თავის დროზე, საქართველოში, სიტყვა „ბრენდინგის“ მნიშვნელობას ვერა და ვერ ვხვდებოდი თუ რა კონტექსტში ხმარობდნენ ჩემი ე.წ. „მწიგნობარი“ კოლეგა – თანამემამულენი. ეს კიდევ არაფერია, ჩემმა გაოცებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ასეთი საგნის დასახელებას წავაწყდი: – „ქართული ბრენდინგის საფუძვლები.“ მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ამერიკაში ჩამოსვლისთანავე, ბრენდინგის დანიშნულებისა და მისი საჭიროების გარკვევა დავიწყე.
„ლორეალი,“ „მერაია ქერი,“ „მეიბელაინი,“ „ეივონი,“ „ავანსეი,“ „დერმანიუ,“ „ნიუთროჯინა“ – ეს ის კოსმეტიკური საშუალებებია, რომლებიც, ამერიკაში, წლების განმავლობაში გარკვეული წარმატებით სარგებლობდა და სარგებლობს კიდეც. თუმცა, ბოლო დროს გამოჩენილმა ახალმა კოსმეტიკურმა სახეობამ – „ბიუთი ედიქტსმა“ აღნიშნული ბრენდების მარკეტინგის საკითხი ცოტა არ იყოს შეასუსტა.
„თანამედროვე ტექნიკის უმაღლესი საშუალებებით დამზადებული „ბიუთი ედიქტსის“ ყველა პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური შემცველობისაა და სრულებით გამორიცხავს ქიმიურ ელემენტებს. ბუნებრივი მინერალებისაგან დამზადებული თვალის წენი, წამწამის ტუში, სახის ტონერი თუ ტუჩის ნელ-საცხი, ბრენდინგის თანამედროვე სტანდარტებით გამოირჩევა“ – მიხსნის „ბიუთი ედიქტსის“ ბრენდინგის მენეჯერი ჯენინ პიზა.
ჰოლივუდის მსახიობები – ნატალი პორტმანი, შერონ სტოუნი, ალფრე ვიდარდი, სტეისი კელბლერი, ცნობილი ამერიკელი მომღერალი – ბრუკ ჰოგანი, პოპულარული ინგლისელი ნოველისტი – ჯეკი კოლინსი და წარმოშობით უკრაინელი, ფიგურული სრიალის მოცეკვავე ოქსანა ბალული – „ბიუთი ედიქტსის“ აქტიური მომხმარებლები არიან.
ახლად გამოჩენილ კოსმეტიკურ საშუალებას უკვე ამერიკის სამომხმარებლო ბაზრის 65 პროცენტი უჭირავს. „ამ წარმატების საფუძველს ჩვენს მიერ ბრენდირების მართებულად წარმოებული სარეკლამო კამპანია და პროდუქციის ხარისხის შეადგენს,-“ მეუბნება ქალბატონი პიზა.
მიუხედავად თავბრუდამხვევი, დამაინტრიგებელი და მომხიბვლელად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩემს ცნობისმოყვარეობას ბრენდინგის სრული შეცნობის თაობაზე საზღვარი არ ჰქონდა. ამიტომ, როგორც ამბობენ – „ათჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო“ და შემოთავაზებულ წინადადებას, საკუთარ თავზე გამომეცადა „ბიუთი ედიქტსის“ სასწაული, უმალვე დავთანხმდი. მოვლენები კი ასე განვითარდა: პროფესიონალი გრიმიორი ჩემს სახეს ისე მიუდგა თითქოს თაბაშირისაგან ადამიანის ახალ პროფილს ქმნიდა. სახის დამუშავება სპეციალური დამატენიანებელი გამწმენდი საშუალებით დაიწყო, რომელსაც, ნუმერაციის მკაცრი დაცვით, თვალის ათასგვარი მკვებავი, წენი, კონტური თუ წამწამის ასაპრეხი მოჰყვა. შემდეგ სახის დეტალების ცალკეული დამუშავების ჯერიც დადგა; სახეზე პირველად, ე.წ საძირკველი განთავსდა, რომელსაც თავისი ელემენტები მოჰყვა. ბოლო ეტაპზე კი ტუჩის შეღებვის პროცედურა ჩატარდა. ერთი სიტყვით, გალამაზების ამ პროცესს, მთლიანად, ერთი საათი მაინც დაჭირდა.
დასრულებული სამუშაოს სანახავად სარკე უმალვე მოვიმარჯვე და საკუთარი თავის დანახვამ სრულიად გამაოცა, რადგან იმდენად განსხვავებული ვიყავი რომ თვალებს არ ვუჯერებდი. უმთავრესი კი ის იყო, რომ ჩემს მაკიაჟს ბუნებრიობის ელ-ფერი სავსებით შემორჩენილი ჰქონდა, რაც ალბათ ფოტოებზეც შეიმჩნევა;
და აი, მაშინ კი მივხვდი ბრენდინგის დანიშნულებასა და მის მართებულად წარმოების მიზანს, რომელსაც თეზისების სახით გთავაზობთ:
1.ბრენდინგი მომხმარებლის სრულ დაკმაყოფილებას ითვალისწინებს;
2.ბრენდინგის ათასჯერ განმარტებას, მომხმარებელზე მისი ერთხელ გამოცდა მაინც ჯობია;
3. ბრენდინგის რეკლამირების უმთავრეს საშუალებას მომხმარებელთან კომუნიკაციის წარმოების ეფექტური გზა წარმოადგენს;
4.ბრენდინგის გასაღების წყაროს კი პროდუქციის მარალხარისხიანობა, ნდობა და მომხმარებლის ლოიალობა შეადგენს;
5.ბრენდინგის მიზანია მომხმარებელში პროდუქციის შეძენის ან მიღების დაუყონებლივი სურვილი აღძრას.
ეს უკანსაკნელი კი ჩემში უკვე გარკვეულწილად არსებობს; ჯერი ახლა თქვენზეა.
Older: „ჩემი ერთი კვირა მერლინთან“ | Newer: მშვიდობით, ფაილინ! |
„ათჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია“
Posted December 9th, 2011 at 10:20 pm (UTC+4)
Leave a comment
Older: „ჩემი ერთი კვირა მერლინთან“ | Newer: მშვიდობით, ფაილინ! |