პუტინის კარატე უკრაინის წინააღმდეგ

Posted November 29th, 2013 at 12:12 pm (UTC-5)
Leave a comment

პუტინი უკრაინის დასავლეთისკენ სწრაფვის შესაჩერებლად პოლიტიკური კარატეს ილეთს იყენებს

 

გერმანიის კანცლერმა, ოტო ფონ ბისმარკმა, რუსული კავალერიის შესახებ ერთხელ შენიშნა, რომ ის „ცხენის შეკაზმვაში ნელია, მაგრამ ჯირითში – სწრაფი“.

რა მოხდა უკრაინის შემთხვევაში: კრემლის კავალერიამ წინა კვირაში უკრაინას დასავლეთისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, ევროკავშირი უდიდესი დამარცხების წინაშე დატოვა და ცივი ომის პერიოდის შემდეგ პირველი ყველაზე დიდი გეოგრაფიული ცვლილება მოახდინა.

უკრაინის ახალგაზრდობა, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, საპროტესტო აქციის ხერხემალია

უკრაინის ახალგაზრდობა, რომელიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, საპროტესტო აქციის ხერხემალია

კვირას, რუსეთის ამ გადამწყვეტმა ნაბიჯმა კიევში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციის პროვოცირება მოახდინა, რაც კი უკრაინას თითქმის 10 წლის განმავლობაში, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უნახავს. თუმცა, რაც არ უნდა აღშფოთებული იყოს უკრაინელი ახალგარდობა, მოსკოვის ტაქტიკური სვლის შედეგების უკუქცევას შესაძლოა წლები დასჭირდეს.

ბოლო 5 წლის მანძილზე, სანამ უკრაინა ევროკავშირს ეკეკლუცებოდა,  კრემლი თითქოს მიძინებული იყო. ის გასულ ზაფხულს ცოტა გამოფხიზლდა, როცა პირველად შეეცადა შერბილებული ტონით შეეხსენებინა უკრაინელებისთვის, რომ მათ მართლმადიდებლური სარწმუნოება, საერთო კულტურული და ლინგვისტური ფესვები აერთიანებთ. მოსკოვმა გააფრთხილა კიევი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უკრაინას ევროპის ჰომოსექსუალიზმისადმი მსუბუქი დამოკიდებულების გაზიარება მოუწევდა

უკრაინის საპასუხო რეაქცია ასეთი იყო: სად არის სლავური ნათესაობა და ძმობა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინას ბუნებრივი აირისთვის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ფასს ახდევინებს?

კვირას, 24 ნოემბერს მომიტინგეთა რაოდენობამ, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, 100 ათასს გადააჭარბა

კვირას, 24 ნოემბერს მომიტინგეთა რაოდენობამ, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, 100 ათასს გადააჭარბა

ამის შემდეგ რუსეთმა ტონი გაამკაცრა და ვაჭრობა ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობაზე სანქციების დაწესებით დაიწყო. რაც უფრო იზრდებოდა სატვირთო მანქანების რიგები უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, უფრო და უფრო მატულობდა ევროპული არჩევანის პოპულარობა უკრაინელთა შორის ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვებში.

28 ნოემბრისთვის დაწესებული საბოლოო ვადა ახლოვდებოდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის პაქტზე ხელმოწერა თითქოს გარანტირებული იყო.

მაგრამ ამ საბოლოო ვადამ ერთი ადამიანის ყურადღება მიიქცია: ვლადიმირ პუტინის – თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ჭკვიანი პოლიტიკური ლიდერის.

სირიასთან ქიმიური იარაღის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაში შუამდგომლობიდან ორი თვის თავზე პუტინმა მეორე სტრატეგიული სვლა განახორციელა, აიძულა რა უკრაინის ლიდერები არჩეული დასავლური კურსი აღმოსავლურით შეეცვალათ.

ლვოველმა წყვილმა ქორწილიდან პირდაპირ დასავლეთ უკრაინის ამ ყველაზე დიდ ქალაქში გამართულ აქციას მიაშურა

ლვოველმა წყვილმა ქორწილიდან პირდაპირ დასავლეთ უკრაინის ამ ყველაზე დიდ ქალაქში გამართულ აქციას მიაშურა

შედარებით ზომიერმა სააგენტო „როიტერმაც“ კი ინფორმაცია ასეთი მყვირალა სათაურით გამოაქვეყნა: „რუსეთი უკრაინელ პატარძალს ჯვრისწერის წინ იტაცებს“.

