ვინ იცის, იქნებ სნოუდენის ამბავს „ჰეფიენდით“ დაგვირგვინება ელის?
„ედუარდ, ცოლად არ მომიყვან?“ – მისწერა მარტოხელა ამერიკელ ძებნილს ტვიტერზე ანა ჩაპმანმა, რუსმა ჯაშუშმა. თუმცა, შემდეგ ჟღალთმიანმა ლამაზმანმა იქვე მიაყოლა: „ენ-ეს-ეი (ამერიკის უშიშროების ეროვნული სააგენტო) ჩვენს შვილებს ხომ მიხედავს“?
ლათინური ამერიკის ლიდერები, როგორც ჩამოვიდნენ საპრეზიდენტო თვითმფრინავებით, ისევე წავიდნენ.
ედუარდ სნოუდენი კვლავ მოსკოვშია.
კრემლისთვის პროპაგანდისთვის ხელში ჩაგდებული პრიზი თანდათან სერიოზული თავისტკივილი ხდება.
შეერთებულ შტატებში დაზვერვის ინფორმაციის გაჟონვისთვის და ჯაშუშობისთვის ძებნილი სნოუდენი ერთგვარ ლეგალურ ვაკუუმში იმყოფება. ის აგრძელებს მოსკოვის გადატვირთული საერთაშორისო აეროპორტის უცნობ პერიმეტრზე უჩინარ ცხოვრებას, რომელსაც სატრანზიტო ზონას უწოდებენ.
ვაშინგტონი ყველას გასაგონად აცხადებს, რომ ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძებნილის შემფარავს საზღაურის გადახდა მოუწევს.
ბუნებრივი აირის ექსპორტიორთა კონგრესზე მოსკოვში ჩასულმა ბოლივიის ლიდერმა, ევო მორალესმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას სნოუდენის მიმართ საკუთარი სიმპათიები დააფიქსირა. რამდენიმე საათის შემდეგ სახლისკენ მიმავალ მის თვითმფრინავს მიმართულება შეუცვალეს. საფრანგეთმა და პორტუგალიამ მორალესის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, რის გამოც პრეზიდენტი აიძულეს ვენაში დამჯდარიყო. თუმცა, ავსტრიის პოლიციამ ბორტზე სნოუდენი ვერ იპოვა.
შემდეგი რიგში ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო იყო, რომელმაც მიანიშნა, რომ სნოუდენს თავშესაფარს მისცემდა. მოგვიანებით მადუროს თვითმფრინავიც ბელორუსიაში სნოუდენის გარეშე ჩაფრინდა. ვენესუელის გარდა ჯაშუშობისთვის ძებნილს თავშესაფარი ბოლივიამ და ნიკარაგუამაც შესთავაზა. სამხრეთ ამერიკელმა ლიდერებმა დიდი აღშფოთება გამოთქვეს პრეზიდენტ მორალესის მოსკოვიდან მიმავალი თვითმფრინავის იძულებითი დასმის გამო. თუმცა, ახალი თავშესაფრების შეთავაზება მათ გაბრაზებას არ მოჰყოლია.
თუკი რუსეთს სურს თავი აარიდოს სნოუდენის კომერციული რეისით ნატოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში გაგზავნას, ყველაზე იოლი უკანა კარი იქნებოდა – ვლადივოსტოკიდან კორპორატიული თვითმფრინავით სამხრეთ ამერიკისკენ. და კიდევ: ტუპოლევის სტრატეგიული ბომბდამშენით, „ტუ-160“-ით რუსეთიდან ვენესუელისკენ. მსგავსი რეისი არაერთხელ განხორცილებულა.
ვაშინგტონიდან წნეხის გაძლიერებასთან ერთად ქვეყნები ერთიმეორეს მიყოლებით უარს ეუბნებიან შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილ კომპიუტერულ სპეციალისტს. ასეთი ქვეყნების რიცხვმა 4 ივლისისთვის 22-ს მიაღწია.
ოთხშაბათს, რუსეთი, როგორც ჩანს, ამ ქვეყნების რიგს შეუერთდა. გაზეთი „ვედომოსტი“ იტყობინება, რომ სნოუდენს ურჩიეს რუსეთისადმი გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნა თავად მოეხსნა. პუტინი, რომელიც არასოდეს უშვებს ხელიდან შანსს, ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო სვლა გააკეთოს, როგორც ჩანს, აცნობიერებს, რომ ამჯერად სერიოზული პრობლემები შეექმნება.
კრემლს სურს, რომ სულ რამდენიმე თვეში პუტინმა ორდღიან სამიტზე პრეზიდენტ ობამას უმასპინძლოს. და კიდევ: ექვს თვეში პუტინს დიდი იმედი აქვს, რომ ათასობით ამერიკელი ბარგს შეკრავს და ზამთრის ოლიმპიადაზე სოჭში ჩავა.
იოლი წარმოსადგენია ობამას ადმინისტრაციის მიერ “დახურულ კარს მიღმა გაკეთებული მესიჯები”: თუკი სნოუდენის შეფარვას გააგრძელებთ, შეგიძლიათ გამორიცხოთ სექტემბრის სამიტი. და დაივიწყეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება, რომ სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრება უსაფრთხო არ არის. ტერორისტთა ლიდერის დოკუ უმაროვის ოთხშაბათსვე წარმოთქმული მუქარაც გაახსენდებათ, „სატანისტური“ ოლიმპიადის აფეთქების შესახებ.
