ერთ საღამოს, მოსკოვში, ჩემი ორი კოლეგა, ამერიკელი ჟურნალისტები კამათობდნენ თემაზე, ამერიკას უფრო სჭირდება დღეს რუსეთი, თუ რუსეთს – ამერიკა. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემი მეგობრები ცოტა არაადეკვატურები იყვნენ.
რეალობა ასეთია:
მოსახლეობა: 25 წელიწადში 400 მილიონ ამერიკელზე 133 მილიონი რუსი იქნება
ეკონომიკა: ამერიკის ეკონომიკა რუსეთისას 8-ჯერ აღემატება
არმია: შეერთებული შტატების და რუსეთის შეფარდება 10 / 1-ზეა
და თუ რაიმე დრამატული არ მოხდა, როგორიცაა, მაგალითად კლიმატური ქაოსი, წარმოუდგენელია, რომ რაიმე ამ განლაგებაში მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ამერიკის დიდი უპირატესობა ბუნებრივი თხევადი აირის წარმოებაში მომხდარი რევოლუციაც არის, რომელმაც შეერთებულ შტატებში რეინდუსტრიალიზაცია დაიწყო. ამის საპირისპიროდ რუსეთის მიერ ექსპორტირებული ბუნებრივი აირიდან შემოსული მოგება თანდათან კლებულობს.
მსოფლიო არენაზე სიტუაციის კომპენსირებისთვის კრემლი ცდილობს რუსეთი ჩინეთს მიაწებოს. ეს სათამაშო მოედანზე საშუალო ტანის ბავშვს მაგონებს, თავდაცვისთვის ეზოში ზომით ყველაზე დიდ ბიჭს რომ ეტმასნება. კრემლი შიგადაშიგ ჩინეთთან ურთიერთობას მცირე მასაჟებსაც სთავაზობს. ჩინეთის დაბინძურებული ჰაერი, თუ საერთაშორისო წყლები და მტკიცე უარი რუსეთის ტერიტორიაზე საწარმოების მშენებლობის საკითხზე – ეს ყოველივე რუსეთის ლიდერებს არ აწუხებს.
პირიქით, კრემლი დროდადრო ვაშინგტონთან კინკლაობისთვისაც იცლის. იანვარში ამერიკელებზე ბავშვების გაშვილების აკრძალვის შემდეგ, ამერიკული ღორის ხორცის იმპორტის შეწყვეტა, შემდეგ კი აეროფლოტისთვის ბოინგ 777-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერება გადაწყდა. ისედაც სავაჭრო დეფიციტის პირობებში, ახალი შეზღუდვები რუსეთს ობამას ადმინისტრაციასთან და შეერთებული შტატების კონგრესთან კიდევ უფრო აცილებს.
მაგრამ ამ ფონზე რამდენიმე შემორჩენილი, პროტესტის შემცველი ხმა ვაშინგტონში მაინც ითხოვს, რომ პუტინის ადმინისტრაციასთან თავაზიანობა შევინარჩუნოთ, რადგან ნამდვილად გვჭირდება რუსეთის თანადგომა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხზე.
რას მეუბნებით, მართლა? მოდით, ერთად გადავამოწმოთ.
– ჩრდილოეთ კორეა –
კიმთა დინასტია პოლიტიკური ფრანკენშტეინია, რომელიც მათ შემოქმედ კრემლს დიდი ხანია, რაც ხელიდან გაუსხლტა. ალბათ, ერთი 50 წლის წინ. ბირთვული იარაღის საკითხზე ფხენიანი მოსკოვის სრულ იგნორირებას ახდენს. რუსეთის ელჩმა ერთხელ მითხრა, რომ ჩრდილოეთ კორეელები ლოკოკინობანას თამაშობენ. ნიჟარაში იმალებიან და ატომური იარაღი გამოქვაბულებში აქვთ გადამალულიო. მართალიც იყო. ბირთვული იარაღის გამოცდებზე რუსეთის ერთადერთი რეაქცია რა იყო? მათ ვლადივოსტოკში რადიაციის გამზომი დეტექტორები ჩართეს. ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეაზე რალური გავლენა დღეს მხოლოდ ჩინეთს გააჩნია.
