რუსეთის მომავალი ცენტრალურ აზიაში: ჩინური სავაჭრო ცენტრის პოლიციელი?

Posted October 2nd, 2013 at 8:53 am (UTC-5)
Leave a comment

ყაშაგანის საბადო ყაზახეთში. როიტერსის ფოტო

ათი წლის შემდეგ დღევანდელ სიტუაციას რომ გადმოვხედავთ, 2013 წლის სექტემბრის მოვლენებში, წამყვან თემად შესაძლოა სირიის საკითხებზე მოსკოვს და ვაშინგტონს შორის გამართული მატჩი არც დასახელდეს. დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩინეთის მიერ ცენტრალური აზიის ბუნებრივი აირის და ნავთობის მასიური რაოდენობით დასაკუთრება.

ვიდრე მთელი მსოფლიო სირიის თემით იყო დაკავებული, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი რუსეთის ყოფილ იმპერიულ ეზოში უხმაუროდ გადაადგილდებოდა. მან თითქმის 100-მილიარდიან ენერგო-ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. მათ შორის, 15-მილიონიანს უზბეკეთში, 30-მილიონიანს ყაზახეთში და დაახლოებით 50-მილიარდიანს თურქმენეთში.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძინ პინმა ხელშეკრულებები ჩინეთის მიერ დაფინანსებულ ბიზნეს-გარიგებებად მონათლა და მათ „აბრეშუმის გზის ეკონომიკური ზონა“ უწოდა. შეადარა რა ჩინური აბრეშუმის და ფაიფურის უძველეს გზას ევროპისკენ, ასე თქვა: „თითქოს ჩამესმის კიდეც აქლემების ყელზე ჩამოკიდებული ზარების ხმა, თან უდაბნოს მტვრის და ჩალის სუნიც მცემს“.

ცენტრალური აზიის ხუთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან ჩინეთის ყურადღების ცენტრში სწორედ ის სამი მოექცა, რომელშიც დიდი რაოდენობით ნავთობის და ბუნებრივი აირის რეზერვია. ყირგიზეთი მოგზაურობის მარშრუტში იმის გამო მოხვდა, რომ იქ რეგიონალური უსაფრთხოების თემაზე შეხვედრა მიმდინარეობდა. ამასთან, ყაზახეთში მილიარდნახევრიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უზბეკური და თურქმენული ბუნებრივი აირისთვის მეორე მილსადენის გაყვანა მოხდება.

მარცხნივ მჯდომი ადამიანი ჩინეთში იმპორტირებული ბუნებრივი აირის ნახევარზე აგებს პასუხს. ეს თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვია. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ერთ-ერთი გრანდიოზული ბუნებრივი აირის საწარმოს გახსნის ცერემონიალზე იმყოფება. ასოშეიტეტ პრესის ფოტო

ჩინეთის ლიდერმა ენერგორესურსებით მწირი ქვეყანა, ტაჯიკეთი გამოტოვა, რომელიც ავღანეთის და რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. რუსეთს იქ 6 ათასზე მეტი ჯარისკაცი ყავს, ყველაზე მეტი  უცხოეთის ქვეყნებში განლაგებული სამხედრო პერსონალიდან. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს იქ საზღვრები მანამდე გაამაგროს, სანამ მომავალ წელს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ავღანეთს დატოვებს.

სი ძინპინი, როგორც ჩანს, ცენტრალური აზიის უსაფრთხოების საკითხებში მთავარ გათვლას რუსეთზე აკეთებს. რეგიონი თითქმის 150 წლის განმავლობაში, 1991 წლამდე მთლიანად მოსკოვის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ჩინეთის პრეზიდენტმა პროტოკოლი ზუსტად დაიცვა და ცენტრალური აზიის ტური სანკტ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც კონსულტაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გაიარა. დიდი ოცეულის სამიტის დამთავრებიდან სულ რაღაც 2 დღეში რუსეთის ბუნებრივი აირის მთავარმა მწარმოებელმა „ნოვატეკმა“ განაცხადა, რომ ჩინეთის ბანკი რუსეთის არქტიკის ბუნებრივი აირის პროექტს 20 მილიარდი დოლარით დააფინანსებს.

ჩინეთის გაფართოება ცენტრალური აზიის ბაზარზე იმდენად მოულოდნელი იყო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ მორგულოვს მოსკოვში საგანგებო პრეს-ბრიფინგის ჩატარება მოუწია. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა თურქმენეთთან და ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რუსმა დიპლომატმა ბრიფინგზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენი ჩინელი მეგობრები აღიარებენ იმ როლს, რომელსაც რუსეთი თამაშობს ამ რეგიონში, ისე, რომ ჩვენ ამ გარიგებებში ვერანაირ მტრულ ზრახვებს ვერ ვხედავთ“. ჩინეთის ლიდერის 10-დღიანი ტურის განმავლობაში მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცენტრალური აზია რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „ჩვენ ცენტრალურ აზიაში ერთმანეთთან კონკურენცია არ გვაქვს, არამედ ორი ქვეყნის პოლიტიკას ერთმანეთთან ვაჯერებთ, რომ საერთო ინტერესები დავიცვათ“.