პუტინი ორი კურდღლის დაჭერას შეეცადა. სნოუდენი, რომელიც მხოლოდ ერთი ღამით უნდა გაჩერებულიყო მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, არც კუბაში გაუშვა და არც საკუთარ ტერიტორიაზე შეუშვა. სამაგიეროდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა სავარაუდოდ მისი ოთხივე ლეპტოპი ხელში ჩაიგდეს, რომლითაც სნოუდენმა ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოსგან მოპარული ინფორმაცია გაიტანა.
რუსეთის სახელმწიფოს მეირ კონტროლირებადმა მედიამ სნოუდენის სოლიდარობის კამპანია წამოიწყო, რომლითაც კრემლს „ადამიანის უფლებების“ და „გამჭვირვალობის“ დაცვის მოთხოვნით ერთგვარ კარტბლანშს აძლევს. სნოუდენის ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მიმდინარე მასობრივი თვალთვალის შესახებ პუტინის მიერ ამერიკის მტრის ხატად გამოყვანის პროპაგანდასაც აძლევს ხელს. ანტიამერიკული განწყობები პუტინს ძლიერ უნდა აწყობდეს, ვინაიდან ის ამით ახლადშემოღებულ დრაკონულ კანონებს უკეთ გაამართლებს, რომლებიც უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების, შეკრების თავისუფლების და გეების წინააღმდეგაა მიმართული.
მტრის არსებობის შემთხვევაში, პუტინს საკუთარი ინტერესების გასატარებლად მტკიცე ალიბი ექნება. რუსეთის 2014 წლის ბიუჯეტში მას თავდაცვის ხარჯები 22 პროცენტით აქვს გაზრდილი. სამაგიეროდ შემცირდა ჯანდაცვის ბიუჯეტი 25-ით, განათლება კი – 16 პროცენტით. ასეთი ბიუჯეტის დასაცავად პუტინს უცხოელი მტერი ჰაერივით სჭირდება.
თუმცა, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან სნოუდენის მოსკოვში გაჭიანურებულ დარჩენასთან დაკავშირებით გაკეთებული ბრაზიანი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ვირტუალური მტრობა რეალურ დაპირისპირებაში გადადის.
ამერიკული ინტერესებისთვის სერიოზული დარტყმა იყო გერმანულ გაზეთ „შპიგელში“ გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვალთვალი ევროპელებზე, მათ საელჩოებზე და ევროკავშირის ოფისებზეც მიმდინარეობდა. შექმნილი მდგომარეობა შესაძლოა ამერიკა-ევროპის ურთიერთობებზეც აისახოს. ევროპელთა ერთი ნაწილი ვაშინგტონს და ბრიუსელს შორის ტრანსატლანტიკური სავაჭრო ხელშეკრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების შეწყვეტასაც კი მოითხოვს.
ფაქტია, რომ ვაშინგტონი სათვალთვალო პროგრამებით დაზარალდა. და ისიც აშკარაა, რომ ამერიკელთა დიდ ნაწილს ძალიან აღიზიანებს ის, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი აგენტი, რომელსაც ის მიყენებულ ზიანში ადანაშაულებს, მოსკოვის მასპინძლობით სარგებლობს. ყველამ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კრემლის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი, ევროპას და ამერიკას შორის შუღლის ჩამოგდებაა.
ამ ფონზე პუტინი მაინც ცდილობს კრემლს და სნოუდენს შორის მკვეთრი ხაზი გაავლოს. პუტინი, სუკის ყოფილი პოლკოვნიკი, ხაზგასმით იმეორებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სტუმრის კომპიუტერებს არ შეხებიან.
„შპიგელში“ გახმაურებული ინფორმაციის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსები ერთმანეთს ალბათ სიხარულით ულოცავდნენ გამარჯვებას. მაგრამ საჯარო გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა სნოუდენის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: „თუკი მას აქ დარჩენა სურს, მხოლოდ ერთი პირობით. მან უნდა შეწყვიტოს შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორის საწინააღმდეგო ქმედება. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩემგან“. ამას რომ ამბობდა, იქვე პუტინმა ასევე საჯაროდ გამორიცხა ამერიკელი პარტნიორების დახმარება იმით, რომ სნოუდენი ვაშინგტონისკენ მიმავალ თვითმფრინავზე დაესვა.
მდგომარეობა ასეთია: ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ლათინური ამერიკის ქვეყნები ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ამიტომ მესამე ქვეყნის ძებნა გრძელდება. კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს. კვირაში ერთხელ „ეირ კორიო“ ვლადივოსტოკიდან ფხენიანში დაფრინავს. როგორც მახსოვს, ბოლო ამერიკელი, ვინც ჩრდილოეთ კორეას თავშესაფრისთვის მიმართა, არმიის სერჟანტი ჩარლზ რობერტ ჯენკინსი იქ 40 წლით გაიჭედა.