ერთი სახე მრავალი ინტერპრეტაციით

Posted October 30th, 2011 at 6:55 am (UTC+4)
Leave a comment

პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ვაშინგტონში, მარტინ ლუთერ კინგის ახლადგახსნილი მემორიალის შეხედვისას დამრჩა, ერთგვარად, თანსწორუფლებიანობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა  და სახელმწიფოებრივი ღირებულების ემოციების ჭიდილს წარმოადგენდა. გონებაში, ისტორიული ქრონიკები, საათის ისრებივით ტრიალებდნენ და ზოგადსაკაცობრიო სიტყვები – “I Have a Dream…” („მე მაქვს ოცნება’“ ) და “Let Freedom Ring”  („დაე თავისუფლება რეკდეს“) მრავალხმიანობას მატებდნენ.

უტყვი მზერა ხანდახან გულის ამაჩუყებლად ბავშვური მეჩვენა, ხანდახან შეძრწუნებული და გაბრაზებულიც კი; და როგორც  ხელოვნების ნიმუში, მისი ყოველი ნახვისას,  რაღაც განსაკუთრებულს, ახალს ვხედავ მასში. სამოქალაქო უფლებების დამცველი ლიდერი, თეთრ გრანიტში გამოხატული იმედის სახით, მოულოდნელად  მაფიქრებინებს, – გლობალიზაციის ეპოქაში მრავალი პოლიტიკური ტრანსფორმაციის თვითმხილველებს, იქნებ, მარტილ ლუთერ კინგის შეძახილისათვის კიდევ ერთხელ რომ მოგვესმინა,  ალბათ, უფრო შეუპოვრად ვიბრძოლებდით სოციალური სამართლიანობის წარმატებული განვითარებისათვის. ამერიკამ ბევრჯერ შეძლო ლუთერ კინგის ოცნების რეალიზაცია; დემოკრატიაზე დაფუძნებული სხვადასხვა რაკურსში განხორციელებული  წარმატეტები შემდგომში მსოფლიო პოლიტიკის წესრიგის განმსაზღვრელად იქცა; დიახ, ქვეყანა რომელიც „ძალიან დიდია პატარა ნატვრისათვის,“ დღეს, ახალი, სახელმწიფოებრივი გამოწვევების გასაყარზე დგას. კატაკლიზმებმა ტექნოლოგიასა და ეკონომიკაში,  თუ გლობალურმა ომებმა და კონფლიქტებმა, ცვლილებების მოხდენის აუცილებლობა დაგვანახვა. 9,1444
(30 ფუტი) მეტრი  სიმაღლის ქანდაკების გახსნას, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შავკანიანი პრეზიდენტი თავადვე დაესწრო. ბარაკ ობამას პრეზიდენტობა, მარტინ ლუთერ კინგის ახდენილი ოცნების მცირედი ნაწილია იმ დიდი ნუსხიდან, რომელშიც
კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა,  შემწყნარებლობა და პატრიოტიზმი სოციალურ სამართლიანობასთან ერთად საზოგადეობის ფასეულობის განმსაზღვრელად გველინებიან. მოგვიანებით მარტინ ლუთერ კინგი თავადვე იტყვის, რომ დროის გასვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იძულებულია რაც შეიძლება მთელი სიცხადით შეითვისოს საზოგადოების ფასეულობის ყველა ის პრინციპი, რომლის უგულვებელყოფას კაცობრიობის განადგურებამდე მივყავართ.

„I have a dream that one day this nation will rise up and live out the true meaning of its creed: We hold these truths to be self-evident, that all men are created equal”.

„მე მაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს, ერი ჩვენი გაიაზრებს და მივა იმ ჭეშმარიტებამდე, რაც ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობას გულისხმობს…“

მარტინ ლუთერ კინგის ეს სიტყვები, სამოქალაქო სამსახურის,  საზოგადოებრივი სულიერებისა და სამართლიანობის ჰარმონიული ერთობლიობის  თანხვედრას წარმოადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.