ასტანაში სი ძინპინი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი კიდევ ერთი ჩინეთის მიერ სუბსიდირებული მილსადენის გახსნას მიესალმებიან. ფოტოს ავტორი შამილ ჟურმატოვი. როიტერსი

„როგორც იცით, რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაბმული და ავსებს ერთმანეთს“ – გააგძელა რუსმა დიპლომატმა. „ჩინეთს დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი გააჩნია. რუსეთს კი – გამოცდილება, ტექნოლოგიები, ინდუსტრიული უნარები და ისტორიული ურთიერთობები აღნიშნულ რეგიონთან“ – განაცხადა დასასრულს მარგულოვმა, თუმცა ეს უკანასკნელი სასურველ რეალობას უფრო გავდა, ვიდრე სინამდვილეს.

ჩინეთის პრეზიდენტის სანკტ პეტერბურგში ყოფნის დროს „როსნეფტი“, რუსეთის სახელმწიფო ნავთობ-კომპანია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან მოლოდინი ვერ გაამართლა და ვერ შეძლო გამოეცხადებინა, რომ ჩინეთში ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს ხსნის. მომდევნო დღეს ყაზახეთმა გააკეთა ხმაურიანი განცხადება, რომ ჩინეთი აშენებს ნავთობგადასამუშავებელ საწარმოს ყაზახეთში (ეს მაშინ, როცა რუსეთმა საბჭოთა ერის დასრულების შემდეგ ვერცერთი ახალი ნავთობგადასამუშავებელი საწარმოს აშენება ვერ შეძლო). ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სი-ენ-პი-სიმ“ (CNPC) სექტემბრის დასაწყისში ყაზახეთის ახალ საბადო ყაშაგანზე 5-მილიარდიანი წილი იყიდა. ოთხ დღეში იქ ისეთი მოცულობის ნავთობის მოპოვება დაიწყო, რომ ყაშაგანს მსოფლიოში ახლო აღმოსავლეთის შემდეგ ყველაზე დიდი საბადო უწოდეს.

ჩინეთი გარიგებებით ძალიან კმაყოფილი ჩანს და ისიც უნდა მოსწონდეს, რომ ცენტრალურ აზიაში პოლიციელის როლს რუსეთი შეასრულებს. რუსეთის მხრიდან, ცენტრალური აზიისადმი ხალხის ინტერესი მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როცა პოლიტიკოსები ცენტრალური აზიიდან ჩამოსულ მუშახელზე რუსეთის მზარდ დამოკიდებულებას აკრიტიკებენ. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ახალმა თაობამ ცენტრალური აზიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ვლადიმირ ერლოვი, მთავრობის ურთიერთობათა ექსპერტი ამასწინათ „მოსქოუ თაიმსში“ წერდა, რომ რუსეთის ახალგაზრდობას „ინტეგრაცია ევროპასთან სურს, და არა ცენტრალურ აზიასთან“.

ჩინეთის პრეზიდენტი კმაყოფილია იმით, რომ ცენტრალური აზიის პოლიტიკის და უსაფრთხოების კონტროლს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ანდობს. ალექსანდრე ზემლიანინჩენკოს ფოტო. ასოშეიტედ პრესი.

თუკი რუსეთი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავის თავზე აიღებს, ჩინეთს მეტი დრო და რესურსი რჩება იმისთვის, რომ ფოკუსირება აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე მოახდინოს, კიდევ  უფრო გააფართოვოს ჩინეთის მიერ სუბსიდირებული მილსადენების და გზატკეცილების მშენებლობა.

ჩინეთს და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობამ გასულ წელს 46 მილიარდი დოლარი შეადგინა. საბჭოთა ხანაში, თუნდაც 1991 წელს, კავშირის დაშლის პერიოდში ეს თანხა ნულს უტოლდებოდა. დღეს ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა ცენტრალურ აზიასთან ჩინეთს და რუსეთს შორის 88-მილიარდიანი ვაჭრობის მოცულობის ნახევარს უკვე აღემატება.

აშკარაა, რომ ჩინეთის ლიდერების გადასახედიდან სახმელეთო მილსადენები ბევრად უფრო საიმედოდ ჩანს. გასულ წელს თურქმენეთმა ჩინეთს 21 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რამაც ჩინეთის სრული იმპორტის ნახევარზე მეტი შეადგინა. სი ძინპინის მიერ თურქმენეთის ლიდერებთან მოწერილი ხელშეკრულების შემდეგ, თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება 2020 წლამდე გასამმაგდება. მისი უდიდესი ნაწილი გალკინიშიდან უნდა გაიგზავნოს, საბადოდან, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ჩინეთის პრეზიდენტი ამ საბადოს ინაუგურაციასაც დაესწრო. სპეციალისტების აზრით გალკინიშის საბადოც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და იქ 26.2 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივ აირი მოიპოვება.

ენერგორესურსების ექსპერტები აცხადებენ, რომ 2010 წლამდე ჩინეთის მთელი ბუნებრივი აირის მოხმარების მესამედს თურქმენეთი უზრუნველყოფს. ეს თურქმენეთისთვის ძალიან სერიოზული გარიგებაა, მითუმეტეს, რომ მთელი საბჭოთა პერიოდი მას ნავთობმრეწველობის მინისტრები ყველაზე არასასურველ და უმნიშვნელო პროვინციულ „საშინაო დავალებად“ თვლიდნენ.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.