პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის ახლადგახსნილი მემორიალის შეხედვისას დამრჩა, ერთგვარად, თანსწორუფლებიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირებულების ემოციების ჭიდილს წარმოადგენდა. გონებაში, ისტორიული ქრონიკები, საათის ისრებივით ტრიალებდნენ და ზოგადსაკაცობრიო სიტყვები – “I Have a Dream…” („მე მაქვს ოცნება’“ ) და “Let Freedom Ring” („დაე თავისუფლება რეკდეს“) მრავალხმიანობას მატებდნენ.
უტყვი მზერა ხანდახან გულის ამაჩუყებლად ბავშვური მეჩვენა, ხანდახან შეძრწუნებული და გაბრაზებულიც კი; და როგორც ხელოვნების ნიმუში, მისი ყოველი ნახვისას, რაღაც განსაკუთრებულს, ახალს ვხედავ მასში. სამოქალაქო უფლებების დამცველი ლიდერი, თეთრ გრანიტში გამოხატული იმედის სახით, მოულოდნელად მაფიქრებინებს, – გლობალიზაციის ეპოქაში მრავალი პოლიტიკური ტრანსფორმაციის თვითმხილველებს, იქნებ, მარტილ ლუთერ კინგის შეძახილისათვის კიდევ ერთხელ რომ მოგვესმინა, ალბათ, უფრო შეუპოვრად ვიბრძოლებდით სოციალური სამართლიანობის წარმატებული განვითარებისათვის. ამერიკამ ბევრჯერ შეძლო ლუთერ კინგის ოცნების რეალიზაცია; დემოკრატიაზე დაფუძნებული სხვადასხვა რაკურსში განხორციელებული წარმატეტები შემდგომში მსოფლიო პოლიტიკის წესრიგის განმსაზღვრელად იქცა; დიახ, ქვეყანა რომელიც „ძალიან დიდია პატარა ნატვრისათვის,“ დღეს, ახალი, სახელმწიფოებრივი გამოწვევების გასაყარზე დგას. კატაკლიზმებმა ტექნოლოგიასა და ეკონომიკაში, თუ გლობალურმა ომებმა და კონფლიქტებმა, ცვლილებების მოხდენის აუცილებლობა დაგვანახვა. 9,1444
(30 ფუტი) მეტრი სიმაღლის ქანდაკების გახსნას, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი თავადვე დაესწრო. ბარაკ ობამას პრეზიდენტობა, მარტინ ლუთერ კინგის ახდენილი ოცნების მცირედი ნაწილია იმ დიდი ნუსხიდან, რომელშიც
კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, შემწყნარებლობა და პატრიოტიზმი სოციალურ სამართლიანობასთან ერთად საზოგადეობის ფასეულობის განმსაზღვრელად გველინებიან. მოგვიანებით მარტინ ლუთერ კინგი თავადვე იტყვის, რომ დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იძულებულია რაც შეიძლება მთელი სიცხადით შეითვისოს საზოგადოების ფასეულობის ყველა ის პრინციპი, რომლის უგულვებელყოფას კაცობრიობის განადგურებამდე მივყავართ.
„I have a dream that one day this nation will rise up and live out the true meaning of its creed: We hold these truths to be self-evident, that all men are created equal”.
„მე მაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს, ერი ჩვენი გაიაზრებს და მივა იმ ჭეშმარიტებამდე, რაც ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობას გულისხმობს…“
მარტინ ლუთერ კინგის ეს სიტყვები, სამოქალაქო სამსახურის, საზოგადოებრივი სულიერებისა და სამართლიანობის ჰარმონიული ერთობლიობის თანხვედრას წარმოადგენს.