1946 წლის პირველ აგვისტოს პრეზიდენტმა ტრუმენმა ფულბრაითის აქტს მოაწერა ხელი, რითაც სახელმწიფო განათლების სისტემაში საერთაშორისო გაცვლების პროგრამას ჩაუყარა საფუძველი. საკანონმდებლო აქტს არკანზასელი უილიამ ფულბრაითის სახელი დაერქვა, რადგან სწორედ ეს სენატორი გახლდათ კანონპროექტის ავტორი. ფონდის პირველ შენატანად ამერიკის მთავრობამ ომის შემდეგ დარჩენილი მარაგის გაყიდვიდან შემოსული თანხა გამოიყენა. ასე შეიქმნა სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე ფულბრაითის აკადემიური პროგრამა, რომელიც ლექტორების, მასწავლებლების, სტუდენტების და სხვა სპეციალისტების პერიოდულ საერთაშორისო გაცვლებს დღემდე აფინანსებს.
დღეს ფულბრაითი ყოველწლიურად 8 000-ზე მეტ გრანტს გასცემს. მისი მეშვეობით სტუდენტები, პროფესორები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები განათლებას იძენენ, იცავენ დიპლომს, ასწავლიან სხვადასხვა საგანს და აწარმოებენ სამეცნიერო კვლევებს. არსებობის 65 წლის მანძილზე ფულბრაითის საგანმანათლებლო პროგრამამ მსოფლიოს 184 ქვეყანა მოიცვა. 310 000 ფულბრაითელიდან, როგორც მისი მონაწილეები უწოდებენ თავს, 116 900 ამერიკელია და უფრო მეტი -192 800- სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე.
სწორედ ფულბრაითის პროგრამით მოხვდა საქართველოში ქართული ენის შესასწავლად 27 წლის ამერიკელი სტუდენტი – ვერა პარტემი. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ვერა აღფთოვანებას ვერ მალავდა: „ძალიან, ძალიან გამიმართლა. ფულბრაითმა მთელი ჩემი მგზავრობის, ორი თვის ცხოვრების და სწავლის ხარჯები დაფარა“ – აღნიშნა მან.
ვერას დღე ძალიან დატვირთულია, დღეში 3-5 საათი ქართულის გაკვეთილები აქვს, შემდეგ რამდენიმე საათი მეცადინეობს და საღამოს ახლადშეძენილ ქართველ მეგობრებთან ერთად გასართობად მიდის. თითქმის ყოველ შაბათ-კვირა ექსკურსიებზეც ახერხებს სიარულს. ოღონდ ამას თვითონ, საკუთარი ხარჯებით აკეთებს და ამბობს, რომ უნდა მაქსიმალურად შეისწავლოს საქართველო, სანამ იქ არის.
„ვიყავი ყაზბეგში, ვარძიაში, შატილში, კაბადოკიაშიც კი გადავედით, თურქეთში. აღარაფერს ვამბობ მცხეთაზე და ახალციხეზე. ჯერ სულ 6 კვირაა აქ ვარ. ხვალ სხვათა შორის, სვანეთში მივდივარ“ – ამბობს ის.
ვერას უცხო ენების შესწავლის განსაკუთრებული ნიჭი აქვს და რამდენიმე ენას სრულყოფილად ფლობს. წარმოშობით ის უკრაინელია, მაგრამ ბავშვობიდან ამერიკაში დედასთან ერთად ცხოვრობს. უნივერსიტეტში რუსული ენის პროფესორმა ურჩია ერთი სემესტრი საქართველოში გაეტარებინა და ამისთვის ფულბრაითის პროგრამისთვის მიემართა. თითქმის ერთი წლის წინ ყველა საჭირო საბუთი მოაგროვა და გააგზავნა. შემოდგომაზე დადებითი პასუხი მიიღო და ზაფხულის სემესტრს ახლა თბილისში ატარებს.
კითხვაზე, თუ რით გამოირჩევიან მისი ქართველი მეგობრები და საქართველო ვერას მრავალეროვან წრეში, ვერამ გვიპასუხა, რომ ეს უფრო გულითადობა და სითბოა:
„პირველი და ყველაზე მთავარი, რაც ქართველ ხალხს ახასიათებს, არის გულთბილობა. ყველა გულითადად გხვდება და გიღებს. ყველაფერს, რასაც ისინი ხელს კიდებენ, გულით აკეთებენ. ნამდვილად ასეთია ქართველების უმეტესობა“.
ბევრი ფულბრაითელი თვლის, რომ პროგრამამ მათი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა და მათ პროფესიულ კარიერაზე თუ პირად ცხოვრებაზე განუზომელი გავლენა მოახდინა. ფულბრაითი მოცულობით ყველაზე დიდი აკადემიური გაცვლითი პროგრამაა მსოფლიოში, რომელიც ამჟამად 155 ქვეყანაში მოქმედებს. წარმატება ვუსურვოთ ვერას და მასთან ერთად ყველა ფულბრაითელს, ვინც ცოდნის შეძენის ან გაზიარების მიზნით დღეს სამშობლოსგან შორს, უცხო ქვეყანაში იმყოფება.
3 responses to “ფულბრაითის პროგრამა და საქართველო”
“ომის შემდეგ დარჩენილი მარაგის გაყიდვიდან შემოსული თანხა გამოიყენა” – ამ ხალხის პრაქტიკულობა, მარტივი და პოზიტიური დამოკიდებულება ძალიან დასაფასებელია.
DZALIAN DIDI MADLOBA ASETI SAINTERESO STATIEBISTVIS!!!
რედაქციაში რამდენიმე ელექტრონული წერილი მოვიდა შეკითხვით, თუ სად შეიძლება ინფორმაციის მოძიება ფულბრაითის პროგრამის შესახებ. ეს არის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელზეც იპოვით ამომწურავ ინფორმაციას ფულბრაითის პროგრამების შესახებ:
http://fulbright.state.gov/