იანუკოვიჩის მოულოდნელი სვლა უკრაინელთა საზოგადოებრივ გამოკითხვებზეც აისახა. უკრაინელების დიდ უმრავლესობას ევროკავშირი ურჩევნია რუსეთს, დაახლოებით ასეთი პროპორციით: სამი – ერთზე. კვირას, ევროკავშირის მხარდამჭერ დემონსტრანტთა რაოდენობა კიევის ცენტრალურ მოედანზე 100 ათასს აღემატებოდა. ბევრი მათგანი იქ დიდი ხნით, კარვებით მივიდა.

და მაინც, როგორ დაიყოლია გასულ კვირას პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი, რომ არჩეული კურსიდან გადაეხვია და ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა?

პუტინმა იანუკოვიჩის სუსტი წერტილები შეისწავლა. შემდეგ დაარტყა ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკიოდა – პოლიტიკური ძალაუფლების მთავარ საყრდენზე, აღმოსავლეთ უკრაინაზე. რუსეთის საზღვარზე მდებარე რეგიონი ეკონომიკურად რუსეთზეა დამოკიდებული.

დემონსტრანტი ორი პოლიციელის პირისპირ. როიტერი, გლებ გარანიჩის ფოტო

დემონსტრანტი ორი პოლიციელის პირისპირ. როიტერი, გლებ გარანიჩის ფოტო

რუსული სანქციების სამიზნე უკრაინული კომპანიები იყო: სარკინიგზო ვაგონების, რკინა-ბეტონის, შოკოლადის მწარმოებლები და რუსეთის არმიის მომმარაგებლები. რუსეთის ბოიკოტის გამო უკრაინული ექსპორტი 25 პროცენტით შემცირდა, ეკონომიკა – 1,5 პროცენტით, კომპანიებმა ათასობით მუშახელის შემცირების გეგმები შეიმუშავეს, სავალუტო ფონდის რეზერვის მოცულობა ისე დაეცა, რომ მხოლოდ ორი თვის იმპორტის რაოდენობას თუ გაწვდებოდა.

პირდაპირი მუქარით, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული საწარმოებისკენ იყო მიმართული, რუსულმა გაზპრომმა გააფრთხილა ისინი, რომ შეწყვეტდა ბუნებრივი აირის მიწოდებას, თუკი უკრაინა მილიარდნახევრიანი დავალიანების გადახდას არ დაიწყებდა.

ამერიკული საზომით, ეს შეიძლება შევადაროთ იმ შედეგებს, რაც მოჰყვებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მექსიკის საზღვრის ჩაკეტვას, იმისთვის, რომ მექსიკის პრეზიდენტი იძულებული გამხდარიყო „ნაფტას“ ხელშეკრულებას შეერთებოდა (მეხიკო 1994 წელს საკუთარი ნებით შეუერთდა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას).

გასულ წელს რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რაც მკაცრად კრძალავს ასეთი ცალმხრიივი ბარიერების აღმართვას. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ზოგიერთი ეკონომისტი იტყვის, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ძალაუფლების ნაწილად განიხილავდა. ბოლო 3 თვის მანძილზე რუსეთმა არაერთი მეზობელი დააშინა: აკრძალა ლიტვის რძის პროდუქტები, ესტონური თევზი და მოლდავური ღვინო.

9 ნოემბერს იანუკოვიჩი მოსკოვში პუტინთან საიდუმლო შეხვედრაზე გაემგზავრა. საუბარმა გვიან ღამემდე გასტანა. დეტალების დასაზუსტებლად, უკრაინის და რუსეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს გასულ კვირას პეტერბურგში შეხვდნენ. თუმცა, ეს დეტალები საჯაროდ არ გამოუტანიათ. ბუნებრივ აირზე ფასდაკლება შესაძლოა ამ შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო.

Russian PM Vladimir Putin listens during a cabinet meeting in Moscowრუსეთის მიერ უკრაინის ეკონომიკაზე მიტანილი იერიში იმდენად მძიმე იყო, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა განაცხადა: შეთანხმების შედეგად მიღებული მთავარი მოგება რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა იქნებაო.

იანუკოვიჩის რუსეთიდან დაბრუნებისთანავე, უკრაინულმა მთავრობამ სხვა ნოტებზე დაიწყო სიმღერა და ხელისუფლების განწყობა მკვეთრად ევროსკეპტიციზმისკენ გადაიხარა. იანუკოვიჩმა მხარდამჭერებს გზავნილი კარგად გააგებინა. და როცა წამყვანი პრორუსული ხმები დასჭირდა, მისმა კაბინეტმა და რეგიონების პარტიამ ფარული კენჭისყრა მოაწყო.