– სირია –
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა სირიის ოპოზიციასთან, დამაიმედებელია, მაგრამ პირველი არ არის. დაინტერესებული მხარეები დიდი ხნის მანძილზე იმედოვნებდნენ, რომ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა შესაძლებელი გახდებოდა, თუკი რუსები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს დათმობდნენ, ამერიკელები კი – სირიულ ოპოზიციას. ახლა უკვე ნათელია, რომ კრემლი არ, და სავარაუდოდ, ვერ იზამს ამას. რა თქმა უნდა, 60 ათასი დაღუპული სირიელის ფონზე კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებისთვის რუსეთის დიპლომატიური მხარდაჭერის გამოყენების მცდელობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ 18 თვის მანძილზე გაჭიმული დიპლომატიური ჩავარდნის შემდეგ ვაშინგტონს ილუზიები აღარ გააჩნია.
– ირანი –
კრემლს ვინც არ უნდა განაგებდეს, ამ საკითხში ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. რუსეთს ირანთან პაექრობის 500-წლოვანი ისტორია აქვს. რუსეთს არაფერში სჭირდება ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი თავის სამხრეთ საზღვრებთან. არც ისეთი ნაბიჯის გადადგმა უნდა, რასაც ირანი მას მომდევნო წლებში წამოაძახებს. ამის გათვალისწინებით, რუსეთის მიერ „ეს-300“ ტიპის რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვის შეჩერება თეირანზე ერთგვარი ზეწოლაა, რომ ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს.
– ავღანეთი –
ფოლკლენდის ომის დროს ჰენრი კისინჯერმა არგენტინა ერთხელ ასე დაახასიათა: „ანტარქტიკის გულზე აღმართული ხანჯალი“. ბევრი ამერიკელისთვის ავღანეთსაც მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მაგრამ პრეზიდენტმა ობამამ ინაუგურაციის საზეიმო სიტყვაში აღნიშნა: „ომის დეკადა სრულდება“. რუსეთისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ სხვისი კრიტიკის შემდეგ მალე თვითონ შეეძლება ჰქონდეს პრივილეგია რუსი გადამხდელების ფულით ავღანეთის სტაბილიზება სცადოს და ისლამისტური ექსტრემიზმის ცენტრალურ აზიაზე გავრცელება შეაჩეროს. ეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. რუსული კომპანიები და რუსეთის მთავრობა ნატოს გადაზიდვებით შემოსულ მოგებასაც კარგავენ. რუსეთის მიერ ავღანეთში საერთაშორისო ალიანსის მომარაგებისთვის ხელშეწყობა რუსეთისთვის ძალზე სარფიანი იყო. არამარტო ფინანსურად, არამედ მათ სტრატეგიულ ინტერესებსაც ემსახურებოდა.
– სარაკეტო თავდაცვა –
რუსეთთან თანამშრომლობა მომგებიანი იქნებოდა, თუკი კრემლი ირანიდან დასავლეთის მიმართულებით საპიკეტო ხაზს მოაწყობდა. მაგრამ რუსეთის ხმამაღალი წინააღმდეგობა პროგრამის განვითარებას ოდნავადაც არ ასუსტებს. ირანული რაკეტების შესაჩერებლად საზღვაო ფლოტის კუთვნილებაში მყოფი რაკეტგადამჭერი სისტემები დღეს უფრო კარგად არის განლაგებული, ვიდრე სახმელეთო რაკეტები ცენტრალურ ევროპაში. იანვარში თურქეთში განთავსებული პატრიოტის ტიპის რაკეტებიც თავისებურ როლს თამაშობს. იანვარში ლავროვმა ვაშინგტონის პოზიციასთან დაკავშირებით საკმაო სიზუსტით შენიშნა: „თითქოს დიალოგის გაგრძელებას გთავაზობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში აკეთებენ იმას, რასაც გადაწყვეტენ“.
