ეს ფილმის სათაურია და არა რეალობა, თუმცა ზოგიერთისთვის, ალბათ, შეიძლება ნატვრაც იყოს, რომლის ახდენა, ამჯერად მხოლოდ ბრიტანელმა რეჟისორმა საიმონ კერტისმა შეძლო. კოლინ კლარკის მიერ მერლინ მონროზე დაწერილი მემუარების მეშვეობით, მან, ფილმში იმ გოგონას ცხოვრება ასახა, რომელიც დღემდე სილამაზისა და სიყვარულის უბადლო სიმბოლოდ ითვლება.
მიუხედავა იმისა რომ მერლინის სიკვდილიდან 50 წელი გავიდა, ამ ქალის ცხოვრება კვლავ აქტუალურია; მერლინ მონრო ამერიკული კინოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად დღემდე რჩება.
ბევრჯერ მიფიქრია ქერათმიანი ლამაზმანის შესახებ… თუმცა მისი ცხოვრების ირგვლივ ატეხილ აურზაურს არასდროს გაუოცებივარ, რადგან როცა განსაკუთრებულ სილამაზეს ფლობ და ამასთანავე ამერიკის პრეზიდენტის რჩეულიც ხარ, ძნელია ვინმემ რაიმე არ თქვას…. მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში, კენედის სახელობის ბიბლიოთეკის ის ოთახი, რომელშიც მერლინ მონროსა და პრეზიდენტ კენედის პირადი მიმოწერის კორესპონდენცია ინახება სამუდამოდ, დაკეტილია…. ისე, საინტერესოა, ნეტა ოდესმე თუ სააშკარაოზე მაინც გამოიტანენ ამ წყვილის წერილების რაღაც ნაწილს მაინც?! ანდა რა არის ისეთი, რასაც ასე რუდუნებით მალავენ?!…
სიმართლე გითხრათ, არასდროს ვყოფილვარ ვინმეს თავგამოდებული ფანი, თუმცა ცნობისმოყვარეობა წარმატებული ადამიანების მიმართ ყოველთვის მახასიათებადა. ასეა ახლაც, მერლინ მონრომ ბევრი რამით დამაინტერესა, უმთავრესი კი მისი შემდეგი მოსაზრების გაცნობიერების სურვილია: „პირველ რიგში ვცდილობ, დავარწმუნო საკუთარი თავი რომ პიროვნება ვარ, შემდეგ ალბათ შევეცდები დავარწმუნო თავი, რომ მსახიობი ვარ…“
ნათქვამზე ადეკვატური ანალიზის მიღებას სწორედ რეჟისორის საიმონ კერტისის ფილმიდან შევეცადე.
ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უბანში მდებარე AMC Loews-ის კინოთეატრში ახალად გამოსული თრილერის დაწყებას სულმოუთმენლად ველოდები. დარბაზში მყოფი, ემოციას მოკლებული რამდენიმე მაყურებელის პირისახე, პოპკორნის მადიანი ჭამითა დატოვებულ ნაკვალევს დაუფარავს. ჩემს გვერდით საშუალო ასაკის ქალბატონი კომფორტულად მოკალათდა. ღიმილიანი თვალები გამოლაპარების მცდეოლობის მიზნით გულუბრყვილოდ შემომანათა; თუმცა ქართულმა წარბშეკრულობამ ამის სურვილი უმალვე გაუქრო.
და, აი, ფილმიც დაიწყო… სასიამოვნოდ დამაინტრიგებელი მუსიკის ფონზე, მონროს როლის შემსრულებელი, ცნობილი ვარსკვლავი – მიშელ უილიამსი, მერლინის დამახასიათებელი ღიმილით მაყურებელის გამოწვევას ცდილობს. ქერა თმა, ტუჩის მაღლა მდებარე ხალი, ვიწრო და გრძელი ბოლოკაბა მერლინს აწმყოში აბრუნებს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ლამაზმანის მიერ აბაზანის მიღების ის ეპიზოდია, რომელსაც კლარკის როლში მყოფი კინო-ვარსკვლავის ედი რედმაინის ვნებიანი, მწველი თვალების მზერა ატყვევებს.
მხატვრული ეფექტების ნაირსახეობით გაჯერებულ ფილმს, მერლინ მორნოს საიდუმლოებით მოცულ, სასიყვარულო თავგადასავლებითა და პარტნიორებთან თანცხოვრების გაურკვეველ თუ უიღბლო ურთიერთობების ლაბირინთში შევყავარ.
კლარკისა და მონროს შორის არსებულმა ლტოლვამ, მის პარალელურად კი დრამატურგ არტურ მილერთან ოჯახის მესამედ შექმნის გადაწყვეტილებამ და მონროს ქალურმა შარმმა ერთ დასკვნამდე მიმიყვანა: ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა იმ იმპროვიზაციის ნაწილია, რომელიც ევას მირთმეულმა ვაშლმა ადამს თავი დააკარგინა… მერე, რაც დრო გადის, ეს იმპროვიზაცია ფროიდის ყურადღებას იმსახურებს და მასზე დაყრდნობით ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური განვითარების იმ ზე-ძალას წარმოგვიდგენს, რომელიც საპირისპირო სქესის სუბიექტებს ერთმანეთის შეცნობისა და შესისხლხორცებისაკენ უბიძგებს… საბოლოოდ კი ამ ყველაფრის შედეგს ადამიანური ფენომენის ტრანსფორმაციის ან აღმოჩენამდე ანდა განადგურებამდე მივყავართ. ალბათ, დაგებადებათ კითხვაც თუ ვის ეკუთვნის მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში – ქალს თუ მამაკაცს? პასუხი მხოლოდ ერთი მაქვს – მამაკაცს, რადგან, როცა იგი საპირისპირო სქესთან თანაცხოვრების დროს თერაპიული ტექნიკის ნაცვლად „თავისუფალი ასოციაციების“ თამაშს იწყებს, სწორედ მაშინ ჩნდება რღვევა იმ ურთიერთობისა, რასაც ერთმანეთის სხეულში ქალისა და მამაკაცის გარდასახვას ვუწოდებთ…
მაპატიეთ ასეთი თამამი განაცხადისათვის.
და ბოლოს, განწყობის შესანარჩუნებლად, აუდიო პორტრეტის საშუალებით, მოდით კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ ქერთამიანი ლამაზმანის – მერლინ მონროს ოცდათექვსმეტწლიანი ცხოვრების გზას.