემდეგ ამერიკის მთავრობას სურს ზუსტად იცოდეს, თუ რას ფიქრობს გერმანიის ხელისუფლება“ – აღნიშნავს კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრის დირექტორი.
მას უკვირს, რომ ბევრს ან დაავიწყდა, ან საერთოდ არ იცოდა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო დაზვერვა და რა ხარისხით ხდება ინფორმაციის მოგროვება ჯაშუშების მიერ. „ძალიან, ძალიან გავბრაზდებოდი რუსეთის მთავრობაზე, თუკი რუსეთის ხელისუფლება არ აგროვებს ინფორმაციას იმ ქვეყნებში, რომელთანაც მას რაიმე სახის კავშირი აქვს“ – ამბობს დმიტრი ტრენინი.
სალდატოვი შიშობს, რომ სნოუდენის მიერ დაზვერვის მეტი გამჭვირვალობისკენ გადადგმული ნაბიჯი უშედეგოდ არ ჩაივლის და მას უარყოფითი გავლენა ექნება. ეს ხელს აძლევს და აძლიერებს სწორედ ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებს და მათ მისწრაფებებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. მათ ისედაც დიდი ხანია სურთ, რომ ბოლო მოუღონ ინფორმაციის თავისუფალ გადინებას ინტერნეტზე და გეგმაში ე.წ. „სუვერენული კონტროლის“ კედლების აშენება აქვთ.
ბედის ირონიით, სნოუდენის მასპინძელი ქვეყანა მართლაც იმ მიმართულებით მიდის, რომლის წინააღმდეგაც ის გამოვიდა: ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა მეტი კონტროლის და თვალთვალისკენ. რუსეთის დუმა ამზადებს კანონს, რომელიც უფლებას მისცემს ფეესბეს, უშიშროების ფედერალური სამსახურს, ავტომატურად აკონტროლოს ყველა ელექტრონული თუ სატელეფონო კომუნიკაცია რუსეთში.