სამოთხის ჰარმონია

Posted May 22nd, 2012 at 10:05 pm (UTC+4)
Leave a comment

ვულკანივით გადმოღვრილი ცეცხლოვანი ენერგია, სხეულის გამაოცებელი მოძრაობა და დამათრობელი ემოცია…
საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ვნებიან სიყვარულს ცეკვით უხსნიან…

სცენაზე შორენა გაჩეჩილაძე და გოჩა ჩერტკოევია…

20 წლის წინ, ცას ვარსკვლავი ალბათ, იმ ძალით მოწყდა, რომელმაც ეს წყვილი ამერიკამდე ჩამოიყვანა.
თავიდან ყველაფერი ძნელად დაიწყო. ემიგრაციის დაუნდობელმა ყოფამ ბევრი გაჭირვება აჩვენა, მაგრამ დაბრკოლება ღირსეულად გადალახეს.

“ბოლომდე დაიხარჯე, არ დანაბდე მიღწეულს” – ეს მათი დევიზია… “მოასწარი, ჩქარა, თორემ ხვალ უკვე გვიანია…-” ამ ექომ მათ შეუძლებელი შეაძლებინათ.

ამერიკის სახელით სამეჯლისო ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის მონაწილეები, უამრავი ჯილდოს მფლობელები დღეს უკვე თანამდეროვე სპორტული ცეკვების ხუთეულში სახელდებიან; ისინი, ასევე, ამერიკაში ერთ-ერთი პრესტიჟული ცეკვის აკადემიის მფლობელები არიან.

საცეკვაო დარბაზის ოთახები ზღაპრულ სასახლეს მოგაგონებთ… პასტელის ფერებში თანამედროვე რიტმის ჰანგებსაც აღმოაჩენთ. სხეულის გრაციოზულობას კი უსასრულობაში მივყავართ…

“ცეკვა 4 წლის ასაკიდან დავიწყე… ცეკვა ყველაფერია ჩემთვის… მადლობელი ვარ მამაჩემის, მან ხომ იმ ძალას მაზიარა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,-”
ამბობს შორენა გაჩეჩილაძე…

და თუ პირველად სამყაროს შესაქმნელად სიტყვა გაიმეტეს, ამ წყვილის მომავლის განმსაზღვერლი სწორედ ცეკვა გახდა…

“6 წლიდან ვცეკვავ, არა კი არ ვცეკვავ არამედ მთლიანად მასში ცხოვრობ … ის ჩემშია, მე კი მასში ვარ გარდასახული… – ” გოჩა ჩერტკოევი შთამბეჭდავად მესაუბრება და აგრძელებს – “საუბარი არ შემიძლია, სათქმელს თუ განწყობას მხოლოდ ცეკვით გამოვხატავ…”

ერთი, ორი, სამი – თვლა ზუსტია, თანაც მიზანმიმართული… ოთხი, ხუთი და უკვე ჰოლივუდი… ცნობილ სერიალში “გაქცევა” და ფილმში “სისხლიანი ქუჩა,” გოჩამ იქაც თავისებური ხასიათი შეიტანა…
ჰოლივუდში როგორ მოხვდით?
– მიზანი მქონდა … ისე ჰოლივუდი გარედან ჩანს დიდი, შიგნით კი საოცრად პატარაა,- მეუბნება გოჩა…

– მაინც, რამდენად პატარა?
– მოძრაობა მიჭირს, მეტი სივრცე მინდა, გაშლილი მინდორივით ან უკიდეგანო ზღვასავით დიდი… აი, დაახლოებით ასეთი…

დიალოგს ცეკვის ქალღმერთი გვაწყვეტინებს…

დიდ მწვანე მინდორია ჩემს წინ… ირგვლივ არაფერია, მხოლოდ იმ ორის გარდა – ვინ იცის იქნებ ეს არის სამოთხის ჰარმონია, რა ლამაზია… თანამედროვე საუკუნის მუსიკალური კომპოზიციებით გადმოცემული რიტმისა და ინტონაციის ჟღერადობა; ერთი შეხედვით ცეკვა-თამაში, მაგრამ არა, ეს ნოტებისა და სასაუბრო ტექსტის რიტმული ერთიანობაა…
დრო დათვლილია, ერთი, ორი, სამი…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

რუსუდან წერეთელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ბეჭვდურ მედიასა და სატელევიზო სივრცეში აქტიურად დავიწყე. თხუთმეტწლიანმა საქმიანობამ დიდი გამოცდილება შემძინა. თუმცა, ახლის შეძენის სურვილი ჩემში არასდროს გამქრალა. სწორედ ამიტომ მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ვთანამშრომლობდი, პაკისტანის, იორდანიის, გერმანიისა და ჩეხეთის ბეჭვდურ და ინტერნეტ გამოცემებთან. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით დავაარსე ჟურანლსიტიკის სკოლაც. ამასთანავე, მსოფლიო პრესის თავისუფლების კომიტეტის დახმარებით ქართულ ენაზე ვთარგმნე და გამოვეცი - „სამაგიდო წიგნი ჟურნალისტებისთვის.“ 2004-2005 წლებში ვიყავი ნეიმენის სახელობის სტიპენდიანტი და ვსწავლობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2006 წლიდან დღემდე ვარ მსოფლიო პრესის ინსტიტუტის წევრი. რაც შეეხება ჩემს მოღვაწობას “ამერიკის ხმაში,” ვფიქრობ რომ საინტერსო და სასიამოვნოცაა, განსაკუთრებით ახლა, როცა “ამერიკის ხმის” გულშემატკივართან, ჩემი ბლოგის მეშვეობით აზრთა გაზიარების უშუალო საშუალება მეძლევა. მინდა წინასწარ მადლობა გადაგიხადოთ დაინტერესებისათვის.

ამერიკული მომენტები ციფრული რაკურსით

ველოსიპედი უკვე გამოიგონეს, ასე რომ ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ; უბრალოდ, მინდა, ამერიკული მომენტები ვირტუალურად გაგიზიაროთ და წარმოგიდგინოთ ის თემები, რომლებიც, დაგაინტერესებთ; მაშ ასე, აი ისინიც: როგორია ყოველდღიური ამერიკული ცხოვრება, როგორ უმკლავდებიან ამერიკელები პრობლემებს, სად შეიძლება დაისვენოთ, რა ნახოთ, ანდა სად გაერთოთ ამ საოცრებათა ქვეყანაში. ამასთანავე, საშუალება გექნებათ ამერიკული სამზარეულოს შემადგენლობასაც გაეცნოთ და თქვენთვის სასურველი საჭმლის დამზადების წესიც მოიპოვოთ. და კიდევ ერთი, ციფრული პროფილის მეშვეობით, ცნობილი ამერიკელებისა და ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი თუ არაქართველი ემიგრანტების პორტრეტებსაც გაეცნობით - მაშ ასე, ეს მცირედი იმ დიდი ნუსხიდან, რომელსაც „ჩემი ამერიკა“ ჰქვია.