– ბირთვული განიარაღება –
ეს არის საკითხი, რომელიც პრეზიდენტ ობამას გულთან ძალიან ახლოს მიაქვს, თუმცა, პრინციპში, ამერიკელი ამომრჩევლისთვის არც იმდენად მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდების ჩატარებამ ეს სიტუაცია შეიძლება შეცვალოს. მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა ამერიკამ და რუსეთმა აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე არსენალი რამდენადმე შეამციროს. მაგრამ კონგრესის სკეპტიციზმის ფონზე ორმხრივი მოლაპარაკება ძნელი მისაღწევი იქნება. თან, თუკი რუსეთის სავაჭრო ბლოკადა ღორის ხორცს და ბოინგებს გაცდა, საერთოდ შეგვიძლია დავივიწყოთ რაიმე პროგრესი ამ სფეროში.
– ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში –
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უშიშროების საბჭოს თანხმობა დიპლომატიური და სამხედრო სვლების სოლიდური ლეგიტიმიზაციის საფუძველს იძლევა. პოსტ-საბჭოთა ეპოქაში ვეტო რუსეთისთვის ყველაზე ძლიერი ძალაუფლების ბერკეტია. მაგრამ ეს გარემოებაც შეიცვალა. ბუშის ერაყში, თუ ავღანეთში შეჭრის ეპოქა დასრულდა. ობამას ადმინისტრაცია ამ ომებს ასრულებს და ზოგიერთ მათგანში მხოლოდ ლიმიტირებულ მონაწილეობას ინარჩუნებს. ლიბია ამის საუკეთესო მაგალითია. „გაძღოლა ბოლო რიგებიდან“ – ასეთი ტერმინიც კი გამოიყენეს ლიბიაში ვაშინგტონის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მალი საფრანგეთს დაუთმეს. სირიას დიდი დოზით ჯერ კიდევ აკვირდებიან. ახალ სამოქალაქო ომებში ჩართვასთან დაკავშირებით ამერიკელი ამომრჩევლების განსხვავებულ მიდგომათა გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკა უშიშროების საბჭოს ანალოგიური თანხმობის მისაღებად, უფრო და უფრო იშვიათად მიმართავს. და თუკი პირდაპირი საფრთხე გაჩნდება, ამერიკის პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რესპუბლიკელი იქნება, თუ დემოკრატი, უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშეც იმოქმედებს.
ამ დროს რა უნდა რუსეთს შეერთებული შტატებისგან?
მოკლე სიას შემოგთავაზებთ:
- ინვესტიციები მრეწველობის განვითარებაში, რათა ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე დამოკიდებულების დივერსიფიცირება მოხდეს
- არ მოხდეს სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირება
- მხარდაჭერა ავღანეთიდან შუა აზიის მიმართულებით ისლამისტური რადიკალიზმის გავრცელების შეჩერებაში
- რუსული ექსპორტიორების მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში ჩართვის უზრუნველყოფა
- რუსი ტურისტებისთვის ამერიკაში მოგზაურობის გაადვილებული პირობების შენარჩუნება
- ე.წ. „პაქს ამერიკანას“ გაგრძელება (ლათინურად „მშვიდობა ამერიკულად)“, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის მიერ დასავლეთ ნახევარსფეროში გარანტირებულ თავისუფალ და უსაფრთხო სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს
საკონგრესო მოსმენებზე მაშინ ჯერ კიდევ სენატორმა ჯონ კერიმ, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტზე იყო წარდგენილი, რუსეთთან მიმართებაში სიფრთხილე და შეზღუდული მოლოდინი გარკვევით გამოხატა; განაცხადა, „მინდა ვნახო, თუ შევძლებთ თანამშრომლობის რაიმე ფორმის გამონახვასო“.
P.S.
ამ ბლოგის დაწერის შემდეგ, 11 თებერვალს რუსეთმა ამერიკული ინდაურის ხორციც აკრძალა, რითაც ათობით მილიონი დოლარის ღირებულების სავაჭრო გარიგებები დაბლოკა. თუმცა, ახალ ბოინგს 777-300ER მწვანე შუქი აუნთეს და 16 თვითვმფრინავის შეკვეთასაც გეგმავენ.