რა მასწავლა ემიგრაციამ

Posted April 3rd, 2012 at 9:15 pm (UTC+4)
Leave a comment

– დედა, ხომ მალე ჩამოხვალ?
– კი, სანდრო, ძალიან მალე და წამოგიყვან აქეთ კიდეც …
– არა, შემპირდი რომ ამ ზაფხულს ჩამოხვალ, ჩემს დაბადების დღეზე და დარჩები…

ეს ნაწყვეტი, ჩემი და ჩემი 9 წლის შვილის სატელეფონო საუბრიდანაა…

შეუცნობელია ის ძალა, რომელიც ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს არსებობას გვიადვილებს. სახეს მხოლოდ ცივი გამოხედვა შერჩენია… აქ, ყველაზე მეტად თვით გადარჩენის მუხტი მუშოაბს. იცი, რომ სხვა გზა არ გაქვს, უკან დახევა სისუსტის ნიშანია, ამიტომ წინ ისე უნდა იარო რომ არ ჩაიმუხლო…
მაინც რა არის ემიგრაცია? – ნაირსახეობათა თავშეყრის უკიდეგანო ადგილი, თავისი მრავალფეროვანი ხასიათით, ზოგჯერ შიმშილით, წყურვილით, ერთმანეთის შუღლით, ღალატით, ქიშპობით, გაუტანლობით, მარტოობითა თუ დაუფასებლობით…

თუმცა ემიგრაციას თავისებური “ხიბლიც” აქვს; აქ ყველაზე კარგად საკუთარ თავს ხედავ და მიუხედავად სინდისისა და თავისუფლების გამუდმებული მეტოქეობისა, ყველაზე კარგად, აქ, ადამიანის ზნეობრიობა ვლინდება…
ემიგრაცია საკუთარი კანონებით მოქმედებს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, მორალის პრინციპებს არ იზიარებს…

სამშობლოსთან ხანგრძლივი დამშვიდობებისას წარმოთქმული მტკიცე “ნახვამდის” ახლა ბევრ რამეზე მაფიქრებს; ძირითადი რწმენა და პატრიოტიზმია…
როდესაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრების მიღმა რჩებიან, მათ ურთურთობაში გარკვეული ბარიერი ჩნდება, თუმცა ეს მარტო სიშორეზე არაა დამოკიდებული;
ამ დროს მანძილს არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს – ათი კილომეტრი გაშორებს თუ ათასი…

ქართული ემიგრაციის ისტორიიდან რამდენიმე ეპოქას გამოვყოფდი; ესენია 1921, 1937 , 1941 წლები, შემდეგ ცოტაოდენი პაუზა და ისევ 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ემიგრაციის ახალი ტალღა… ჩვენ უახლოესი დროის „დაკარგული“ თაობის ემიგრანტები ვართ… თაობას, რომელსაც უსამშობლობის მიკრობმა სისხლში სხვანაირი ფერი შესძინა… თაობას, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობენ და რომელსაც ისე უგულოდ დაემშვიდობნენ, რომ უკან დაბრუნებაც აღარ უნდა; და კიდევ ერთი, ჩვენ იმ რეალობას მოგვწყვიტეს, რომელიც აღარასოდეს აღსდგება…
ფიქრები განზოგადებისაკენ მიდის; შესაბამისად იცვლება მისი შინაარსიც და თუ აქამდე იყო: „პოეტი სამშობლოსათვის“ ახლა რივერსირებულია – „სამშობლო პოეტისათვის“ ანდა „არჩინე ქვეყანა“, დღეს ასე ჟღერს: „ ირჩინე თავი ქვეყანაში…“

და აი ის, რაც მასწავლა ემიგრაციამ: – რწმენა უფლის და საკუთარი თავის, დიდი ნებისყოფა და მოთმინება, ახლის ძიების სურვილი, მოქმედება, სიფხიზლე და იმ „ჯვარის“ ღირსეულად ტარება, რომელიც ოთხი კუთხის – დასავლეთის, აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გამომხატველი სიმბოლოა…
ჰო, სულ დამავიწყდა – იმედი, იმედი იმისა რომ ყველაფერი კარგად იქნება… იმედი ხომ ყოველთვის ბოლოს ქრება, ამიტომ იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა…
3 აპრილი, 2012
ვაშინგტონი-ნიუ-იორკი-ნიუ-ჯერსი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.