21 ნოემბერს იანუკოვიჩმა სკანდალური განცხადება რუსულ ფარეხში დაბრუნების შესახებ, თავის პრემიერს გაკეთებინა. იმ დღეს პრეზიდენტი ვენაში იმყოფებოდა და აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ უკრაინის მომავალი ევროპაშია.

იანუკოვიჩს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ 2015 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს. რუსეთის დახმარებით, თუ მის გარეშე, იანუკოვიჩს მომავალ წელს უკრაინის დასაფინანსებლად 17 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის შოვნა დასჭირდება. ქვეყანა დეფოლტის უფსკრულის პირასაა. როგორც ჩანს, იანუკოვიჩი ფსონს რუსულ დახმარებაზე დებს, რათა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მოიგოს.

დავბრუნდეთ მოსკოვში: პუტინი -ცივი, პოლიტიკური კარატეს ოსტატი-  გამარჯვების აღნიშნვაში დროს არ აცდენს. სანაცვლოდ, ის პარასკევს ევროკავშირს წინასწარ ადანაშაულებს იმაში, რომ უკრაინაში საპროტესტო აქციების პროვოცირებას ახდენს, რის შესახებაც მას ინფორმაცია უკვე გააჩნია. და კიდევ ერთხელ: პუტინი თავდაცვის მიზნით, აგრესიული იერიშის მეთოდს იყენებს.

25 ნოემბრის აქცია კიევში. უკრაინელი ახალგაზრდები სახელმწიფო ჰიმნს მღერიან. როიტერი, გლებ გარანიჩის ფოტო

25 ნოემბრის აქცია კიევში. უკრაინელი ახალგაზრდები სახელმწიფო ჰიმნს მღერიან. როიტერი, გლებ გარანიჩის ფოტო

შემდეგ, როცა 100 ათასმა ადამიანმა კვირას კიევში მარშით ჩაიარა, რუსეთში, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა მედიამ პროტესტის ხარისხის გაუფასურება იმის მტკიცებით შეძლო, რომ პუტინმა ევროკავშირის მიერ ანტირუსული აქციების ორგანიზება ადრევე იწინასწარმეტყველა.

ევროკავშირის ორმა უმაღლესმა ლიდერმა ამ ფაქტზე საკმაოდ მწვავე რეაგირება მოახდინა. ესენი იყვნენ ჟოზე მანუელ ბაროსო, ევროკომისიის პრეზიდენტი და ჰერმან ვან რომპოი, ევროსაბჭოს თავმჯდომარე.

ვიქტორ იუშჩენკომ, უკრაინის ექსპრეზიდენტმა ევროპას დახმარებისთვის მიმართა. „ფაინენშალ თაიმსისთვის“ მიწერილ წერილში იუშჩენკო ამბობს: „ის, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რისთვის არის მზად მოსკოვი, რომ გავლენის სფეროები შეინარჩუნოს, მოვლენების ამდაგვარი განვითარებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და დაგვეხმაროს დავძლიოთ რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები“.

თუმცა, ერთმა ევროპელმა ანალიტიკოსმა პუტინის დაუნდობელი ტაქტიკის მიმოხილვის დროს, ევროპა მოხდენილ, მოგრძო, მსუბუქ ფრანგულ პურს – ფუმფულა თეთრ ბატონს შეადარა, რომელიც დუელში ალესილი დანის პირისპირ აღმოჩნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

ავტორის შესახებ

ჯეიმს (ჯიმ) ბრუკი „ამერიკის ხმის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია. ის ტელე, რადიო და ვებ-გვერდის მასალებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან გვაწვდის. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. მშობლიური ინგლისურის გარდა, სრულფასოვნად ფლობს რუსულს, პორტუგალიურს და ესპანურს. სხვადასხვა პერიოდში იყო „ნიუ იორკ თაიმსის“, „მაიამ ჰერალდის“, თუ „ბლუმბერგის“ კორესპონდენტი ხუთივე კონტინენტზე. ნამუშევარია აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. 2010 წლიდან ჯიმ ბრუკი „ამერიკის ხმის“ გუნდის წევრი გახდა და რუსეთის თემაზე აქვს პოპულარული საავტორო ბლოგი „რუსეთი ობიექტივში“.